როგორ მოატაცებინა და გაასამართლებინა სტალინმა ნიუ-იორკიდან ყოფილი პროვოკატორი, რომელსაც ამერიკელი ადვოკატი იცავდა #14
სტალინს დასავლური სამყარო და პროდასავლურად გაწყობილი ძალები 72 წელია, რაც „შავ პიარს“ უგორებენ. საგულისხმო კი ისაა, რომ სწორედ დასავლეთელი ისტორიკოსების, სოციოლოგებისა თუ ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულ სერიოზულ გამოკითხვებსა და კვლევებში საბჭოთა ბელადი პირველ ადგილს იკავებს იმ ცნობილ პიროვნებებსა და პოლიტიკოსებს შორის, ვინც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა კაცობრიობის გადარჩენისა და განვითარების საქმეში, მსოფლიო ისტორიაში. პროფესორი ილარიონ კრავცოვი წერს: „შავი პიარი“ სტალინის წინააღმდეგ საბჭოთა ბელადისთვის „ახალი ხილი“ არ ყოფილა და როცა ჩერჩილის მიერ ქალაქ ფულტონში „ცივი ომი“ გამოცხადდა, მთელი დასავლური მასმედია დაირაზმა გენერალისიმუს სტალინის წინააღმდეგ – მასზე ათასი სიბინძურის ნთხევა დაიწყეს. გაზეთ „პრავდის“ ყოფილი რედაქტორი, პეტრე ნიკოლოზის ძე პოსპელოვი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1978 წლის დეკემბერში იხსენებდა: „გაზეთ „პრავდის“ მთავარ რედაქტორად ცხრა წელი ვიმუშავე და მთელი ამ ხნის განმავლობაში მჭიდრო კავშირი მქონდა სტალინთან. ის თითოეულ აბზაცს, რომელიც ჩვენთან იბეჭდებოდა, პირადად, გულდასმით ეცნობოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ენთებოდა მორიგ ნომერს „მწვანე შუქი“. სტალინი ამ საქმეში საუცხოოდ ერკვეოდა. ის, ლენინის დავალებით, ერთი პერიოდი, თავადაც იყო „პრავდის“ რედაქტორი და პრესის ნიუანსებში უზადოდ ერკვეოდა. ჩვენ, პრავდელებს, გვევალებოდა აგრეთვე, მსოფლიოს მოწინავე ჟურნალ-გაზეთების იმ სტატიების ზუსტი თარგმანი და სტალინისთვის მიწოდება, რომლებიც საბჭოეთსა და თავად მას ეხებოდა. 1945 წლის მიწურულიდან, განსაკუთრებით კი, 1946 წლის 5 მარტის შემდეგ, როდესაც უინსტონ ჩერჩილმა „ცივი ომი“ გამოგვიცხადა, სტალინისა და საბჭოეთის წინააღმდეგ სიბინძურის დიდი ნიაღვარი წამოვიდა. რას არ წერდნენ. ზოგიერთი პუბლიკაცია კი, იმდენად აბსურდული და შეურაცხმყოფელი იყო, რომ სტალინისთვის მიტანა არ გვინდოდა. ერთხელ ერთმა ცნობილმა ამერიკულმა გაზეთმა სტალინზე დაწერა: ჯერ კიდევ „კობად“ წოდებული სტალინი რევოლუციამდე „ოხრანკის“ მიერ პროვოკატორად იყო შეგზავნილი ბოლშევიკებთან. საიდუმლო პოლიციას არალეგალებზე ინფორმაციებს აწვდიდა და აჭერინებდაო. ამ ინფორმაციის წყაროდ კი, ემიგრანტი რევოლუციონერი, ზინოვი ვოლჩეკი გახლდათ დასახელებული. ეს უკვე მეტისმეტი იყო. ამიტომ ეს სტატია ამოვიღე სტალინთან მისატანი პუბლიკაციების სიიდან და კუნცევოში, აგარაკზე ვესტუმრე. სტალინი ყოველთვის ჩემი თანდასწრებით ეცნობოდა როგორც „პრავდის“ გასასვლელ ნომრებს, ასევე უცხოური პრესის დაიჯესტსაც. ის ძალიან სწრაფად კითხულობდა, სათვალის გარეშე და ორ-სამ საათში ზღვა მასალას ითვისებდა. მთელი ამ დროის განმავლობაში მე ჩუმად ვიჯექი და მხოლოდ მაშინ ვიღებდი ხმას, როცა ის თავად მკითხავდა რამეს. სტალინმა იმ დღეს უცხოური დაიჯესტი ჩვეულებრივზე ადრე „შთანთქა“. შემდეგ ნათარგმნი გვერდები მაგიდაზე დააწყო და მკითხა:
– ამხანაგო პოსპელოვ, სულ ესაა?
