როგორ გახდა პირველი ქართველი ქალი-სენსეი მაკა ქებურია და როდის დასჭირდა მას საკუთარი ძალის ქუჩაში გამოყენება #14
მაკა ქებურია პირველი ქართველი ქალი-სენსეია. 18 წლიდან კიოკუშინ-კარატეზე დადის და ამ ხნის განმავლობაში მან არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ის არის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებული, სამი დანის მფლობელი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო პრიზიორი მძიმე წონით კატეგორიაში. არის მწვრთნელი და აქტიურად განაგრძობს ვარჯიშს სპორტის ამ სახეობაში. სირთულეებზე, თავდაუზოგავ შრომაზე, მიღწეულ წარმატებებზე გულწრფელი და მხიარული რესპონდენტი თავად გვესაუბრა.
მაკა ქებურია: პროფესიით იურისტი ვარ, უნივერსიტეტი დავამთავრე, თუმცა, ამ განხრით არასდროს მიმუშავია. სპორტის სიყვარულმა მძლია და დღემდე ამ საქმეს დიდი მონდომებით ვემსახურები. კიოკუშინ-კარატემ ბევრი რამ მომცა ცხოვრებაში. სპორტის ამ სახეობაში ვისწავლე ისეთი რაღაცეები, რაც სხვაგან არ ისწავლება. კიოკუშინ-კარატე ნიშნავს გზას შორეული ჭეშმარიტებისკენ, კარატეში ერთ-ერთი ძლიერი სახეობაა. ეს არის კონტაქტური კარატე, რომლის დროსაც შიშველი ხელებით ხდება ბრძოლა. მხოლოდ ძალის დემონსტრირებას არ ვახდენთ, აქ ვინც უფრო ტაქტიანი და მოხერხებულია, ის იმარჯვებს. ეს უფრო ტვინების შერკინებაა. კიოკუშინ-კარატეში ფული არ იშოვება. თუ ვინმე დაგეხმარება, სხვა საქმეა. ერთი სიტყვით, ვარ წარმატებული, მაგრამ უფულო.
– წარმატებების სერია როგორ დაიწყო? კარატისტი ქალის თემა როგორ განიხილეს ოჯახში?
– ბავშვობიდან კარატეზე მინდოდა სიარული, მაგრამ მშობლებმა უარი მითხრეს, რადგან ძალიან ცელქი ვიყავი. აბიტურიენტი რომ გავხდი, გადავწყვიტე, ერთი თვე მაინც მევლო კარატეზე და მოყვარულების ჯგუფში ჩავეწერე პროფკავშირების კულტურის ცენტრში. გამიმართლა და აღმოვჩნდი ყველაზე ძლიერ მწვრთნელთან საქართველოში – ნოდარ კვანჭიანთან, რომელიც შავი ქამრის, მეხუთე დანის მფლობელი, საერთაშორისო კლასის ოსტატია. საკუთარი შრომითა და მონდომებით, მალევე მივიქციე მისი ყურადღება. ოთხი წლის თავზე ავიღე პირველი დანი და ოსტატის წოდება. ამისთვის 20 ბრძოლა უნდა ჩაატარო გაუჩერებლად – თავისი ფიზიკური მონაცემებით, ტექნიკური დატვირთვით, კატებით. ეს არის 6-საათიანი გამოცდა, რომელიც შეუჩერებლად მიმდინარეობს. სპარინგ-პარტნიორები უმეტესად ბიჭები იყვნენ. 2012 წელს იაპონიაში მეორე დანზე ჩავაბარე, იქ უკვე 8-საათიანი გამოცდა მქონდა. საკმაოდ რთული იყო, რადგან ცენტრალურ დარბაზში ვაბარებდი, სადაც ისხდნენ: მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის ტექნიკური დირექტორი. საქართველოში, კიოკუშინ-კარატეში, პირველი სენსეი ქალი ვარ. 2007 წელს პირველად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გავხდი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებული ვარ, ასევე, ევროპის პრიზიორი – მძიმე წონაში. ევროპის ჩემპიონი გავხდი 2011 წელს. ფინალი უნგრეთში იყო და უნგრელი ლილა ჰერეზეკი დავამარცხე, რომელიც არის: უნგრეთის მრავალგზის ჩემპიონი, ევროპის მრავალგზის პრიზიორი და მსოფლიო პრიზიორი. მთელი უნგრეთი ფეხზე იდგა, მის სახელს ყვიროდნენ, თუმცა გამარჯვება ქართველს მხვდა წილად. მეორედ ევროპის ჩემპიონატი 2013 წელს მოვიგე. ზედიზედ ორჯერ გავხდი ევროპის ჩემპიონი. ამ მონაცემებით მსოფლიოში მეხუთე ადგილი მიკავია. მწვრთნელი ვარ, მოსწავლეებს ვავარჯიშებ კიოკუშინ-კარატეში
– განსაკუთრებით რომელი გამარჯვება გახსენდება?
