ვინ ატირა უკრაინული „ახალი ხმის“ კონკურსზე ნინი ცნობილაძე და რის გამო მოახსნევინეს მას უკრაინულ „ახალ ხმაში“ ჯვარი #13
23 წლის ნინი ცნობილაძე საზოგადოებამ, როგორც მომღერალი, კონკურსებიდან გაიცნო და მისი არაბუნებრივი ხმის ტემბრისა და განსხვავებული სასიმღერო შესრულების მანერის გამო შეიყვარა. ამას მოჰყვა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მისი გამოჩენა. პროფესიით ნინი ჟურნალისტია, თუმცა ამ სფეროში, იმდენად წარმატებული ვერ არის, როგორც სცენაზე. ნინი, წელს უკრაინულ „ახალ ხმაში“ ცდის ბედს. რამდენიმე ეტაპი, წარმატებით გაიარა. რინგზე საკმაოდ ძლიერ კონკურსანტს მოუგო და როგორც მისი მენტორი, პოტაპი ამბობს, ნინი ის გამორჩეული, არაორდინარული და განსხვავებული მომღერალია, ვისთვისაც კონკურენცია არ არსებობს.
ნინი ცნობილაძე: საქართველოში ხალხმა კონკურსების წყალობით გამიცნო და ასე თუ ისე, წარმატებულად. ჩემი თავით დიდად კმაყოფილი არ ვარ, რადგან უფრო მეტი მინდა. თუმცა, არც უკმაყოფილო ვარ. შეიძლება, კონკურსებზე არ მიმართლებს, მაგრამ მაინც ამით გავხდი ცნობადი და ამას ვერ უარვყოფ.
– დღეს, უკრაინის „ახალ ხმაში“ იღებ მონაწილეობას. როგორ ფიქრობ, გაქვს შანსი, უკრაინელი ხალხის სიყვარული დაიმსახურო და ამ კონკურსის გამარჯვებული გახდე?
– იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში არაფერი ხდება, გადავწყვიტე, ბედი სხვაგან მეცადა. დიდად არც უკრაინა მინდოდა, რადგან მიმაჩნია, იქაც არ არის იმ დონეზე განვითარებული შოუ-ბიზნესი, როგორც ბრიტანეთში ან ამერიკაში. მაგრამ, ჩემთვის ერთ-ერთი ხელმისაწვდომი ქვეყანაა. სხვათა შორის, საკმაოდ კარგი მომღერლები ჰყავთ. საერთაშორისო კონკურსის დონის გამოვიდა წლევანდელი უკრაინული „ახალი ხმა.“ უცხო ქვეყნის უამრავი მომღერალი სცდიდა ბედს. მე გამიმართლა. როგორც ამბობენ, წელს ყველაზე გამორჩეული და კარგი სეზონიაო. არავის ურჩევია, უბრალოდ, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეცადა ბედი. შესაძლოა, ეს ერთგვარი მოთელვა იყოს, რომ შემდეგ, მეტ წარმატებას მივაღწიო დიდ სცენაზე. რაც შეეხება შანსს, ვფიქრობ, საკმაოდ მაღალი მაქვს, ისე არც გავიდოდი კონკურსზე. იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ქართველი, შესაძლოა, ამან გამარჯვებაში ხელი შემიშალოს. თუმცა, ჯერჯერობით, უკრაინელი ხალხისგან სითბოსა და სიყვარულის გარდა, არაფერი მიმიღია. მიუხედავად ამისა, როცა ვიდეოები იდება სოციალურ ქსელში, ასეთ კომენტარებს წერენ: რა უნდა უკრაინაში, რატომ საქართველოში არ მღერისო (იცინის). ეს ბუნებრივი რეაქციაა და მესმის მათიც. მე ბოლომდე ვეცდები ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო და დავამტკიცო, რომ გამარჯვების ღირსი ვარ.
– ბევრმა ქართველმა მომღერალმა სცადა ბედი უკრაინულ კონკურზე და ჟიურის კეთილგანწყობაც დაიმსახურა. ამბობენ, რომ მართლაც გამორჩეულები ვართ. როგორ გგონია, ქართველს რა შანსი აქვს, გახდეს უკრაინის „ახალი ხმა“?
– ამბობენ, გამორჩეულები ხართ ქართველებიო (იცინის). სხვათა შორის, ქართულ კონკურსებზე ბევრად უფრო მომწონდნენ კონკურსანტები, ვიდრე – უკრაინაში. ეტყობა, გენეტიკურია და ქართველებს კოდში გვაქვს ჩადებული ცეკვა-სიმღერის ნიჭი. მართლა გამოვირჩევით სხვა კონკურსანტებისგან ქართველები. ზოგადად, უკრაინელებს ქართველები ძალიან უყვართ და სცენაზე მათ გამოსვლასაც დიდი ყურადღებით ელოდებიან. ოჯახი ჩემი დიდი გულშემატკივარია და ძალიან განიცდიან. დღეში რამდენჯერ უსმენენ ჩემს გამოსვლას, ვერ გეტყვით (იცინის). რადგან მონაწილეობ, უფლება გაქვს, გაიმარჯვო. დანარჩენი ხალხზეა დამოკიდებული. მე პოტაპის გუნდში ვარ. სხვათა შორის, განსაკუთრებულად იჩენს ჩემ მიმართ ყურადღებას. უფრო პატივისცემით მეპყრობა და კომპლიმენტებს არ იშურებს. მისი ქუდი მოვიზომე, დამინახა და მითხრა: ვა, როგორ გიხდება, ეს უნდა გაჩუქოო და არ დაენანა, მაჩუქა (იცინის).
– მართალია, რომ მისგან შემოთავაზებაც მიიღე?
