ეშმაკის ბილიკი #14
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-13(848)
მაიორი ზურაბ გიგაური თბილისში რომ შემოვიდა, საღამოს რვა საათი შესრულდა. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ კი ის უკვე გივი კვირიკაშვილის სახლთან იდგა. ზურაბმა პლასტიკური ქირურგის განათებულ ფანჯარას თვალი შეავლო, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და მისი ბინისკენ აიღო გეზი.
– ზურაბ, თქვენ? ხომ მშვიდობაა? – ჰკითხა მაიორს მასპინძელმა, როდესაც კარი გააღო და ზღურბლზე გიგაური დაინახა.
– შეიძლება? – ჰკითხა ზურაბმა.
კვირივაშვილმა ხელით შეიპატიჟა მოულოდნელი სტუმარი, კარი მიხურა და სასტუმრო ოთახში შეუძღვა. სტუმარი სავარძელში დასვა. თავადაც იქვე დაჯდა და კითხვა გაუმეორა:
– ხომ მშვიდობაა?
– მარტო ხართ, გივი? – ჰკითხა მაიორმა.
– დიახ. რა ხდება? – თქვა კვირიკაშვილმა.
– გივი, – მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ თქვენი მეგობარი ვარლამ კოვზირიძე ცოცხალია.
– როგორ, ცოცხალი? – შეცბა მასპინძელი.
– როგორ და, ის გამცილებელმა გრიგოლ ბეჟუაშვილმა ნახა ქუთაისში?
– ქუთაისში? როდის? როგორ?
– ამ ცხრამეტი წლის წინ. მკურნალ აპოლონ ხვიჩიასთან. გსმენიათ ასეთი ადამიანის შესახებ?
– დიახ, მსმენია. ვიცნობ კიდეც. აპოლონი დამწვრობის უებარ მალამოებს ამზადებს და არაერთი ჩემი პაციენტი გამიგზავნია მასთან ჭრილობების მოსაშუშებლად.
– ჰოდა, თქვენი მეგობარიც მასთან იყო ამ ცხრამეტი წლის წინ მალამოს წამოსაღებად, – თქვა გიგაურმა და კვირიკაშვილს ყველაფერი დაწვრილებით უამბო, – აქ იმიტომ მოვედი, რომ იქნებ შევძლოთ და იმ გაწყვეტილი ჯაჭვის აღდგენა მოვახერხოთ, რომელიც ხვიჩიასთან დაიკარგა.
მოულოდნელი ინფორმაციით აფორიაქებული გივი კვირიკაშვილი ოთახში ბოლთას სცემდა, თან აბოლებდა. ბოლოს სტუმრის წინ შეჩერდა და უთხრა:
– ვიცი, რაც უნდა ვქნათ.
– რა? – შეცბა გიგაური, რომელიც არ მოელოდა ასეთ პასუხს.
– რადა, უნდა მოვძებნოთ ის ექიმი, რომელმაც ვარლამს ნეკროზული ქსოვილები ააჭრა. ხვიჩიამ სწორად გითხრათ, მისი მალამო ამ პროცედურების გარეშე არ იმოქმედებდა. თავად ვარლამი კი ვერ შეძლებდა ასეთი პროცედურის ჩატარებას. მას ან უბრალოდ, ქირურგი ან ქირურგი-კოსმეტოლოგი დასჭირდებოდა. ამიტომ, უნდა მოვძებნოთ ის ექიმი, რომელიც ასეთ პროცედურას ჩაატარებდა.
– გასაგებია, მაგრამ, როგორ ვიზამთ ამას? – თქვა გიგაურმა, – მას მერე, ხომ ცხრამეტი წელი გავიდა?
– მერე რა? – ჩაეცინა კვირიკაშვილს, – ვისაც მსგავსი პროცედურის ჩატარება შეეძლო საქართველოში ცხრამეტი წლის წინ, ყველას ვიცნობ, ან ვიცნობდი. გარწმუნებთ, ასეთი ადამიანები თითზე ჩამოსათვლელია. სხვათა შორის, ახლაც.
