კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოინდომა სნუპ დოგმა მხოლოდ ნატალია კლდიაშვილთან შეხვედრა და როგორ დებს ხელოვანი თავის ნამუშევრებში არაამქვეყნიურ ენერგიას #14

ნატალია კლდიაშვილი საოცარად ნიჭიერი ხელოვანია, რომლის ნამუშევრებიც მნახველში უდიდეს ემოციებს იწვევს. ის სხვადასხვა ნატურალური ქვისგან, ლითონისა და ფერადი მინისგან და კიდევ ბევრი სხვა მასალისგან ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის, რაც ხელოვნების მოყვარულების აღფრთოვანებას იწვევს. დღეს ნატალია ამერიკაშია და ახალი გამოფენისთვის ემზადება. დარწმუნებული ვარ, ისიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც მისი სხვა გამოფენები.
ნატალია კლდიაშვილი: ხელოვნებასთან სერიოზული შეხება მაშინ დაიწყო, როცა 17 წლის ასაკში სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, მოდელირების ფაკულტეტზე. ეს გახლდათ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი, ბედნიერი ხანა. რაც შეეხება იმ კონკრეტულ სიახლეს, რაც მერე გავაკეთე, დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი: აუცილებელია ვხატო? მინდოდა, რაღაც განსხვავებული, უფრო საინტერესო მეკეთებინა. მახსოვს, 22 წლის ვიყავი, ზღვიდან დავბრუნდი და თან, შეგროვილი კენჭები წამოვიღე. სახლში მაგიდაზე გადმოვყარე, რომ გამესუფთავებინა და ლამაზად ჩამელაგებინა აკვარიუმში. მაგიდაზე გაფანტული კენჭები ისეთი ლამაზი იყო, რომ თავად მომცა სურათი. ვიფიქრე: არ შეიძლება, ასე დავტოვო, მივაწებო რამეზე და უფრო გავალამაზო-მეთქი. ავიღე ვიღაცის ნაჩუქარი ძველი ტილო, მთლიანად გადავღებე და ნელ-ნელა, ქვების დაწებება დავიწყე. სამზარეულოში ვიყავი, ვუყურებდი და თან, ვფიქრობდი, რომ კიდევ სხვა რაღაცეები სჭირდებოდა. დავიხედე – იყო წიწიბურა, ბრინჯი, ჩაი, გატეხილი სარკის ნამსხვრევები, გაწყვეტილი მძივი და დავაწყვე ყველფერი ერთმანეთზე. გამოვიდა ძალიან ლამაზი ინსტალაცია. იმდენად ლამაზი, რომ ყველა გაოცებული უყურებდა. ერთ წელიწადში დავფეხმძიმდი და წებო ძალიან მომწამლავია. ამიტომ, ამ მხრივ დიდი ხანი არაფერი მიკეთებია. ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ და ერთხელაც, მამაჩემის მეგობარმა ნახა ეს ნამუშევარი და მითხრა: 2-3 ნამუშევარი ძალიან მინდა საჩუქრად და შეგიკვეთავო. გავაკეთე ორი ნამუშევარი, გავატანე და ჩემი გულიც თან გავაყოლე – მარტო დავრჩი, აღარ მქონდა ნამუშევრები. ამის შემდეგ დავიწყე და დავიწყე მუშაობა.
– როგორც ვიცი, ძვირფასი ქვებისგან, ლითონებისგან, მინისგან აკეთებთ ინსტალაციებს.
