როგორ აღუდგინეს ექვთიმე თაყაიშვილს ყველა ჩამორთმეული წოდება ლავრენტი ბერიას ძალისხმევით #14
განსაიდუმლოებული საარქივო მასალებიდან გაირკვა, რომ ქართული ეროვნული საგანძურის დაბრუნებაში სწორედ ლავრენტი ბერიას მიუძღვის უდიდესი წვლილი. პროფესორი ბორის პროხორენკო წერს: „როგორც ირკვევა, 1945 წლის აპრილში, ექვთიმე თაყაიშვილმა რომ თბილისში ქართველების ეროვნული საგანძური ჩამოიტანა, ამაში მთავარი როლი ლავრენტი ბერიამ შეასრულა. თუმცა, ოფიციალურად ამ საქმის მომგვარებლად სტალინს ასახელებენ. მართალია, სტალინის გარეშე ქართველთა ეს უძვირფასესი განძი სამშობლოში ვერ დაბრუნდებოდა, მაგრამ სტალინს ეს გადაწყვეტილება სწორედ ბერიამ მიაღებინა. ბერიას ერთ-ერთი მდივანი, ივანე მხეიძე იხსენებდა: „1945 წლის 15 მარტს, სამამულო ომის დასრულებამდე ორი თვით ადრე, ბერიამ თავისთან მიხმო და მითხრა:
– ვანო, პარიზში გასამგზავრებლად გაემზადე. შენ განსაკუთრებული მისიით გიშვებ იქ და როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოო.
მე ფრანგულ ენას მშობლიურივით ვფლობ. ფრანგულ მიმართულებაზე ვმუშაობდი მაშინ და პარიზში გამგზავრება ჩემთვის „უცხო ხილი“ არ ყოფილა. მაგრამ, როცა შევიტყვე, რომ ექვთიმე თაყაიშვილს უნდა შევხვედროდი იქ და მისთვის ქართული, ეროვნული საგანძურის სრული ხელშეუხებლობის გარანტია მიმეცა, ძალიან გამიკვირდა. ბერიამ კი მითხრა:
– ერთი საათის წინ სტალინთან ვიყავი. ის გენერალ დე გოლს ელაპარაკა და შეჰპირდა, რომ სამშობლოში დაბრუნებულ ქართულ საგანძურსა და მის თანმხლებ პირებს არავინ შეეხება. შენ, პარიზში დე გოლი მიგიღებს, შემდეგ კი ვითარება გიჩვენებსო.
დე გოლს უკვე 19 მარტს შევხვდი. მან დაადასტურა, რომ სტალინმა მას მყარი გარანტიები მისცა განძისა და მისი თანმხლები პირების ხელშეუხებლობაზე და ექვთიმე თაყაიშვილის მასთან მიყვანა მთხოვა. ბატონი ექვთიმეს დაყოლიება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მან მითხრა:
– კომუნისტებმა ჩემი სამშობლო დაიპყრეს და დროზე რომ არ გამოვქცეულიყავით განძიანად, ახლა ის ზოდებად იქნებოდა გადადნობილი, ძვირფას ქვებს კი ამოაცლიდნენ. აქ, პარიზში, მართალია, შორს, მაგრამ ქართული სული შემოვინახეთ. ქართული ისტორია დავიცავით და მტარვალებს ვერ მივუგდებთ საჯიჯგნად. დე გოლს სტალინი ატყუებს და ამ ფანდზე არ წამოვეგებიო.
