ყირამალა საყვარლები #14
ანუ პატარა სექსის დიდი ამბები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-13(848)
ისტორია მეთერთმეტე
(მოქმედი პირები: ეკა და ნიკას ცოლი სალომე)
– სალომე, მერე? ფიქრობ, რომ წასვლას აპირებს? – ვითომ გაოცებულმა ვკითხე.
– არ ვიცი, ეკა. არ მგონია, მიმტკიცებს, მიყვარხარო.
– კაცები, თან, თუ დანაშაულზე წაუსწრებ, პატარა ბავშვებივით არიან, ოღონდ თავი გაიმართლონ და რას არ იტყვიან. ამიტომ რას ამბობს, არ არის მთავარი. მთავარია, როგორ იქცევა. და როგორ იქცევა?
– თითქოს ნორმალურად. მაგრამ ის ქალია არანორმალური. ასეთი უტიფარი არაფერი მინახავს. ქმარიც ჰყავს, ოჯახი, ზრდასრული შვილები.
– უი, ყველა სიკეთესთან ერთად ბებერიც არის?! მე მეგონა, ნიკუშას უკეთესი გემოვნება ექნებოდა. მოიცა და, ნიკუშამ იცის, რომ შენ იცი?!
– შემთხვევით გავიგე, როგორც ხდება ხოლმე. ჯერ იუარა, მერე პატიება მთხოვა. დამპირდა, რომ გაწყვეტდა ამ ურთიერთობას. არც კი ვიცი, როგორ დამემართაო. მაგრამ ვგრძნობ, აი, ვგრძნობ, რომ ისევ ხვდება. მაგიჟებს ამაზე ფიქრი და ამიტომ სულ ვჩხუბობთ. მგონია, რომ ის ქალი აშანტაჟებს.
– შენც შეამოწმე ერთხელაც. დაიჭირე ფაქტზე და აცნობე ამის შესახებ იმ დედაკაცის ოჯახს. აშანტაჟებს არა – იხვი. ნიკუშაც მყავს რა 15 წლის უბიწო გოგო. კაცია თუ ცარიელი ადგილი. ვინ უნდა დამაშანტაჟოს, თუ მე არ მინდა?!
– შენ არ იცნობ „თამარის“!!!
– თამარა ჰქვია?
– ჰო... ჯიბიდან გავარდნილია. ურეკავს გაუთავებლად, უგზავნის მესიჯებს. წარმოგიდგენია?!
– და ეს რას ამბობს?! რატომ არ ბლოკავს მის ნომერს. რატომ ელოლიავება?! ან თუ მოამთავრა ურთიერთობა, რატომღა აქვს ურთიერთობა?! ენა არ აქვს შენს ქმარს, რომ აუხსნას მამაპაპურად იმ შალავას, რომ უნდა დაახვიოს?!
– ეს მე მეჩხუბება, შენი ეჭვებით ჩვენს ურთიერთობას აფუჭებო.
– ლამაზო და მშვენიერო, არ გიფიქრია, საყვარელი გაგეჩინა?! ოღონდ შენს ქმარზე ჭკვიანურად უნდა მოიქცე. ვინმე ახალგაზრდა და ენერგიული შეარჩიე და თავში ქვაც უხლია ნიკუშას იმ თავის ბებრუხანასთან?! რას იშლი ნერვებს?! შეხედე საკითხს მსუბუქად.
– ეკა, მე რჩევა მინდა. შენ კიდევ…
– რა რჩევა გინდა, რომელი რჩევა?! რაც შენს ყურებს ესიამოვნება თუ რაც არის?! მე თუ არ მინდა, ვინმე დამირეკავს და მესიჯებს გამომიგზავნის კი არადა, კილომეტრის რადიუსში ვერ მომიახლოვდება! თუ ურეკავს და ურთიერთობს, ესე იგი, შენი ქმარი აძლევს ამის ნებას. ვერ უთხრა, ესე იგი, გარკვევით, რაც საჭიროა. ან მოსწონს ეს ურთიერთობა და აგრძელებს. სხვა რა ვარიანტია, რჩება კიდევ რამე?
– ეკა! კაცი ვერ მოიქცევა ისე, როგორც ქალი. კაცი ვერ ეტყვის ქალს იმას, რასაც ქალი ეტყვის კაცს.
– ჰოო, მართალი ხარ. კაცი ხომ ვერ იკადრებს, ქალს უთხრას, აღარ მინდიხარო. კაცი ორივე ქალთან იქნება მორიგეობით ან სამთან, ან ოთხთან, თუ მაგდენს გაქაჩავს, რა თქმა უნდა. თავგადასავლებით გაიმრავალფეროვნებს ცხოვრებას და მერე, არაფრის თავი რომ არ ექნება და შენი მოსავლელი გახდება, გაიხსენებს, მე რომ კაზანოვას ნაჯვარი ვიყავი დონ ჟუანთანო…
– რა გავაკეთო?! მთელი ცხოვრება ერთად გავიარეთ.
– მარტო დარჩენის გეშინია ანუ.
– პატარა ხომ არ ვარ?! მე თავიდან ვეღარაფერს დავიწყებ.
– მაშინ უნდა შეეგუო. დახუჭო თვალები და თავი მოიტყუო. თან, თუ გეუბნება, შენ მიყვარხარო, ბევრჯერ ათქმევინე ეს, ყურს მაინც ესიამოვნება. საჩუქრები აყიდვინე, ბევრი ფული გამოართვი, ისიამოვნე ცხოვრებით. მასაჟი გაიკეთე, დაბოტოქსდი, არა – დაფილერდი, უფრო სანდოა. ვინმეს ეფლირტავე.
– არაფრის თავი აღარ მაქვს, არც სურვილი. გიჟივით სულ იმაზე ვფიქრობ, თუ ტელეფონს არ პასუხობს, რომ იმასთან არის. მგონია, რომ გავგიჟდები.
– ასე მართლა გააფრენ. მოანდომე შენს თავს რამე. არავინ მოვა შენი ცხოვრების გასალამაზებლად და გასახალისებლად. ეგ შენ უნდა გააკეთო. შენ კიდევ გაგიმართლა. წარმოიდგინე, უფულოც რომ იყოს ნიკუშა.
– უფულო არ იყო, რომ გავყევი?!
– ეგეც გენანება, ხომ, შენს ხელში რომ იქცა კაცად?!
– კი, უკან მინდა, წავართვა ყველაფერი. ისევ ნულზე რომ დარჩეს და ვნახავ ერთი, ვის მოუნდება.
– მერედა, წაართვი. გადმოიფორმე ყველაფერი და დატოვე მათხოვრად. ვნახოთ, ეგ ჩვენი „თამარისი“ რას იზამს, უფულო ნიკუშა თუ მიიზიდავს ისევ. და იქნებ მართლაც ჭეშმარიტი სიყვარულია, მაშინ უფულო ნიკუშამაც უნდა აღაგზნოს ჩვენი „ქალღმერთი“?!
– როგორ, თორემ… მე ბიზნესის არაფერი გამეგება.
– ჰოდა, მაგრად მიგიქარავს, რომ არ გაგეგება. მერე ისწავლე, გაერკვიე. ხალხმა კვანტური ფიზიკა გაიგო და შენ ქართულ ბიზნესს ვერ გაუგებ?!
– არ შემიძლია.
– აბა, რა შეგიძლია?! ნერვები ითხარო ვიღაც შალავის გამო?! მგონი, ყველაზე სწორი იქნება, თუ არ შეიმჩნევ. ეგეთ შალავებს აცოცხლებს, როდესაც ამჩნევენ. ენერგია ემატება, შენ რომ ნერვიულობ. აღარ ინერვიულო. რამე უნდა მონახო გასართობი: სალონების მეტი რაა?! წველე და წველე შენს ქმარს ფულები და მიიღე სიამოვნება იმით, რომ ცოცხალი ხარ და ყოველდღე მზის ამოსვლას უყურებ, შვილები ჯანმრთელები გყავს და ცოცხლები.
– რაღაც უნდა ვქნა. მოვიფიქრო. თორემ ასე გავგიჟდები.
– დიახ, გაგიჟდები და ხომ იცი, რომ საგიჟეთიც კი აღარ არის. ორი ვარიანტია: ან ეგუები, ან ეყრები. ჰო, მესამეცაა – შენც იჩენ საყვარელს, არა – საყვარლები ჯობია.
– მე ეგ არ შემიძლია.
– სცადე და არ გამოგივიდა?! აბა, რა იცი, რომ არ შეგიძლია?!
– ვიცი, რომ არ შემიძლია. სულელი ვარ ხომ?
– არა, ყველა თავისებურად ცხოვრობს. არავინ იცის, რა არის მეორისთვის უკეთესი. უნდა იპოვო შენთვის ოპტიმალური გამოსავალი, რომელშიც ყველაზე მშვიდად იქნები. ამაში კი ვერავინ დაგეხმარება საკუთარი თავის გარდა.
– მიყვარს შენთან ლაპარაკი. ვმშვიდდები ხოლმე.
– ოღონდ იცოდე, მე არ მიყვარს გაბმულად ერთსა და იმავე პრობლემაზე ლაპარაკი და ოხვრა. ნიკუშას ვეღარავინ შეცვლის, რა უხერხემლოც არის, ის დარჩება. მაგრამ შენ გამომიარე ხოლმე. ვიჭორაოთ. თუ გინდა, მასაჟზე დამპატიჟე – ნიკუშას ფულებით, რასაკვირველია და გაჩვენებ, როგორ უნდა გართობა.
– ეგ იდეაა. ვქნათ ერთხელაც ეგ საქმე. მადლობა, რომ მომისმინე.
– მე რა მოგისმინე, სულ მე ვლაპარაკობდი, გაუჩერებლად?!
– მაინც მადლობა. ნიკუშას მივწერე და საცაა მოვა, გავუყვები მეც ნელ-ნელა.
– ჰო, აქ დგას უკვე მისი მანქანა. მგონი, არსად წასულა. სულ აქ იდგა. ჩაგაცილო? მოიცა, რა ხმაურია. ვინ ჩხუბობს?!
ლანას ხმაა. რა მოხდა?! ვის უყვირის ნეტავ?! ოო – ამასაც მოვესწარით…
ისტორია მეთორმეტე
შურისძიების მაგივრად
(მოქმედი პირები: თეო)
– ეს შენ ხარ, დედას სიყვარულო? შე, დედაიმნაირო! არა, მაინც როგორი ქალოია ხარ, შე ... რასაა რომ ვდუღვარ? ვდუღვარ კი არადა, ახლა რომ ახლოში გნახო, შენს თავს ვერავინ გამომგლიჯავს ხელიდან. რატომ, არა? ლაჩარიც ხარ! მიდი, გამოტყდი, ქალივით როგორ იჭორავე ჩემზე და გაუხეთქე გული ჩემს დაქალს. მოგეშვა? და რა გაწუხებს ასე ძალიან? რატომღაც. საკუთარი ტურფა რომ რქებს გადგამდა და ახლა კიდევ ვისთან და რამდენთან კოტრიალობს, ეს არ გაღელვებს! ბიჭო, გავჩუმდე კი არა, მე შენ ისეთს დაგმართებ, საბოლოოდ დაგავიწყდეს ენა საიდან გეზრდება, შე, ახვარო მამაძაღლო! რა შენი საქმეა, მე ვისთან რა ურთიერთობა მაქვს? და, საერთოდ, რით ვერ გააცნობიერე, რომ ათი რომ მქონდეს, ერთს არ დაგანახვებ! დაახვიე-მეთქი, შე ქალოია, შე რქიანო, შე სალახანა!... თეომ ტელეფონი ჩახურა და გინებაც დააყოლა: არა, ეს მათხოჯი ესა, კაცს მაინც ჰგავდეს! როდემდე უნდა ავიტანო ამის ჯღანვა-ჭმუნვა. წარმოგიდგენია?! შეწუხდა ბიჭი ჩემი წესიერება-უწესობებით. ეს ჯღანი კალოში, ეს... არა, სიტყვები არ მყოფნის, ისე მეზიზღება, ეს რომ სხვაზე დაიწყებს ტლიკინს... ჩემი ბრალია, სულ მეცოდება, სულ თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ცოლად არ გავყევი. ესეც ადგა და დანა ზურგიდან ეგრევე მტკივნეულ წერტილში მითავაზა. თან, ირას რომ ამას ეტყვი, კიდევ კარგი, გულმა შეტევა არ მისცა, თორემ მერე მართლა მივასიკვდილებდი ამ ვაი კაზანოვას! ისე, მე რატომ მომხვდა ასე მწარედ?! ვითომ არ ვიცოდი, რომ სხვებმაც იცოდნენ თუ დამალული რამე რჩება ამ ცისქვეშეთში? რაც არ მომხდარა და მოსახდენად ემზადება, ბარე ორმა წინასწარ იცის ამ ქალაქში და წლების ინტრიგას ვინ დაემალებოდა? ინტრიგა არა, კვატი! მე და ზურას გვიყვარს ერთმანეთი! მორჩა! და ის ლანა აქ უკვე ზედმეტია, მესამეა და უნდა გააცნობიეროს. არა, გაგონილა ასეთი უთავმოყვარეობა?! კაცს არ უყვარხარ, სექსი შენთან არა აქვს, სხვა უყვარს და მიხვდი რაღა! წადი და სხვა იპოვე. მაგრამ რატომ შეიწუხებს თავს! ასე არ ჯობია – გამზადებული სახლი, კარი, ფული, აგარაკი, მანაქანა, ევროპა, ზმანი და ფილერი. ჰო, ფილერის რა გითხრა, მაგარი გოიმკაა და ეგ შეიძლება, არც იცის, რა არის, სამაგიეროდ, შოპინგზე მილანში მიბრძანდება, ვითომ არჩევდეს ერთი მეორისგან „გუჩის“ და „დოლჩეს“... რატომ უნდა ჰყავდეს ეს წურბელა ზურას კისერზე მოკიდებული? თვითონ ვერ იშორებს, მეცოდებაო, აკი გამოტყდა. სუსტია, დაწვება და აღარ ადგება, ეს რომ გაიგოსო... სუსტი ხომ?! ფრენა მილანამდე ხომ შეუძლია?! მე ისე მეზარება მაღაზიებში სიარული, ქუდი უნდა შემიგდო და ეს „სუსტი“ იტალიაში მიფრინავს ამისთვის. შტერია ზურა, როგორც ყველა კაცი და „ბოლდება“. ჰოდა, მორჩა! რაკი უკვე მჭორავენ და აწი ეს ჯონდოია ქალაქს აამყრალებს, დროა, ვიმოქმედო, რასაც თვითონ ვერ ახერხებს, მე დავეხმარები! დავურეკავ ჯერ და მერე მივაკითხავ! დიახაც, მივალ და იქვე გადაწყდება ეს საქმე! დავიჯერო, როცა ვეტყვი, რომ მე და ზურას ერთმანეთი გვიყვარს, გონს არ მოეგება და არ წავა ჩვენი ცხოვრებიდან?! და რომ არ წავიდეს?! არა, გამორიცხულია, მე წავიდოდი. ჰო, მაგრამ, ის რომ არ წავიდეს?! და რა უნდა გააკეთოს, აბა?! აპატიებს?! წარმოუდგენელია! და მაინც, რომ აპატიოს? მაშინ მე აღარ ვაპატიებ და... და რას ვიზამ?! არც არაფერს! არ ვიცი ჯერ! უნდა წამოვიდეს ზურა ჩემთან და ქალი რომ ამას გაიგებს, ქმარს წლებია, სხვა უყვარს და მაინც კისერზე დაეკიდება, ის ქალი ქალი არ არის... ამაზე აღარ ვიფიქრებ. ვიფიქრებ იმაზე, როგორ წავალთ მე და ზურა „სვაძებნიში“ მილანში. არა, არ მინდა მილანი, იქ სულ ლანა მომელანდება. სადმე ტაილანდში: ეგზოტიკა უყვარს ზურას და შიშველი გოგოშკებიც... რას მოვილხენთ! ჰოდა, გადაწყდა. ამ უაზრო სამკუთხედს ბოლო უნდა მოვუღო და უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრება. ყველამ. ისე, ეს ლანაც ცოდოა. ქმარი ვითომ ჰყავს და მე კი ვხმარობ, როგორც საკუთარს. ეგ არის, ფულს არ ვძალავ, უბრალოდ, არ მჭირდება მისი ფული. ისე, ფულზე გამახსენდა. ერთმა ჩვენმა საერთო ნაცნობმა, აი, მე და ზურას მეგობარმა, ქმრის საყვარლისგან „მესიჯად“ შეთავაზება მიიღო: ქმარი დამითმე და 20 000 დოლარს ჩაგირიცხავ, სახლს გიყიდი ბახტრიონზე (ნეტა, რატომ შესთავაზა, მაინცადამაინც, ეს უბანი?) და შენს სამ შვილს უმაღლესში გადასახადებს გადავუხდი, როცა დრო დაუდგებათო. ამ ტუტუცმა გოგომ იმდენი იბღავლა, იმდენი იკივლა, ქმარი მაინც ისევ იმ გიჟუასთან დაიარება და ამას არც ფული შერჩა და არც სახლი. როცა ეს მესიჯი წაგვაკითხა, მე და ზურა ერთმანეთს მივაშტერდით. მე ეგრევე თანახმა ვარო, ზურამ! მეც-მეთქი. მერე ერთმანეთს მივაშტერდით და თვალებით ვკითხეთ, რაზე ვიყავით თანახმანი. ერთმანეთის ბახტრიონის ბინაზე გადასაცვლელად თუ... აი, ეს თუ უნდა გავარკვიო უახლოეს მომავალში. მე ლანას ვერც ფულს და ვერც ბინას შევთავაზებ ზურაში. სამაგიეროდ, ვპირდები, რომ შვილებს მამას არ დავაკარგვინებ; რომ ლანას არ მოუწევს მუშაობა და რამეზე ზრუნვა. თუ მილანში ვეღარ იშოპინგებს, აგერ „თბილისი მოლში“ ივლის, რა, მე თუ დავდივარ, რამით მჯობია?! სადაც უნდა, იქ უვლია, თუ უნდა ძაძები ჩაუცვამს. მე აღარ ვივლი ასე და ქვეყნისა და ამ სალახანა ჯონდოს საქილიკო ვერ ვიქნები. მოიცა, ჯერ გავიგო, რა რეაქცია ექნება ზარზე მზრუნველი უცნობისგან და მერე პირდაპირ დავადგები. ან იქნებ არ ღირს დარეკვა და გაფრთხილება. რა იცი, რა მოიფიქროს. არა, ჯობია, ეგრევე დავადგე საღამოს და იქვე დავილაპარაკოთ. ისე, ასეთი სცენა ჰოლივუდურ მელოდრამასაც დაამშვენებდა: ზურას გაოცებული თვალები კეფაზე არბიან, ხოლო ლანას სახე ვერც კი წარმომიდგენია... კადრი უნდა იყოს დაცემა. ჰოდა, დაეცნენ და დაენარცხონ! ან იქნება ისე, როგორც მე მინდა, ან არც არაფერი იქნება!
ისტორია მეცამეტე
შესაცდენი შეცდენილი
(მოქმედი პირები: ზურა და ქეთა, ზურას ცოლის – ლანას ძმის, ლაშას ცოლი)
– ამან თუ გაჭედა ახლა ამ ფულზე… ვერაფრით გავაგებინე, ხან მოიგებ, ხან წააგებ. არა, სულ მოგებული უნდა იყოს! ვერც ეს თავისი ნაბოზარი ცოლი გააძღო. სუფთა „შნირია“, სულ დააქლიავა მაგ ქალმა, ატრიალებს როგორც უნდა. ქალი არ უნახავს, ტო?! თან, სუფთა ბოზივით ჩაცმული დაჰყავს და ამას „ვაფშე“ კიდია. ან სად დადის ეგ ჩემისა. სახლში რატომ არ არის ან ტელეფონს რატომ უტოვებს იმ შალავას. მალე მოვაო და დაველოდები მაშინ, რომ საღამოს ჩემს გოგოსთან ავიდე.
კარზე დავრეკე, მაგრამ არავინ გამიღო. მობილი ამოვიღე, დავრეკე. მაინც არავინ მიპასუხა. კიდევ დავრეკე ზარი… და გამახსენდა, ქეთამ რომ მითხრა, კარი ღია იქნებაო. სახელური ჩამოვწიე და კარს მივაწექი. გაიღო.
– ქეთა, ზურა ვარ. მოვედი. სად ხარ?!
– ახლავე გამოვალ, ამ წამს, – ქეთას ხმა ყრუდ ისმოდა წყლის ჩხრიალში.
გამახსენდა, რომ მითხრა, აბაზანაში ვიქნებიო, – დივანზე ჩამოვჯექი და ტელევიზორი ჩავრთე… თვალი რომ გავახილე, როგორც მჩვევია, ჩამძინებოდა, ჩემ წინ ქეთა ასვეტილიყო. სველი თმა ჩამოშლოდა, რა თქმა უნდა, სიგარეტს ეწეოდა და შიშველ ტანზე პირსახოცშემოხვეული, ასე ურცხვად მომჩერებოდა. თან, თვალებმოჭუტული.
– შენ სულ როგორ უნდა გეძინოს, ბიჭო?! წამოწექი თუ გინდა, დაისვენე, – მითხრა და, თან, ჩემკენ გადმოიხარა, რომ ბალიში ამოედო ზურგს უკან. სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა – რატომ არ დააფრქვევდა – რაც ეგ იმ სირს წველის?!
გაგრძელება შემდეგ ნომერში