კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეშმაკის ბილიკი #13

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-12(847)

 გრიგოლ ბეჟუაშვილთან საუბრის შემდეგ, ზურაბ გიგაურის გეგმას აპოლონ ხვიჩიას მონახულება და მასთან საუბარიც დაემატა. მატარებლის გამცილებლის დაჟინებული მტკიცების მიუხედავად, რომ მან ვარლამ კოვზირიძე 1947 წლის 2 თებერვალს ნახა, ეს ბოლომდე მაინც არ სჯეროდა. კონტრმზვერავი მაიორის ვერსიით, კოვზირიძე ცოლ-ქმარმა მოროზოვებმა მოკლეს. ზურაბი ფიქრობდა, რომ კოვზირიძემ ცოლ-ქმარს გორში, მაგდა კოკინაშვილის ბინაში გაუკეთა პლასტიკური ოპერაცია, ხოლო, როდესაც მათ ჭრილობები მოიშუშეს, ექიმი მოკლეს, მიაყოლეს ოთხმოცი წლის დიასახლისიც და კვალის დაფარვის მიზნით, საცხოვრებელიც გადაწვეს. შემდეგ კი გორიდან გაემგზავრნენ. მართალია, ისეც შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ ვარლამ კოვზირიძეს დაეხოცა ცოლ-ქმარი, რაღაც მიზეზის გამო, მაგრამ პავლე ევდოკიმოვის მტკიცება, რომ მან შარშან, სოჭში თავისი სახეშეცვლილი და – ალა ევდოკიმოვა-მოროზოვა ნახა, ამ ვერსიას აბათილებდა. „თუკი არც ბეჟუაშვილს ეშლება რამე და პავლე ევდოკიმოვიც მართალია, მაშინ გამოდის, რომ ცოლ-ქმარიც ცოცხალია და პლასტიკური ქირურგიც, რაც, ერთი შეხედვით, ლოგიკაში არ ჯდება“, – ფიქრობდა მაიორი ზურაბ გიგაური.
ახალგაზრდა კონტრმზვერავი თავდაპირველად გორში გაემგზავრა. მოხუცი, ყოფილი მედროგე ანტონ ოქრუაშვილი მოძებნა, გაესაუბრა მას, მაგრამ სკლეროზიანს არაფერი ახსოვდა. შემდეგ გიგაურმა არქივში მაგდა კოკინაშვილის სახლის დაწვასთან დაკავშირებით მილიციის მოკვლევის საქმეც მოძებნა, მაგრამ ვერც იქ მიაგნო რაიმე საინტერესოს. მოკვლევაში იდო ექსპერტთა დასკვნა, რომ ხანძარი სანთლიდან გაჩნდა. ბინაში კი, რომელიც გადაბუგულ-დანახშირებული იყო, ერთი ადამიანის, სავარაუდოდ, მოხუცი მაგდა კოკინაშვილის ცხედარი აღმოჩნდა. ის ასევე დანახშირებული იყო და მისი ამოცნობა-იდენტიფიკაცია არ მოხერხდა. ზურაბი ასევე, ესაუბრა გორის მილიციის მაშინდელ უფროსს, პენსიონერ პოლკოვნიკ იოსებ გაგნიძეს. მან მოხუცი წინასწარ გააფრთხილა, რომ საუბრის ამბავი საიდუმლოდ შეენახა და ცხრამეტი წლის წინანდელი ამბის დაწვრილებით მოყოლა სთხოვა.
– მოსაყოლი არც არაფერია, – თქვა პენსიონერმა პოლკოვნიკმა, – მაგდა მორწმუნე მოხუცი იყო, სანთლებს ანთებდა და „პაჟარი“ გააჩინა, რომელშიც თვითონაც გამოიბუგა.
– თუ სისტემატურად ანთებდა სანთლებს, ადრე რატომ არ გააჩინა ხანძარი. ეს გარემოება თქვენ საეჭვოდ არ გეჩვენებათ? – ჰკითხა მილიციის ყოფილ უფროსს ზურაბ გიგაურმა.
