კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა რეალური საქართველოში უმუშევრობის შემწეობის დაწესება და რატომ ვერ ახერხებს საკუთარი თავის გამოკვებასაც კი სოფლად დასაქმებული მოსახლეობა #14

ისე მოხდა, რომ უმუშევრობა დამოუკიდებელი საქართველოს ლამის სავიზიტო ბარათად იქცეს. შესაძლოა, ამის მიზეზი საბჭოთა წარსულშიც ვეძიოთ ან ახლებური რეალობისთვის ფეხის ვერაწყობაში. სულ ახლახან საქართველოს პროფკავშირებმა მთავრობას უმუშევრობის კომპენსაციის დაწესების ინციატივით მიმართა. თუმცა ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ საკითხზე 2012 წლიდან მუშაობენ და, დიდი ალბათობით, სამომავლოდ, პირს, რომელსაც სახელმწიფო რამდენჯერმე შესთავაზებს დასაქმებას, მაგრამ ის უარს განაცხადებს, სოციალურ დახმარებას შეუჩერებს. იმის გათვალისწინებით, რომ უმუშევრობა მხოლოდ ქართული პრობლემა არ არის და, მათ შორის,  არც უმუშევრობის კომპენსაციის გადახდა, ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ, თუ როგორ აგვარებენ სხვადასხვა ქვეყანაში უმუშევრებისთვის საარსებო წყაროს გამოძებნის პრობლემას და მოხერხდება თუ არა იგივე ქართულ რეალობაში.
– სანამ მიმოვიხილავდეთ სხვა ქვეყნებში უმუშევრობის კომპენსაციის სხვადასხვა სქემას, აქვს ამას კავშირი უმუშევრობის შეფასების კრიტერიუმთან?
– სანამ უშუალოდ თქვენს კითხვას ვუპასუხებ, უნდა აღვნიშნო, რომ საბაზრო ეკონომიკას, როგორც სოციალურ-ეკონომიკურ ფენომენს, აქვს ოთხი ძირითადი ჰიპოსტასი: საქონლის ბაზარი, მომსახურების ბაზარი, კაპიტალის ბაზარი და შრომის ბაზარი. აი, შრომის ბაზარი ყველაზე სუსტად განვითარებულია ამ ოთხი ბაზრის ტიპს შორის, მაგრამ გვახსოვს, რომ ჯაჭვის სიმყარე განისაზღვრება მისი ყველაზე სუსტი რგოლის სიმყარით. ჩვენ არ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოში წარმატებითაა განვითარებული საბაზრო ეკონომიკა, მაშინ, როდესაც მისი ერთ-ერთი რგოლი –  შრომის ბაზარი –  საკმაოდ სუსტია. ვგულისხმობ იმას, რომ, ჯერ ერთი, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 40 პროცენტამდეა დაქირავებით დასაქმებული, იმ 40 პროცენტის არანაკლებ 40 პროცენტი კი საჯარო და სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული. უშუალოდ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებით სამუშაო ძალის ყიდვა-გაყიდვა, როდესაც დამქირავებელი ქირაობს კონკრეტულ ადამიანს კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, აი, ამ კონტინგენტის წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 10 პროცენტზე ნაკლებია. ამიტომ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ჩვენ წარმატებით გადავედით საბაზრო ეკონომიკაზე, გადაჭარბებულად მეჩვენება. ამდენად, ლაპარაკი უმუშევრობის კომპენსაციაზე, როდესაც თვითონ დასაქმების სექტორი არ არის განვითარებული, მაგონებს ქართულ ანდაზას: ჯერ ძილი და მერე სიზმარიო. სიზმრის გარჩევა გვინდა, როდესაც ამ სფეროს –  დასაქმებას –  ქრონიკული უძილობა სჭირს.
ერთი შეხედვით, თითქოს ნორმალური პრობლემაა და არ უნდა იწვევდეს შიშს უმუშევრობის დონე –  12 პროცენტი,  რადგან იყო წლები, ამაზე მეტიც ყოფილა, 18 პროცენტამდე. 12 პროცენტი, ევროპული მასშტაბით არც ისე დიდი მაჩვენებელია, მაგრამ, რადგანაც დასაქმების სტრუქტურა გვაქვს აბსოლუტურად არაეფექტიანი, დაშორებული ოპტიმალურ ვარიანტს, ჩვენი შემდგომი სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს არა იმდენად უმუშევრობის დონის შემცირება, არამედ დასაქმების სტრუქტურის გაუმჯობესება. ეს კი მოგვცემს საშულებას, დასაქმებისა და უმუშევრობის სიმწვავე, რაც შეიძლება, შევამციროთ.
