რატომ არ უნდა დავიძინოთ ჩართულ ტელევიზორთან #14
ადამიანი ცხოვრების 70 წლის განმავლობაში 13 წელს ლაპარაკში, 6 წელს – ჭამაში, ხოლო 23 წელს ძილში ატარებს. ყოველ ღამე, დაძინებისას ჩვენი ცნობიერება რამდენიმე საათით ითიშება – ძილის დროს ვერც ვხედავთ და არც გვესმის, რა ხდება ჩვენ ირგვლივ. ძილისა და სიფხიზლის მდგომარეობა იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისგან, რომ თითოეული ადამიანი თითქოს ორ სამყაროში ცხოვრობს. საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ, აეხსნათ, გაეგოთ სიზმრის არსი. უძველესი შეხედულებებით, მას როგორც მისტიკურ მოვლენას, უმაღლეს ძალთა შემოქმედების შედეგად მიიჩნევდნენ, როცა ადამიანს შეუძლია, სხვადასხვა დროში, ადგილსა და განზომილებაში გადავიდეს – იმოგზაუროს მომავალში და იწინასწარმეტყველოს, რა მოხდება. ამიტომ, მიაჩნდათ, რომ სიზმარი ყოველთვის რაიმე აზრს შეიცავს და ნათელს ჰფენს მომავალს, ამისთვის კი საჭიროა, მხოლოდ ამ აზრის წვდომა. თუმცა, სხვადასხვაგვარი ახსნა აქვთ, ასევე, ფსიქოანალიტიკოსებსა და პრაქტიკოს ექიმებს. უკეთ რომ გავერკვეთ, რა როლს ასრულებს სიზმარი ჩვენს ცხოვრებაში, მართლა გვიწინასწარმეტყველებს თუ არა მომავალს და სიზმრად ნანახიდან, რა როგორ აიხსნება, ამაში დაგვეხმარება გამოცდილი პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ეთერი.
– მართლაც რა არის სიზმარი, ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური პროცესი, მისტიკური წინასწარმეტყველება თუ ადამიანის გაუცნობიერებელი სურვილების გამოვლინება?
– ახსნა მრავალნაირია. ზოგიერთი მოაზროვნის შეხედულებით, სიზმარი მომდინარეობს ფსიქიკური აღგზნებიდან და იმ სულიერი ძალებიდან, მთელი დღის განმავლობაში რომ ვერ პოულობს გამოხატულებას. პრაქტიკოს ექიმთა უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ სიზმარს არავითარი ახსნა არ მოეპოვება – ის ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც თავის ტვინის განსაზღვრული უჯრედებისა და სხვა ორგანოების გაღიზიანება-აღგზნება განაპირობებს. მაგრამ, როცა ძილისა და სიზმრის შესახებ ვსაუბრობთ, არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ ზიგმუნდ ფროიდს. მას მიაჩნია, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი. ამიტომ, სიზმარი საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები. სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებსა და მოტივებს.
– ესე იგი, სიზმრები ჩვენი ქვეცნობიერი რეაგირებაა სხვადასხვა მოვლენაზე?
– სიზმარი ჩვენს ქვეცნობიერში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს, რაც თავისთავად პრომლემების გაცნობიერებისა და მათზე მუშაობის შანსია. ასე რომ, არ არსებობს ცუდი და კარგი სიზმარი. ეს უბრალოდ, მართლაც ქვეცნობიერის რეაქციებია მიმდინარე მოვლენებზე – მცდელობა რაღაც მიგვანიშნოს, გაგვაფრთხილოს. ჩვენ კი მათი ცნობიერში ამოტანა და ანალიზი უნდა შევძლოთ, მერე კი საკუთარი ცხოვრების მართვასაც მოვახერხებთ.
– ყველა ხედავს სიზმარს? ზოგისგან გამიგია, რომ საერთოდ არაფერი ესიზმრება...
– ყველა ხედავს სიზმარს, მაგრამ მათი 90 პროცენტი ავიწყდებათ. მიჩნეულია, რომ ადამიანი ღამით საშუალოდ ხუთ სიზმარს ხედავს, მაგრამ ამახსოვრდება ის, რომლის მიმდინარეობისასაც გაეღვიძა. ზოგს შეიძლება, ისიც არ ახსოვდეს. მაგრამ, თუ მკაფიოდ დაიმახსოვრა, ყველა ცდილობს, ახსნას ნანახი და გამოიცნოს, რაზე მიანიშნებდა სიზმარი. არსებობს საყოველთაოდ მიღებული სიმბოლოთა სისტემა, რომელიც სიზმრებში ხშირად მეორდება და თითოელი კონკრეტულ მოვლენაზე მიგვანიშნებს.
– მაგალითად, ხომ არის, რომ ერთი პერიოდი სულ კოშმარებს ხედავ და დაზაფრული იღვიძებ...