გიგაური ჩაფიქრდა და კვირიკაშვილს უთხრა:
– თუ ეს პროცედურა ვარლამმა სხვაგან ჩაიტარა?
– არ მგონია, – თქვა კვირიკაშვილმა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ეს პროცედურა დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს. დროის გაწელვა სიკვდილის ტოლფასია. ვარლამმა კი ეს ჩემზე უკეთ იცოდა და ამას არ დაუშვებდა. ის რუსეთში არ დაიწყებდა ექიმის ძებნას და ვფიქრობ, ექიმი უკვე მოძებნილიც ეყოლებოდა.
გიგაური ჩაფიქრდა და კვირიკაშვილს უთხრა:
– დავუშვათ, თქვენმა მეგობარმა თბილისში ჩაიტარა ოპერაცია და შემდეგ იმკურნალა ხვიჩიას მალამოთი, ის მკურნალი ექიმი კი გარდაცვლილია?
– ასეთ შემთხვევაში, ჯაჭვი კვლავ წყდება, მაგრამ, ჩვენ უკეთესის იმედზე უნდა ვიყოთ, – მიუგო მაიორს კვირიკაშვილმა, – მე ყველა იმ ექიმს ვიცნობ, ვისაც მაშინ ასეთი პროცედურის ჩატარება შეეძლო და ამით დავიწყოთ.
– კეთილი, შეადგინეთ სია, – უთხრა კვირიკაშვილს გიგაურმა.
ექიმ-კოსმეტოლოგის სიაში სულ ხუთი ისეთი ექიმი მოხვდა, ვისაც ვარლამ კოვზირიძისთვის დახმარების გაწევა შეეძლო ცხრამეტი წლის წინ. კვირიკაშვილი ხუთივეს კარგად იცნობდა და ყველა ცოცხალი იყო. სიის ოთხი წევრი მამაკაცი გახლდათ, ერთი კი – ქალი. ხუთივე თითქმის ტოლები იყვნენ და მათი ასაკი ორმოცდახუთიდან ორმოცდაათ წლამდე მერყეობდა. მხოლოდ ირინე გავაშელი იყო ყველაზე ახალგაზრდა მათ შორის – ორმოცდაორი წლის.
– აი, მაიორო, სიაც, – კვირიკაშვილმა გიგაურს თაბახის ფურცელი დაუდო წინ და დააყოლა, – გივი ბასილია – ორმოცდავრვა წლის, გოდერძი კარანაძე – ორმოცდაათი წლის, ევგენი მანკინი – ორმოცდაათი წლის, ვიქტორ ესებუა – ორმოცდაექვსი წლის და ორმოცდაორი წლის, პირმშვენიერი, ტანწერწეტა და დღემდე ლამაზი ირინე გავაშელი. სხვათა შორის, ამ ჭკვიან და ლამაზ ქალს მთელი სამედიცინო სამყარო ეტრფოდა, მაგრამ მისი გული ვერავინ მოინადირა, მათ შორის, ვარლამმაც. მეტსაც გეტყვით, გაკადნიერებულ ვარლამს ირინემ ერთხელ ისეთი სილა სტკიცა, სამუდამოდ დაუკარგა მასთან არშიყის სურვილი.
– მაინც, რა დაუშავა იმ ქალს თქვენმა მეგობარმა? – იკითხა ზურაბ გიგაურმა.
– თუ გაინტერესებთ, დაწვრილებით გიამბობთ.
– დიახ, თუ არ შეწუხდებით, – თქვა მაიორმა.
