რატომ დააპატიმრეს ზურაბ მჟავიას სიმღერა და რას არ უმხელს ანანო მამას #14
კომპოზიტორ ზურაბ მჟავიას სახელს ბევრი სიმღერა უკავშირდება, რომელიც ყველა თაობაში პოპულარულია და თან, საოცარი ისტორიები აქვს. მისი შვილი, ანანო მჟავია, აქტიურად აღარ ჩანს საზოგადოებაში. ის უკვე მეორე შვილის დედაა. ვულოცავთ ბატონ ზურაბსა და ანანოს ამ სასიხარულო ამბავს და გთავაზობთ ინტერვიუს ზურაბ მჟავიასთან, რომელიც გულახდილად და საინტერესოდ გვიამბობს თავისი ცხოვრებისა და სიმღერების შესახებ.
ზურაბ მჟავია: ჩემს ოჯახში ყველა არქიტექტორი იყო და მეც ყოველთვის მინდოდა, არქიტექტორი გამოვსულიყავი. სკოლა რომ დავამთავრე, დედაჩემის ხვეწნა-მუდარით გავაგრძელე მუსიკა, მაგრამ სწავლა არქიტექტურაზე დავიწყე. ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰყავდა გუნდი და კონცერტმაისტერად ვმუშაობდი იქ, რამაც ქართულ მუსიკას მაზიარა. უკვე რაღაც ნაწარმოებები მქონდა. ჩვენი ლოტბარი თენგიზ ჩხეიძე ბავშვობიდან მეგობრობდა რევაზ ლაღიძესთან და მან წამიყვანა ბატონ რეზოსთან, რომელმაც მომისმინა და მითხრა: შენი არქიტექტურა გადადე გვერდზე, მონაცემები გაქვს, მუსიკას მოჰკიდე ხელი და სერიოზულად მიჰყევიო. დიდმა მეტრმა გზა დამილოცა და რა თქმა უნდა, მუსიკას მოვკიდე ხელი, ჩავირიცხე კონსერვატორიაში. აქაც გამიმართლა და მოვხვდი ალექსი მაჭავარიანის ჯგუფში. საოცარი იყო მისი ურთიერთობა სტუდენტებთან, ისე შემოგთავაზებდა იდეას, ისე მოგცემდა შენიშვნას და მიმართულებას, იფიქრებდი, მე გავაკეთეო. გვეუბნებოდა ხოლმე, ერთ ფანქარს რომ ყიდულობთ, ოთხი საშლელი უნდა იყიდოთ, იმდენი წასაშლელი გექნებათო.
– ბევრი სხვადასხვა ჟანრის სიმღერა გაქვთ, ალბათ, ყოველ მათგანს განწყობის შესაბამისად ქმნიდით...
– როდესაც შემოქმედი სიმღერას წერს, რაღაც უნდა ხდებოდეს მის სულში. ყველა სიმღერა ამ სულიერი მდგომარეობის ამოძახილია. „ხმალი ავლესოთ“ დაწერილია გაგრის დაცემის დროს. „თბილისი იყო ურთიერთობა“ დაემთხვა იმას, როცა გაყოფილი იყო საქართველო – „ამისტებად, იმისტებად“ და ერთიანი აღარ იყო. ყველას ახსოვს ცნობილი ჟურნალისტი ილია კევლიშვილი. მე მასთან ვმუშაობდი ტელევიზიაში ხმის რეჟისორად და ვმეგობრობდით. ერთხელ მასთან ვიყავი სტუმრად, როდესაც მისი ვაჟი გვიან დაბრუნდა სახლში. ილიამ ჰკითხა, რატომ დაიგვიანეო და ღონისძიებაზე ვიყავი, მურმან ლებანიძის ლექსი „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ წავიკითხეო. ძალიან ბევრჯერ წამიკითხავს, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ამ ლექსზე შეიძლებოდა სიმღერის შექმნა. იმ ბავშვის წაკითულმა კი ისე იმოქმედა, იქვე ავდექი, გადავშალე მურმანის წიგნი და დავიწყე სიმღერის დაწერა. იმ ბავშვის წაკითხულმა მიბიძგა, რომ ეს სიმღერა შემექმნა. ბევრი ვიფიქრეთ, ვის შეესრულებინა და ილიამ თქვა, მოდი, გოგი დოლიძეს მივცეთო. გოგის დაუკავშირდა და ერთმანეთს შეგვახვედრა. შორიდან ვიცნობდი, მაგრამ არ ვმეგობრობდით. მოისმინა გოგიმ, ძალიან მოეწონა და თქვა, ახლავე ჩავწეროთო. მაშინ იყო სამხატვრო საბჭო და თუ დაიწუნებდნენ, არც ეთერში უშვებდნენ, თუ მოეწონებოდათ – ორკესტრიც იქნებოდა და ეთერშიც გავიდოდა. მაგრამ, ისე მოხდა, რომ ილიამ ამას გვერდი აუარა და ჩუმად იმ დღესვე