მიირთვით საუზმეზე იოგურტის პარფე და დაიკელით მარტივად #14
იოგურტის პარფე, ეს არის სილამაზის, ჯანმრთელობისა და გახდომის გემრიელი რეცეპტი. ის, კარაქის, ყველის, ძეხვეულის, კვერცხისა და პურის შესანიშნავი ალტერნატივაა, რაც შეიძლება, გიყვართ საუზმეზე, მაგრამ ყოველთვის კარგი არ არის ჯანმრთელობისთვის. ასევე, ზედმეტი ცხიმები და ნახშირწყლები თქვენს ფიგურაზე დადებითად, ნამდვილად არ აისახება.
თუ იოგურტის პარფეს გაიმზადებთ და კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ მაინც, ამით კარაქიან პურს ჩაანაცვლებთ, თქვენი დღე, არა მარტო ჯანსაღად, არამედ ტკბილადაც დაიწყება და, რაც მთავარია, ზედმეტი ცხიმების დაწვით!
იოგურტის პარფე მზადდება ვანილინით, დაბალი ცხიმის შემცველი იოგურტით, ხილით, უმეტესწილად მარწყვით, სხვადასხვა სახის კენკრითა და გრანოლათი. გრანოლა შვრიის, შაქრის, ქოქოსის, ქიშმიშის მშრალი ნარევია. სასურველია, ნაკლებცხიმიანი და ნაკლებშაქრიანი შემცველობის გრანოლა შეარჩიოთ.
დაგჭირდებათ: ვანილის იოგურტი, კენკრეული ან ხილი თქვენი გემოვნებით და გრანოლა. დამატებით შეგიძლიათ, გამოიყენოთ: ნუში, ნიგოზი, „ფისთაშკები“, სახეხზე გაცრილი ფილა შოკოლადი, თაფლი, „ნუთელა“ ან ჯემი. მაგრამ, აქ ზომიერების დაცვაა საჭირო. რაციონი თუ არ აკონტროლეთ, ისე წონაში ვერ დაიკლებთ.
იოგურტის პარფე გამჭვირვალე ჭიქაში მოამზადეთ და სასურველია, ხილი, იოგურტი, გრანოლა და სხვა ინგრედიენტები, რასაც გამოიყენებთ, ფენა-ფენა, ერთიმეორის მიყოლებით დაამატოთ. რა თქმა უნდა, შეზღუდვები არ არსებობს, შეგიძლიათ, ვანილის იოგურტი მარწყვიანით ჩაანაცვლოთ. ასევე, გრანოლას ნაცვლად, მიუსლი მოაყაროთ იოგურტს.
ასე რომ, გაიმზადეთ დილას უგემრიელესი საუზმე, დაიკელით წონაში და შეიქმენით განწყობა გემრიელი იოგურტის პარფეთი.