რატომ დაუპირეს დათო იმედაშვილს ფსიქიატრიულ კლინიკაში წაყვანა ცოლმა და დედამ და როგორ ინარჩუნებს ის ყოფილ ცოლებთან კარგ ურთიერთობას #14
რეჟისორი დათო იმედაშვილია ის, ვინც სამი შვილის მამაა, ხეც დარგო და ცოლის გემოვნებით დაპროექტებული დიდი და ლამაზი სახლიც აიშენა. პირველ ორ ქორწინებასთან შედარებით, მესამე ოჯახი მისთვის ყველაზე მყარი აღმოჩნდა, რადგან მას ანნამ თანაცხოვრების 10 ბედნიერი წელი და პატარა პეტრე აჩუქა. ოჯახის დიასახლისი ქმრის ყოფილ ცოლებსა და უფროს შვილებზე შინაურულად ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ „ფეისბუქითაც“ სწერს მათ და საჭიროებისამებრ, ეკონტაქტება კიდეც. დათო კი თავისი შვილების დედების მადლობელია და მიაჩნია, რომ მთელი ცხოვრება მათ სამსახურში იქნება.
ანნა: 10 წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ და ეს, ჩვენი ერთად აშენებული ერთადერთი სახლი არ არის. თუმცა, აქ ერთი წელია, გადმოვედით. სახლსა და დიზაინს რაც შეეხება, დომინანტი მე ვარ. ერთი უცნაური ამბავიც მოხდა, თანაცხოვრების 9 წლის განმავლობაში დათოსთვის კაბინეტი არ უნდა გეხსენებინა. ამ სახლის აშენებისას კი ესეც მოუნდა (იცინის).
დათო: ანნას დაპროექტებული კაბინეტი მეტისმეტად უცნაური გამოვიდა (იცინის). პატარა მაგიდა იყო კედელზე აყუდებული, თარო მეგონა.
– ქართული ბომონდის ფარგლებში, ათწლიანი თანაცხოვრება კაცისთვის, რომელმაც უკვე ორი ოჯახი გამოიცვალა და ცხოვრების თავისუფალი სტილი ჰქონდა, არც ისე მარტივია, რამ განაპირობა ურთიერთობის ამგვარი სიმყარე და რა მოიტანა ანნამ ისეთი, რაც წინა ურთიერთობებში გაკლდა?
– პირადად მე, ვერ წარმომედგინა, თუ ისე დამაინტერესებდა ქალი, რომ მასთან 10 წელი გავჩერდებოდი. შეიძლება, სიყვარული იყოს, მაგრამ მაინც დამთავრდეს ურთიერთობა. თუ სურვილი აღარ არის, ურთიერთობა უნდა დამთავრდეს. რატომ უნდა აქციო ადამიანის ცხოვრება ჯოჯოხეთად, თუნდაც შენი და შვილების. ძალით ერთმანეთთან ცხოვრებას აზრი არა აქვს. ანნამ მოიტანა სტაბილურობის შეგრძნება, სიმშვიდე. მიუხედავად იმისა, რომ შვილები მყავდა, ცოტა სხვაგვარი ცხოვრება მქონდა. მან შეძლო და ყველაფერი სწორად დაალაგა ჩემს ცხოვრებაში.
ანნა: ორ თვეში გადავწყვიტეთ, რომ ერთად გვეცხოვრა. ხდება: ზოგჯერ დაინახავ და ხვდები, რომ ეს არის ის, ვისთანაც გინდა. ჩვენი ცხოვრება არ არის ერთფეროვანი, ვერ ვიჯერებ, რომ უკვე 10 წელი გავიდა. ურთიერთგაგებამ და სიყვარულმა განაპირობა ყველაფერი.
– ცოლ-ქმრის ურთიერთობაში არის კრიზისული პერიოდები, მით უმეტეს, როცა ურთიერთობა ხანგრძლივია. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი მომენტები?
– ურთიერთობაში კრიზისი არ გვქონია. ამბობენ, რომ შვიდი წელი გარდამტეხია და ეს საკრალური რიცხვია, მაგრამ თანაცხოვრების მე-7 წელს პეტრე გვყავდა და შეიძლება, ამიტომაც გადავრჩით კრიზისულ პერიოდებს.
