რთული იყო თუ არა ნიკოლოზ საინიშვილისთვის ნეიროქირურგიასა და რადიოლოგიას შორის არჩევნის გაკეთება და როგორ მუშაობს ის ყოველდღიურად რამდენიმე კლინიკაში #14
ექიმი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი – ნიკოლოზ საინიშვილი დღეს რამდენიმე კლინიკის რადიოლოგიურ განყოფილებაში წამყვან პოზიციას იკავებს. წლების წინ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, პროფესორი კახიანის სახელობის საგზაო-კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე გაიარა ინტერნატურის კურსი ტრავმატოლოგიაში; ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ნეიროქირურგიული კლინიკის ბაზაზე – სპეციალიზაცია ნეიროქირურგიაში; სამედიცინო აკადემიის ბაზაზე კი სპეციალიზაციის კურსი რენტგენოლოგიაში. მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი, როგორც ნეიროქირურგიაში, ასევე რადიოლოგიაში. ნიკოლოზ საინიშვილი გახლავთ საქართველოს ნეიროქირურგთა და რადიოლოგთა ასოციაციის წევრი. აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება როგორც ნეიროქირურგიაში, ასევე რადიოლოგიაში. ყოველდღიურად ახორციელებს მაღალტექნოლოგიურ რადიოლოგიურ გამოკლევებს. მიუხედავად მისი პროფესიონალიზმისა და გამოცდილებისა, საკუთარ მიღწევებზე ძალიან ცოტას საუბრობს. ვერც მისი კაბინეტის კარზე ამოიკითხავთ მის რეგალიებსა და კლინიკაში დაკავებულ პოზიციას. თუმცა, ამ ყველაფრის გარეშეც პოულობს და ენდობა პაციენტთა მრავალრიცხოვანი არმია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარების დიაგნოსტიკას ნიკოლოზ საინიშვილი ყოველდღიურად ემსახურება.
ნიკოლოზ საინიშვილი: ჩემი სამუშაო გამოცდილება განათლების პროცესშივე დაიწყო. 20 წლის ასაკიდან ვმუშაობ. 1993 წელს დავამთავრე ინსტიტუტი და 1994 წლიდან ვმუშაობდი რკინიგზის საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ გაყოფილებაში. პარალელურად, გაჩნდა სხვა სამსახურებიც. ნეიროქირურგად მუშაობის პროცესშივე, კლინიკური მედიცინის ინსტიტუტში, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ხელმძღვანელობით, მივიღე სპეციალური, რადიოლოგიური განათლება და 2001 წლიდან, ნეიროქირურგიის პარალელურად, დავიწყე მუშაობა რადიოლოგიაში. რვა წლის განმავლობაში ორივე მიმართულებით ვმუშაობდი. ფიზიკურად წარმოუდგენელი იყო ხანგრძლივად ორივე პროფესიით მუშაობა და საბოლოოდ, ნეიროქირურგია რადიოლოგიამ ჩაანაცვლა. ამჟამად რამდენიმე კლინიკის რადიოლოგიურ სამსახურში ვარ, ძირითადად, ხელმძღვანელის პოზიციაზე. ძალიან დატვირთული სამუშაო დღე მაქვს, რომელიც იწყება ერთ-ერთ კლინიკაში შემოვლით და ასე გრძელდება სხვა დანარჩენებშიც. მიუხედავად იმისა, რომ რადიოლოგია ისეთი დარგია, შეიძლება, დაუსწრებლად მართო ერთი პუნქტიდან მეორეში, ჯერჯერობით ვახერხებ ადგილზე ყოფნას.
– როგორ გააკეთეთ არჩევანი ნეიროქირურგიასა და რადიოლოგიას შორის?
– ძალიან მძიმე იყო ნეიროქირურგიასა და რადიოლოგიას შორის არჩევნის გაკეთება. დღემდე მაქვს ნეიროქირურგიის ნოსტალგია. იყო საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როცა ორივე მიმართულებით ვახერხებდი მუშაობას, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე, დადგა არჩევნის გაკეთების აუცილებლობა, რაც, როგორც აღვნიშნე, არც თუ ისე ადვილი იყო.
– რა პირობებია საჭირო იმისთვის, რომ წარმატებით იმუშაოთ?
– უპირველესად, ეფექტური მუშაობისთვის სამსახური უნდა გიქმნიდეს გარკვეულ კომფორტს და როგორც მინიმუმ, არ უნდა გიქმნიდეს დისკომფორტს. თუ სამსახურში მისვლა დილით არ გიხარია, იქ რთულია წარმატების მიღწევა. ზოგადად, ექიმისთვის მნიშვნელოვანია ის გუნდი, ვისთან ერთადაც ყოველდღიურად უწევს მუშაობა.
– უცხოელ კოლეგებთან ხშირად გაქვთ კავშირი და რაში გეხმარებათ ეს?
– ხშირად მიწევს უცხოეთში სემინარებზე გამგზავრება, რაც ხელს მიწყობს პროფესიულ განვითარებაში. დიაგნოსტიკურ სფეროში აზრთა გაცვლა საჭირო და სასარგებლოა. ხშირად ვერთვებით ერთმანეთს ონლაინ და ვეკითხებით ჭკუას. ასევე, მჭიდრო კავშირი მაქვს უცხოელ კოლეგებთან და ჩვენს თანამემამულეებთან, ვინც იქ მუშაობს. პრაქტიკულად ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს უცხოელ კოლეგებთან. წელიწადში ორი სტანდარტული მივლინება მაქვს, ესაა გაზაფხულზე – ვენაში, სადაც ევროპის რადიოლოგთა კონგრესი იმართება და გვიან შემოდგომაზე – ჩიკაგოში, ჩრდილოეთ ამერიკის კონგრესზე, რომელიც პრაქტიკულად, მსოფლიო კონგრესია. გარდა ამისა, პერიოდულად, ვინტერესდები, რა შეხვედრები იმართება ევროპის ასოციაციის ეგიდით და თუ საინტერესო თემა განიხილება, ვცდილობ, აუცილებლად დავესწრო.
– სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი ხომ არ გაქვთ?
– ოჯახური კავშირია – ექიმების პირველი თაობა ვართ მეც და ჩემი მეუღლეც, რომელიც ჩემი კოლეგაა. როდესაც ამ სფეროში წინამორბედი არავინ გყავს, გაცილებით რთულია თავის დამკვიდრება. შვილები არ ვიცი, რა მიმართულებით წავლენ. მათი პროფესიის არჩევის პროცესში არ ვაპრებ ჩარევას. თუ ძალიან მოინდომებენ ექიმობას, არ დავუშლი, მაგრამ არც აგიტაციას გავუწევ ამ მიმართულებით.