რა წინათგრძნობა ჰქონდა მარიამ ჯიქურაძეს საბედისწერო ავარიამდე და რა უცნაურობას ამჩნევდნენ ოჯახის წევრები ბოლო დროს გოგონას #14
„ჩემი დაბადების დღე:
ვანილის ტორტი,
ღია ლურჯი ფერის კაბა,
შავი ფეხსაცმელი,
– სად მივდივართ?” – ეს 8 წლის მარიამ ჯიქურაძის უკანასკნელი წერილი და ოცნებებია, რომელიც მისმა ოჯახმა გოგონას საწერი მაგიდის უჯრაში, მისი დაკრძალვის შემდეგ იპოვა. არავინ იცის, კიდევ რამდენი ოცნება დარჩა განუხორციელებელი მარიამს, რომლის სიცოცხლეც საბედისწერო შემთხვევას ემსხვერპლა.
ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართვლეო შეძრა, 22 მარტის დილას დატრიალდა. დედა-შვილი – 43 წლის ნანა ოჩიგავა და 8 წლის მარიამ ჯიქურაძე აღმაშენებლის ხეივანზე, ავტობუსის გაჩერებაზე იდგნენ, როდესაც მანქანა დაეჯახათ. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი დღემდე უგონო მდგომარეობაშია.
მარიამი სოფელ დიღომში მდებარე დევნილთა საცხოვრებელში, ერთ პატარა ოთახში, მშობლებთან და უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა.
როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, გოგონა თავისი თვისებებით და ქცევით თანატოლებისგან ყოველთვის გამოირჩეოდა. ბოლო დროს კი განსაკუთრებით უცნაურად იქცეოდა, თითქოს წინათგრძნობა ჰქონდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. ბებოს თქმით, ამას დანარჩენებიც ხვდებოდნენ, მაგრამ ხმამაღლა თქმის ეშინოდათ.
პატარა მარიამის შესახებ გოგონას ბებიებს ვესაუბრეთ.
– თითქოს წინათგრძნობა ჰქონდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. ყველგან ერთსა და იმავეს წერდა: „მინდა, მალე გავიზარდო“. თქმით არაფერს ამბობდა, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით უცნაურად იქცეოდა. დედას უთხრა, დედიკო, მარიამ ღვთისმშობელი მოვიდა ჩემთან, თავზე ხელი დამადო და მითხრა: ილოცე და ყველაფერი კარგად იქნებაო. დედამისმა უთხრა: მარიამ, დაგესიზმრებოდაო, მაგრამ ბავშვი უმტკიცებდა, მართლა ვნახეო. მერე უთქვამს, შუბიანი კაცი დამესიზმრაო. დედამისს ხატებთან რომ მიუყვანია, წმიდა გიორგიზე უჩვენებია, ეს იყოო. ძმამ დაინახა, როგორ იჯდა ფანჯარასთან, ლოცულობდა და ცრემლები სულ ღაპაღუპით ჩამოდიოდა. რომ უკითხავს, მარი, რატომ ტირი, პასუხი არ გაუცია და ოთახიდან გასულა. დღიური ჰქონდა, რომელიც დეიდაშვილმა აჩუქა და მასში რომ წერდა, სულ ტიროდა. ახლა, ჩანაწერები წავიკითხეთ. წერდა: რომ გავიზრდებით და ამას წავიკითხავთ, ბევრს ვიტირებთო.
ბოლო პერიოდი ყველა რაღაც უცნაურად ვიყავით, მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდებოდით.
– მარიამსა და დედამისს საოცარი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან. ეზოში მარტო არასდროს ჩაგვიშვია, მაგრამ მეც რომ ჩამეყვანა, დედამისი ფანჯრიდან გადმოდგებოდა და მაინც მარიამს იძახდა. ხელს არ უშვებდა ბავშვს, არავის ანდობდა, სკოლაშიც სულ თვითონ დაჰყავდა. იმ დღესაც სკოლაში მიდიოდნენ.
– არ უთქვამს, რატომ ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება?
– კი, მითხრა, დედა, რაღაც მეშინია ამ ბავშვისო, ალბათ, რაღაცას გრძნობდა.