დათო: კრიზისი რომ გაჩნდეს, ამისთვის საჭიროა, გქონდეს დრო, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია.
– თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ვხვდები, რომ ჩარჩოებში არ აქცევთ ურთიერთობას. მაგრამ, აუცილებლად უნდა გკითხოთ გენდერულ ბალანსზე – „კაცია და გაიგულავებს“ პრინციპით გამართლებულ ღალატზე?
ანნა: ღალატი ძალიან ცუდია. მიმაჩნია, რომ ეჭვიანი ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ უფრო ეგოიზმში გადავდიოდი. ეჭვიანობის საბაბი არ მაქვს. მე და დათო ერთმანეთს ბოლომდე ვენდობით.
დათო: თუ ვიცი, რომ მე უკეთესი დურგალი ვარ და ანნას შეუძლია, უკეთესი მღებავი იყოს, რატომ უნდა შევცვალოთ ეს ფუნქციები. მე გენდერულ საკითხებს სხვაგვარად აღვიქვამ. მგონია, რომ, როცა შეყვარებული გყავს, უფლებაც გაქვს, ეს ქალი ხელში აიყვანო. ვთქვათ, თუ მას ყავაზე დაპატიჟებ და მისი ყავის ფულსაც შენ გადაიხდი, რატომ უნდა ეწყინოს, არ მესმის?! მგონია, მთელი ემოცია ის არის, რომ ჩემს შეყვარებულს თავს ვევლები. ამ შემთხვევაში კაცი მიმაჩნია დომინანტად. ანნას არასდროს არაფერს ვაიძულებ, ვთანხმდებით და ისე ვწყვეტთ ყველაფერს.
ანნა: ჩემთვის მამაკაცი უნდა ასოცირდებოდეს სიძლიერესთან, ქალი – სინაზესთან, ოჯახში ფუსფუსთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალი სამზარეულოში უნდა იყოს მთელი დღე გამოკეტილი.
– ანნა, დათო როგორი მამაა და მის უფროს შვილებთან თუ გაქვს ურთიერთობა?
– დათო სამგზის იდეალური მამაა. როცა პეტრე სამშობიაროდან გამოვიყვანეთ, დათო ჩემზე სწრაფად რეაგირებდა ყველაფერზე. დათომ აბანავა პირველად – ჰქონდა პრაქტიკა. ზედმეტად არამკაცრი მამაა სამივე შვილისთვის. მე უფრო მკაცრი ვარ და ამაში დღემდე ვერ ვთანხმდებით. დათოს შვილები ძალიან კარგები არიან. დედმამიშვილები ერთმანეთზე გიჟდებიან. დათოს სამი შვილიდან ყველაზე მეტად პეტრეს გაუმართლა. რომ გაჩნდა, დაც ჰყავდა და ძმაც.
დათო: არცერთი შვილის მიმართ არა ვარ მკაცრი. შედარებით უფრო მომთხოვნი უფროსის მიმართ ვარ. ლუკა უკვე კაცია, იმაზე უფროსია, ვიდრე მე ვიყავი, როცა ის მყავდა. შესაბამისად, მისგან მეტს ვითხოვ. გოგოს მამობა რთულია, მაგრამ ელენესთან სირთულეები არ მაქვს. თუ დანარჩენ ორ შვილს რამეში შევეწინააღმდეგები, ელენესთან ეგეთი რამ არ ხდება. მასთან უარის თქმა არ გამომდის. არ მახსოვს, ელენეს რამეზე ეთქვას, ასეაო და მე არ დავთანხმებოდი. ლუკა თითქმის სულ ჩვენთანაა, ელენე კი შაბათ-კვირას მოდის.
ანნა: „ჩემი ცოლის დაქალებს“ ვუყურებდით და დათო იძახდა: კვაზი მანტკავას დამოკიდებულება თავის ბარბარიკასთან ჩემი და ელენეს ურთიერთობას ჰგავსო (იცინის).
– დათო, ადრე „ფეისბუქზე“ ფოტო დადე, სადაც ყოფილ ცოლებთან ერთად, ანნაც არის. ასე კარგად როგორ დააბალანსე მათ შორის ურთიერთობა?
