როგორ გააცურა ქართველმა თაღლითმა, მეტსახელად „კუკლამ“, გალინა ბრეჟნევა #14
„კუკლა“
1935 წელს ქუთაისში დაბადებულ გოგი ხერხაძეს მეტსახელად „კუკლა,“ ჯერ კიდევ სიყმაწვილეში იმიტომ უწოდეს, რომ ძალიან სწრაფი ხელები ჰქონდა და თავის მსხვერპლს უპრობლემოდ უკეთებდა „კუკლას“. „კუკლა“, ანუ „თოჯინა“ კრიმინალურ ჟარგონზე ნივთის გამოცვლას, შეპარებას ნიშნავს. ამ ხერხს ძირითადად, თაღლითები იყენებდნენ. მაგალითად, გადამყიდველმა გაგასინჯათ ძვირფასი შარვალი. შემდეგ ის შარვალი თქვენ წინ, სქელ ქაღალდში გაახვია, მოგცათ, ფული გამოგართვათ და წავიდა. როცა სახლში ეს ქაღალდი გახსენით, რომ ძვირფასი შარვალი კვლავ ჩაიცვათ, ხელში დაფლეთილ-დაგლეჯილი ძველმანი შეგრჩებათ...
„კუკლას“, გოგი ხერხაძე, ძირითადად, ნახევრად ძვირფასი ნივთებით აკეთებდა და ამგვარად „ტენიდა,“ საათის, სამაჯურისა თუ პორტსიგარის ნაცვლად, მოტყუებულ კლიენტებს ჟანგიან რკინებსა თუ სხვა, გამოუსადეგარ ნივთებს. „ხელების სისწრაფე და არანაირი თაღლითობა“, – ამ კრიმინალური ტერმინის გამეორება უყვარდა გოგის ყოველი წარმატებული „კუკლის“ შემდეგ. თუმცა, ერთხელაც, 1952 წელს, როდესაც 17 წლის ყმაწვილმა ქუთაისის რკინიგზის სადგურზე მილიციის გადაცმულ ოპერს ოქროს საათი შეუცვალა, ბიჭს ჩაავლეს, 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ჯერ მცირეწლოვანთა კოლონიაში გაამწესეს, შემდეგ კი 2 წელი თბილისის ციხეში აყურყუტეს. „ოტ ზვანკა დო ზვანკა“ ვალმოხდილი გოგი 1955 წელს გამოვიდა გარეთ.
ოქროსხელება
მწვანეთვალება „კუკლას“ სწრაფ ხელებთან ერთად, უზადო მამაკაცური გარეგნობა და „ოქროს ხელებიც“ ჰქონდა. ანუ, გოგი ხერხაძეს იუველირის ნიჭი აღმოაჩნდა და ციხიდან გამოსულმა თაღლითმა 20 წლის ასაკში იუველირობა აითვისა. სამი წელი თბილისის ერთ-ერთ სალონში მუშაობდა და საკმაოდ კარგი გამომუშავებაც ჰქონდა. კლიენტები მხოლოდ მასთან მიდიოდნენ შესაკვეთად, რამაც მისი ასაკოვანი, გამოცდილი კოლეგები გაანაწყენა და 23 წლის ბიჭს სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს. გოგიმ ერთი კვირა ითხოვა – შეკვეთა მაქვს დასამთავრებელიო. სამი დღის მერე კი სალონში ღამით დაბრუნდა. კოლეგების სეიფებიდან კლიენტების ძვირფასეულობა მოიპარა და გაუჩინარდა. თან, ორი კილოგრამი ოქროც ხელს გააყოლა, რომელიც ექსპერტებმა 21 ათას მანეთად შეაფასეს. გაქცეული „კუკლა” მოსკოვში ჩავიდა და ერთი კილოგრამი ოქრო გაყიდა, რომ საარსებო ფული ჰქონოდა. დანარჩენი ოქროთი კი სხვადასხვა საიუველირო ნაკეთობები დაამზადა და კვლავ თაღლითობას მიჰყო ხელი. ოქროსხელება „კუკლა“ კლიენტებს ჯერ ოქროს ნაკეთობებს ანახვებდა და ფულს რომ აიღებდა, მათ „ბარახლოს“ აჩეჩებდა ხელში. თავად კი უჩინარდებოდა. ძებნილობასთან ერთად, „კუკლა” დანაშაულს დანაშაულს უმატებდა და ერთ-ერთი „კუკლის“ გაკეთების დროს, 1961 წელს, 26 წლის თაღლითი „მურმა“ დააპატიმრა. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და გააციმბირეს.