– მეც ვამჩნევდი, მაგრამ ამას როგორ ვიტყოდი ან გონებაში როგორ გავივლებდი. მარტო მარიამს არა, დედამისსაც (ნანას) ვამჩნევდი უცნაურობას. პატარაობიდანვე განსაკუთრებული ბავშვი იყო. ინგლისური თვითონ ისწავლა კომპიუტერის დახმარებით. დედამისს დასვამდა და სთხოვდა, წიგნი წამიკითხეო. ყველა ლექსი ზეპირად იცოდა და ისიც კი ახსოვდა, რომელი რა გვერდზე ეწერა. ძალიან კეთილი და გულჩვილი იყო, ყველაფერზე ტიროდა. ოთახში რომ შემოხვიდოდი, იჯდა და სულ რაღაცას ხატავდა, ძერწავდა ან კერავდა. ერთხელ ინდური კაბა შეუკერავს და დააფრიალებდა. მთელი კედლები მისი მოხატულია.
– ძალიან კარგად ხატავდა, მაგრამ ოჯახს იმის საშუალება არ ჰქონდა, მასწავლებელთან ეტარებინა და არც დრო, რადგან აქედან ტრანსპორტი არ დადის. დედამისს სულ ეშინოდა იმ გზის. გადასვლით არასდროს გადადიოდნენ. იმ დღესაც გაჩერებასთან იდგნენ. სხვასთან ერთად თუ დაიგულებდა ბავშვს, სულ ნერვიულობდა. მე და ჩემმა მეორე გოგომ წავიყვანეთ ერთხელ დაბადების დღეზე და ორჯერ დაგვირეკა, ბავშვს ხელი არ გაუშვათო. სოფელში რომ ჩამოდიოდნენ, იქაც კი არ უშვებდა ეზოში მარტო, სულ კუდში დასდევდა. რამეს რომ ითხოვდა, მიყიდეო და ნანა ეტყოდა: დედა, ფული არ მაქვსო, კარგი, დედა, სხვა დროს იყოსო, უპასუხებდა. მამამისსაც რომ დაურეკავდა რამის სათხოვნელად, ჯერ ეკითხებოდა, ფული თუ გაქვს, მამაო. რამის მოტანა თუ დაავიწყდებოდა, კარგი, მამა, ხვალ მომიტანეო, ეტყოდა. დიდი ადამიანივით იქცეოდა. ამ ტრაგედიის წინა დღით შოკოლადი დაუბარებია, მამამისს დაავიწყდა და ხვალ მოგიტან, მამაო, უთქვამს. მაგრამ მეორე დღეს უკვე ცოცხალი აღარ იყო მარიამი.
სექტემბერში ცხრა წლის ხდებოდა, მაგრამ ფიზიკურად დიდი ბავშვი იყო. ღვთისმშობელი რომ გამოეცხადა და უთხრა, ყველაფერი კარგად იქნება, მარიამო?! რატომ მოხდა ასე? რატომ?
ჩვენს ნაცნობს უნახავს ავარიის მომენტი. ბავშვი აქეთ ეგდო, დედა იქით და ხელს იშვერდა, იძახდა: ბავშვი, ბავშვიო!
– დედის მდგომარეობა როგორია?
– უგონოდაა. ორივე მკლავისა და ფეხის ოპერაცია აქვს გასაკეთებელი. რკინა უნდა ჩაუსვან, მაგრამ სიცხეები აქვს და სანამ არ დაუწევს, ოპერაციას ვერ გავუკეთებთო, ექიმმა გვითხრა.