დათო: როგორ შეიძლება ასე არ იყოს. ორ ადამიანს ჰყავს შვილი, კი ბატონო, დაშორდნენ, მაგრამ როგორ შეიძლება, ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან კონფლიქტში იყოს?! წესად გვაქვს, რომ თუ რამე პრობლემაა, ჩემი ყოფილი ცოლები მიკავშირდებიან და ვაგვარებთ. ისინი ჩემი შვილების დედები არიან და ცხოვრების ბოლომდე მათი მსახური ვიქნები.
ანნა: ურთიერთობა მაქვს დათოს ცოლებთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათთან ჩაის ან ყავას ვსვამ და რაღაცეებს ვუყვებით ერთმანეთს. მათთან საერთო მაქვს, რადგან ჩემი პეტრეს დის და ძმის დედები არიან. ისინი უფრო ადრე იყვნენ დათოს ცხოვრებაში, ვიდრე მე. მე ხომ უფრო გვიან გამოვჩნდი. უფრო ლოგიკური იქნებოდა, ეთქვათ, ეს ვინ მოვიდაო. ჩვენი ურთიერთობა იფარგლება ერთი ოჯახით. ზოგჯერ „ფეისბუქით“ ვეკონტაქტებით ერთმანეთს ან, შეიძლება, რაღაც მოვყვეთ კიდეც. მე მგონია, რომ ეს მათ შეგნებაზეც მიუთითებს.
– თანაცხოვრების პერიოდში, ალბათ, ბევრი უხერხული მომენტიც გქონდათ, არაერთი კურიოზიც გექნებათ გასახსენებლად...
– აი, მაგალითად, ასეთი კურიოზი შეგვემთხვა. ერთხელ მკითხეს, რა ბოტოქსს იკეთებ ეგეთს, რომ ასაკი არ გეტყობაო. დათოს უფროსი შვილის დედა ვეგონე.
დათო: ერთხელ ჩემმა ცოლმა გადაწყვიტა, რომ მე ვარ ზედმეტად აგრესიული. ამ თემაზე ესაუბრა დედაჩემს და მანაც დაუდასტურა. მოკლედ, გადაწყდა, რომ გიჟი ვარ და უნდა წავიდე ფსიქიატრიულ კლინიკაში. ანნას დედა პროფესიით ფსიქიატრია. გამოცდილება ჰქონდა წლების განმავლობაში და მისი ჩარევით მოვხვდით სამედიცინო დაწესებულების ყველაზე მაღალ ეშელონებში. წავედით მე და ანნა. ექიმმა იკითხა, პაციენტი რომელიაო და მეუბნება, გისმენთო. პირი უნდა გავაღო და ვთქვა, რა მაწუხებს და უცებ ანნა ეუბნება, რომ თავად მოუყვება. უსმინა ამ ქალმა, ჩამოწერა ყველაფერი, მოტრიალდა და ანნას ეუბნება: ახლა ეს პრეპარატები შეიძინეთ და თქვენ და თქვენმა დედამთილმა მიიღეთო.
ანნა: ჩვენი თანაცხოვრების ერთ-ერთ წლისთავზე, დათოს სიმბოლურად ვაჩუქე უღელის ფორმის ბორკილები, მაგრამ დიდად არ მოეწონა (იცინის).
დათო: ჩემს დაბადების დღეზე სულ სიმბოლურ საჩუქრებს ვიღებ (იცინის).
– და ბოლოს, გკითხავთ თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არ არის, როგორ აპირებთ თანაცხოვრების 10 წლისთავის აღნიშვნას?
ანნა: დათოსგან ყველაზე კარგი საჩუქარი პეტრე იყო. ახლა კი ისეთი საჩუქარი მომართვა, რომელზეც ფიქრით სიცოცხლეს ვიხანგრძლივებ. „ქოლდფლეის“ ბილეთები მომიტანა. ივნისშია ეს კონცერტი, ივლისში კი თანაცხოვრების 10 წლის იუბილე გვაქვს. ჯერ მიუნხენში ჩავალთ, შემდეგ იტალიაში და ესპანეთით დავამთავრებთ. რომ წარმოვიდგენ, წინ ივნისია, ბედნიერებისგან ვიშლები.