– კი, ალბომის ჩაწერა შემომთავაზა. თავისი სტუდია აქვს უკრაინაში და ერთ-ერთ რეპეტიციაზე მითხრა, დუეტი რომ ჩავწეროთ, უკვე დროაო. ვნახოთ, გეგმებს არ ვაწყობ, მაგრამ ასეთი წინადადებები უკვე კარგია ჩემთვის. პიროვნულადაც კარგი ადამიანია. რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, იუმორის გრძნობა აქვს (იცინის). ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, ვნახოთ.
– რომ შემოგთავაზონ უკრაინაში დარჩენა და კარიერის იქ გაგრძელება, დათანხმდები?
– გააჩნია, რას შემომთავაზებენ. რასაკვირველია, თანახმა ვარ, თუ გემოვნებიან მუსიკას გავაკეთებ და არ იქნება რუსული შოუ-ბიზნესის გავლენა. დავთანხმდები და გავაკეთებ რაღაცეებს უკრაინაში, რატომაც არა...
– რამდენი ტური გაიარე და ქართულ სიმღერას თუ იმღერებ? ამ მხრივ შეზღუდვები ხომ არ არის?
– ორი ტური წარმატებით გავიარე და ახლა იწყება ნოკაუტი და შემდეგ, პირდაპირი ეთერები. იმდენი კონკურსი მაქვს გამოვლილი, არც ამის მეშინია. მივეჩვიე და იმუნიტეტი გამოვიმუშავე ამ მხრივ. მაგრამ, მაინც ვღელავ სცენაზე გასვლის წინ. ამ ტურში უკრაინულ სიმღერას ვმღერი და ძალიან საპასუხიმგებლო მისიაა. ნელ-ნელა ვსწავლობ უკრაინულს (იცინის). რაც შეეხება ქართულ სიმღერას, შემდეგ ტურებში აუცილებლად ვიმღერებ. მინდა, ჩემს ქვეყანასაც ვასიამოვნო. რინგზე რომ ვიმღერეთ მე და ჩემმა კონკურენტმა კონკურსანტმა და მე გადამიყვანა შემდეგ ტურში პოტაპმა, ვიტირე... იმის გამო კი არა, შემდეგ ტურში რომ გადავედი და გავიმარჯვე – ის რომ დამარცხდა, იმიტომ. სულ ასე ხდება. მაინცადამაინც იმ ადამიანს ვუახლოვდები, ვინც ჩემს გუნდშია და ვის გვერდითაც მაყენებენ. ბედის ამბავია, ალბათ. მართლა კარგი გოგო იყო ჩემი მეწყვილე ელვირა. ასე რომ, გამამარჯვებინეს, მაგრამ მატირეს (იცინის). ეს კონკურსი ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. უპირველესად, მომენატრა სცენა და ამიტომ მივიღე მონაწილეობა. მეორე, როგორც მომღერალი, გამოცდილებას ვიძენ და ვიზრდები. ეს მეხმარება, შემდეგში განვვითარდე და ერთ ადგილზე არ დავრჩე, ანუ ჩემი თავით კმაყოფილი არ ვიყო. ამაში ფინანსური დაინტერესებაც არის. სწავლის დაფინანსება ნამდვილად არ მაწყენს (იცინის).
– უცხოეთის კონკურსებზე მომღერლებს სტილს ურჩევენ. ამ მხრივ რაიმე კორექტივები თუ შეიტანეს შენში?
– კი, პროდიუსერებმა შემომთავაზეს სტილის შეცვლა, მაგრამ არ დავთანხმდი. მე მყარად ვიცავ ჩემს პოზიციებს და ვერავინ გადამიბირებს (იცინის). ჩემს პროტესტს ვერ შეეწინააღმდეგებიან, რადგან სანამ კონტრაქტს ხელი მოვაწერე, კარგად გავეცანი ჩემს უფლებებს. ამიტომ, ყველაფერზე თავს ვერ დავუხრი და ვერ დავთანხმდები. ესეც ქართული გენეტიკაა (იცინის). ჯვარს ყოველთვის თან ვატარებ, არ ვიხსნი. მაგრამ, ერთ-ერთ ტურზე მომახსნევინეს. ხანდახან ასეც ხდება.
– ერთ-ერთი გამოსვლისას, ჟიურიმ ასე შეგაფასა: ნინის ხმა და შესახედაობა, აბსოლუტურად შეუთავსებელიაო. ხომ არ გეწყინა?
– დიახ, ასე თქვეს (იცინის). არც გამკვირვებია, რადგან მსგავს რამეებს ბავშვობიდან ვარ მიჩვეული. ტელეფონით რომ ვსაუბრობ, ყველას დიდი ქალი ვგონივარ და პირადად რომ შემხვდებიან – უი, რა პატარა გოგო ყოფილხარო. ჩემი ვიზუალი და ხმა, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება. ჩემი ხმა წლოვანებას მმატებს, ოცი წლით უფროსი ვჩანვარ. თუ სასმლის ყიდვა მინდა, ასაკს მეკითებიან, ჰგონიათ პატარა ვარ და პირადობას მთხოვენ (იცინის).
– პროფესიით ჟურნალისტი ხარ. ამ მხრივ არ გინდა, მომავალი დაგეგმო?
– დიახ, პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ვმუშაობდი რადიოში. გეგმები მქონდა, მაგრამ მივხვდი, ჟურნალისტობა ჩემი საქმე არ არის. ამიტომ, დიდი სურვილი არ მაქვს ამ მხრივ განვვითარდე. ამერიკაში მინდა, სასწავლებლად წასვლა და იმედია, ამ ოცნებას ავიხდენ. რთულია, იქ წარმატების მიღწევა, მაგრამ ცდას წინ არაფერი უდგას.