– რას გულისხმობთ გასაუმჯობესებელ დასაქმების სტრუქტურაში?
– როდესაც ადამიანი უმუშევართა კატეგორიას არ მიეკუთვნება, ანუ მიიჩნევა დასაქმებულად, მაგრამ მის მიერ შექმნილი დოვლათის მოცულობა, ანუ ღირებულობა საკმაოდ დაბალია და ვერ აკმაყოფილებს მარტივი კვლავწარმოების პირობებსაც კი. საქართველოს მაგალითი ავიღოთ: ჩვენთან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულის მიერ შექმნილი დამატებული ღირებულება  მხოლოდ 80 პროცენტით აღემატება ოფიციალური სტატისტიკით საარსებო მინიმუმის ღირებულებას, მაშინ, როდესაც სოფლად გამართლებულია დასაქმება, თუ ერთი დასაქმებული, მინიმუმ, სამჯერ მეტ ღირებულებას მაინც ქმნის საარსებო მინიმუმთან შედარებით. ჩვენთან 1,8-ჯერ მეტს ქმნის. ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობაზე მიწერილი გვყავს დასაქმებულთა მრავალრიცხოვანი კონტინგენტი, მაგრამ ისინი არც თავიანთ თავს არგიან, არც სოციალურ ფენას და არც ქვეყანას.
– სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებში ვგულისხმობთ მათ, რომლებსაც აქვთ მიწა და ამუშავებენ ან ჰყავთ საქონელი?
– მიწას ამუშავებს, ან პირუტყვი ჰყავს, ან ხილ-კენკრას აგროვებს. ჩვენს სოფლის მეურნეობაში შრომის მწარმოებლურობა დაახლოებით ათჯერ უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოს ეკონომიკის დანარჩენ დარგებში და, მიუხედავად იმისა, რომ ვამბობთ, მიწის დამუშავების მრავალათასწლიანი გამოცდილება გვაქვსო, ჩვენი აგროსასურსათო ბალანსი, დაახლოებით, ექვსასი მილიონი დოლარით დეფიციტურია. ესე იგი, 600 მილიონით მეტი აგროსასურსათო პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს.
– ხატოვანი გამონათქვამიც არის, ჯოხი რომ უკუღმა გადააგდო, წაღმა ამოვაო. 52 ნიადაგიდან 49 ტიპისაა საქართველოს ტერიტორიაზე და როგორ ვახერხებთ, რომ წამგებიანი იყოს ჩვენი სოფლის მეურნეობა? მეტიც, სოფლად მცხოვრები ადამიანების ნაწილი მწვანილს ყიდულობს ბაზარში. მწვანილი რაღაა?
– ეს უფრო ვრცელი და სხვა საუბრის თემა შეიძლება, იყოს, მაგრამ ფაქტია, ჩვენი საზოგადოების წინაშე მთელი სიმწვავით დგას სწორედ დასაქმების ეფექტიანობის გაზრდის საკითხი. ეს რომ მოვაგვაროთ, უმუშევრობის პრობლემა არ იქნებოდა ასეთი მწვავე და არ დადგებოდა პირველ ადგილზე, მაშინ, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი მეხუთე ადგილზეა.
ისევ უმუშევრობის შემწეობას რომ დავუბრუნდეთ: საქართველოში 2001 წლამდე მოქმედებდა უმუშევრობის შემწეობა და გაიცემოდა, დაახლოებით, 6-თვიანი პერიოდით, თუმცა მოცვის ხარისხი იყო მცირე, ანუ მესამედი. იმხანად პენსია 14 ლარი იყო, უმუშევრობის შემწეობა –  11 ლარი. 2001 წლის შემდეგ ეს გაქრა. 2007 წლის ბოლოდან კი სერთოდ უარი ვთქვით ეგრეთ წოდებულ სოციალურ გადასახადზე, რომელიც ამ კონტინგენტისთვის, ანუ უმუშევართა დახმარების მნიშვნელოვანი წყარო იყო.
– როდესაც გაერთიანდა საშემოსავლო და სოციალური  გადასახადი და მან დაიწია 20 პროცენტამდე.