– კი და ჩემს საქმეში ფული ძალიან მნიშვნელოვანია. ფული თუ არ მაქვს, ესე იგი, მასალაც არ მაქვს. არაშესაბამისი მასალით გავაკეთო ის, რაც მინდა, ტყუილად დროის ხარჯვა იქნება – იმ ენერგიას, იმ ფაქტურას, ფერს ვერ მივიღებ, რაც მე მჭირდება. მასალაში მიდის ბევრი ფული და დრო, რადგან ძალიან დიდ ხანს ვეძებ. ნამუშევრების შექმნასაც ბევრი დრო და რაც მთავარია, ბევრი ფიქრი სჭირდება. გიდევს ჰორიზონტალურად და ვერ ხედავ, რას აკეთებ. რომ გაშრება, მერე შეგიძლია, შეხედო. მანამდე ინტუიციურად მიჰყვები, იმის გათვლით, სად რა ფერი უნდა იყოს. ერთხელ, მახსოვს, ბაქოდან ჩამოვიდა გოგონა და მითხრა: თქვენი გამოფენის შემდეგ ვეცადე, მეც გამეკეთებინა. ორი საათი ვიჯექი და ვერაფერი მოვახერხე. მეც მხატვარი ვარ, დეკორატორი, მაგრამ მივხვდი, ამის გაკეთება ჩემთვის წარმოუდგენელია, რამხელა ფიქრი სჭირდებაო. ასე რომ უყურებ, გგონია, ადვილია: მიდი და მიაწებე. ჩემს ნამუშევარში არცერთი, თუნდაც, მილიმეტრიანი დეტალი შემთხვევით არ არის, ყველაფერი რაღაცას ნიშნავს.
– არაამქვეყნიური ენერგეტიკა მოდის თქვენი ნამუშევრებიდან.
– როგორ ენერგიასაც დებ ნებისმიერ რამეში – საჭმელში, შვილში, სიყვარულში, ზუსტად იგივე გიბრუნდება. ჩემს ნამუშევრებში არაამქვეყნიურ, არაორდინარულ ენერგიას, უდიდეს სიყვარულს ვდებ. ვაღიარებ და ვიცი, არავის ეწყინება: ამქვეყნად მუშაობის პროცესზე ძალიან არავინ და არაფერი მიყვარს. 100 პროცენტით მას ვეკუთვნი, მონა ვარ ჩემი ხელობის. არაფერი მაინტერესებს ამქვეყანაზე, როცა ვმუშაობ. ამ დროს ყველაფერი მთავრდება...
– თქვენმა ულამაზესმა ნამუშევარმა, „მზემ“, დიდი წარმატება მოგიტანათ და გაგიხსნათ გზა ამერიკისკენ. ამაში ძალიან დაგეხმართან დევიდ დათუნა.
– პირველი გამოფენა 2012 წელს გავაკეთე. ეს იყო ექსპერიმენტული გამოფენა. შევკარი ჩემი ნამუშევრები, სხვადასხვა თემები. ხალხი გაოგნდა – ვერ ხვდებოდნენ, რა იყო. ზოგს შეიძლება, არც მოეწონა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. აპლოდისმენტები თავის დროზე გენიოსებისთვისაც არ გაუმეტებიათ და მე ვინ ვარ? – არავინ. მე გადმომცემი ვარ – ხელები, მუშა, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, დანარჩენი თავისით მოდის, როგორც რადიოგადამცემი დედამიწაზე. ამ გამოფენის ბოლო ნამუშევარი, რომელიც იმავდროულად, შემდეგი გამოფენის პირველი ნამუშევარიც იყო, არის „მზე“. სრულიად განსხვავებული და როდესაც მას ვაკეთებდი, ერთი ფიქრი მქონდა: ეს ის ნამუშევარია, რომელიც მომიყვანს ადამიანს, ვინც ამ ყველაფერს გაიტანს და ფართო აუდიტორიას ანახვებს. მივხვდი: რაღაც სხვა შევქმენი, ნაბიჯი წინ გადავდგი. მეც დაბნეული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რა შევქმენი. ერთ დღესაც შარდენზე, გალერეაში ვიჯექი და ჩემთან მოვიდა ადამიანი, რომელიც 17 წელია, არ იყო საქართველოში ნამყოფი. ზუსტად გალერეის წინ დალია ყავა და მერე ჩვენთან შემოვიდა. „მზეზე“ მკითხა, ეს ვისიაო. ჩემია-მეთქი. ორი სიტყვით მითხრა: მე ეს და ეს ვარ და თუ გინდა, ინტერნეტში მოიძიე ჩემ შესახებო. შევედი ინტერნეტში და არ დასრულდა ინფორმაცია მასზე. მითხრა: მე ამას ვყიდულობ და თუ სხვა ნამუშევრებიც  გაქვს, მაჩვენეო. ახალი კოლექცია უკვე დაწყებული მქონდა. ვაჩვენე და მითხრა: თქვენ რამდენიმე თვეში გექნებათ მნიშვნელოვანი გამოფენა „არტ ბაზელში“, „არტ ჰეპტონშიო“ და გაფრინდა.