– დიახ, ამხანაგო სტალინ, სულ ესაა, – მივუგე მას, სხეულში კი ჭიანჭველებმა დამიარა, რადგან სტალინი გამჭოლად მიყურებდა.
– და მე მაინც ვფიქრობ, რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩათ, ამხანაგო რედაქტორო, – მითხრა სტალინმა.
– არაფერი, ამხანაგო სტალინ. ყველა ახალთახალი პუბლიკაცია მოგიტანეთ, – ვუთხარი და თან, თავს ვიჭერდი, რომ არ გავშიფრულიყავი.
სტალინს ჩაეცინა. მაგიდის უჯრიდან სწორედ იმ სტატიის ორიგინალი ამოიღო, წინ დამიდო და მითხრა:
– ვერ დავიჯერებ, რომ ეს თქვენ გამოგრჩათ. უბრალოდ, მგონია, რომ ჩემთვის ამისი ჩვენება არ გინდოდათ, იმდენად აბსურდულად მოგეჩვენათ. კი, ეს აბსურდი და ცილისწამებაა. ზინოვი ვოლჩეკი თავად იყო შემოგზავნილი და პროვოკატორი. ცხრამეტ წელს კი ძლივს გაასწრო ფელიქსს (ძერჟინსკის). სიმართლე გითხრათ, მისი ამბავი დავიწყებულიც კი მქონდა. ხომ გსმენია, „ზოგი ჭირი მარგებელიაო“, მან თვითონ გაგვახსენა საკუთარი დანაშაული და ამ ამბავს ბერია მიხედავს, სტალინმა გააბოლა და დაამატა, – თქვენ კი, ამხანაგო პოსპელოვ, იმიტომ ხართ „პრავდის“ რედაქტორი, რომ არა მარტო სიმართლე აუწყოთ ფართო მასებს, იმიტომაც, რომ ჩვენს სამშობლოსა და პირადად ჩემზე შეთითხნილი სიბინძურეები გამაცნოთო.
მე გაშეშებული ვუსმენდი სტალინს. მან კი იქვე მომცა მკაცრი საყვედური ექვსი თვით, თუმცა „პრავდის“ მთავარ რედაქტორად მაინც დამტოვა და აგარაკიდან გამომისტუმრა. აბა, რას ვიფიქრებდი, რომ სტალინი იმ ორიგინალებსაც იღებდა სხვა წყაროდან, რასაც ჩვენ ვთარგმნიდით და არც ის ვიცოდი, ბრწყინვალედ თუ ფლობდა არა მხოლოდ ინგლისურ ენას. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, სტალინი თურმე იმიტომ გვათარგმნინებდა, რომ თარგმანი ორიგინალისთვის შეედარებინა, რათა ჩვენ არაფერი შეგვერბილებინა. მე კი, ერთპიროვნულად, საერთოდ დავმალე სტალინზე მთელი პუბლიკაცია და მხოლოდ მკაცრი საყვედურით გადავრჩი“.
პოსპელოვის მონათხრობიდან აღმოჩენა, რომ სტალინი სხვა წყაროებსაც მიმართავდა და ორიგინალში ეცნობოდა მათ. ეს საბჭოეთის ბელადის სტილი იყო. სტალინი არასდროს ახდენდა ტროცკივით საკუთარი შესაძლებლობების აფიშირებას და ერთი მხრივ, მოკრძალებულობის გამო, მეორე მხრივ კი, იმიტომ რომ, მოწინააღმდეგეს არ გამოეყენებინა ისინი. აგრეთვე, სტალინის სტილი იყო ემიგრანტ ზინოვი ვოლჩეკის ისტორიაც. ბელადმა საბჭოთა დაზვერვას ნიუ-იორკიდან მოატაცებინა ძველი პროვოკატორი, რომელიც, რა თქმა უნდა, „ლუბიანკაზე“ მოათავსეს. თუმცა, ის ლინჩის წესით არ გაუსამართლებიათ. მისი საქმის ძიება სამი თვე მიმდინარეობდა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ბრალდებულს ამერიკელი ადვოკატი ჰყავდა და ამ ადვოკატს სრულად გააცნეს ძიების ყველა დეტალი. თუმცა, ამან ვერ უშველა პროვოკატორს და ის დახვრიტეს. საგულისხმოა ისიც, რომ, როცა დასავლურმა პრესამ ერთხმად დაწერა, რომ ვოლჩეკი სტალინმა მოაკვლევინა, რაც, რა თქმა უნდა, სიცრუე იყო, ამერიკელმა ადვოკატმა ნიუ-იორკში გამოსცა ბროშურა, რომელშიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე გამოაქვეყნა. მან აღიარა, რომ ვოლჩეკის სიკვდილში თავად ვოლჩეკი იყო დამნაშავე და არა სტალინი.