რაზე მისცა კურთხევა მისმა უწმიდესობამ რაჯ კაპურის შვილს, რიში კაპურს და რატომ გადაირია ცნობილი ინდოელი მსახიობი #13
ირაკლი მაქაცარიას, რომელიც ფართო საზოგადოებამ უკრაინული პროექტიდან, Õîëîñòÿê-იდან გაიცნო, უკვე რამდენიმე წელია თავისი კომპანია Maq Entertainment აქვს. ის, ძირითადად, უცხოურ პროექტებზეა ორიენტირებული – ფილმებზე, კლიპებზე, რეკლამებზე. ის აქტიურად თანამშრომლობს ინდოეთთან და საქართველოში ჩამოჰყავს პროდიუსერები, რეჟისორები – მათ არა მხოლოდ ქართული ლოკაციებით აინტერესებს, არამედ ქართულ კულტურას, ტრადიციებს აცნობს. ცოტა ხნის წინ მისმა კომპანიამ ცნობილი ინდოელი მსახიობის, რაჯ კაპურის შვილი, ასევე ცნობილი მსახიობი – რიში კაპური ჩამოიყვანა, რომელსაც იგივე გზა გაატარეს, მამამისმა 57 წლის წინ, საქართველოში სტუმრობისას რომ გაიარა.
ირაკლი მაქაცარია: ჩემი საქმიანობაა ფილმების წარმოება, ძირითადი ბაზარი, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, ინდოეთია. ხშირად ჩამოგვყავს ცნობილი ადამიანები. შარშან ჩამოვიყვანეთ ჰემა მალინი, რომელიც „ზიტა და გიტაში“ თამაშობდა. ახლა გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყვანა ლეგენდარული მსახიობის, რაჯ კაპურის შვილი. რაჯ კაპური მთელ მსოფლიოში ინდური კინოს მამადაა ცნობილი. ინდოეთში არის რაჯ კაპურის სტუდია, რომლის მფლობელი და ხელმძღვანელი, მისი შვილი, რიშ კაპურია – არანაკლებ ცნობილი და ლეგენდარული მსახიობი. მას ბევრი წარმატებული როლი აქვს შესრულებული. დაახლოებით, 160 ფილმშია გადაღებული. გარდა იმისა, რომ ვცდილობთ, საქართველო წარმოვაჩინოთ, როგორც საინტერესო ლოკაცია, პლატფორმა ფილმების, რეკლამების, კლიპების გადასაღებად; ჩემი მთავარი მისიაა საქართველოს პოპულარიზაცია საინტერესო ტურისტული მიმართულებით. რიში კაპურს ჰყავს გულშემატკივრების არმია. მის სიტყვას, რჩევას, გამოხმაურებას ამა თუ იმ საკითხზე, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე. ჩემი პარტნიორის, ინდური კინოს, კულტურის მცოდნე, დავით ბეჟიტაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ მოხერხდა რიში კაპურის საქართველოში ჩამოყვანა. 57 წლის წინ საქართველოში იმყოფებოდა რაჯ კაპური, რომელსაც იმდროინდელი მაღალჩინოსნები და ცნობილი სახეები შეხვდნენ. ჩვენი მთავარი მიზანი ისიც იყო, რომ მის შვილსაც იგივე გზა გაევლო.
– მან თუ იცოდა მამისგან საქართველოს შესახებ რაიმე?
– ჩვენ გავუგზავნეთ დოკუმენტური მასალა – საქართველოში მამამისის ვიზიტის დროს გადაღებული 47-წუთიანი ფილმი. ანუ, მას ინფორმაცია, ძირითადად, ამ წყაროებიდან ჰქონდა. ახლა ისეთივე ფილმს ვაკეთებთ მასზეც. ვიზიტი გამოვიდა როგორც კულტურული, ასევე საქმიანი. გვყავდა პატრიარქთან, შევახვედრეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, კულტურის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტს, კინოცენტრს და ყველამ გამოხატა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისთვის.
– რა იყო მისთვის ყველაზე ემოციური მომენტი?
– როდესაც მთაწმინდაზე ავიყვანეთ, მას ვაჩვენეთ კონკრეტული ადგილი, სადაც მამამისს ჰქონდა ფოტო გადაღებული. ვთხოვეთ, იქ დამდგარიყო და, იგივე პოზა მიეღო – გადავიღეთ იდენტური ფოტო. რა თქმა უნდა, ძალიან ემოციური იყო, პატრიარქთან შეხვედრა. ჩვენც და მასაც დიდი სურვილი ჰქონდა, ეს შეხვედრა შემდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი სახარბიელო, როგორც გვინდა, მაგრამ დათო ოქიტაშვილის დახმარებით, გამონაკლისი გაკეთდა. როგორც ვიცი, ამჟამად მასთან ოფიციალური შეხვედრები არ ხდება, მაგრამ ჩვენ მიგვიღო საპატრიარქოში. ძალიან თბილი და ემოციური შეხვედრა იყო, ისეთი, რომელიც, ალბათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვება. უწმიდესმა გამოხატა სიხარული, დადებითი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რიში რაჯ კაპურის შვილია. მას უთხრა, რომ ქართული და ინდური კულტურის ღირებულებები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და ინდურ კინოს დადებითი ეფექტი ჰქონდა საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდობაზეო. რიში კაპურს პატარა ბავშვივით ჰქონდა თვალები ანთებული, როდესაც პატრიარქთან იჯდა. იგრძნობოდა, რომ ეს მისთვის უდიდესი ბედნიერება იყო, ისევე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ვინც იქ ვიყავით. უნიკალური რამ უთხრა მისმა უწმიდესმა რიში კაპურს. მოგვასმენინა თავისი დაწერილი „ავე მარია“, მართლაც არაამქვეყნიური. შემდეგ მას გადასცა საგალობლების კრებული, დისკი და მისცა კურთხევა: თუ რიში კაპურს რომელიმე საგალობელი მოეწონებოდა, თავის ფილმში გამოეყენებინა.