– საეჭვო რა არის?! – მხრები აიჩეჩა იოსებ გაგნიძემ, – კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს და იმ ღამესაც „პაჟარი“ გაჩნდა.
– მარტო ცხოვრობდა მოხუცი ქალი?
– ძირითადად კი, თუმცა, ზოგჯერ სტუმრებიც ჰყავდა.
– ვინ სტუმრები?
– აბა, მე რა ვიცი. ნათესავები.
– ხანძარი რომ მოხდა, მაშინ თუ ჰყავდა ვინმე?
– არა, მაშინ მარტო იყო. სტუმრები წინა დღით წავიდნენ.
– წინა დღით?
– ჰო, წინა დღით. ქალი და კაცი, მე მგონი, მისი დისშვილები იყვნენ თბილისიდან.
– ორნი იყვნენ?
– ჰო. ორნი, ასე მახსოვს.
– იქნებ, ზუსტად გაიხსენოთ ყველაფერი, ბატონო იოსებ?
– ოცი წლის წინ კი არა, გუშინ რა ვჭამე, ის არ მახსოვს, – მხრები აიჩეჩა პენსიონერებმა პოლკოვნიკმა, – მაინც, რატომ დაინტერესდით ამ საქმით?
– სახელმწიფო საიდუმლოებაა, – მოკლედ მოუჭრა გიგაურმა და სანამ წავიდოდა, შეახსენა, – ეს საუბარი ჩვენ შორის უნდა დარჩეს და არავის არაფერი უთხრათ.
პოლკოვნიკმა მაიორი კარამდე მიაცილა და სახლში შებრუნდა. ზურაბი კი მაინც კოკინაშვილის ნასახლარისკენ გაემართა, რომელიც მის მეზობელს ჰქონდა მიერთებული და მასთან გასაუბრება გადაწყვიტა. სამოციოდე წლის ქალმა, რომელიც მარტო იყო სახლში, მაიორი გულთბილად შეიპატიჟა და მისი ვიზიტის მიზეზი რომ გაიგო, თვალებზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და უთხრა:
– ისეთი კარგი, სათნო მოხუცი იყო მაგდა და ასე უბედურად დაიღუპა, საცოდავი. ღმერთმა აცხონოს. მისი სახლ-კარი მისი სიკვდილის შემდეგ შემოვიერთეთ. ნათესავები არ ჰყავდა. პატრონი არ გამოუჩნდა ამ ალაგს და ამიტომ.
– მე მითხრეს, რომ მაგდა კოკინაშვილის დაღუპვამდე ერთი დღით ადრე, მისი დისშვილები, კაცი და ქალი ესტუმრნენო, – უთხრა გიგაურმა ქალს.
– ტყუილია, შვილო, რის დისშვილები. ეგორი და რიტა მისი ქმრის პირველი ცოლის ნათესავები იყვნენ, პეტრე კი – მათი ამხანაგი. მაშინ, შვილო, მე და ჩემი ქმარი რაჭაში ვიყავით და რომ ჩამოვედით, სამივენი იქ დაგვხვდნენ. პეტრე უფრო ადრე წავიდა იქიდან, ეგორი და რიტა კი – წინა ღამით. მეორე დღეს კი საცოდავი მაგდა დაიწვა.
– სამი სტუმარი ჰყავდა მაგდა კოკინაშვილს?
– ჰო, შვილო, სამი. პეტრე, ეგორი და რიტა.
ზურაბ გიგაურმა მასპინძელს ცოლ-ქმარი მოროზოვებისა და ვარლამ კოვზირიძის სურათები დაუდო წინ და უთხრა:
– ამაში თქვენ მიერ დასახელებული ხალხი ხომ არაა?
– ეს ორი უცხოა, – თქვა დიასახლისმა და ცოლ-ქმრის სურათებზე მიუთითა გიგაურს. შემდეგ ვარლამ კოვზირიძის სურათს დააკვირდა და თქვა, – აი ესაა პეტრე, რიტასა და ეგორის ამხანაგი.
