როგორ გაება ბორის წიფურია გურამ ფირცხალავასთვის დაგებულ მახეში #14
ცნობილი მსახიობი ბორის წიფურია ასეთ კურიოზს ყვებოდა: „მე და გურამ ფირცხალავა „ლენფილმში“ ერთი კინოფილმის „პრობებზე“ (საცდელ გადაღებაზე) ვიმყოფებოდით. თბილისში გამოფრენის დღეს, ჩვენმა ადგილობრივმა მეგობარმა უნივერმაღ „გოსტინი დვორის“ საწყობში დეფიციტური და ძალიან მოდური „შუზები“ გვაყიდინა, რომლებშიც 300-300 მანეთი გადავიხადეთ. მე 41, გურამმა კი – 43 ზომა იყიდა და სასტუმროში დავბრუნდით. საღამოს, გამომგზავრებამდე, ცოტა უნდა გავრთობილიყავით და გამოვფრენილიყავით. გურამი ფიცხი კაცია. ხშირად სხვადასხვა „შტუკას“ ვუწყობდი და მის გაბრაზებაზე ვიცინოდი ხოლმე. მაშინაც, დრო ვიხელთე. მისი ყუთიდან 43 ზომა მარჯვენა „შუზი“ ამოვიღე, ჩემი მარცხენა, 41 ზომა ჩავუდე და ვიცოდი რა, თბილისამდე არ გახსნიდა, ვფიქრობდი, თბილისში „ვიკაიფებ-მეთქი“. ჩვენ ჩვენს ნომრებში განვმარტოვდით ქალებთან ერთად. ხუთიოდე საათის შემდეგ კი უკვე სასტუმროს ჰოლში შევუერთდით სხვა მსახიობებს და აეროპორტისკენ გავემართეთ. თვითმფრინავი რომ აფრინდა, გურამს ვკითხე:
– რას იტყვი, როგორი დრო გაატარე-მეთქი შენს ქალთან?
– არც, არანაირი, – მიპასუხა გაბრაზებულმა გურამმა, – ბიჭო, იმ ქალმა მითხრა, – მოდი, ცოტა ხნით ბარში ავიდეთ და შემდეგ დავბრუნდეთ უკანო. კაი-მეთქი, – ვუთხარი. თავი რომ მომეწონებინა, ფეხსაცმლის ყუთი გავხსენი, „შუზები“ ამოვიღე, რომ ჩამეცვა და რას ვხედავ, ორივე მარცხენა „შუზი“ არ დევს? თანაც, ერთი 43, ჩემი ზომა და ერთიც – 41. ამდენი ფული მიმიცია. არც ქალი მინდოდა და არც დალევა. გავვარდი ქალაქში. საწყობში მივიტანე და 41 ზომა მარცხენა „შუზი“ 43 ზომა მარჯვენა შუზზე გადავცვალეო...
ეს რომ მოვისმინე, ენა პირში ჩამივარდა და გურამს ყველაფერი გავუმხილე. მას კი სიცილი აუტყდა და მითხრა:
– ასეა, ძამია, სხვას რომ უთხრი საფლავს, ახლა შენ ჩავარდიო. გქონდეს ახლა ორი მარჯვენა „შუზი“, თანაც ერთი შენი ზომა და ერთიც – ჩემიო.