– 2011 წელს ევროპის ჩემპიონატზე შევხვდი სამგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, რუსეთის ფავორტ სპორტსმენს, რომელიც 2000 წლიდან ჩემპიონია – ანა კუკარინას. 2010 წელს მან მსოფლიო ჩემპიონატზე მომიგო და თამაშს გამოვეთიშე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე, მაგრამ მან ჩემი მეგრული მონდომება და შემართება ვერ დაამარცხა. ძალიან საინტერესო შერკინება იყო. პირველივე ბრძოლაში მოვხსენი ანა კუკარინა. ისე გავუშვი, მესამე ადგილზეც ვერ გავიდა. ჩემმა გამარჯვებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსეთის მხრიდან. მას მესამე დანი ჰქონდა მე კი – მეორე.
– ტატამს მიღმა, ცხოვრებაში თუ დაგჭირვებია საკუთარი ძალის გამოყენება?
– (იცინის) ერთხელ უნივერსიტეტიდან მოვდიოდი, ქუჩაში ნასვამი მამაკაცი შემხვდა, ასანთი მთხოვა, არ მაქვს-მეთქი და დაიწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება. ადამიანურად ავუხსენი, გაჩერდი-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. იძულებული გავხდი, ერთი მარტივი ილეთი ჩამეტარებინა მისთვის და გამეჩუმებინა. ცოტა მიიღო.
– კარატესთან ერთად ტყუპი გოგონების დედა ხარ, როგორ ათავსებ ერთმანეთთან სპორტსა და საოჯახო საქმეებს?
– 2015 წელს ტყუპები შემეძინა და 2016 წელს მსოფლიო ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა. სამწუხაროდ, მსაჯების გამო გამოვეთიშე ამ ჩემპიონატს. გული ძალიან მწყდება ამ ფაქტზე, მაგრამ არ ვნებდები. 2018 წელს ჩინეთში არის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. შვილები ხელს არ მიშლიან, პირიქით – სტიმულს მაძლევენ. ზოგჯერ ბავშვები ხელში მიჭირავს და ისე ვვარჯიშობ, იმათ ჰგონიათ, რომ ვეთამაშები (იცინის). ქმარი, მაზლი, დედამთილი, ყველა მე მეხმარება. ჩემი მეგობრები მეხუმრებიან: შენს გოგოებს შენი შიშით ვერავინ მიეკარება, როცა გაიგებენ, სასიდედრო რომ კარატისტიაო.
– ოჯახს როცა ქმნიდი, კარატისტობას ბარიერი ხომ არ შეუქმნია შენთვის?
– ჩემი კარიერა ოჯახის შექმნით არ დასრულებულა. მეუღლეც სპორტსმენია, დიდი მიღწევები აქვს კიოკუშინში. მესამე დანია და აქვს სენსეის წოდება. ყველანაირად მეხმარება და გვერდში მიდგას. არანაირი ბარიერი არ მქონია. ჩვენ ვიცით, რამდენი შრომა სჭირდება კიოკუშინ-კარატეს.
– კარატისტი რძალი ოჯახში დედამთილისთვის მარტივი ამბავი არ უნდა იყოს?
– (იცინის) დედამთილი ყველაფერში მეხმარება, არა იმიტომ, რომ კარატისტი ვარ, უბრალოდ, გამგები და კარგი ადამიანია. უმეტესად, გათხოვების შემდეგ ქალის სპორტული კარიერა იხურება ან ოჯახი ინგრევა. იშვიათია, იყო აქტიური სპორტში, შვილებს ზრდიდე და ოჯახში სიმშვიდე გქონდეს.