„თავს მოვიჭრი, თუ ვარლამმა კოკინაშვილის ბინაში არ გაუკეთა ცოლ-ქმარს პლასტიკური ოპერაცია და ამ ქალმა უკვე სახეშეცვლილი მოროზოვები არ გაიცნო“, – გაიფიქრა გიგაურმა, ქალს კი უთხრა.
– კიდევ რამეს ხომ არ დაამატებთ?
დიასახლისმა მხრები აიჩეჩა და მიუგო:
– აბა, მეტი რა უნდა დავამატო, შვილო. მასე იყო, როგორც გითხარი და მეტი არაფერი.
გიგაური ქალს გამოემშვიდობა და გორიდან ქუთაისში გაემგზავრა, რომ აპოლონ ხვიჩია ენახა, რომელიც, როგორც შეიტყო, ცოცხალი იყო.
***
სამოცდაათ წელს გადაცილებული აპლონ ხვიჩია საშუალო სიმაღლის, ცოცხალთვალება კაცი გახლდათ. მასთან მისული ზურაბ გიგაური ყურადღებით შეათვალიერა და უთხრა:
– აბა, ყმაწვილო, გისმენთ. რა საქმე გაქვთ ჩემთან და აქ რა ქარმა ჩამოგაქროლათ?
მაიორს თეთრ ხალათში გამოწყობილი მასპინძლისთვის მხოლოდ სალამი ჰქონდა ნათქვამი. მასთან შესახვედრად კი, მართლაც რომ, ქარივით მიჰქროდა. გიგაურს გაეღიმა და მიუგო:
– აქ, მართლაც რომ, ქარივით მოვქროდი და მგონი, მოვასწარი კიდეც, მაგრამ თქვენ როგორ მიხვდით?
– სამოცდაცამეტი წლის ვარ, ყმაწვილო და მე თუ ადამიანის გამოცნობა გამიჭირდა, მაშინ ჯობია, გულზე დავიკრიფო ხელები, – თქვა ხვიჩიამ, – თქვენ აქ ჩემი მალამოსთვის არ უნდა იყოთ მოსული და გეტყობათ, სულ სხვა საქმე გაქვთ.
– დიახ. სწორად გამოიცანით, – დაეთანხმა მაიორი ცნობილ მკურნალს.
– გამოვიცანი კი არა და წავიკითხე. ეს შუბლზე გაწერიათ. მილიციიდან ხართ? – თქვა ხვიჩიამ.
– დაახლოებით, – გაეღიმა გიგაურს.
– კაგებედან? – არ დააყოვნა მასპინძელმა. მაიორმა კი უთხრა:
– ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს.
– მასეც იქნება. დაბრძანდით და ბრძანეთ თქვენი სათქმელი, – ხვიჩიამ სავარძელზე მიუთითა სტუმარს და თავად სკამზე დაჯდა.
ზურაბ გიგაური მასპინძლის პირისპირ მოკალათდა და უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, ბატონო აპოლონ, მაგრამ ერთი რაღაც უნდა გკითხოთ.
– ბრძანეთ.
– ბატონო აპოლონ, როგორი მეხსიერება გაქვთ?
– ფოტოგრაფიული, – მოკლედ მოუჭრა გიგაურს ხვიჩიამ.
– შეგიძლიათ, დიდი ხნის წინ ნანახი ადამიანი გაიხსენით?
– უპრობლემოდ, – ჩაეცინა ხვიჩიას.
ზურაბმა მასპინძელს ვარლამ კოვზირიძის სურათი წინ დაუდო და ჰკითხა:
– ეს კაცი თუ გინახავთ ოდესმე?
მასპინძელი ყურადღებით დააკვირდა ფოტოსურათს და გიგაურს უთხრა:
– მიკვირს, ეს ყმაწვილი თავისი ფეხით როგორ მოვიდა მაშინ ჩემთან და, საერთოდ, ცოცხალი როგორ გადარჩა. მას თითქმის მთელი ზურგი დანახშირებული ჰქონდა და რომ გავსინჯე, სასწრაფოდ საავადმყოფოში მისვლა ვურჩიე. სიმართლე გითხრათ, ჩემი მალამოს იმედიც კი არ მქონდა, რადგან უამრავი ნეკროზული ქსოვილი ჰქონდა. მალამო კი მხოლოდ ცოცხალ ქსოვილს კურნავს, თანაც, შეიძლება, ყოველთვის არა. იმან კი ქვა ააგდო, თავი შეუშვირა და მალამოს დაჟინებით მთხოვდა. მეც კარგი კერკეტი კაკალი ვარ და რომ ჩამაჯინდა, სასტიკი უარი ვუთხარი წამლის მიცემაზე.
