კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახდა იძულებული დიმიტრი თავდადებული, რომ და თავისი დამტყვევებლისთვის მიეთხოვებინა #14

სულ პატარა, ჩვილი იყო მომავალი მეფე საქართველოსი – დიმიტრი, როდესაც მამამისი, დავით ულუ მონღოლებს აუჯანყდა – გადავიდა სამცხეში, სამცხის სპასალარ სარგის ჯაყელთან, რომელსაც „პაპა სარგისს“ უწოდებდნენ და ჯარის შეგროვებას შეუდგა. დედოფალი გვანცა და პატარა დიმიტრი უფლისწული ბიჯნისის ციხეში გადამალეს.
საილხანოს მბრძანებელმა ჰულაგუ ყაენმა თავისი სარდალი, არღუნ ნოინი გამოაგზავნა აჯანყებული მეფის დასასჯელად. ეს ის არღუნია, რომელმაც მონღოლთა იმპერია აღწერა. მონღოლთა დროინდელი უცნობი ქართველი მემატიანის თქმით, არღუნ აღა ყოფილა სამართლიანი, მართლისმეტყველი, ღრმად გამგონე და განმზრახავი რჩეული. არღუნი საქმის მცოდნე კაცად მიიჩნეოდა და მთელ მონღოლთა იმპერიაში დიდი სახელი ჰქონდა. ყაენ მუნქეს დროსაც დიდი გავლენა ჰქონდა არღუნ ნოინს. არღუნი კარგი სარდალიც აღმოჩნდა და ნოინობაც მიიღო. მას არღუნ აღასაც უწოდებდნენ.
არღუნის საერთო ხელმძღვანელობით ჩატარდა აღწერა საქართველოშიც და ხარკის ამკრეფთა უფროსად დაინიშნა მაჰმადიანი ხოჯა-აზიზი, რომელმაც ძალიან გადააჭარბა თავის უფლებებს, გათავხედდა და მეფე იძულებული გახდა, აჯანყებულიყო.
სარგის ჯაყელი მეთაურობდა მეფისა და სამშობლოს ერთგულ მცირერიცხოვან, 8 000 მეომრით დაკომპლექტებულ ჯარს. მონღოლები 20 000-ზე მეტნი იყვნენ. მათ მიემხრნენ მოღალატე ქართველი დიდებულებიც – კახა თორელი და სხვები, თავ-თავისი პირადი ლაშქრით. არღუნ აღამ ქართველი მოღალატეების დახმარებით დაამარცხა მეფის ჯარი. ეტყობა, მოღალატეებისგან გაიგო არღუნმა დედოფლისა და უფლისწულის ადგილსამყოფელი და დააპატიმრა დედოფალი გვანცა და უფლისწული დიმიტრი. შემდეგ, რაღაც მიზეზების გამო, გვანცა დედოფალი საილხანოში მოაკვლევინეს.
უფლისწული დიმიტრი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს საილხანოში. შემდეგ სამშობლოში დააბრუნეს ჩვენი უფლისწული. დავით ულუმ კი თავისი გაიტანა, ხოჯა აზიზი გადმოაცემინა ყაენს და ტფილისში, სიკვდილით დასაჯა.
გავიდა დრო, 1270 წელს გარდაიცვალა დავით მეშვიდე ულუ. საილხანოში წაიყვანეს 11 წლის დიმიტრი უფლისწული მეფედ დასამტკიცებლად. აბაღა ყაენი კეთილი ყოფილა, ძალიან მოეწონა მცირეწლოვანი მეფე –  მშვენიერი და სათნო ბავშვი. ახსოვდა ყაენ აბაღას ჩვენი უფლისულის სიყრმეც. ჩვილობიდან ხომ ჯერ ტყვედ, მერე მძევლად იყო მამამისთან, ყაენ ჰულაგუსთან უფლისწული დიმიტრი. დაუმტკიცა აბაღამ საქართველოს სამეფო დიმიტრი მეორეს გარდა სამცხისა. მაშინ სამცხე მონღოლების საილხანოს ემორჩილებოდა პირდაპირ. დასავლეთ საქართველოში კი დიმიტრი მეფის მამის მამიდაშვილი მეფობდა, დავით ნარინი. ფაქტობრივად, საქართველო სამად იყო გაყოფილი.