– მაგალითად, ევროპაში სოციალური გადასახადის წილად მოდის მთელი გადასახდელების 40 პროცენტი, ყველაფერი დანარჩენი კი  შეადგენს 60 პროცენტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ საგადასახდო ტვირთი ევროპაში უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, საფრანგეთში საერთოდაც 48-პროცენტია. ცალკე გამოიყოფა უმუშევრობის შემწეობის წილი საბიუჯეტო ხარჯებში. მთლიანი შიდა პროდუქტის 1,5 პროცენტი მიემართება უმუშევართა შემწეობაზე ევროკავშირში და ეს საკმაოდ დიდი ციფრია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირი ეკონომიკური დონით 9-ჯერ წინაა ჩვენზე, საგადასახადო ტვირთი კი 1,5-ჯერ მაღალია. ის 1,5 პროცენტი 9-ზე უნდა გავამრავლოთ, რომ შევიქმნათ წარმოდგენა, თუ რამდენია დახმარება. არის ქვეყნები, სადაც ეს მაჩვენებელი უფრო მეტია, მაგალითად, დანიაში 3 პროცენტზე მეტია, მაღალია გერმანიაშიც. მაგრამ ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში უმუშევრობის პერიოდის ხანგრძლივობა, როგორც წესი, 12 თვეს არ აღემატება. იმ უმუშევართა რაოდენობა, რომლებიც ერთ წელზე მეტია, რაც უმუშევრები არიან, 18-40 პროცენტია. როდესაც იქ ადამიანი უმუშევარი ხდება, ეს არ არის სტიგმა და არ ნიშნავს სიცოცხლის დასასრულს.
– ახალი სამსახური უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანის განათლების ცენზსა და გამოცდილებას? ანუ დასაქმების კრიტერიუმები როგორია?
– ევროპის სტატისტიკა სოციალურ მიმართულებას დიდ ყურადღებას აქცევს. არის ასეთი მონაცემიც: რამდენი ადამიანია დასაქმებული ისე, რომ მათი განათლება და კვალიფიკაცია ჩამორჩება დასაქმების ადგილს და ასეთთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებში, დაახლოებით, მეხუთედია, ანუ 18-20 პროცენტი. მაღალი მაჩვენებელი არ არის და ამასაც აქვს თავისი მიზეზები: ვიღაცას ურჩევნია სახლთან იმუშაოს და ნაკლები კვალიფიკაციის სამუშაო შეასრულოს ან რაღაც სხვა მიზეზია. ჩვენ ამის სტატისტიკა არ გვაქვს, მაგრამ აღწერებისას იყო ასეთი მაჩვენებელიც, უმაღლეს განათლებულთა შორის რამდენი მუშაობდა თავისი პირვანდელი პროფესიით. ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო –  15 პროცენტის დონეზე. ანუ სახელმწიფო ხარჯავს სახსრებს მათ მომზადებაზე, მაგრამ არაეფექტიანია ეს ხარჯი. მაგალითად, ადამიანი ფიზიკოსია, მაგრამ შემდეგ ხდება ვაჭრობის მუშაკი; ან ვაჭრობის მუშაკი ხდება საგარეო საქმეთა სპეციალისტი და ასე შემდეგ. კარუსელი ტრიალებს და ხარჯების ეფექტიანობა კადრების მომზადებაზე საკმაოდ არაოპტიმალურია.
– დაასახელეთ პროცენტები, რაც ბიუჯეტიდან გაიცემა უმუშევრობის კომპენსაციისთვის. თანხის მიხედვით რამდენია კონკრეტული უმუშევრისთვის?
–  ქვეყნების მიხედვით განსახვავდება და შეადგენს იმ ხელფასის 40-დან 70 პროცენტამდე, რასაც იღებდა დათხოვნამდე.
– და შემწეობა, ალბათ, არ იბეგრება.
– არ იბეგრება.
– ესე იგი, დაახლოებით, იმავე თანხას იღებს ადამიანი შემწეობად, რასაც დაბეგრილი ხელფასიდან იღებდა.
– ამის მიზანია, რომ მკვეთრად არ დაეცეს ადამიანის ცხოვრების დონე. თუ ის მიჩვეულია დილაობით კაფეში გაზეთის კითხვას ყავასთან და კრუასანთან ერთად, რომ მას არ მოუწიოს ცხოვრების ფორმატის შეცვლა და ეკონომიის რეჟიმში გადასვლა.
– ანუ არ დაითრგუნოს, თუ სახლში მოუწევს ყავის დალევა სახლშივე გამომცხვარ კექსთან?
