რატომ უკოცნის ჭამის დროს ხელებს ქმარი სოფო ბედიას და რის გამო ვერ ახდენს ის სასწაულებს მეგრულ „ამბავში“
როცა ქალი ბედნიერია, ეს აშკარად ემჩნევა – უფრო გაპრანჭული, ღიმილიანი, მოწესრიგებული და თავდაჯერებულია. როგორც მომღერალი სოფო ბედია ამბობს, ცხოვრებაში გაუმართლა, არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს და მათი დამსახურებაა, რომ ყოველი დილის გათენება სხვანაირად უხარია. გარდა იმისა, რომ სოფო არაჩვეულებრივ ფორმაშია, ხშირად ჩანს სცენაზე და ბოლო დროს თვალშისაცემად ჩადგა ფორმაში, არაჩვეულებრივი დიასახლისიცაა. თუმცა, მეგრულ საჭმელებს არ აკეთებს და თუ რატომ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
სოფო ბედია: პატარაობიდანვე დავიწყე დიასახლისობა და საკმაოდ, კარგად გამომდიოდა. თაფლის ნამცხვარი – „მედოკი“ გავაკეთე პირველად და მახსოვს, უგემრიელესი გამომივიდა. ადრე მიყვარდა ცომთან ურთიერთობა, თუმცა ახლა სალათებსა და ხორცეულზე გადავედი. არაჩვეულებრივ ვაშლის „პეროგს” და „ბრაუნს” ვაცხობ. თუ ვაკეთებ, მთელი მონდომებით ვაკეთებ და ამიტომაც, კარგი კულინარი ვარ. ისეთი კატლეტები, სოუზი და ჩახოხბილი ვიცი, თითებს ჩაიკვნეტთ (იცინის). სხვათა შორის, ჩახოხბილი ზამთრის და ზაფხულისაა. საზაფხულოს ვაკეთებ ქათმის ფილეთი და ტარხუნით, ზამთრისას კი, ჩვეულებრივად, ოღონდ სქლად, ჩათხლეშილი კვერცხებით. რეცეპტებით ხელმძღვანელობა არ მიყვარს. მირჩევნია, თვალის ზომასა და გემოვნებას ვენდო.
– ახლა, ტარხუნის სეზონი მოდის და იქნებ გაგვანდო ეგ შენი საფირმო ჩახოხბილის რეცეპტი?
– ძალიან მარტივია, მოკლედ, ქათმის ფილე დაჭერით, მოაყარეთ მარილი და მოთუშეთ კარაქში. დააყარეთ ხახვი. 1 კილოგრამ ფილეზე, 5 მოზრდილი, წვრილად დაჭრილი ხახვი დაგჭირდებათ. კარგად ჩათუთქეთ და ჩააყარეთ ტარხუნა. მოშუშეთ. დაუმატეთ ქინძი, ცოტა ოხრახუში, ტომატი და რამდენ წყალსაც მოითხოვს დაასხით ან ისე რომ დაიფაროს. წამოადუღეთ. უყავით დაჭყლეტილი ნიორი, მარილი გემოვნებით. ცოტა ხანს შუშეთ, წამოადუღეთ და უგემრიელესია, თან უადვილესი გასაკეთებელი. გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი კარაქში კეთდება და საკმაოდ კალორიულია.
– ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფორმაში ჩადექი და ასეთ კალორიულ კერძებს მაინც არ ერიდები?
– გურმანი ვარ, მიყვარს ჭამა. ამიტომ, კვირაში ერთხელ, განტვირთვის დღეს ვაკეთებ. ჩემს ოჯახშიც კარგი მჭამელი ხალხი ვართ. მეუღლესაც უყვარს გემრიელი კერძები. ამიტომ, თავის შეკავება მეც მიჭირს და ვცდილობ, განტვირთვის დღეებით შევინარჩუნო წონა. ზოგადად, არ აქვს მნიშვნელობა, სცენაზე დგახარ, მასწალებელი ხარ თუ დიასახლისი, ფორმაში უნდა იყო და აკონტროლო სხეულის წონა. ქალმა სულ უნდა იფიქროს, რომ ფორმაში იყოს. მაგრამ, როცა სცენაზე დგახარ, ორმაგი პასუხისმგებლობაა – მაყურებელსაც უნდა სცე პატივი და საკუთარ თავსაც. მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვისთვისაც ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვებრძვი კილოგრამებს და სულ დიეტაზე ვარ. ფიზიკურად ვერ ვვარჯოშობ, ძალიან ზარმაცი ვარ. საჭემაც ისე გამაზარმაცა, ლამის კორპუსის მესამე სართულზეც მანქანით ავიდე (იცინის). ფეხით ნაკლებად დავდივარ და ეს ჩემთვის პრობლემაა. საჭესთან ჯდომა ქალს ნამდვილად აზარმაცებს. თან, ყოველდღიურად მიწევს საჭმელების კეთება სახლში, მაგრამ ამის გამო არ ვწუწუნებ. თუ ქალმა მოინდომე, კარგი ცოლიც იქნები, კარიერაშიც წარმატებული, საუკეთესო დიასახლისი და დედა და თან, კარგ ფორმაშიც.
