№14 ჩემი ქმრის ყოფილი ცოლი ოჯახის დანგრევით მემუქრება
ინტიმური საუბრები
როცა ვთხოვდებოდი, ყველაფერი ვიცოდი, ჩემი მომავალი ქმრის წარსული ცხოვრების შესახებ. ის, რომ გიორგის ცოლი და შვილი ჰყავდა, არც დაუმალავს. ეს ბარიერი არ ყოფილა, ერთმანეთი შეგვყვარებოდა და ოჯახი შეგვექმნა. უბრალოდ, მითხრა, ყოფილ ცოლთან ურთიერთობა მაქვს. შვილი ძალიან მიყვარს და მინდა, ამ საკითხს ცივილიზებულად მიუდგეო. რასაკვირველია, ასეც ვიქცეოდი. მაგრამ, როცა გავთხოვდი და მისმა ყოფილმა ცოლმა ჩვენთან დაიწყო ვიზიტები, მერე მივხვდი, მის რეალურ ზრახვებს. მოკლედ, ჯერ ის მოიმიზეზა, მუშაობა დავიწყე და ბავშვს დაგიტოვებთ, რამდენიმე დღით, კვირაშიო. მერე, მოიმიზეზა, ისეთი დაღლილი ვარ, თქვენთან იყოს და აქედან იაროს სკოლაში, მე შაბათ-კვირას მცალია და წავიყვანო. თვითონ ბარს და რესტორანს არ იკლებს, მე კი მის შვილთან უნდა ვიჯდე და ვუარო. ესეც მოვითმინე და ჩავყლაპე. ჩემი ქმარი ყველაფერს ხედავს და მეუბნება, ცოტა ხანში, მიხვდება, რომ ჩვენ შორის ვერ ჩადგება, ვერც ბავშვით სპეკულირებას შეძლებს და შეგვეშვება, მშვიდად მივუდგეთო. დედამთილი კი, გამომივიდა ევროპელი და სულ იმას იმეორებს, ევროპულად, ცივილიზებულად მიუდექი ამ საკითხს – სანამ შენ იქნებოდი გიორგის ცხოვრებაში, ის იყო, შვილი ჰყავთ და ერთად უნდა იზრუნონ მასზეო. ხანდახან ვფიქრობ, ეს რომ ყოფილიყო ჩემს ადგილას და მის დედამთლს ყოფილი რძლისთვის ყავა მოედუღებინა და სუფრები ეშალა, როგორ მოითმენდა ნეტა? ამას წინათ, მობრძანდა და განაცხადა, ბავშვისთვის ფული მჭირდება და უნდა მომცეთო. გიორგიმ კი ჰკითხა, არ არის პრობლემა, მოგცემ, მაგრამ რისთვის, მითხარიო. არც ექიმისთვის დანანებია ჩემს ქმარს ფული და არც ჩაცმა-დახურვას აკლებს ბავშვს. დედამთილმა კი თვალები გადაუბრიალა – ქალია, ყველაფერს შენ ხომ არ გეტყვის, თუ გაქვს, მიეცი, რას წუწუნებო. გავმწარდი, მაგრამ რას ვეტყოდი? როგორც, შევატყვე, ჩემს დედამთილს პირველი რძალი უყვარს, დაქალობს მასთან და მე დიდად არ ვეპიტნავები. ერთხელ დავურეკე ჩემი ქმრის ყოფილ ცოლს და შევხვდი. მინდოდა, დავლაპარაკებოდი და რაც გულში მქონდა, პირში მიმეხალა. დელიკატურად, ხმის აუწევლად, მშვიდად ვესაუბრე და ვუთხარი: მე და გიორგის ერთმანეთი გვიყვარს და ვცდილობთ, გაგებით მოვეკიდოთ ნებისმიერ საკითხს. არ გვინდა, ჩვენს ურთიერთობაში სხვამ ჩაჰყოს ცხვირი. მესმის, რომ შვილი ჰყავს და როგორც შემიძლია, პატივს ვცემ მას, მაგრამ შენს ხშირად მოსვლას ჩვენს სახლში ვერ ავიტან და იქნებ თავი შეიკავო-მეთქი. გაბრაზდა, წამოხტა და მოამახალა: იცი, რას გეტვყი, ქალბატონო? სანამ შენ იქნებოდი, ჩემი ქმარი იყო. საერთო შვილი გვყავს და ნება იბოძოს, შეგვინახოს. თუ არ მოკეტავ და დაიწყებ ინტრიგების ხლართვას, იცოდე, ქმრის გარეშე დარჩები. არ გამიჭირდება მისი დაბრუნება, არცაა პრობლემაო. რა უნდა ველაპარაკო ასეთი დონის ადამიანს? მივხვდი, მასთან ლაპარაკს და ურთიერთობების გარკვევას აზრი არ აქვს. დედამთილიც მის ჭკუაზე დადის და მე და გიორგი როდემდე ავიტანთ მათ ხუშტურებს, არ ვიცი. ამ სიტუაციის გამო, ვხედავ, ჩვენც, ნელ-ნელა გვეძაბება სიტუაცია. ბავშვიც აგრესიას გამოხატავს ჩემ მიმართ. ალბათ, დედა არიგებს, თორემ ამის საბაბს, მე ნამდვილად არ ვაძლევ. რომ მცოდნოდა, ასეთი რთული იყო იმ კაცის ცოლობა, ვისაც ცოლი ჰყავდა, ნამდვილად არ შევიყვარებდი და არც ცოლად გავყვებოდი.
ნინო, 29 წლის.