რატომ გარისკა ალექსანდრე გრენდაიზერმა მკვლელი ვეშაპების გვერდით ცურვა და რატომაა საშიში თბილისის ზღვის ფსკერზე წამოწოლა #14
გასულ წელს, წყალქვეშა ნადირობის ევროპული ჩემპიონატი ჩატარდა ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, კერძოდ, ნორვეგიაში. მსგავსი დონის შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყანა პირველად მონაწილეობდა. ღია ოკეანეში მონაწილეებს უნდა დაეჭირათ სხვადასხვა თევზის სახეობა. წონით ვინც ყველაზე მეტს დააგროვებდა, შესაბამისი წესით მოხდებოდა ქულების განაწილება და გამარჯვებულის გამოვლენა. როგორც, საქართველოს წყალქვეშა სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე გრენდაიზერი ამბობს, მათ შეძლეს პირველ ხუთეულში მოხვედრა – გაუსწრეს გერმანიის, პოლონეთისა და ნორვეგიის გამოცდილ სპორტსმენებს, რომლებიც ამ თასის გათამაშებაში ხშირად იღებენ მონაწილეობას. ჩვენთვის კი ეს, მხოლოდ პირველი გასვლა იყო. წელს, იმედი აქვთ, რომ საქართველო პრიზიორთა სამეულშიც მოხვდება.
ალექსანდრე გრენდაიზერი: ბავშვობიდან ვცურავდი, ხუთი წლის უკვე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში ვიყავი. ძალიან მიყვარდა აკვალანგით ყვინთვა და დაახლოებით, ათი წლის ასაკში დავიწყე წყალქვეშა სამყაროზე დაკვირვება. ბავშვობიდან ვოცნებობდი, მენახა, რა ხდებოდა ზღვის ფსკერზე, გამოქვაბულებსა და მღვიმეებში და ეს ოცნება, ავიხდინე. ჩემი მასწავლებელი – მაშველი, დაივერი და სპელეოლოგი, ელგუჯა ჯამრიშვილი, ტრაგიკულად დაიღუპა. სწორედ მან მაზიარა წყალქვეშა სამყაროს, რომელიც ძალიან საინტერესო და ამოუცნობია. ეს ისეთი აზარტია, თუ ერთხელ ჩაყვინთე, გიჭირს უკან ამოყვინთვა და, რაც მეტად ეშვები ფსკერისკენ, მით მეტად გიზიდავს – უსასრულობისკენ, სიღრმისკენ გითრევს. ძალიან საინტერესო და სახალისოა წყალქვეშ ცურვა. კოსმონავტივით უწონობადობაში მოძრაობა. ხშირად მეკითხებიან, რა დროის გატარება შეგიძლია წყალქვეშ სუნთქვის გარეშეო. ფრიდაივინგზე შემიძლია სუნთქვის შეკავება 5-6 წუთის განმავლობაში, ხოლო წყალქვეშ ნადირობის დროს, 2 წუთამდე.
– ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში წყალქვეშა სპორტი არსებობს. კონკრეტულად, რომელ წელს ჩამოყალიბდა ის და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ სპორტის ამ სახეობით დაკავდეს?
– ეს ექსტრემალური სპორტია და ელიტურ სახეობად მიიჩნევა. დაივინგი ანუ წყალქვეშა ცურვა აკვალანგით, ეს ჩვენთვის სპორტის სახეობა კი არა, სამოყვარული, სარეკრეაციო ტურიზმის ფორმაა. წყალქვეშა სპორტი შეიცავს ათ დამოუკიდებელ სპორტულ დისციპლინას, როგორიცა: აპნოე ანუ ფრიდაივინგი, დაივინგი, წყალქვეშა ნადირობა, ლასტებით ცურვა, ორიენტირება, აკვატლონი ანუ წყალქვეშა ჭიდაობა, წყალქვეშა გადაღება, წყალქვეშა რაგბი, სპორტული წყალქვეშა სროლა და წყალქვეშა ჰოკეი. მოცემულ სპორტულ სახეობებში ტარდება მსოფლიო დონის შეჯიბრებები. სიამაყით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო თასების გათამაშებაში, შეჯიბრებებსა და მსოფლიო ჩემპიონატებში.
ჩვენი ძირითადი მიზანია, წყალქვეშა სპორტის პოპულარიზაცია და საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში. გვყავს ბიჭები, რომლებსაც შეუძლიათ, წყალქვეშ სუნთქვის შეკავება 3-5 წუთით, ერთი ამოსუნთქვით ჩაყვინთვა რამდენიმე ათეულ მეტრზე, ზუსტად სროლა წყალქვეშა თოფით. მოკლედ, ისეთი ადამიანები არიან, წყალში თავს თევზივით რომ გრძნობენ და ამ უნარებით, შეუძლიათ გამოადგნენ სამშობლოს სტრატეგიულ პოტენციალს, როგორც სამაშველო ოპერაციებში, ასევე, სამხედრო მოქმედებებშიც.
– ალბათ, ბევრი საინტერესო და საშიში ამბავიც გაქვთ მოსაყოლი წყალქვეშა თავგადასავლებიდან...
– ასეთი ძალიან ბევრი მაქვს გასახსენებელი და მოსაყოლი. ზოგჯერ ეს ამბები სასაცილოა, მაგრამ იმწუთას ისეთი საშიში იყო, რა გამაცინებდა (იცინის). მაგალითად, მომიწია ნორვეგიის ზღვაში ნადირობა კასატკებთან, ამ დიდკბილებიან გიგანტებთან ერთად. წყალქვეშა ნადირობაში ჩემპიონატის დროს შეჯიბრების ზონას რომ მივუახლოვდით, ჩვენ გვერდით გამოჩნდა კასატკების 8-10-წევრიანი ჯგუფი, რომლებიც ჩვენი გემების პარალელურად მოცურავდნენ. გემებმა ღუზა ჩაუშვეს შეჯიბრების ზონაში და კასატკებიც გაჩერდნენ. დაიწყეს ჩვენს სიახლოვეს ყვინთვა. დავიძაბეთ, ერთმანეთს შეშფოთებული ვუყურებდით, თან თვალს არ ვაცილებდით წყალში მოცურავე მკვლელ ვეშაპებს. როგორია, ამ დროს ატლანტის ოკეანეში ჩასვლა, როცა იცი, შენ გვერდით მონსტრები დაცურავენ. ისეთ სტრესში ვიყავით, ხმას ვერ ვიღებდით. ბოლოს, ერთმანეთი რომ გაგვემხნევებინა, ხუმრობა დავიწყეთ. ვამბობდით, ნეტავ, ჩვენს შორის რომელს ამოარჩევენ, ვის შეჭამენ და ვინ გადავრჩებით ხელფეხმოჭმულიო (იცინის). ყველაზე მეტად შვედს ეშინოდა, სახეზე ფერი არ ედო. ამბობდა, თქვენ შორის მე ვარ ყველაზე მსუქანი და უეჭველად, მე გადამსანსლავენო (იცინის). მიუხედავად შიშისა, მაინც მოგვიწია წყალში ჩასვლა. ცურვას რომ თავი დავანებოთ, ნადირობა გაგვიჭირდა. გვეჩვენებოდა, რომ წყლიდან ამოცურდებოდა გიგანტი არსება და შეგვახრამუნებდა. ეს საშიშიც იყო და იმავდროულად, საინტერესო და აზარტული.
– ხშირად გიწევთ თბილისის ზღვის ფსკერის დათვალიერება. ამბობენ, იქ საკმაოდ საშიში ზონებიაო...
– სხვათა შორის, ყველაზე სახიფათო რამ სწორედ თბილისის ზღვაში ნადირობისას შემემთხვა. ამ წყალსაცავისთვის საკმაოდ ღრმად ვყინთავდი – 12-15 მეტრის სიღრმეში, მზის სინათლე ძლივს ჩანდა. ისედაც მღვრიე წყალში საკმაოდ ცუდი ხილვადობა იყო. ერთ-ერთი ჩაყვინთვისას, ხელი მოვკიდე დიდ ქვას და დავწექი ფსკერზე, რომ დამეცადა მოცურავე თევზებისთვის. სადღაც 40 წამის განმავლობაში ვიყავი ასე. მერე, გადავწყვიტე წყლიდან ამოსვლა და ქვას როგორც კი ერთი მეტრის მანძილით მოვშორდი, ფეხში მწვავე ტკივილი ვიგრძენი. ახლაც კოშმარული სიზმარივით მახსოვს ის წამი – რაღაც მაკავებდა და არ მიშვებდა, რომ ჰაერი ჩამესუნთქა, ვიგუდებოდი. რასაკვირველია, პანიკის მომენტიც და ტკივილის შოკიც იყო, მაგრამ ღვთის მადლით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მოკლედ, დიდი ძუა მქონდა გამოდებული ფეხზე. მოვახერხე და დანით გადავჭერი. ამოვყვინთე და რას ვხედავ? ფეხზე ლოქოზე სათევზაო დიდი კაუჭი არ მაქვს გამოდებული? ჰიდროკოსტუმი გაჭრილიყო და კუნთში ღრმად იყო შესული. რომ არა დანა, ნამდვილად ჩავხედავდი თვალებში სიკვდილს, წყლის ფსკერზე. იმ კაუჭს, როგორც რელიკვიას, სამახსოვროდ ვინახავ. ზოგჯერ ვხუმრობ, მე წყალში მეთევზეც ვარ და მონადირეც-მეთქი (იცინის). ნადირობისას ხომ აუცილებელია ნადირის დევნა, შეუმჩნევლად მასთან მიახლოება და შემდეგ, ზუსტი სროლა? ამას ყველაფერს ჩემს შემთხვევაში, ერთი ჩასუნთქვა-ჩაყვინთვა ემატება. თუ თევზების ჩვევები არ გაქვს შესწავლილი, არაფერი გამოგივა – წყალქვეშა მონადირე ბიოლოგ-ნატურალისტიც უნდა იყო. რა ვქნა, ვერ ვესვრი თევზს, როცა მისი ყურებით ვტკბები და ულამაზესია. ვცდილობ, მის გვერდით ვიცურო და თვალებში ვუყურო. ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ამ დროს გასროლა გაცილებით იოლია, ვიდრე მიზანში ამოღებული მსხვერპლის შეგნებულად გაშვება.
– ჩვენს ქვეყანაში რომელი ადგილია ყველაზე საინტერესო ყვინთვისა და წყალქვეშა ნადირობისთვის?
– ასეთი ბევრია. მაგალითად, სარფი-კვარიათის სანაპიროზეა ულამაზესი კლდოვანი მასივი, წყალქვეშა კანიონები, გამოქვაბულები, ნახევრად წყალქვეშა გამოქვაბული, სადაც შესაძლებელია ყვინთვით მისვლა. საქართველოს სანაპირო ზოლში მეტად საინტერესოა ჩაძირული ხომალდებისა და სხვა ობიექტების დათვალიერება. მათში, სახლდება უამრავი თევზი და მოლუსკი. ასევე, არსებობს ჩვენს ქვეყანაში მთის ტბები და წყალსაცავები, სადაც შეიძლება ყვინთვა და დიდი სიამოვნების მიღება.