კვირიკაშვილს გაეღიმა, თავი გააქნია და თქვა:
– ვარლამს ირინე პირველივე ნახვით შეუყვარდა. ეს ულამაზესი გოგო რომ ჩვენთან გაანაწილეს სამუშაოდ, ოცდასამი წლის იყო. ირინეს მშობლები ოცდაჩვიდმეტში დაუხვრიტეს და თოთხმეტი წლიდან ბავშვთა სახლში იზრდებოდა მოსკოვში. შემდეგ იქვე დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი და მისივე დაჟინებული მოთხოვნით, სამშობლოში, თბილისში გამოგზავნეს სამუშაოდ. როგორც უკვე გითხარით, ირინე ყველას შეგვიყვარდა, მათ შორის, ვარლამსაც. ვარლამმა ყველანი გაგვაფრთხილა: ეს გოგო ცოლად მინდა და არავინ არაფერი უთხრათ, მაცადეთო. ერთი სიტყვით, ჩემი მეგობარი გააქტიურდა, მაგრამ შედეგი ნულის ტოლი იყო. ირინე ზედაც არ უყურებდა, თუმცა, არც სხვებს აქცევდა ყურადღებას, იყო თავისთვის. უფრო სწორად, სამსახურის დროს ძალიან აქტიური იყო, მაგრამ – მხოლოდ პროფესიულ ფარგლებში. სამსახურის შემდეგ კი, გამოიცვლიდა და სახლში მიდიოდა სრულიად მარტო, რადგან თავს არავის აცილებინებდა. ირინე სოლოლაკში ცხოვრობდა, ოროთახიან ბინაში, რომელიც მას სამსახურმა გამოუყო. ჩვენი ლამაზი კოლეგა არც ვინმეს დღეობაზე დადიოდა და არც სხვა წვეულებაზე. გამონაკლისი მხოლოდ პანაშვიდები და გასვენებები იყო, რომელსაც ირინე გავაშელი არასდროს გამოკლებია. ერთხელ სასწაული მოხდა და ირინე მედიცინის მუშაკთა კულტურის კლუბში მოვიდა, სადაც ერთ-ერთ ღვაწლმოსილი პროფესორის იუბილეს აღვნიშნავდით. ამან, რა თქმა უნდა, ყველანი სასიამოვნოდ გაგვაოცა. ვარლამი კი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო და მითხრა:
– ეს შანსია ჩემთვის და უნდა გამოვიყენოო, რაზეც ვუპასუხე:
– თავი არ გაიპამპულო-მეთქი.
საღამო მხიარულად მიმდინარეობდა. უკრავდა მუსიკა. ვცეკვავდით და რა თქმა უნდა, ვსვამდით კიდეც. ირინე არც სვამდა და არც ცეკვავდა. სამაგიეროდ, ვარლამი ყლუპავდა... ვუთხარი კიდეც – ზედმეტი არ მოგივიდეს-მეთქი. იუბილარის თხოვნით, ირინე გავაშელმა „ნელი ვალსი“ იცეკვა მასთან. უნდა აღვნიშნო, რომ ეს მშვენიერი არსება გედივით დანარნარებდა და ყველანი აღგვაფრთოვანა თავისი დიდებული ცეკვით. ვალსი რომ დასრულდა და სხვა ცეკვა დაიწყო, ვარლამი ირინესთან მივიდა, ცეკვა სთხოვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, უარი მიიღო. რომ აღარ მოეშვა და მაჯაში ჩაავლო ხელი, წელზე კი მეორე ხელის შემოხვევა დააპირა, ირინემ ძლიერი სილა გააწნა. შემდეგ მარტომ დატოვა იქაურობა. ვარლამი კი ისე ხალისიანად იცინოდა, თითქოს ირინემ სილა კი არ გაარტყა, აკოცა და ამით გაახარა. სამი თვის შემდეგ ვარლამიც დაიკარგა.
– ამ ინციდენტის შემდეგ ვარლამი და ირინე შერიგდნენ? – იკითხა გიგაურმა.
– არა, არ შერიგდნენ. ირინე მას სათოფეზეც აღარ იკარებდა, ხოლო კოლეგიალური ურთიერთობისას, მესამე პირს იხმარდა. ხშირ შემთხვევაში ეს მესამე პირი მე ვიყავი.
– მდაა, ძალიან საინტერესო ისტორია მიამბეთ, – უთხრა მაიორმა ექიმს.
– უფრო სევდიანი, – გაეღიმა კვირიკაშვილს.
– ბატონო გივი, ეგ ირინე გავაშელი გათხოვილია? – ჰკითხა მაიორმა ექიმს.
– დიახ, – თქვა ექიმმა და იქვე დასძინა, – უფრო სწორად გათხოვილი იყო, მაგრამ მალევე დაქვრივდა. გოგონა ჰყავს, თუ არ ვცდები, თექვსმეტი წლის
– დაქვრივდა? – გაიმეორა გიგაურმა.