– მომიყევით გამოფენის შესახებ.
– მართლაც უნიკალური ნამუშევრები წავიდა გამოფენაზე ჰეპტონში, რომელთაგან თითქმის ყველა გაყიდულია. გამოფენამ კარგი შეფასება დაიმსახურა, ძალიან მოეწონათ. ჩვენთან, საქართველოში, საზოგადოება არ არის გათამამებული ხშირი, კარგი გამოფენით. იქ კი, მთელ მსოფლიოში თუ რამე საუკეთესო შექმნილა – ძველი, ახალი, პიკასოდან დაწყებული, ვორჰოლით დამთავრებული – ყველაფერია გამოფენილი. იქ რომ ხალხი ჩერდება და შენს ნამუშევრებთან ფოტოებს იღებს, ინტერესდება შენით, ეს უკვე დიდი წარმატებაა. გამოფენის შემდეგ დაწერეს: საინტერესო მომენტები გამოფენიდან და გამოყვეს ენდი ვორჰოლი, პაბლო პიკასო და მე. მომაქციეს ყურადღება და ეს უკვე დიდი წარმატებაა, რადგან საზოგადოება, ვინც იქ დადის, გათამამებულია საუკეთესო ნამუშევრებით. იქ ძირითადად კოლექციონერები იყრიან თავს, რომლებიც ყველგან დადიან, რომ რაიმე საუკეთესო ნახონ. ორი „შანელი“ მქონდა, „დედამიწა“, „მარსი“, „ვენერა“, „მზე“. „შანელზე“ არანორმალური მოთხოვნა იყო. შემდეგ სხვადასხვა გამოფენაზე წავიდა და თითქმის ყველაფერი გაიყიდა.
– თქვენი ნამუშევრები აქვთ სნუპ დოგს, როლენ ჰილს, ქვინსი ჯონს, ნიკ ვესტს, ბუთსი ქოლინზს. როგორ აღმოჩნდა მათთან?
– ჯაზ-ფესტივალის წყალობით, რომელიც ყოველ წელს ტარდება თბილისში, მათთან აღმოჩნდა ეს ნამუშევრები. კონკრეტულად მათთვის – იმ ადამიანებისთვის ვქმნიდი, ვინც მე მომწონდა. ვირჩევდი მათგან, ვინც ჩამოდიოდა. პირადად შეხვდე, გაიცნო, თან ნამუშევარი ჰქონდეს შენი – ეს წარმოუგენელია. ყველაზე სასაცილო მომენტი იყო სნუპ დოგთან ურთიერთობა. მას არავისთან არ უნდოდა შეხვედრა, არც ჟურნალისტებთან, არც ცნობილ ადამიანებთან. ერთადერთი, ვისაც შეხვდა, მე ვიყავი, რადგან ჩემი ნამუშევარი ნახა. დაცვას უთხრა: შემახვედრეთ იმ ადამიანთან, ვინც ეს ნამუშევარი შექმნაო. ასე შევხვდით ერთმანეთს. ეს იყო უთბილესი შეხვედრა, თითქოს მეც სნუპ დოგი ვიყავი და ისიც. არ ყოფილა ისე, რომ ვინმე ვინმეზე უფროსია. ყველაფერი ძალიან ლამაზი ფორმით მოხდა – დიდი და კარგი ენერგია გავცვალეთ. როდესაც ადამიანს მილიონობით ფანი ჰყავს და გააოცებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
– რომელი ნამუშევარია მასთან?
– ეს იყო დიდი ჩილიმი, რომლისგანაც კვამლი ამოდიოდა. ეს კვამლი მისი ყველა ალბომისგან იყო გაკეთებული. არ დაგეზარა, ყველა რომ გააკეთეო. არა-მეთქი. იმ პერიოდში მწვავე თემაც იყო: რატომ იჭერდნენ მოსაწევის გამო ხალხს და მინდოდა, ამაზე განცხადებაც გამეკეთებინა. სპეციალურად გავაკეთე ეს ნამუშევარი, რომ ეს განცხადება გამეკეთებინა. უბრალოდ, მაშინ არ გამოვიდა და ახლა თუ დაწერთ, კარგი იქნება. როგორ შეიძლება, მოსაწევის გამო იჭერდნენ ადამიანს?!