– მაინც, რატომ მეუბნებით უარსო. – მკითხა იმ ყმაწვილმა.
– იმიტომ, ძამია, რომ ეს მალამო უკვდავების წყალი არაა და რომ არ გიშველის, მწარედ უნდა შემაგინო. მე კი ჩემს პრესტიჟს ვუფრთხილდები. განახა ერთი, რას გიგავს ზურგი. კანი კი არა, ნახშირი გაქვს მანდ და ჯერ დაამუშავებინე ექიმს. ეგ ნახშირები ჩამოაჭრევინე და მერე მოდი ჩემთან, – ავუხსენი ჯიუტ პაციენტს.
– კი ბატონო, მასე ვიზამ, მაგრამ თქვენი მალამო მაინც ხომ დამჭირდება და აქეთ-იქით რომ არ ვირბინო, გამატანეთ თქვენი წამალი, – მითხრა მან.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მალამო მაინც მივეცი იმ ჯიუტს. თუმცა, ეჭვი მეპარებოდა, რამეში გამოდგომოდა. რომ ვკითხე – ასე სად დაიწვი-მეთქი, მითხრა, – მეძინა, ოდაში ხანძარი გაჩნდა და იატაკიანად სარდაფში ჩავვარდი. მართალია, გათიშული ვიყავი, მაგრამ დიდი კასრიდან დაღვრილმა წყალმა გამომაფხიზლა. რის ვაი-ვაგლახით წამოვდექი და იქაურობას გამოვერიდეო. მართლაც, ზურგზე მას წყლისა და ცეცხლის სპეციფიკური კვალი აჩნდა. არ ტყუოდა და სიმართლეს ამბობდა. თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვარ, ჩემი მალამო მას ვერ უშველიდა. თუ ახლაც ცოცხალია, აუცილებლად ინვალიდი იქნება, ხერხემლის პრობლემებით.
– ბატონო აპოლონ, დამწვრობა თქვენთან მოსვლამდე რამდენი ხნით ადრე მიიღო, ხომ არ გიკითხავთ?
– ამას რა კითხვა უნდოდა. ეს ხომ ისედაც ნათელი იყო. სულ რაღაც ოთხი დღით ადრე და მანაც ასე მითხრა. სამეგრელოდან ვარ, ზუგდიდიდან და იქ დამემართა ეს უბედურებაო, – ასე ამიხსნა მან. მე კი იმანაც გამაკვირვა, რომ მარტო მოვიდა ჩემთან. რომ დავინტერესდი, რატომ-მეთქი, მიპასუხა: ყველას თავისი გასჭირვებია, ჩემთვის არავის ცხელა. თანაც არავის შეწუხება არ მინდოდა და მარტო ამიტომ მოვედიო. ერთი სიტყვით, წაიღო ორი სრული კურსის მალამო და წავიდა.
– მას მერე არსად შეხვედრიხართ? – ჰკითხა მაიორმა ხვიჩიას.
– არა, ბატონო, არსად. მე იშვიათად ვტოვებ ქუთაისს. ქალაქში კი გავდივარ ხოლმე, მაგრამ ეგ უბედური ზურგდანახშირებული მეტი აღარ მინახავს.
– გახსოვთ, ალბათ, როდის იყო ის კაცი თქვენთან.
– ზუსტად ცხრამეტი წლის წინ. აპრილის ბოლოს, – უთხრა ხვიჩიამ გიგაურს.
– იმ კაცის სახელი და გვარი ხომ არ იცით?