– დიახ, დაქვრივდა. ვარლამის გაუჩინარებიდან ექვსი თვის მერე, ირინე მოსკოვში გაგზავნეს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ორი წლით და იქიდან უკვე ქვრივი დაბრუნდა, ძუძუმწოვარა ბავშვთან ერთად.
– რა დაემართა, როგორ დაქვრივდა?
– ირინე დღემდე კარჩაკეტილად ცხოვრობს, მას ვერც ვერაფერს ჰკითხავ და არ თვითონ გეტყვის რამეს. როგორც ხმა გამოვიდა, მისი მეუღლე რუსი სამხედრო მფრინავი ყოფილა და ერთ-ერთი ფრენისას დაღუპულა.
– მისი გვარი ხომ არ იცით?
– იმ მფრინავის? – იკითხა მაიორმა.
– დიახ.
– სამწუხაროდ, არა.
– ირინე გავაშელის შვილის გვარიც არ გეცოდინებათ მაშინ.
– როგორ არ ვიცი, ბავშვს ეკა ჰქვია, გავაშელია გვარად.
– როგორ, დედის გვარზეა ბავშვი? – გაუკვირდა მაიორს.
– დიახ, ირინეს თავის გვარზე გადაუყვანია. ასეთი ხმა გამოვიდა, რომ ირინეს უთქვამს: ჯობია ჩემს გვარზე იყოს და ვუთხრა – მე და მამაშენი ერთმანეთს დავშორდით და ცოცხალი ეგონოს, ვიდრე გაიგოს, რომ დაიღუპა და დაიტანჯოსო.
– ეგ რა ლოგიკაა? – უფრო მეტად გაოცდა გიგაური. ექიმმა კი მხრები აიჩეჩა და მიუგო:
– ხომ გეუბნებით, ირინე გავაშელი ძალიან უცნაური ქალია. დღემდე ისეთივე უკარებაა, როგორიც ადრე იყო. თუმცა, ბრწყინვალედ ფლობს თავის პროფესიას და მასზე უკეთესი პლატიკური ქირურგი მსოფლიოში არ მოიძებნება. ერთი სიტყვით, ირინე გავაშელი შეგიძლიათ, აქედანვე გამორიცხოთ. ვარლამი მას დახმარებისთვის არ მიმართავდა, მით უმეტეს, სავარაუდოდ, ირინე იმ დროს უკვე მოსკოვში იყო და ჩემი მეგობარი მას ფიზიკურად ვერ ნახავდა აქ.
– თუ გახსოვთ, როდის გაემგზავრა ირინე გავაშელი მოსკოვში ორი წლით?
– ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს შეგიძლიათ, არქივში მოიძიოთ. თუმცა, ირინე იმ დროს რომ აქ ყოფილიყო, ვარლამი მაინც სხვასთან მივიდოდა, – დამაჯერებლად თქვა ექიმმა და სიგარეტი გააბოლა.
– ბატონო გივი, ირინე გავაშელი ისევ სოლოლაკში ცხოვრობს?
– უკვე აღარ. ამ ორიოდე თვის წინ სამოთახიანი ბინა მისცეს დიღმის მასივში და იქ გადავიდა, – მიუგო გიგაურს ექიმმა და ღიმილით დააყოლა, – მერწმუნეთ, ზურაბ, ირინე მცდარი კვალია თქვენს ძიებაში და მხოლოდ დროს დაგაკარგვინებთ. გირჩევთ, დანარჩენებზე გააკეთოთ აქცენტი.
მაიორმა მასპინძელს გაუღიმა. ხელები გაშალა და ღიმილითვე მიუგო:
– რას იზამ, ჩემო კარგო, ასეთია ჩემი პროფესია. ვალდებული ვარ, რომ ყველა დეტალი გადავამოწმო, რათა რამე არ გამომეპაროს. ამიტომ, ირინე გავაშელიც უნდა გადავამოწმო.
– თქვენ უკეთ იცით, – თქვა მასპინძელმა.