ჩავწერეთ. პირველი ეტაპი ასე, პარტიზანულად გავიარეთ და მერე წარვადგინეთ ჩანაწერი საბჭოზე, სადაც დაიწუნეს. ნამღერიც კარგია, სიმღერაც, მაგრამ ისეთი ტექსტი აქვს, გაგვაციმბირებენო. ფაქტობრივად, სიმღერა დააპატიმრეს. ასე გავიდა ორი წელი. 1984 წელია და ილია ამბობს, როდემდე უნდა დავაპატიმროთ ეს სიმღერაო და გადაცემის დასაწყისშივე გაუშვა. თან, მსმენელს მიმართა, თქვენი აზრი გვაინტერესებს ამ სიმღერაზე და მოგვწერეთო. სიმღერა გავიდა შაბათს და ორშაბათს უკვე უამრავი წერილი მოვიდა რედაქციაში. ტელევიზიაში იყო კომისია, რომელიც იწერდა, ვინ რა შეცდომა დაუშვა მთელი კვირის განმავლობაში გადაცემებში და ორშაბათის თათბირებზე წარადგენდნენ. ერთ-ერთმა კომისიის წევრმა განაცხადა: ილია კევლიშვილმა ვიზამიუცემელი სიმღერა გაუშვა ეთერშიო. უფროსი იყო ძალიან მკაცრი, მოწესრიგებული კაცი და თქვა, თათბირი რომ მორჩება, ილია შემოვიდეს ჩემთანო. ილიამ იცოდა, რომ ასეთი სიმღერის გაშვება დიდი რისკი იყო. ეს, ფაქტობრივად, სამსახურის დაკარგვას უდრიდა. მან წერილები ტომრებში ჩაყარა, შეუტანა უფროსს და მაგიდაზე ერთ-ერთი ტომარა გადმოცალა. აი, ამ ორ დღეში ამდენი წერილი მოვიდა იმ სიმღერაზე, რომლის გამოც დამიბარეთო. წადი, გავეცნობი და დაგიძახებო. ყველა წაიკითხა, არცერთ წერილს არ ტოვებდა წაუკითხავს. ილია რომ შევიდა, უკითხავს: რა ვქნა, ჩემი ხელით დავწერო განცხადება წასვლაზე, თუ თქვენ გამიშვებთო. მას უპასუხია, ამდენი ადამიანის ვიზა აქვს ამ სიმღერას და ოცი-ოცდახუთი კაცის აზრს ხომ ჯობიაო. გოგის მერე ეს სიმღერა არავის შეუსრულებია. მეუბნებიან, მაქვს სურვილი, მაგრამ ვერ ვბედავო.
– თქვენი სხვა სიმღერებიც უკავშირდება გოგი დოლიძის სახელს...
– სიმღერას „თბილისი იყო ურთიერთობა“ მისტიკური ისტორია აქვს. ეს სიმღერა ეძღვნება ორ ჭეშმარიტ თბილისელს, მორის ფოცხიშვილს, ვისი ტექსტიც არის და გოგი დოლიძეს. როცა პირველად ბატონმა მორისმა მოისმინა „ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე, ღმერთო“, რომლის ტექსტიც ასევე მისია, ტელევიზიაში დარეკა და ილია კევლიშვილს უთხრა ჩემზე, შემახვედრეო. მაშინ ერთმანეთს არ ვიცნობდით. გახარებული გავიქეცი, ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ შეხვედრით. ბატონმა მორისმა მითხრა: მე მაქვს ტექსტი, რომელსაც ვინახავდი, ვფიქრობდი, ვისთვის შეიძლება, მიმეცა, მაგრამ ვერავინ მოვიფიქრე. ახლა თქვენ ხართ ის, ვისაც მინდა, გადავცეო და მკითხა: რამე ხომ არ გაქვს კიდევო. მაქვს-მეთქი და მელოდია დავუკარი. შავი ტექსტი ჩავწერეთ და ორ საათში რეკავს, მზად მაქვსო. რა თქმა უნდა, თავიდანვე განსაზღვრული იყო, რომ გოგის უნდა ემღერა და წავიდა რეპეტიციები. სიმღერა უნდა ყოფილიყო დარდიმანდული, მსუბუქი. იმდენი რეპეტიცია ჩავატარეთ და გოგი სულ მხიარული იყო, მაგრამ ჩაწერის დროს რაღაც სევდიანი ხმით იმღერა. მე ვუთხარი: გოგი გადავდოთ, სხვა დროს ჩავწეროთ-მეთქი. არა, ასეთი მინდა, რომ იყოს, თუ სხვანაირ ხასიათზე ვიქნები და სხვა მომინდება, მერე სხვანაირად ჩავწეროთო. ეს იყო ორი მარტი, რვაში გარდაიცვალა. გოგი ისე გარდაიცვალა, მოსმენილი არ ჰქონდა თავისი ნამღერი. ამასობაში მორის ფოცხიშვილიც გარდაიცვალა. არც გოგის მოუსმენია, არც მორისს და დარჩა ასე, სევდიანი სიმღერა.
– თქვენი მეუღლე იყო პირველი, ვინც საქართველოდან „იურმალაზე“ წარდგა...
– მაშინდელი ჩემი მეუღლე, დარეჯან გურასაშვილი, მომღერალი გახლდათ. როდესაც პირველი „იურმალა“ ჩატარდა, ის წარდგა საქართველოდან პირველი. პირველი ადგილის პრეტენდენტი იყო, მაგრამ ჩათვალა, რომ გარანტირებული ჰქონდა, ზღვაზე გავიდა სასეირნოდ და გაცივდა. ამის გამო მესამე ადგილი აიღო. ანანო მაშინ ძალიან პატარა იყო და დედას ახლდა „იურმალაზე“.
– თქვენი შვილი, ანანოც, ალბათ, თქვენი გავლენით გაჰყვა მუსიკალურ გზას?
– უფროსი ვაჟი უფრო აქტიური იყო. ოთხი წლისამ, დედამისთან ერთად სიმღერა ჩაწერა. ტალინში ჩატარდა სიმღერის კონკურსი და გრანპრი აიღეს. ანანო ყოველთვის მორცხვი იყო, ლექსს ვერ ათქმევინებდი, მოსმენა უყვარდა. პატარა რომ იყო, ძალიან კარგად ხატავდა. ხატვა მეც მიყვარდა. როგორც ჩანს, ჩემგან გამოჰყვა. საოცარ ნახატებს ქმნიდა – უფრო გოგოებს, მოდელებს. პროფესიადაც მხატვარ-დიზაინერობა აირჩია. ძალიან პატარა იყო, ოთხი წლის, სამსახურიდან მოვედი. ღილი ამწყვეტია თეთრ პერანგზე, დაუნახავს ეს, აუღია ნემსი, ძაფი და დანარჩენ ღილებზე დიდი ღილი დაუკერებია, ოღონდ წითელი ძაფით. პერანგი კი ისევ თავის ადგილას დაუდევს... მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, ბავშვს რომ ავალდებულებენ იმღეროს, არ არის აუცილებელი, სიმღერა აიძულო. უნდა ასმენინო ხარისხიანი მუსიკა, უვითარდება გემოვნება და თუ ნიჭი აქვს, აუცილებლად გამოამჟღავნებს, თუ არადა, კარგი მსმენელი მაინც იქნება. ანანო ისე გახდა სტუდენტი, ხმა არ ამოუღია, არ უმღერია. უნივერსიტეტში სტუდენტური დღეების დროს, დეკანს უთქვამს: შენ ისეთი მშობლების შვილი ხარ, უნდა იმღეროო. ფაქტობრივად, პირველი მისი სიმღერა იქ შედგა და მოწონებაც დაიმსახურა. თურმე, ბავშვს სმენა ჰქონია. მერე, რომ შეაქეს, თვითონაც დაინტერესდა, მოუნდა. ანანო უკვე ორი ვაჟის დედაა, მეორე სამი თვის წინ შეეძინა ამერიკაში – ანდრია, უფროსი ნიკოლოზია. არასდროს ვყოფილვარ მკაცრი მამა. არც მის პროფესიულ არჩევანსა და არც ოჯახის შექმნაში ჩავრეულვარ. უფრო დედა ჰყავდა მესაიდუმლე. მე ფაქტის წინაშე რომ დავდექი, მერე გავიგე. კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი ბიჭია ანანოს მეუღლე და მინდა, ბედნიერები იყვნენ.