საქმეში ნოე ჟორდანია ჩაერია, რომელთანაც ბერიამ დალუქული კონვერტი გამატანა. წერილის შინაარსს მეც არ ვიცნობდი. ჟორდანია წერილს გაეცნო და ექვთიმე თაყაიშვილს პირისპირ ესაუბრა. ამის მერე ბატონი ექვთიმე დე გოლთან წამომყვა. გენერალმა თაყაიშვილს საბჭოეთში ხელშეუხებლობის გარანტია მისცა და მხოლოდ ამის მერე დათანხმდა ქართული საგანძურის სამშობლოში ტრანსპორტირებაზე მისი მცველი. ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. 1945 წლის 11 აპრილს ქართული საგანძურით დატვირთული პირველი ამერიკული თვითმფრინავი თბილისში დაჯდა. ბატონ ექვთიმეს ფარულად ლავრენტი ბერია დახვდა, რომელსაც მეც თან ვახლდი. ლავრენტი პავლოვიჩი მას ჩემი თანდასწრებით ესაუბრა მანქანაშივე და კიდევ ერთხელ დაუდასტურა სრული ხელშეუხებლობის გარანტია. ოთხი დღის შემდეგ, ბერიას ძალისხმევით, ბატონ ექვთიმეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორობა აღუდგინეს და ისტორიის კათედრაზე დააბრუნეს. ბინა მისცეს. 10 მაისს კი დამსახურებული პროფესორის წოდება მიანიჭეს. ქართული ეროვნული საგანძური მუზეუმში განათავსეს, მკაცრად აღწერეს და ერთი ნივთისთვისაც არავის დაუკარებია ხელი. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ქართული ეროვნული საგანძურის დაბრუნების პროცესი ლავრენტი ბერიამ ჯერ კიდევ 1939 წელს დაიწყო და საამისოდ, მრავალსვლიანი კომბინაცია გამოიყენა, რომელშიაც მისი ერთგული ჩეკისტები მონაწილეობდნენ“.
საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ 1918 წელს, როცა ბერია თბილისში, არალეგალური კომუნისტური მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს, საქართველოს დამოუკიდებელი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი – ნოე რამიშვილი მის გადაბირებას ცდილობდა. ბერიას კი რამიშვილისთვის უთქვამს: მე მართალია, ქართველი ვარ, მაგრამ კომუნისტი ქართველი. ჩვენი შეხედულებები იდეოლოგიურად რადიკალურად განსხვავდება. თუმცა, ჩემი ერი მიყვარს, მის ისტორიას კი ვცნობ და სადაც არ უნდა ვიყო, მას ყოველთვის დავიცავო... ამის შემდეგ თავად ნოე ჟორდანიას მითითებით, ბერია ციხიდან გაათავისუფლეს და ის არალეგალურად, ბაქოში დაბრუნდა. მანამდე კი ჟორდანია და ბერია პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრეს და სავარაუდოდ, დაახლოვდნენ კიდეც. სწორედ რამიშვილთან და ჟორდანიასთან კონტაქტის გამო დასდეს ბერიას ბრალი 1953 წელს ფალსიფიცირებულ სასამართლოზე, თითქოს ბერია დემოკრატიული საქართველოს (1918-1921) უშიშროებისთვის მუშაობდა, რაც სრული აბსურდია... გენერალმა სერგო გოგლიძემ 1953 წლის დეკემბერს, სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა: „1939 წელს ბერიამ მე და კომისარი ჯანსუღ სამუშია საიდუმლოდ გაგვგზავნა პარიზში. ლევილში ჩვენ ნოე ჟორდანიას დალუქული წერილი გადავეცით ბერიასგან. ასეთივე წერილი ჩამოვუტანეთ ბერიას ჟორდანიასგან. მათი შინაარსი ჩვენ არ ვიცოდით და მხოლოდ 1945 წლის ივნისში, მაშინ, როცა მე და ბერია მდინარე ვოლგაზე ვიყავით ორიოდე დღით სათევზაოდ, საუბარში მითხრა:
– ექვთიმე თაყაიშვილმა რომ ქართული საგანძური ჩამოიტანა, იმაში წვლილი შენც მიგიძღვის. ჯერ კიდევ 1939 წელს რომ წაუღეთ ჩემი წერილი ჟორდანიას, ვთავაზობდი, საგანძური აქ ჩამოეტანათ და ომმა შეგვიშალა ხელი. თანაც, სტალინი მერყეობდა, თუმცა დავარწმუნე, რომ ქართული საგანძური სამშობლოში უნდა იყოს-მეთქი და მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დამეთანხმაო...“
სტალინი ბერიამ საგანძურის დაბრუნებაზე იმ მოტივითაც დაითანხმა, რომ ომგამოვლილი ბელადი მსოფლიოს თვალში დემოკრატ, მცირე ერის ისტორიის დამცველად გამოჩენილიყო და ამ სვლამ გაამართლა“.