ზურაბ გიგაურმა საათს დახედა. შემდეგ წამოდგა. მასპინძელს ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– ბატონო გივი, თქვენ მე ძალიან დამეხმარეთ და ამისთვის დიდი მადლობა. ბოდიში, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამ საუბრის შესახებ ჩვენ ორის გარდა, არავინ არ უნდა გაიგოს.
– თავისთავად, – მიუგო კვირიკაშვილმა სტუმარს. ხელი ჩამოართვა და სახლიდან გამოისტუმრა.
***
ზურაბ გიგაური რომ მანქანაში ჩაჯდა, ღამის თერთმეტი საათი შესრულდა. მაიორმა „პობედა“ ადგილიდან დაძრა და გაჩახჩახებულ ქუჩას გაუყვა, თან ირინე გავაშელზე ფიქრობდა. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილ, გამობრძმედილ მაიორს ინტუიცია კარნახობდა, რომ ძიების გაწყვეტილ რგოლს იმ უკარება, პირმშვენიერი ქალის მეშვეობით აღადგენდა. ზურაბი მზად იყო, ირინე გავაშელს იმ წუთსავე სწვეოდა სახლში და დაეკითხა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. საჭირო იყო, ჯერ მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება. ანუ, ზურაბს ჯერ ექიმი ქალის დოსიე უნდა შეესწავლა. „კაგებესთვის“ ცნობილი ქალის ცხოვრების ყველა დეტალი კარგად შეესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ შეედგინა დაკითხვის გეგმა. უკიდურესი დაღლილობის მიუხედავად, ზურაბი მთაწმინდაზე, შევჩენკოს ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობისკენ გაემართა. მანქანა მოშორებით, ტროტუარზე გააჩერა და შენობაში შევიდა. შემდეგ სპეცგანყოფილების მორიგე ოფიცერი ნახა, რომ კარტოთეკაში ირინე გავაშელის დოსიე მოეძებნა. საიდუმლო ორგანიზაციის ამ ღრმად გასაიდუმლოებულ განყოფილებაში მოხვედრა და საქმის გაცნობა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლო, თანაც სპეციალური ნებართვით, ზურაბს ასეთი ნებართვა მოსკოვიდან ჰქონდა. ამიტომ მაიორი დაუბრკოლებლად შეუშვეს ოთახში, მარტო დატოვეს და გიგაური მუშაობას შეუდგა. ირინე გავაშელის დოსიეში თითქმის იგივე ეწერა, რაც მაიორმა ორიოდე საათის წინ, გივი კვირიკაშვილისგან მოისმინა. მაიორისთვის სიახლე მხოლოდ ის იყო, რომ დოსიეში მფრინავ ვიტალი ზუევის გვარი იყო ნახსენები და ეწერა: ირინე გავაშელს ქალიშვილი ვიტალი ზუევისგან ჰყავს. ეს ვარაუდი კი იქიდან წარმოიშვა, რომ ვიტალის და – ვალენტინა ზუევა და ირინე გავაშელი მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. ვიტალი დის ხშირი სტუმარი იყო. ირინე მოსწონდა და სავარაუდოდ, ქალი სქესობრივ ურთიერთობაზე დაითანხმა. დააორსულა და რომ დაიღუპა, ბავშვი ექვსი თვის მერე გაჩნდაო. ამ ჩანაწერის მიუხედავად, ირინე გავაშელი ხასიათდებოდა, როგორც მორალურად მდგრადი, საბჭოეთის მიმართ ლოიალური პიროვნება და კეთილსაიმედო, რომლის უცხოეთში გაშვებაც, საჭიროების შემთხვევაში, დასაშვები იყო. დოსიეში ისიც ხაზგასმით აღინიშნებოდა, რომ ირინე გავაშელის კურატორი უშიშროების კაპიტანი, მალხაზ ქირია გახლდათ. ანუ, სწორედ ქირიამ შეაგროვა ცნობები ირინეზე და ის იყო პასუხისმგებელი მის სისწორეზე. დოსიე საბჭოეთში ყველა მოქალაქეზე არსებობდა და ყველას თავისი კურატორი ჰყავდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში