როცა სიკვდილი გამოსავალია #14
სამხედრო ხომალდ „ელენას“ მთავარი ფინანსისტი ჰარვი როსი სრულიად შეეფერებოდა დაკავებულ თანამდებობას. თხუთმეტწუთიანი მუშაობის განმავლობაში ერთი დოლარიც კი არასდროს დაკლებია. ზედმიწევნით მოწესრიგებული და მკაცრი იყო. ამიტომ, მის მიმართ ნდობა ყოველთვის არსებობდა. დამხმარეებსაც დიდი სიფრთხილით იყვანდა. ფულთან წვდომა იშვიათად ჰქონდა ბუღალტერსაც კი. ბოლო ოთხი წელი ბუღალტრად ჯეიმს მარტინი მუშაობდა. ოცდაოთხი წლის ახალგაზრდა, გამჭრიახი ყმაწვილი. ერთ ჩვეულებრივ დღეს ჰარვიმ გამოუსწორებელი სისულელე ჩაიდინა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, ეს როგორ დაემართა, ასეთ ეჭვიან და ყველას მიმართ უნდობლად განმსჭვალულ ადამიანს, ყოველთვის რომ დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა სხვებთან ურთიერთობას. ერთი კვირით ნაპირზე ჩადიოდა და მის არყოფნაში ბუღალტერს ფული რომ შეენახა, გაუფრთხილებლობა გამოიჩინა და სეიფის კოდი უთხრა. ამ ამბიდან 7 კვირა იყო გასული, რომ ჯეიმსმა ათდღიანი შვებულება ითხოვა. რა თქმა უნდა, როსმა მისი სურვილი ისე დააკმაყოფილა, ეჭვი არ აუღია. განგაშის ზარმა მაშინ ჩამოჰკრა, როცა ორი კვირის შემდეგაც კი ბუღალტერი გემზე არ დაბრუნდა. როსი შეფიქრიანდა. თავიდან იდარდა, ხომ არაფერი დაემართაო, მაგრამ მერე საშინელმა ეჭვმა საფეთქლები „აუწვა“. ოთახში შევიდა, სეიფი გააღო და ფული გადათვალა. რვა ათასი დოლარი აკლდა, თვალებს არ დაუჯერა. ითვლიდა და ჩანაწერებს ადარებდა. ეჭვი აღარ არსებობდა. რვა ათასი დოლარი სეიფში აღარ იყო. სიმწრით კბილები გააღრჭიალა. პრობლემას ის ქმნიდა, რომ საყოველთაო განგაშს ვერ ატეხდა. ხომალდისა და სამხედრო განაწესის მკაცრი ფორმულირების მიხედვით, სეიფის კოდის გათქმის უფლება არ ჰქონდა. ეს რომ გამჟღავნებულიყო, ტრიბუნალი არ ასცდებოდა. მინიმუმ, სამი წლით მაინც ჩასვამდნენ გემზე მოწყობილ ტრიუმ-საპატიმროში. ამას ემსხვერპლებოდა მისი სამსახური და რეპუტაცია. სიბრაზისგან გამწვანდა. მაგრამ მიხვდა, ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა – უნდა გაჩუმებულიყო, დანაკლისი დაეფარა და მოთმინებით აღჭურვილი შურისძიების მომენტს დალოდებოდა. საკუთარი დანაზოგიდან რვა ათასი დოლარი გამოიტანა და სეიფში დადო. თავი ასე შეურაცხყოფილად არასდროს უგრძნია. საკუთარ თავს ვერ პატიობდა, რომ გააცურეს.
ოცდაათი თვე გავიდა, რაც ბუღალტერი გაუჩინარდა. ჰარვეი როსში შურისძიების სურვილი არათუ ჩაცხრა, კიდევ უფრო გაღვივდა, მაგრამ ბუღალტერი თითქოს ცამ ჩაყლაპა.
„ელენამ“ ღუზა სან-ხუანის ნავსადგურში ჩაუშვა. როსი ხომალდის ეკიპაჟისთვის კარგი ყავა რომ შეეძინა, ქალაქის ქუჩებში ხეტიალს მოჰყვა. პატარა მაღაზია „ერნანდეს და ერმანიაში“ შევიდა. გამყიდველი დახლში იდგა და პატარა ბიჭს ეჩხუბებოდა, შეკვეთა დროზე რატომ არ მიიტანეო.
– შე ზარმაცო, მისტერ მარტინის ჩეკებიც არ გაგინაღდებია. ის ისეთი მოწესრიგებული ადამიანია, საქონელს ყოველთვის დროულად გვაწვდის, ჩვენ კი ფული დავუგვიანეთო.
ჰარვის თითქოს დენმა დაარტყა. თვალებში ნაპერწკლები აუციმციმდა და მუცელში უსიამოვნო ტალღამ დაუარა. საზიზღარი რამ ყოფილა შურისძიების სურვილი, გაიფიქრა და მაღაზიის მეპატრონეს მიუბრუნდა, – მისტერ, მეგობარი მყავდა მარტინი. შეიძლება, მისი ჩეკები მაჩვენოთ? მაინტერესებს ის არის თუ არა. ან ამიწერეთ, ძალიან გთხოვთ.
