მოღალატე ცოლისა და ქმრის გასაიდუმლოებული კავშირი ქალების დაჭრითა და მამაკაცების დაკავებით დასრულდა #13
მოღალატე ქმარსა და მის საყვარელზე ცოლმა შური იმით იძია, რომ ქალს თავზე ქმარი ინტიმური ურთიერთობის დროს დააყენა. ქმარმა ნუგზარ კ-მ ცოლს, ნათია კ-ს დანით ორი ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაული მან აფექტში ჩაიდინა, თუმცა ამის გამო პატიმრობიდან არ გაათავისუფლეს. მას სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ციხეში ასევე, აღმოჩნდა მერაბ ფ, ნათია კ-ს საყვარელი მამაკაცი., რომელიც მოგვიანებით, ასევე, ცოლის სხეულის დაზიანებისთვის დააკავეს და გაასამართლეს. აღსანიშნავია, რომ ციხეში მერაბ ფ. ცოლის, ნანა ფ-ს გამო მოხვდა, რადგან შეიტყო, რომ საყვარლის ქმართან სწორედ მან „ჩაუშვა”. ამის გამო მან ქალი სასტიკად სცემა. რკინის ნაჭრით თავი გაუხეთქა და მძიმე დაზიანებები მიაყენა, რისთვისაც ექვს წელს ციხეში გაატარებს.
ამ ისტორიას ორი ქალისთვის მიყენებული სხეულის დაზიანებები მოჰყვა, რის გამოც ციხეში აღმოჩნდა ორი მამაკაცი – დაზარალებული ქალების ქმრები. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ნუგზარ კ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის მკვლელობა განიზრახა, რაც სისრულეში, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოიყვანა. გამოძიების მასალებით, ქმარმა იცოდა, რომ ცოლს საყვარელი ჰყავდა, სისტემატურად უთვალთვალებდა და მასზე შურისსაძიებლად ხელსაყრელ მომენტს ეძებდა.
„11 ივნისს, ღამის დაახლოებით 2 საათზე, დაფარული ნომრიდან ნუგზარ კ-ს უცნობმა ქალმა ტელეფონით იმ ბინის მისამართი შეატყობინა, სადაც მისი მტკიცებით, ნათია კ. საყვარელთან ერთად იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ უცნობი დაფარული ნომრით რეკავდა, ქალმა გააფრთხილა, სატელეფონო ზარის შესახებ არაფერი ეთქვა და ურჩია, მის მიერ მითითებულ მისამართზე წასულიყო და მისი სიტყვების სიმართლეში დარწმუნდებოდა. ვინაიდან ნუგზარ კ. ცოლზე ეჭვიანობდა, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მითითებულ, კერძოდ, მისი სიმამრ-სიდედრის ბინაში მივიდა, სადაც ცოლი უცხო მამაკაცთან ერთად ინტიმურ ურთიერთობაში ნახა. ამ ფაქტით აღშფოთებულმა ცოლს ფეხში ორი ჭრილობა მიაყენა, რაც შეეხება ნახევრად შიშველ მის საყვარელს, მან გაქცევა აივნიდან შეძლო,” – ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში, რის გამოც ქმარს მკვლელობის მცდელობის მუხლი წაუყენეს. ვერსიას, რომ ქმარი ცოლს განზრახ კლავდა, მოღალატე ცოლის, ნათია კ-ს სამი ადვოკატი ავითარებდა. ადვოკატები ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზეც, თითქოს ქმარს ნათია არ უყვარდა. შესაბამისად, მას საერთოდ არ აინტერესებდა მის ცოლს საყვარელი ჰყავდა თუ არა. მას მხოლოდ ცოლის ქონება აინტერესებდა და თავის დროზეც ამიტომ მოიყვანა ცოლად.
გამოძიების დროს ნუგზარი კ-ს სასარგებლოდ ჩვენება მისცა მისი ცოლის საყვარლის ცოლმა, ანუ ნანა ფ-მ. მან დაადასტურა, რომ ოჯახი ნათია კ-ს გამო დაენგრა. რა გზებით მოახერხა, ძნელი სათქმელია, მაგრამ მან სასამართლოს წარმოუდგინა ქმრისა და მისი საყვარლის ტექსტური შემტყობინებები. იქიდან კი ნათლად ჩანდა, რომ ნათია და ნუგზარი დიდი ხნის საყვარლები იყვნენ და მეუღლე არცერთს არ უყვარდა. ასევე, ტექსტური შეტყობინებებით ირკვევა, რომ ნათია მერაბს ცოლთან გაყრას და მის ცოლად მოყვანას სთხოვდა, რაზეც დაიყოლია კიდეც. თუმცა, თავად ქმარს არ გასცილდა, რის გამოც საყვარლებს შორის უთანხმოება იყო.
ორი დანგრეული ოჯახი
საყვარლებმა, მერაბმა და ნათიამ ერთმანეთი საერთო ნაცნობის დაბადების დღეზე გაიცნეს. ქალმა უთხრა, რომ მას მხოლოდ შვილი ჰყავდა. მერაბის ჩვენების თანახმად, ქალი იმდენად მოეწონა, მანაც დაუმალა, რომ ცოლიანი იყო. მათ შორის ინტიმური კავშირი იმავე ღამეს შედგა, რის შემდეგაც ტელეფონის ნომრები გაცვალეს და დათქვეს, რომ ერთმანეთს დაუკავშირდებოდნენ.