– ამ განტვირთვის დღეებში რას აკეთებ?
– 1 ლიტრი მაწონი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, 2 სადილის კოვზი ხსნადი ყავა და შიგ 1 ჩაწურული დიდი ლიმონი. ეს ყველაფერი კარგად უნდა აურიოთ და დღის განმავლობაში მიირთვათ. ამასთანავე, უნდა მიიღოთ ორი ლიტრი წყალი და ყავა და ჩაი უშაქროდ. ერთი დღე, ორ კილოგრამს მაკლებინებს. შემდეგ დღეებში, გადავდივარ ბოსტნეულზე, მოხარშულ კერძებზე და ვერიდები კარტოფილსა და ბურღულეულს. ვიგონებ ბოსტნეულის სალათებს, ვაკეთებ და მივირთმევ. თან, არ ვარ პრეტენზიული მჭამელი, ყველაფერს შევჭამ, როცა მშია (იცინის). ჩემს მეუღლეს უყვარს ჩემი გამომცხვარი „ბრაუნი“, ამიტომ ხშირად ვაცხობ და მეც მეპარება ხელი და პირი (იცინის).
– მეგრელ ქალებს სასწაული ხელი აქვთ და უგემრიელესი კერძები გამოსდით. შენ თუ ამზადებ ხშირად მეგრულ კერძებს სახლში?
– ელარჯზე ჭკუა მეკეტება. ღომი და ყველი რომ არ მიყვარდეს მეგრელ ქალს, სირცხვილიც იქნებოდა. გებჟალიაზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ არცერთი არ გამიკეთებია. რომ ვამბობ, ყველას უკვირს. ბებიაც მეგრელი მყავს, ჩემთან ცხოვრობს და დღეგამოშვებით აკეთებს ღომს. მეგრული ხაჭაპურები გამოსდის ისეთი, იმას რომ დავინახავ, ეს ნამდვილი სასჯელია, ჩემთვის (იცინის). არ ვჭამ ხაჭაპურს, ძალიან კალორიეულია და ეგრევე წონაზე აისახებს. ასე, რომ მეგრულ „ამბავში“ ბებია ტრიალებს. მე ეს არ მეხება. ძალიან ჩქარი ვარ, უცებ-უცებ კეთება მიყვარს და სად მაქვს იმის ნერვი, ღომი ვზილო, ვუხათქუნო ნელა-ნელა და ვედგე თავზე. არც მიმიშვეს ჯერ ღომამდე და ელარჯამდე (იცინის).
– სიმართლე გითხრა, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მეგრული კერძები არ გქონდა მომზადებული...
– ამას არც ვმალავ – მეგრული ხელი მაქვს, მაგრამ მეგრულ კერძებს არ ვამზადებ. თუმცა, სხვას, რასაც ვაკეთებ, უგემრიელესი გამომდის. გემრიელი ხელი მაქვს. რომ ამბობენ, სიყვარულის გზა კუჭზე გადისო, მე კუჭს არა, მაგრამ ხელებს მიკოცნის ქმარი (იცინის). მეშინია, ერთ დღესაც, თითები არ ჩაიკვნიტოს ჩემს გაკეთებულ კერძებში. თან, ჭამს და თან ხელებს მიკოცნის, მეც ვიფერებ (იცინის). ცხოვრებაში ვერ შევჭამ გველს, ბაყაყს და მოლუსკებს. მოტყუებით რომ მაჭამონ, შეიძლება, ცხოვრებაზე უარი ვთქვა (იცინის). არც ხიზილალა მიყვარს. ჩემი ქმარი გიჟდება, გადაათხლიშავს თონის პურზე კარაქს, ზემოდან ხიზილალას და ბედნიერია. თევზის მონა ვარ და ხორცზე ვგიჟდები, თუმცა ჯანსაღად უნდა იყოს მომზადებული. დიეტები ანგრევს ორგანიზმს, მადლობა ღმერთს, ჯანმრთელობაზე ცუდად არ უმოქმედია, მაგრამ მაინც ჯანსაღად კვება მირჩევნია. არ დამავიწყდება, ისრაელში, მამუკა ონაშვილთან ერთად მოვხვდი სუფრასთან და ისეთი გამიჩალიჩა, კინაღამ სიცოცხლეს გამომასალმა. მოკლედ, მაგარი სუფრა იყო გაშლილი. თეფშზე ეწყო სხვადასხვაგვარად შეკაზმული ბულგარული წიწაკა. მამუკამ გადმოიღო და ისე გემრიელად ჩაკბიჩა და აკნატუნა, ნერწყვი მომადგა. ავიღე მისი თეფშიდან ერთი ცალი, მოზრდილი ლუკმა ჩავკბიჩე და გეფიცებით, „პაჟარკამანდა“ დამემართა პირში. მთელი იოგები ჩამწყდა და ხმა წამერთვა. გადმოვყარე თვალები, სპაზმი დამემართა, სუნთქვა გამიჭირდა, ცუდად გავხდი. მამუკა კიდევ, მშვიდად მეკითხება, რა გჭირს, გოგო, რა ჭამე ამისთანა, რას აფერისტობო... და ისევ ჩაკბიჩა ბულგარული. შევხედე და მამუკაც იხრჩობა. ანალოგიური დაემართა. თურმე, ზოგი ტკბილი იყო და ზოგი – მწარე. გეფიცებით, კინაღამ მოვკვდი, ხალხი მასულიერებდა.