არღუნ აღას საქართველოში შეჰყვარებია ერთი გოგო, მაგრამ მას თავი მოუკლავს, რათა ურწმუნოს ცოლი არ გამხდარიყო.
1273 წელს არღუნს კვლავ დაავალეს აღწერის ჩატარება საქართველოში. მონღოლებს აინტერესებდათ ძველი აღწერის შემდეგ, დაპყრობილ ქვეყნებში რა მდგომარეობა  იყო. შეიცვალა თუ არა მოსახლეობის რაოდენობა. როგორ ვითარება იყო ეკონომიკურად. არღუნი დარწმუნდა, რომ ჰერეთი და კახეთი ძალიან იყო მოოხრებული. კამბეჩანი განსაკუთრებით მიწასთან იყო გასწორებული, რადგან საქართველოში ილაშქრა საილხანოს მტერმა, ოქროს ურდოს ყაენმა ბერქამ – საილხანოსა და ოქროს ურდოს შორის ატეხილი ომი ჩვენს მიწაზე გაიმართა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ტფილისში ყოფნისას არღუნ ოირიდმა უთხრა ჩვენს ხელმწიფეს, დიმიტრი მეორეს: „კეთილად მოხსენებული მეფე, შენი მამა, დავითი შემპირდა, რომ ჩემი შვილისთვის ცოლად მომცემდა თავის ასულს, შენს დას, თამარს. მაგრამ, მეფე დავითი გარდაიცვალა და ვერ მოესწრო ამ საქმის აღსრულება. გთხოვ, ნუ მიიღებ უღირსად ჩემს ვედრებას და მომეცი შენი და ჩემი შვლისთვის“.
დამწუხრდა დიმიტრი მეფე. ძალიან უყვარდა და – მეფის ასული თამარი. არ ემეტებოდა მონღოლისთვის. გარდა ამისა, ადრე ჩვენი მეფეები მხოლოდ თანაბარი ღირსების ადამიანებზე ქორწინდებოდნენ. ასულებსაც მხოლოდ მეფეებს ან სულთნებს აყოლებდნენ ცოლად. დიმიტრის პაპის დამ, მეფე რუსუდანმა თავისი ასული რუმის სულთანს მიათხოვა. დიმიტრი მეფის პაპამ, გიორგი მესამემ, როგორც ბიზანტიური გადმოცემა ამბობს, თავისი ასული ბიზანტიის კეისრის ოჯახში გაათხოვა. სულ ასე იყო მას შემდეგ, რაც საქართველო გაერთიანდა. ახლა კი, ვიღაც წარმართი ოირიდი, ვიღაც ათასისთავის გაყიდული ვაჟი რძლად თხოვდა მეფის დას, ბაგრატოვანს, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალს, ქრისტიანს. მონღოლთა სამსახურში მყოფი ცნობილი ირანელი ისტორიკოსის, ჯუვეინის მიხედვით, არღუნის მამა, თოიჩუ ათასისთავად მსახურობდა მონღოლთა არმიაში. სხვა ცნობილი ისტორიკოსის, მონღოლთა სამსახურში მყოფი ებრაული წარმოშობის გამაჰმადიანებული მემატიანის, რაშიდ ად-დინის თქმით კი, არღუნ აღას მამა ყოფილა ღატაკი და გაჭირვების გამო შვილი გაუყიდია, საჭმელში გაცვალა – ძროხის ბარკალში. ამგვარად მოხვდა პატარა არღუნი ჯალაირების ტომის ხანთან ოჯახში. მონღოლები ნაყიდ ბავშვებს ან ტყვეებს, შვილების მსგავსად ზრდიდნენ. შემდეგში ხანმა არღუნი და თავისი შვილი ერთად გააგზავნა დიდ ყაენ უგედეის პირად გვარდიაში სამსახურად. იქ არღუნმა ისწავლა უიღურული წერა-კითხვა და კარგი