მერაბ ფ-ს ჩვენებიდან: „ნათია მეორე დღეს უკვე აღარ მახსოვდა, მან დაახლოებით ოთხი დღის შემდეგ დამირეკა და თავი შემახსენა. ცოლთან ერთად ჩემს ცოლისძმასთან ვიყავი და ჩვენი საუბარი ვინმეს რომ არ მოესმინა, გარეთ გამოვედი. ნათია შეხვედრას მთხოვდა. ვუთხარი, რომ ცარიელი ბინა არ მქონდა შეხვედრისთვის, მაგრამ სიცილით მითხრა, შემხვდი და დანარჩენზე მე ვიზრუნებო. ვინაიდან იმ დღეს ცოლი ძმასთან რჩებოდა, ნათიას გადავურეკე და შეხვედრა დავუთქვი. თავიდანვე შევთანხმდით, რომ მანქანით ნათია იქნებოდა, გასვლამდე ცოლს დავუბარე, რომ გვიან მოვიდოდი და სახლიდან ფეხით გავედი. მანქანაში რომ ჩავჯექი, ნათია კიდევ უფრო მომეწონა. ბარში წავედით. რადგან ნათია საჭესთან იჯდა, ვთხოვდი, არ დაელია, მაგრამ არ დამიჯერა. გვიან საღამოს ვიღაცის სახლში ამიყვანა. მითხრა, რომ სახლი მისი იყო. იმ ღამეს მივხვდი, რომ ეს ქალი ძალიან მიზიდავდა და ღამე მასთან დავრჩი. არანაირი საფუძველი არ მქონდა, მეფიქრა, რომ ნათიას ქმარი ჰყავდა. ასე რომ ყოფილიყო, მასთან ურთიერთობას არ გავაგრძელებდი,” – აცხადებს მერაბ ფ. საკუთარ ჩვენებაში, საიდანაც ირკვევა, რომ ნათიასთან ურთიერთობა იმდენად მოეწონა, ღამეებს მასთან ათევდა, რის გამოც მეუღლესთან ურთიერთობა გაუფუჭდა. თუმცა, ჩვენებაშივე ამბობს, რომ ბოლოს ნათიას გარეშე აღარ შეეძლო და ცოლთან გაყრა გადაწყვიტა. პირველი ეტაპზე ის მშობლების ბინაში დაბრუნდა, ცოლთან გაყრას კი მალე ოფიციალურადაც აპირებდა. თუმცა, ბოლო მომენტში გაიგო, რომ ნათიას ქმარი ჰყავდა, რაც მისთვის სრული შოკი აღმოჩნდა.
საქმის მასალებით, დაკეტილი ბინა, რომელშიც საყვარლები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ნამდვილად ნათიას მშობლებს ეკუთვნოდა. იქ ყველაზე ხშირად ნათია მიდიოდა, რადგან პროფესიით მხატვარი, ძირითადად, იქ მუშაობდა. ამიტომ, ყველამ იცოდა, რომ ნათია იქ სისტემატურად იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ქმარს მასში ეჭვი არ შეჰპარვია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბინის გასაღები ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა და სწორედ ამიტომ მოხდა, რომ, როდესაც ნათიას ქმარი ბინაში მივიდა, კარი უპრობლემოდ გააღო... აღსანიშნავია, რომ დაჭრილი ნათია კ. საავადმყოფოში ქმარმა წაიყვანა, სადაც დააკავეს კიდეც. ჭრილობები, რომელიც მან ცოლს მიაყენა, დაზიანების მძიმე ხარისხს მიეკუთვნებოდა...
რაც შეეხება ნანა ფ-ს, მისი ჩვენების თანახმად, მან ქმარს შეატყო, რომ მის მიმართ შეიცვალა და მიზეზს ვერ პოულობდა. ამის შესახებ, მერაბ ფ-ს ჰკითხა, მაგრამ პასუხად მიიღო, რომ მიზეზი არ არსებობდა, უბრალოდ, სხვა უყვარდა, რასაც ნანას თქმით, ისედაც ხვდებოდა. ქმარს მუდამ ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას ემესიჯებოდა, ხშირად ღამესაც სახლში არ ათევდა. თუმცა, მისგან მალულად, საკუთარ ტელეფონზე ქმრის ტექსტური შეტყობინებების გამოგზავნა შეძლო. ნანა არ მალავდა, რომ ნათიას ძებნა დაიწყო და მის შესახებ ყველა ინფორმაცია მოაგროვა. კერძოდ, ის, რომ ქმარი ჰყავდა და როგორც მასზე, ასევე საკუთარ ქმარზეც შურისძიება გადაწყვიტა. რადგან საყვარლების შეხვედრის ადგილი იცოდა, მან ნათიას ქმარს დაურეკა და ცოლის ადგილსამყოფელი მიასწავლა.
ნანას ჩვენების თანახმად, იმ ღამეს, სახლში დაბრუნებულმა მერაბმა პატიება სთხოვა. არწმუნებდა, რომ უყვარდა და სთხოვდა, მისთვის გაეგო. ნანას თქმით, მიხვდა, რომ ცუდ დღეში იყო და მის გამოყენებას ცდილობდა, საქმიდან „მშრალი რომ ამოსულიყო”. ამიტომ, მას პირდაპირ უთხრა, რომ საყვარლების ადგილსამყოფელი ნათიას ქმარს მან შეატყობინა. ამის გამო კი მან ცოლი სასტიკად სცემა. თავის არეში მიაყენა მძიმე დაზიანება, რის გამოც, ის საყვარლის ქმრის მსგავსად, საპატიმროში აღმოჩნდა, თუმცა მისგან განსხვავებით – 6 წლით.