– პატივცემულო, ჩეკებს ხელს ყოველთვის მისის მარტინი აწერს. ჩვენ მათგან ნედლ ყავას ვყიდულობთ. მისტერ მარტინი ერთხელ მყავს ნანახი. ახალგაზრდა კაცია, ასე, ოცდაექვსი წლის იქნება. საშუალო ტანის. ცოცხალი თვალებით.
ჰარვის ისევ დაურბინა ელექტრონაპერწკალმა. მიზანთან ახლოს იყო. თუმცა ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, თუ როგორ გაუსწორდებოდა ნაძირალას. ორი დამბაჩა ჰქონდა, ორივე დატენილი. არასდროს უფიქრია იმაზე, შეეძლო თუ არა ადამიანის მოკვლა. იარაღი ყოველი შემთხვევისთვის დაჰქონდა. მარტინი უნდა ენახა, თვალებში ჩაეხედა ამ ქურდისთვის და გადაწყვეტილებას მერე მიიღებდა.
– მისტერ მარტინის ყავის პლანტაციას ვერ მიმასწავლით? იქნებ შევხვედროდი. დიდი ხანია, არ მინახავს.
– პრობლემა არ არის. აქვე შეგიძლიათ, პონი და გამყოლი იქირაოთ და მიხვიდეთ. აქედან შორს არ არის.
ჰარვი როსმა იგრძნო, რომ სიბრაზე არსად წასულა. ისევ მასში იყო და შიგნიდან „ჭამდა“. „ლაწირაკი, როგორ გამიბედა, პლანტაცია უყიდია. ცხოვრება მოიწყო. ახლა ვუჩვენებ...“
გზა ყავის ხეებს შორის მიდიოდა, უცნაური სურნელი იდგა – მძიმე, გამაბრუებელი. როცა ხეების სიმაღლემ ოდნავ დაიკლო, სახლიც გამოჩნდა – ერთსართულიანი, დიდი დარაბებით, ყვითლად შეღებილი, სანახევროდ ხავსით შემოსილი. ზღაპრულ ქოხს ჰგავდა, მაგრამ ჰარვი როსი აშკარად არ იყო რომანტიკულ განწყობაზე. სახლთან მივიდა და კარზე დააკაკუნა. გული გამალებით უცემდა. რევოლვერი ქამრიდან გამოიძრო, ჯიბეში ჩაიდო და მაგრად ჩაბღუჯა. ზღურბლზე ქალი გამოჩნდა, ცნობისმოყვარედ მიაშტერდა უცხოს.
– მე ჯეიმს მარტინი მინდოდა. მისი ძველი მეგობარი ვარ. თქვენ ვინ ხართ მისი?
ქალმა გამომცდელი მზერა მიაპყრო.
– დედამისი.
ჰარვი შეცბა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მარტინს შეიძლებოდა, დედა ჰყოლოდა. ენა დაება.
– მე... მე მისი ნახვა მინდოდა, თუ შესაძლებელია.
– წამობრძანდით.
ქალი სახლის გვერდით, ხრეშიან ბილიკს გაუყვა. უსიამოვნო წინათგრძნობით შეპყრობილი როსი უკან მიჰვა, თან რევოლვერს ხელს არ უშვებდა. მაგნოლიების ხეივანში საფლავი იყო. თლილ ქვაზე ვერცხლისფერი აბრა მიეკრათ, რომელზეც ეწერა: „ჯეიმს მარტინი – გარდაიცვალა 1907 წელს. 27 წლის ასაკში“ . ყველაფერს ელოდა როსი, ამის გარდა, ლამის ენა ჩაუვარდა.
– ეს რა სამწუხარო ამბავია, ქალბატონო, რა დაემართა? რატომ მოკვდა...
– იმიტომ, რომ ნაძირალა იყო, როგორც მამამისი, – მრისხანედ თქვა ქალმა. მის ხმაში ისეთი აგრესია იგრძნობოდა, ჰარვის მეტყველების უნარი წაერთვა.
გემზე სრულიად განადგურებული დაბრუნდა. მის არსებაში გრძნობები ერთმანეთს ცვლიდა. სრულიად შოკისმომგვრელი იყო ის, რაც ნახა და მოისმინა. ახლა იმ აზრს უნდა შეგუებოდა, რომ რვა ათასი დოლარი სამუდამოდ დაკარგა. მისი გასაკეთებელი ბედისწერამ გააკეთა და გულის სიღრმეში კმაყოფილიც იყო, რომ ადამიანის მოკვლა არ მოუწია.
... წერილი მაშინ მიუტანეს, როცა გემი ნაპირს მოსცილდა და ოკეანის სიღრმეში შეცურდა.
„მადლიერება მახრჩობს, რომ შენს მეგობრად ჩამთვალე. ვწუხვარ, რომ პირადად ამის თქმა ვერ მოვასწარი. პლანტაცია უკვე გავყიდე, სხვა საქმეს მოვკიდებ ხელს. ჩემს საფლავს ნუღარ მოძებნი. მეგობრად შენ მაღიარე, ეს არ დაგავიწყდეს. მშვიდობით... ხმა სამარიდან“.