– რა მოეწონა ქართული სამზარეულოდან განსაკუთრებულად?
– ჭაჭამ გადაიყვანა ჭკუიდან. საჩუქრადაც გადავეცით. დავაგემოვნებინეთ ღვინო, ქართული სამზარეულო. გაგიჟდა კალმახზე და მისი უსაყვარლესი კერძი გახდა. ყველა კვებაზე ითხოვდა. ყოველ ჯერზე თავის ტვიტერში დებდა ფოტოებს და წერდა: „ეს რა ქვეყანა ყოფილა, რა ხალხი, სასწაული!” კიდევ ერთი კეთილგანწყობილი, გავლენიანი ადამიანი, საქართველოს დატოვების შემდეგ, დაიწყებს მის გაპიარებს, რაც იყო კიდეც ჩვენი მიზანი.
– რაც შეგეხება შენ, აპირებ როგორც მსახიობმა მოსინჯო ძალები? მახსოვს, ამაზე ადრე იყო საუბარი.
– ზაფხულში უკრაინაში დავიწყებთ ქართულ-უკრაინული ფილმის გადაღებას, სადაც ჩემი, როგორც მსახიობის, დებიუტი შედგება. ჩემს ისტორიებს რომ ვიხსენებდი, იმდენი იყო, რომ მე და ჩემმა პარტნიორმა ვთქვით: მოდი, ფილმი ხომ არ გადავიღოთო. ეს არ იქნება ერთი ერთში ჩემი ცხოვრების ისტორია, მაგრამ იქნება გარკვეული ემოციები, რაც გადამხდენია და რეალურია. სიყვარულის ისტორია თავისი იუმორით. ბიჭი, რომელიც განებივრებულია მანდილოსნების ყურადღებით, დიდად არ არის გრძნობებისა და სიყვარულის მოტრფიალე. გოგონას კი, რომელიც ბევრად უფრო რომანტიკულია, სჯერა ნამდვილი სიყვარულის, გრძნობების.
– ბოლოს და ბოლოს, გახდი მილიონერი?
– მაგას ჯერ ვერ ვიტყვი.
– შენი და ალიონას ამბავი დასრულდა.
– 2-3 თვის წინ მივხვდით, რომ ჩვენი ურთიერთობა რეალურად ამოიწურა, ვეღარ ვეწყობოდით. გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ, მაგრამ ალიონამ ცოტა ბავშვური წყენა გამოიყენა, წინასწარ დაწერა: ვშორდებითო. ხომ არ დავიწყებ მიმოწერის გამოქვეყნებას, ასე არ დავწვრილმანდები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც დავასრულეთ ურთიერთობა.
– თქვენს დაშორებას მოჰყვა კრიტიკა?
– კრიტიკა და ქება ყოველთვის იყო. მე მყავს გულშემატკივარი, რომელიც მამხნევებს, დადებით ტალღაზე მაყენებს. თუმცა, არიან ისეთებიც, ნეგატიურად რომ ლაპარაკობენ ჩემზე. მე არ ვარ ასდოლარიანი კუპიურა, რომ ყველას მოვწონდე და ამაშიც გასაკვირი არაფერია. უკვე შეჩვეული ვარ. სატელევიზიო სახე რომ ხდები, მერე ეს ყველაფერი მზითევში მოგყვება.
– არავისთან გაქვს ახლა სერიოზული ურთიერთობა?
– არ არსებობს კონკრეტული გოგო, ვისთანაც ურთიერთობის დაწყების პერსპექტივა მექნებოდა. თან, ამ ყველაფრით იმდენად დავიტვირთე, ხელს შეუშლიდა სრულყოფილ ურთიერთობას.
– ახლა რადგან თავისუფალი ხარ, გოგონებიც გააქტიურდებოდნენ.
– გააქტიურება შეინიშნება არა მხოლოდ უკრაინაში, საქართველოშიც. სხვათა შორის, რუსეთიდანაც ბევრი იწერება. მადლობის წერილიც ბევრია: ქართველები ასეთი გულწრფელები ხართ, სხვა აღზრდა გაქვთო. მე მიხარია, რადგან მათი დამოკიდებულება ვრცელდება არა მარტო ჩემზე, არამედ მთელ ქვეყანაზე.
– რაიმე მოთხოვნები გაქვს ქალების მიმართ?
– რა მოთხოვნები უნდა მქონდეს? მე არ მინდა, ვინმე იყოს ჩემზე მორგებული. გამორიცხულია, იდეალურ ვარიანტს ეძებდე, რადგან მეც შორს ვარ იდეალურობისგან. ბევრი მინუსი მაქვს, ისევე, როგორც დადებითი მხარეები. ოჯახი ფიზიკურობას არ ეფუძნება. მნიშვნელოვნია, იგრძნო ადამიანის სიახლოვე, გიჩნდებოდეს მასთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი. დროთა განმავლობაში გრძნობები უნდა გაჩნდეს და თვითონ იგრძნობ, რომ მის გარეშე ყოფნა გიჭირს. ერთი ნახვით შემყვარებელი ტიპი არასდროს ვყოფილვარ, რომ შევეხდო და ყურებამდე შემიყვარდეს.