– არა, ყმაწვილო, არ ვიცი. არც მას უთქვამს და არც მე მიკითხავს, რადგან ისე ვიყავი გაოცებული მისი მდგომარეობით, რომ კითხვა დამავიწყდა, – მიუგო ხვიჩიამ გიგაურს და დააყოლა:
– ახლა, შეიძლება, მე გკითხოთ?
– ბრძანეთ, ბატონო აპოლონ.
– ბოდიში, თქვენი სახელი?
– ზურაბი, – მიუგო მაიორმა.
– ჩემო ზურაბ, ამდენი წლის წინანდელმა ამბავმა ახლა რატომ დაგაინტერესათ?
– ოღონდ ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს.
– ხომ შეგპირდით უკვე.
– რატომ, ბატონო აპოლონ და ერთ ძველ საქმეს ვიძიებთ, რომელშიც ხანძრის ეპიზოდი ფიგურირებს და ამ კაცზე გავედით. შევიტყვეთ ისიც, რომ ის, სავარაუდოდ,  თქვენთანაც იყო და ამიტომ გეახელით ასეთი კითხვებით, – არაფრის მთქმელად მიუგო მაიორმა ხვიჩიას.
მრავალნაცად აპოლონ ხვიჩიას არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ მაიორი მას სიმართლეს უმალავდა, მაგრამ აღარ ჩასძიებია, ღიმილით უთხრა:
– კეთილი, ბატონო, გასაგებია. ამ საუბრის შესახებ კი არავის არაფერს ვეტყვი.
არც ზურაბ გიგაურს გაუჭირდა იმისი გამოცნობა, რომ მასპინძელმა მას არ დაუჯერა. ხვიჩიას წითელი წიგნაკი გაუხსნელად უჩვენა და უთხრა:
– მე კონტრდაზვერვის მაიორი ზურაბ გიგაური ვარ და თუ ისევ დამჭირდებით, ვფიქრობ, უარს არ იტყვით ჩემთან საუბარზე.
– როცა გენებოთ, მაშინ მობრძანდით, – უთხრა ხვიჩიამ გიგაურს. ხელი მაგრად ჩამოართვა და გამოისტუმრა.
***
აპოლონ ხვიჩიასგან მაიორი ზურაბ გიგაური გულდამძიმებული წამოვიდა, რადგან აშკარა იყო,  ვარლამ კოვზირიძის ძებნის მოულოდნელად აწყობილი ჯაჭვი, ასევე მოულოდნელად გაწყდა. ზურაბს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ როგორ უნდა აეწყო ის კვლავ. ზურაბი სპეციალურად მისთვის გამოყოფილ, „კაგებეს“ „პობედათი“ გადაადგილდებოდა, თბილისში ბრუნდებოდა და თან ფიქრობდა,  როგორ გაეგრძელებინა ამ იდუმალი საქმის გამოძიება, რომელიც  გენერალმა იური პავლოვმა მიანდო და მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. ზურაბი მთელი გზა გამოსავალს ეძებდა. გონებაში მრავალი ვარიანტი განიხილა, მაგრამ ხეირიანს ვერაფერს მიაგნო. „მდაა, – გაიფიქრა გიგაურმა, – ყველაფერი აპოლონ ხვიჩიასთან დასრულდა და ეძებე ახლა ნემსი თივის ზვინში. სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო. არადა,  რა სასიამოვნო, მოულოდნელი სიურპრიზი იყო „პრავადნიკ“ გრიგოლ ბეჟუაშვილის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვარლამ კოვზირიძე ცოცხალი გადარჩა. არადა, მე ის დაღუპული მეგონა ისევე, როგორც გივი კვირიკაშვილი. მოიცა, მოიცა, ზურაბ, კვლავ კვირიკაშვილს ხომ არ დაველაპარაკო? იქნებ მან მომაძებნინოს ამ საქმიდან გამოსავალი. არ მგონია, მაგრამ ცდას წინ რა უდგას? დღესვე უნდა ვნახო კვირიკაშვილი. დაველაპარაკო მას და იქნებ რაიმე სახეირო გამოჩნდეს? წინ, კვირიკაშვილისკენ!“
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3