– დიახ. ამიტომ უმუშევრობის კომპენსაციის პირდაპირ შედარება და ჩვენთან გადმოტანა არ გამოვა. თუმცა ძალიან კარგია, რომ ამაზე საუბარი დაიწყო და ბევრი სხვა მიმართულებითაც, რასაც აქამდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ლაპარაკია დეპოზიტების დაზღვევაზე –  არადა მთელ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეშია უკვე  დამკვიდრებულა ეს პრინციპი. ჩვენთან 2005 წელს მომზადდა შესაბამისი კანონპროექტი, მაგრამ შეჩერდა. ანუ ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება, ჩვენ იმ გზით უნდა დავიწყოთ სიარული, რომელიც ჩვენზე განვითარებულმა ქვეყნებმა განვლეს. ევროპასთან დაახლოება მხოლოდ უვიზო მიმოსვლა კი არ არის, არამედ უვიზო მიმოსვლა მოგვცემს საშუალებას, გავიგოთ იმ ფასეულობათა იერარქია, რაც იქაა მიღებული და ბევრი პრობლემა თავისთავად მოიხსნება.
– თქვენგან ვიცი, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 2-3-ჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს პენსიონერთა რაოდენობას, რომ მეტ-ნაკლებად ღირსეული ოდენობის პენსიის გაცემის საშუალება იყოს. ჩვენთან ეს მაჩვენებელი პირიქითაა ლამის: დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ჩამორჩება პენსიონერთა ოდენობას. ამ მოცემულობაში როგორ წარმოგიდგენიათ დამატებით უმუშევრობის კომპენსაციის გაცემაც?
–  რესურსი აუცილებელია. თან, გავითვალისწინოთ, რომ უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელია 12 პროცენტი, მაგრამ 25 წლამდე ახალგაზრდებს შორის ის გაცილებით მაღალია. მათ ერთი დღეც არ უმუშავიათ, თუმცა კვალიფიკაცია აქვთ: უმაღლესი განათლება ან აქ მიიღეს, ან უცხოეთში. უნდათ მუშაობის დაწყება და ვერ იწყებენ. მათ რა ფორმით მივცეთ კომპენსაცია, რას დავუკავშიროთ?! მათ არ აქვთ შრომითი სტაჟი. ამიტომ უნდა იყოს საერთო კრიტერიუმი. და კიდევ ერთი მომენტი: უმუშევრობის დახმარება უნდა იყოს იმდენი, რომ ადამიანმა ღირსეული არსებობა შეძლოს, მაგრამ არა იმდენად დიდი, რომ შრომის სტიმული და სამუშაოს ძიების სურვილი ჩაკლას უმუშევარში.
– ჩვენთან სოციალური შემწეობაც კი კლავს სურვილს, რომ ოჯახმა იყოლიოს ძროხა.
– ჩვენთან იმის ნაცვლად, რომ სიღარიბე ჩაითვალოს დასაძლევად, ადამიანებს ურჩევნიათ, აჩვენონ, რომ ღარიბები არიან, რადგან ამას უკავშირდება დახმარება, შეღავათები. ამდენად, ეს სისტემა შესაცვლელია. ამიტომ უმუშევრობის კომპენსაციის განხილვა, თუ ამ ყველა ფაქტორს არ მივიღებთ მხედველობაში, ძალიან ზედაპირული და პოპულისტური საუბრები გამოვა.
– დასავლეთში როგორია 25 წლამდე ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი? იქ არის გამოცდილება, რომ კვალიფიციური ახალგაზრდა კადრი უმუშევარი დარჩეს?
– იქ გაცილებით მაღალი კორელაციაა განათლებასა და დასაქმებას შორის. ბიზნესი აძლევს შეკვეთას აშშ-ის უმაღლეს სასწავლებლებს და იქ ადამიანს აქვს არჩევანი, სად დაიწყოს მუშაობა. თუ მიიღო უმაღლესი განათლება, 90 პროცენტზე მეტია ალბათობა, რომ მუშაობას დაიწყებს. იქ მუშაობის დაწყება უკავშირდება სწავლის საფასურის გადახდას, რომლის თანამონაწილეც ის ბიზნესია, სადაც აპირებს მუშაობის დაწყებას. ჩვენთან კრედიტს სწავლისთვის იღებენ კომერციული ბანკებისგან,  იქ კი –  იმ ბიზნესისგან, რომელსაც კადრი სჭირდება. ანუ გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი. ასე რომ, თვით აშშ-შიც არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ  უმუშევარი დარჩეს მომზადებული ადამიანი, რომლის სწავლაც ათეულ და ხანდახან ასეულ ათასობით დოლარი დაჯდა.

скачать dle 11.3