ზინა გოლეთიანი (მეზობელი): მარიამის დედა და მთელი სამეზობლო სულ იმას ვითხოვდით მერიისგან, იმ გზაზე ერთი ხიდი გაეკეთებინათ. მარტო ჩვენი სახლიდან სამი ადამიანი გარდაიცვალა იმ გზაზე და მათ შორის, ერთი – მარიამის ბიძა. მაშინ მარიამი დაბადებულიც არ იყო. გზაზე გადადიოდა, დიდი მანქანა დაეჯახა და შეიწირა ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე. ჩემ ზემო სართულზე ქალი ცხოვრობდა, სკოლაში მიდიოდა შვილის გამოსაყვანად. ის ბავშვიც მარიამივით 140-ე სკოლაში სწავლობდა. დედას სკოლაში წასვლა რომ დაუპირებია, სახლში დამტოვებელი ვერავინ უნახავს და უმცროსი, ორი წლის შვილიც თან წაიყვანა. ამ გზაზე რომ გადადიოდა, მანქანა დაეჯახა. ორი წლის შვილი იმწუთას მოკლა, დედა ათრია და გახდილი, დამტვრეული და დალეწილი წაიყვანეს საავადმყოფოში. ძლივს გადაარჩინეს, მაგრამ დაინვალიდდა. რკინა ჰქონდა ჩადგმული და კარგად ვერ მოძრაობდა. ფანჯარაზე ფარდას ასწორებდა და ეტყობა, ასეთ მდგომარეობაში რომ იყო, სხეული ვეღარ დაიმორჩილა, მესამე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. წლების წინ, გოგონას გამოსაშვები საღამო ჰქონდა და ზუსტად იმ დღეს ამ გზაზე რომ გადმოდიოდა, მასაც მანქანა დაეჯახა და მოკლა. არნახული მეზობელი გვყავდა, ახალგაზრდა ბიჭი, სამხედროდან ჩამოვიდა, ცოლი ითხოვა და პატარა შვილი ჰყავდათ. აქვე, გზაზე დაეჯახა მანქანა და მოკლა. წარმოიდგინე, ჯარიდან ცოცხალი დაბრუნდა და აქ დაიღუპა.
ეს მარტო ჩვენ გარშემო სამეზობლოში, მაგრამ საერთოდ, აქ, ყოველ წამსა და წუთში ალიაქოთი ტყდება და იმ გზაზე უამრავი ადამიანი იღუპება. ვიხვეწებით, რომ ხიდი გაგვიკეთონ, მაგრამ არა და არა. იცით, როგორი ავარიები ხდება?! მარიამს, ამ ანგელოზივით ბავშვს, თავი მოწყვეტილი ჰქონდა. დანარჩენები ქუჩაზე გადადიოდნენ და მაშინ დაეჯახათ მანქანა, ესენი კი გაჩერებასთან იდგნენ და მაინც ასეთი ტრაგედია მოხდა, ქუჩაზე როგორ გადაიყვანდა დედამისი. სულ ხელჩაკიდებული დაჰყავდა და საოცრად უფრთხილდებოდა. უფროსი ბიჭი დიდი ჰყავს – 21 წლის. იმის შემდეგ, წლები ვერ აჩენდა შვილს და დიდი ხნის მერე გაუჩნდა მარიამი. ალბათ, ამიტომ ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება. ნანა (დედა) განსაკუთრებული ქალია – სიწმინდისა და სისადავის განსახიერება და შვილსაც ასე ზრდიდა. ახლა ყველა განადგურებულია. სასწრაფოს ექიმსაც კი უთქვამს, ასეთი საშინელება არსად მინახავს, ბავშვის თავი ცალკე იყო და სხეული – ცალკეო. ამდენი ხანია, სასწრაფოზე ვმუშაობ, მაგრამ ამის შემხედვარე სიმწრისგან ვბღაოდიო.
მარიამის მშობლები დევნილები არიან და მთელი ოჯახი ერთ ოთახში ცხოვრობდა, გაჭირვებით. უფროსი ბიჭი სტუდენტია და იმის გადასახადის გადახდაც ძალიან უჭირდათ. ყოველდღე დადიოდა დედამისი დევნილთა სამინისტროში და ითხოვდა, ბინა მოგვეცითო. ყოველდღე დადიოდა და ითხოვდა, ხიდი გაგვიკეთეთო. განცხადებას განცხადებაზე წერდა, ეტყობა, გული უგრძნობდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია.
ავარიაში ბრალდებული მძღოლი დაპატიმრებულია. მისი ადვოკატის თქმით: „ეს ადამიანი არავისვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თორნიკე ნანობს მომხდარს და ურჩევნია, რომ არ იბრძოლოს, თავი არ იმართლოს, შესაბამისად, იყოს პატიმრობაში“.