– თუ კოშმარებით იტანჯებით და თან, ამან სისტემატური სახე მიიღო, ეს ქვეცნობიერის მესიჯებია, რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვთ. ამიტომ საჭიროა, დღის განრიგის გადახედვა – რას აკეთებთ? ტელევიზიით მოსმენილ ყოველგვარ ნეგატივს, ინტერნეტიდან მიღებულ სტრესს, ანუ ინფორმაციას, რომლის მიღებაც არ სურს – ცნიბიერი ქვეცნობიერში გადაუძახებს და მერე, ეს ყველაფერი სიზმრის სახით ვლინდება. არასდროს დაიძინოთ ჩართულ ტელევიზორთან. ნეგატიური აზრებიც კოშმარის სახით ვლინდება. საშინელებათა ფილმებიდანაც „ვახვევთ“ ფრაგმენტებს და მერე ფორმაცვლილს ვატრიალებთ. მაგრამ, თუ უმეტესად პოზიტიურ სიზმრებს ხედავთ, ესე იგი, შიგნით ყველაფერი დალაგებული გაქვთ. ზოგჯერ სიზმრები მეორდება – ხშირად ვხედავთ, რომ თითქოს ვვარდებით, ტალღა გვეჯახება, ფრენა შეგვიძლია, მოგვდევენ და ასე შემდეგ. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ასეთი რამ არ უნახავს და მკაფიო კვალი არ დაეტოვებინოს გამოფიზლებულზე. ყველა სიმბოლოს თავისი მნიშვნელობა აქვს და თანაც, ძალიან ბევრნაირი...
– მათ შორის, ყველაზე გავრცელებულები მაინც რომ განგვიმარტოთ...
– მაგალითად, მე მგონი, არ არსებობს ადამიანი, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, სიზმარში, რომ არ ეფრინოს. ეს ნიშნავს, რომ მზად ხართ, თამამი ნაბიჯი გადადგათ ცხოვრებაში. რაღაც გამოწვევა მიიღეთ და როგორც იქნა, პრობლემა გადაჭერით. გახსოვდეთ, ყოველთვის შეგიძლიათ, გაფრინდეთ და თავი დააღწიოთ ყოველდღიურ რუტინას. მაგრამ, თუ ფრენა გაშინებდათ, ეს მოახლოებულ ცვლილებებზე მიუთითებს, ან იმაზე, რომ პროგრესის შემდეგ, ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებთ. მეტაფიზიკაში ფრენის სიზმრები უმაღლეს ცნობიერთან დაკავშირებასა და სულიერ თავისუფლებაზე მიუთითებს.
– მე ძალიან ხშირად ვხედავ სიზმარში წყალს, აღელვებულ ზღვას, ყველას და ყველაფერს წალეკვას რომ უპირებს...
– წყალი სიზმარში ძალიან ბევრ რამეს შეიძლება, ნიშნავდეს, სიტუაციას გააჩნია. თუ იძირებით ან იხრჩობით, ეს ძლიერი ემოციაა – რაღაცას ძალიან განიცდით. თუ წყალში ყოფნა გსიამოვნებთ, უყურებთ მშვიდ ნაპირს, ქვეცნობიერში სიმშვიდეა. თუ წყალი ღელავს, ესე იგი რაღაცის მიჩქმალვას ცდილობთ. წყალდიდობა – ემოციების სიჭარბეა, რომელზეც კონტროლი სრულიად დაკარგეთ. თუ წყალი მუდმივად გესიზმრებათ, მსუბუქი ადამიანი ხართ, რომელსაც ცვლილებების არ ეშინია. ყველაფრის მიუხედავად, თქვენი ცხოვრება მარტივი და მოსახერხებელი იქნება.
– ხშირია, როცა, სიზმარში ვიღაც მოგდევს; ტალახში ჩავარდი და ერთიანად ამოიგანგლე; გამოცდებს აბარებ და საშინლად განიცდი; ავად ხარ; კბილი მოგძვრა; ხედავ ბავშვს, ფულს, როგორ დგახარ ყველას წინაშე შიშველი და კიდევ უამრავ რამეს. ცხადია, ამ ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ იქნებ, რამდენიმე სიტყვით მაინც განგვიმარტოთ ეს მოვლენები.
– ორი სიტყვით ასე იქნება: როცა სიზმარში ვინმე მოგდევს, ნიშნავს, რომ რაღაც სიტუაციიდან თავის დაძვრენას ცდილობ – გარბიხარ, იმის მაგივრად, რომ დარჩე და წინააღმდეგობა გაუწიო; ტალახი – ზრდა და უწესრიგობაა. დრო დაგჭირდება, რომ წუმპეს თავი დააღწიო; გამოცდების ნახვა შეიძლება, რეალური გამოცდების წინა ნერვიულობას ახლდეს, ანდა ურთიერთობებში პრობლემებზე მიუთითებდეს; ავადმყოფობა – მარტოსულობასა და საკუთარი თავისადმი სიბრალულს ნიშნავს; კბილი – განსაკუთრებით კი მისი დაკარგვა, სიბერის შიშია. თუმცა, ამასთან, ბრძოლის საუკეთესო მეთოდიცაა, იცხოვრო სრულყოფილად და დატკბე ყოველი წამით; ბავშვი – ახლის დასაწყისია, უფრო კი რომანისა; ფული – თუ ცოტაა, ღირსების შებღალვაზე მიუთითებს, თუ ბევრია, ძალაუფლების სიმბოლოა; სიშიშვლე – თუ ამის შეგრცხვათ, ნამდვილი სახის გამოჩენის გრცხვენიათ, ხოლო თუ სიშიშვლით კმაყოფილი ხართ, ეს ყურადღების მიქცევის სურვილი ან სექსუალური მოთხოვნილებებია და ასე შემდეგ. ამაზე უსასრულოდ შეიძლება ლაპარაკი.