ცერემონიალმაისტერები #14
ანუ მთავარსარდლების ვნებები
პარლამენტის წევრიც იყო, მინისტრიც, პრეზიდენტიც, თვით „დემოკრატიის შუქურის“ შემოქმედიც, უცხო ქვეყნის გუბერნატორიც და მას ერთ დროს აშშ-ის სახადმინისტრაციის ვარსკვლავბიჭუნასაც უწოდებდნენ, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ სულ მალე მიხეილ სააკაშვილი სულ სხვა რაკურსით გვაჩვენებს თავს.
კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ის ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე ყოველკვირეულ თოქ-შოუს წაიყვანს, ფრიად ამაღელვებული სახელწოდებით – „სხვა უკრაინა“.
აწ უკვე ტელეწამყვანი სააკაშვილი უკრაინის მოსახლეობას ჰპირდება, რომ (მოვიხმობ ციტატას): „ყოველ კვირა ამ გადაცემაში მე ისეთ უკრაინას გაჩვენებთ, რომელსაც არც ერთი არხი არ აშუქებს.“
ამის პარალელურად, ჩვენი მოქმედი პრეზიდენტი „დინამო არენაზე“ საქართველო-ლატვიას შორის ამხანაგურ შეხვედრას არათუ დაესწრო, არამედ საფეხბურთო ფორმაში გამოწყობილმა ფეხბურთელებთან ერთად, თვით მოედანზე საქართველოს ჰიმნიც კი იმღერა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მატჩი ამხანაგური იყო (ანუ მთლად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიც არ წყდებოდა), რთული სათქმელია, რატომ გადაწყვიტა მთავარსარდალმა ქართველი ფეხბურთელების მორალურად აგრერიგად გამხნევება (თუმცა კი წაადგათ).
მეორე მხრივ, ცხადია, რომ მოქმედი მთავარსარდალი ყოფილს კრეატიულობით ჯერჯერობით ჩამორჩება, თუმცა თვალშისაცემია, რომ მოქმედს ყოფილის ცერემონიალმაისტერობის ნიშნები დაეტყო და არაა გამორიცხული, სასახლის გავლენაც იყოს. –