– რომ ამბობენ, არ გამომდის, ვერ ვაკეთებო? თუ ქალმა მოინდომა, ყველაფერს შეძლებს?
– ჭამა უნდა გიყვარდეს, რომ გემრიელი საჭმელები მოამზადო. ზოგი წყალში მარილს ჩაყრის და ისიც კი გემრიელი გამოსდის. მეც ასეთი ვარ. როცა კარგი მჭამელი ქმარი გყავს და შენც გურმანი ხარ, უნდა შეგეძლოს, აკეთო კარგი კერძები.
– მიშას, კარგი მჭამელობა ნამდვილად ემჩნევა, მაგრამ შენი გურმანობა წონაზე რომ არ აისახება?
– სკოლიდან მოყოლებული სულ დიეტაზე ვარ. პუტკუნა გოგო ვიყავი, მაგრამ უაზროდ მსუქანი და მახინჯი არასდროს ვყოფილვარ, ფორმა არ დამიკარგავს. თუმცა, 20 წლის ასაკში, ვგავდი 35 წლის ქალს. ახლა, რაც ასაკი მემატება, უფრო ვპატარავდები. თუ მაკიაჟით არ ვარ, უფრო პატარა შესახედაობა მაქვს. რა ვქნა, მაკიაჟი, აუტანლად მიყვარს, თორემ ამის გარეშე, უფრო მაკლდება წლოვანება. მოკლედ, სულ ვიყავი დიეტაზე. მახსოვს, ელენე გიორგაძესთან მივედი და ტირილით წამოვედი იქიდან. მითხრა, 17 წლის ასაკში, ასეთი ლამაზი სახის პატრონმა, ასეთი წონა როგორ აკრიფეო. როგორია, ამ ასაკში, 83 კილოს რომ აარტყამ? მოკლედ, შენიშვნა მომცა, მიხედე თავსო. დავჯექი დიეტაზე. გავხდი, მაგრამ, დიეტას აქვს დიდი მინუსიც, თუ დაუბრუნდი ძველ კვებას, ორმაგად მოიმატებ. მეც ასე დამემართა – რაც დავიკელი, ორმაგად მოვიმატე. ძალიან მალე ვიკლებ, მაგრამ თუ კვება არ ვაკონტროლე, უცბად ვიმატებ. მახსოვს, დიეტაზე მყოფს სუფრასთან რომ მომიწევდა ჯდომა დამშეული თვალებით, მონატრებულს იმდენი მიჭამია, ვეღარ ვსუნთქავდი. არ დამავიწყდება, მასწავლეს დიეტური სუპი. დავიფიცე, რომ იმას ცხოვრებაში არ გავაკეთებ! ძალიან ეფექტურია, წმენდს შლაკებისგან და მართლა დავიკელი, მაგრამ სუპის ჭამა ჩემთვის კოშმარია. წვნიანზე მაძაგძაგებს, თან ისეთი უგემურია. ზიზღით დავიკელი 4 კილო ერთ კვირაში და არა დიეტით. ახლა, სასურველ წონაზე ვდგავარ, თუმცა ვაკონტროლებ კილოგრამებს, თან ისე ვიცვამ, არც დიდი ვჩანდე. რომ ვიცი, კონცერტზე ლამაზ კაბაში უნდა ვიყო გამოწკიპული, მოვკვდები დიეტით და მაინც დავიკლებ (იცინის).