განათლება მიიღო. მალე მცირეწლოვანი არღუნი ყაენ უგედეის ერთ-ერთი მდივანი გახდა. შემდეგ დაინიშნა ხორასნის მმართველის თანაშემწედ და  ბასკაკად (გადასახადების ამკრეფად). უგედეის გარდაცვალების მერე ყაენის ქვრივმა არღუნი ამუდარიიდან ანატოლიამდე საქმეების მმართველად დანიშნა. შემდეგ ახალმა ყაენმა, გუიუქმა გამოაგზავნა დასავლეთისკენ. მერე მონღოლთა დიდ იმპერიაში მოსახლეობისა და ქონების აღწერა დაავალეს. არღუნის თანამედროვე სომეხი ისტორიკოსის ცნობით, არღუნ აღას მაჰმადიანობა ჰქონდა მიღებული, თუმცა, ეს არ დასტურდება სხვა წყაროებით. ცოტა ხანში მაჰმადიანობა კი გახდა პოპულარული ირანში დასახლებულ მონღოლთა შორის, თუმცა, ეს უფრო არღუნის გარდაცვალების შემდეგ, 1275 წლის მერე დაიწყო. ასეა თუ ისე, დიმიტრი მეფეს წარმართი და მაჰმადიანი სიძე არ უნდოდა.
მას შემდეგ, რაც მონღოლები დაეპატრონნენ ჩვენს ქვეყანას, დავით ულუსაც დაუნათესავდნენ, მას ორი მონღოლი ცოლი ჰყავდა. დიმიტრი მეფემ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მეორე ცოლად, თვითონაც მონღოლი ქალი მოიყვანა. მაგრამ, მეფის ოჯახში ქალის შესვლა მაინც სხვა იყო. დედოფლებს ვალდებულება ჰქონდათ, გაქრისტიანებულიყვნენ. გარდა ამისა, მამაკაცი კიდევ აიტანდა გადამთიელის ქალს, მაგრამ მეფის დისთვის ურთულესი იქნებოდა ვიღაც წარმართზე გათხოვება და საილხანოში ცხოვრება.
მაგრამ, ურთულეს ვითარებაში გახლდათ დიმიტრი, რომელსაც მერე თავისი სიცოცხლეც კი არ დაუშურებია ქვეყნისთვის. არღუნ აღაზე დიდად კი, მისი ქვეყნისა და ქვეშევრდომების ბედი იყო დამოკიდებული. მასზე არღუნი ხომ აღწერას ატარებდა. მას შეეძლო, ქართველთათვის სასარგებლო შედეგები წარედგინა ყაენისთვის ან ქართველები დაეზიანებინა. არღუნ ნოინს დიდი გავლენაც ჰქონდა საილხანოში. დიმიტრი მეფე კი ქვეშევრდომებზე ზრუნვის ვალდებულების გრძნობით იყო განმსჭვალული. მეფობა მისთვის და მისი ოჯახისთვის ვალდებულება გახლდათ და არა ბატონობის საშუალება. ქართველი მეფეები და მეფის ასულები მუდამ საქართველოს ინტერესებს სწირავდნენ საკუთარ სურვილებსა თუ სიყვარულს. ასეთი ბედი ჰქონდათ შეგნებულ მეფეებსა და ასულებს, დებს.
ვერ მოძებნა გამოსავალი მეფე დიმიტრიმ, დათანხმდა არღუნ ნოინის წინადადებას და „აღასრულეს წესი ქორწილისა“. ბაგრატიონებთან დამძახლებით გახარებული და კმაყოფილი არღუნი გაემგზავრა ირანში, გარკვეული შეღავათებიც მიეცა ჩვენს სამეფოს ამ ქორწინებით. ამას არღუნ აღა ადვილად მოახერხებდა. თავის ვაჟი კი საქართველოში დატოვა. ალბათ, ასეთი პირობა წამოაყენა მეფემ.

скачать dle 11.3