როგორ უნდა გააკონტროლონ შინაური ცხოველების პატრონებმა ქუჩების დაბინძურება ფეკალიებით და რა სანქციები ამოქმედდება აპრილიდან #14
3 აპრილიდან თბილისში დასუფთავების სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან, რომლებიც მოქალაქეებს ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დააჯარიმებენ. კონკრეტულად რა სანქციებზეა საუბარი და როგორ დაიცავენ ქვეითი ინსპექტორები სისუფთავეს თბილისში, ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის პირველ მოადგილეს, დავით დოლიძეს გავესაუბრეთ.
დავით დოლიძე: ქვეითი ინსპექტორების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში 3 აპრილიდან გამოჩნდებიან, ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, დააჯარიმებენ კონკრეტულ დარღვევებზე, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ასევე, ტერიტორიის ფეკალიებით დაბინძურებისთვის, დაჯარიმდებიან შინაური ცხოველების პატრონები. ნაგავია ყველაფერი: გადაყრილი პოლიეთილენის პარკები, სიგარეტის ნამწვავი, ბოთლები, სხვადასხვა ნარჩენი. პირველი ეტაპისთვის – ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას, მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება. ისინი მოქალაქეებს გააფრთხილებენ, მიუთითებენ მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრაზე და ინფორმაციას მიაწვდიან სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენი თვითმიზანი არ არის მოქალაქეების დაჯარიმება, ჩვენი მიზანია, ყველამ ერთად ვიზრუნოთ სუფთა ქალაქზე. მიდგომა – მე დავანაგვიანებ და „თბილსერვისი“ დაასუფთავებს, ერთხელ და საბოლოოდ, უნდა დასრულდეს. საჯარიმო სანქციეების ამოქმედება დაიწყება აპრილის ბოლოდან. 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება დაისჯება 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით; 2 კილოგრამზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარით; ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება – 50 ლარით. პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას. ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება დაჯარიმდება (ველოსიპედის საბურავის გარდა) 150 ლარით, ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარით. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, დაჯარიმდება: ფიზიკური პირი – 400 ლარით, იურიდიული პირი -1 000 ლარით. საჯარიმო სანქციები იმოქმედებს უცხოელ ტურისტებზეც.
– როგორ მოხდა ჯარიმების ოდენობის განსაზღვრა? არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი სოციალური მდგომარეობის ფონზე, საკმაოდ სოლიდური საჯარიმო სანქციებია.
– ჯარიმების ოდენობა ჩვენი შედგენილი არაა, განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსით, რომელიც 2015 წლიდან მოქმედებს. ეს იყო გაწერილი, უბრალოდ, მისი ამოქმედება ახლა დაიწყება. აქამდეც იყო დაჯარიმების ფაქტები, ოღონდ იშვიათად, საპატრულო სამსახურის მიერ. ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ჩვენი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჯარიმო სანქციები მაღალია. არ დაყარო ნაგავი და არავინ დაგაჯარიმებს! როდესაც ევროპულ ქვეყნებზე ვსაუბრობთ და დიდი სურვილი გვაქვს, მათი ნაწილი ვიყოთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ საჯარიმო სანქციები ყველა ქვეყანაშია და ბევრგან საკმაოდ მაღალი. მაღასართულიანი კორპუსების ფანჯრებიდან რომ ნაგავს გადმოყრი, რაც არც თუ იშვიათი შემთხვევაა, კიდევ პრეტენზია შეიძლება, რომ გქონდეს? იგივე ეხებათ შინაური ცხოველების პატრონებს – ქუჩაში, სკვერში, სადაც ხალხი დადის, საკუთარი ცხოველის ფეკალიას თავად უნდა მიხედონ. ყველა ნორმალურ ქვეყნაში ეს ასეა. ვერავინ იტყვის, რომ თბილისში ურნების ნაკლებობაა. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ურნა ნამდვილად ვერ იდგება. დღეს თბილისში განთავსებულია 18 970 ცალი ურნა და მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ქვეითი ინსპექტორები გამოწერენ საჯარიმო ქვითარს, თანხის ამოღება მოხდება არსებული სტანდარტული პროცედურით.
– „თბილსერვის ჯგუფში” ზედამხედველობის სამსახური აქამდეც არსებობდა. ახალი სამსახური მათ ფუნქციას შეითავსებს?
– ზედამხედველობის ინსპექცია შედგება 10 ეკიპაჟისგან, რომლებიც გადაადგილდებიან ავტომობილებით. მათი ფუნქცია უფრო მეტად სამშენებლო ნარჩენებზე კონტროლია, რაც ქალაქს დიდ პრობლემას უქმნიდა ყოველთვის. მათ მიერ ქვეითების გაკონტროლებაც, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ტურისტულ ზონებში, ხალხმრავალ ადგილებში, სკვერებში, პარკებში, ცენტრალურ ქუჩებზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვქონდა, რამაც ქვეითი ინპექტორების საჭიროება გამოიწვია. ქვეითი ინსპექტორები თავიდან სწორედ ამ ტერიტორიების გასაკონტროლებლად იმუშავებენ. თუმცა, შემდეგ მათი საქმიანობის არეალი მთელ ქალაქზე გავრცელდება. თავიდან ქვეითი ინსპექტირების სამსახური წარმოდგენილი იქნება 20 თანამშრომლით, ტერიტორიების პატრულირებას მოახდენს წყვილი – ქალი და მამაკაცი. ისინი აღჭურვილი იქნებიან სათანადო სამოსით, ფეხსაცმლით, ასევე თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით – პლანშეტებით, ფოტოაპარატით, რითაც სამართალდარღევის დაფიქსირება მოხდება. ასევე, სამხრე კამერებით, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები. ქვეით ინსპექტორებს ექნებათ ერთჯერადი ხელთათმანები, რომელთაც გადასცემენ მოქალაქეებს და მიუთითებენ, თვითონვე აიღონ და ურნაში მოათავსონ გადაგდებული ნარჩენი. იმედი მინდა, დავიტოვო, რომ კონფლიქტური სიტუაციები ხშირი არ იქნება და მოქალაქეები შეგნებით მოეკიდებიან ჩვენი სამსახურის წარმომადგენლების მითითებას. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში, აქტიური კამპანიების შედეგად, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. უკვე ბევრად მეტი ადამიანი ფიქრობს და ზრუნავს, რომ თბილისი სუფთა ქალაქი იყოს.