დაუოკებელი გალია
როგორც პირველი, ასევე მეორე პატიმრობა გოგი ხერხაძემ სრულად მოიხადა და 1969 წელს, 34 წლის ასაკში გათავისუფლდა ციხიდან. „კუკლა“ მოსკოვში დაბრუნდა და ერთი წელი საიუველირო სალონში იმუშავა, რომელიც ასევე გაქურდა. გაიქცა და თან გაიყოლა 1 კილოგრამი ოქრო და რამდენიმე ლალისა და ბრილიანტის თვალი. თუმცა, სალონში ის ყალბი საბუთებით იყო გაფორმებული და მილიცია სულ სხვა ადამიანს ეძებდა. ამასობაში, „კუკლამ“ არქიტექტორთა სახლის რესტორანში მოუხშირა სტუმრობას, სადაც მოსკოვის ბომონდი იკრიბებოდა. იქ ხშირად დადიოდა მაშინდელი საბჭოთა კავშირის მეთაურის, ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილი გალინა, რომელიც თავისი თავაშვებულობით გამოირჩეოდა. 1970 წლის 4 იანვარს, კუკლამ გალინა ახლოს გაიცნო. 41 წლის დაუოკებელ გალიას თვალში მოუვიდა 35 წლის მწვანეთვალება, ლამაზი ქართველი და იმავე ღამეს თავის აგარაკზე დაპატიჟა... გალია, რომელიც ხელთათმანებივით იცვლიდა კაცებს, „კუკლათი” აღფრთოვანებული იყო და „კრიშავდა“ კიდეც მას. გოგი ხერხაძემ კი, გალიას წყალობით, კრიმინალური პროფილი შეიცვალა. ვალუტითა და ძვირფასი ქვებით სპეკულირებას მოჰკიდა ხელი და დიდი ქონებაც იშოვა, რომელიც უნიკალურ ოქროს სამკაულებსა და ძვირფას ქვებში ჰქონდა დაბანდებული. ერთ წელიწადში „კუკლას” უკვე 2 მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა ჰქონდა, „კაგებე“ კი მის კვალს მიჰყვებოდა.
გაუჩინარება
გოგი ხერხაძეს, თავისი კრიმინალური კარიერის განმავლობაში, ნადირის ინსტინქტი გამოუმუშავდა და იგრძნო, რომ თუ დროზე არ გაუჩინარდებოდა, მას გალინა ბრეჟნევასთან სიახლოვეც კი ვერ იხსნიდა მძიმე სასჯელისგან. ამიტომ ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტა. გალინას კი სთხოვა, მასთან ერთად უცხოეთში მგზავრობა მოეხერხებინა.
– მამა მე მარტო არ მიშვებს უცხოეთში და მხოლოდ თავისი ოფიციალური ვიზიტების დროს დავყავარ ხოლმე, – უპასუხა გალინამ გოგის.
– იქნებ, ერთი ასეთი ვოიაჟი მეც მარგუნო წილად. უცხოეთში არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მინდა, – სთხოვა „კუკლამ” ძლევამოსილ ქალს.
– მოგიხერხებ რამეს, – შეჰპირდა გალია და გაუღიმა.
მართლაც, 1971 წლის ზაფხულში, ლეონიდ ბრეჟნევი საფრანგეთში გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტით. მრავალრიცხოვან საბჭოთა დელეგაციაში, რეფერენტის სტატუსით, „კუკლაც” იყო სიაში შეყვანილი და გალიასთან ერთად მიემგზავრებოდა. წყვილს უკვე წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი, რომ ნიცაში ზღაპრული, ორი დღე გაეტარებინათ. „კუკლამ“ საფრანგეთში თავისი 2 მილიონის ღირებულების ძვირფასეულობაც წაიღო და რადგან ბრეჟნევს ახლდა, მისი შემოწმება აზრად არავის მოსვლია.
ბრეჟნევი სპეციალურ რეზიდენციაში დაბინავდა, დარჩენილი დელეგაციის წევრები კი – პარიზის ფეშენებელურ სასტუმროში. როდესაც გალიამ გოგის ნომერში მიაკითხა, რომ მასთან ერთად, ნიცაში გამგზავრებულიყო, ის იქ არ დახვდა. „კუკლამ” საფრანგეთიდან შვეიცარიაში გადაინაცვლა. იქიდან – ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ დასახლდა, სადაც 2001 წელს გარდაიცვალა 66 წლის ასაკში