– სხვებთანაც მოახერხეთ შეხვედრა?
– ძალიან ამაღელვებელი იყო როლენ ჰილთან შეხვედრა.  ნამუშევარი რომ დაინახა, გულში ჩაიკრა და თქვა: ამას არასდროს გავუშვებ ხელიდანო. მერე თანაშემწეს უთხრა: ამ ადამიანის კონტაქტები მჭირდება და ნამუშევარი ჩანთაში ჩამიდეო. ჩადო ჩანთაში და წაიღო. ნიკ ვესტს გავუკეთე გიტარა. ეს იყო უნიკალური ემოცია. ღამე, დღე სულ ერთად არიან ნიკი და ეს გიტარა. ხალხი ცოტა ეჭვიანობს ამ გიტარაზე, იმდენად ორგანული გახდა მისთვის. რომ ნახა, შოკში იყო: მე გამაკეთე, ეს ჩემი პორტერტიაო. ვიცი, რომ შენ ხარ, მაგიტომ გავაკეთე-მეთქი. მნიშვნელოვანია, როცა ორგანული ხდება ნამუშევრები და თან, მერე მასზე უკრავ – შენი სულის ნაწილია, რადგან მისთვის გიტარა ყველაფერია. არცერთ ამ ნამუშევარს ემოციების გარეშე არ გაუვლია – იმხელა სიყვარული დევს მათში, არ შეიძლება, პატრონმაც არ იგრძნოს. ახლა ძალიან მინდა, ჯამიროქვაის გადავცე ნამუშევარი. ვნახოთ, როგორ გამოვა. კონკრეტული ადამიანისთვის იქმნება ეს პატარა ნამუშევრები. მაგრამ, ამერიკის პრეზიდენტისთვის ვერ გავაკეთებ. თუმცა, ისეთი საინტერესო და სკანდალურია ტრამპი, რომ შეიძლება, ვიფიქრო.
–  რომელმა ნამუშევარმა გამოიწვია ყველაზე დიდი ემოცია?
– ეკა ხვადაგიანმა დამირეკა და მითხრა: საქართველოს ფოსტა თავისი სახელით აგზავნის ნამუშევრებს ევროპაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აგზავნიან და გვინდა, საქართველოს სახელით შენ გაგვიკეთო რამეო. ძალიან ლამაზი ნამუშევარი გამოვიდა: დედამიწა ჩავსვი საქართველოს ფოსტის მტრედებში და ირგვლივ გავუკეთე ჩვენი მეფეების ისტორია: ძალიან მოკლედ – ვინ ვართ. ვიზუალურად ძალიან ლამაზი იყო და თან, ადამიანს რომ შეექმნას ზუსტი წარმოდგენა ჩვენზე, ისე იყო ინფორმაცია მითითებული. რომ გახსნეს ნამუშევარი მთელ დარბაზს გაოცების, აღფრთოვანების ოვაცია აღმოხდა. მერე, ვიდეოს რომ ვუყურე, ვიფიქრე: ეს ჩემს ნამუშევარზეა-მეთქი?!
– ამჟამად ამერიკაში იმყოფებით.
– კი, გამოფენაა დაგეგმილი და ამიტომ ჩამოვედი. ჰეპტონის შემდეგ რამდენიმე გამოფენა იყო. სამწუხაროდ, ვერ დავესწარი მათ და ჩემი ემოცია, შეგრძნება არ მაქვს, მხოლოდ – ფოტომასალა. ახლო მომავალში ამერიკაში იქნება კარგი გამოფენა. მინდა, ხმის ვიზუალიზაცია გავაკეთო. იქნება რამდენიმე გიტარა და პანო. შეიძლება, მოვიდეს ცნობილი ადამიანი, რომელიც გიტარაზე დაუკრავს. არავინ არაფერი იცის. საქართველოსთან დაკავშირებითაც მაქვს გეგმები. საქართველოსთვის საქართველოს პროექტები მაქვს, ამერიკისთვის – ამერიკის. ვნახოთ, რა გამოვა.

скачать dle 11.3