როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ კარგად მაკიაჟის გარეშე #13
თუ, მაკიაჟის გარეშე გიწევთ ქუჩაში გასვლა, მაშინ ქვემოთ მოყვანილი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ, რომ, მის გარეშეც, ფორმაში იყოთ და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ.
შეეცადეთ, წარბები მუდამ მოწესრიგებული გქონდეთ
მაკიაჟის გარეშე წარბები ყურადღების ცენტრში ექცევა. წარბებს სახის ფორმის შეცვლაც კი შეუძლია. თუ წარბებს იღებავთ, აუცილებლად ისეთი ფერი შეარჩიეთ, რომ თქვენი თმის ფერს იდეალურად ეხამებოდეს. თუ თხელი წარბები გაქვთ, აბუსალათინის ზეთი და ვიტამინი A შეიზილეთ ყოველდღიურად. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, თქვენი წარბების ტრანსფორმაციას აუცილებლად დაინახავთ.
ყურადღება მიაქციეთ თვალებს
იმისთვის, რომ თვალები უფრო ფართო გამოჩნდეს, წამწამები აიპრიხეთ სპეციალური ასაპრეხი მოწყობილობით და შემდეგ გელი წაისვით. ასე, მას მეტ მოცულობას შესძენთ. მოიცილეთ თვალების ქვემოთ მუქი წრეები. ეს შეიძლება, ალერგიის ან არასათანადო კვების ბრალი იყოს. შესაძლოა, ორგანიზმში რკინის ან B ვიტამინის ნაკლებობაცაა. აირჩიეთ კრემი, რომელიც კანს უფრო ნათელ ფერს მისცემს თვალების გარშემო. შეგიძლიათ, პიტნის ან მწვანე ჩაის ცივი კომპრესიც გაიკეთოთ.
გაითეთრეთ კბილები
თეთრი კბილები უფრო მიმზიდველს გაგხდით. აირჩიეთ ისეთი კბილის პასტა, რომელიც კბილებს გაათეთრებს და ღრძილების ჯანმრთელობასაც შეუწყობს ხელს. თუ თქვენი კბილების ბუნებრივი ფერი ნაცრისფერი ან ყავისფერია, პროფესიონალურ გათეთრებას უნდა მიმართოთ.
მეტი მიმზიდველობა მიეცით ტუჩს
წაისვით სპეციალური ბალზამი, ზეითუნის ზეთი ან სხვა ნებისმიერი საშუალება, რომელიც ტუჩებს უფრო რბილსა და ელასტიკურს გახდის. კვირაში ერთხელ კბილის ჯაგრისით გაიკეთეთ მასაჟი, შემდეგ კი დამატენიანებელი წაისვით.
იზრუნეთ თმის ბუნებრივ ფერსა და ვარცხნილობაზე
აირჩიეთ უბრალო ვარცხნილობა და ბუნებრივი ფერი. განსაკუთრებული ექსპერიმენტები, თქვენს ბუნებრივ, უმაკიაჟო სახესთან შეუსაბამო იქნება. რეგულარულად მოიჭერით დაყოფილი ბოლოები. ქოქოსის ზეთი თქვენს თმას ბრწყინვალებას შეჰმატებს. იზრუნეთ, რომ თმა არ გამოგიშრეთ. შეეცადეთ, თმის დაყენების საშუალებები მინიმალურად გამოიყენოთ.
გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი
მზის გამოსხივება ადრეულ ნაოჭებს იწვევს და კანს არასასიამოვნო შესახედაობას აძლევს. ზედმეტი დასხივებით, კანის კიბოს რისკებიც იზრდება. შეეცადეთ, ყოველთვის თან ატაროთ მზისგან დამცავი კრემი, მაშინაც კი თუ გარუჯვას არ აპირებთ. სახის კანი და ხელები მზის სხივებისგან ადვილად ზიანდება.
მიხედეთ კანს
აუცილებლად იზრუნეთ კანზე. ნუ დაიბანთ მას დღეში 2-ჯერ მეტად. სასურველია, თუ ამ პროცედურას, მხოლოდ ძილის წინ ჩაიტარებთ. დილით კი შეგიძლიათ, სახის გამწმენდი რძით, ლოსიონით ან ყინულის კუბით ისარგებლოთ. ნუ გაიხეხავთ სახეს. გაიკეთეთ სახის ნიღბები. პერიოდულად კი, საჭიროების შემთხვევაში, ჩაიტარეთ სახის პროცედურები.
კარგად გამოიძინეთ
ძილის საჭირო ხანგრძლივობა 8-9 საათია. საკმარისი ძილი დაგეხმარებათ, რომ ჯანსაღი კანი და ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ. დასაძინებლად 11 საათამდე უნდა დაწვეთ. შეეცადეთ, ზურგზე დაწოლილმა დაიძინოთ, რომ სახის კანი ნაადრევი ნაოჭებისგან დაიცვათ.
იკვებეთ სწორად და ჯანსაღად
მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული. ყოველდღიურად ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს უნდა იღებდეთ. ამიტომ, მოერიდეთ სწრაფი კვების ობიექტებსა და ცხიმიან საკვებს.
სწორად შეარჩიეთ ფერები
ფერის სწორად შერჩევა თქვენს მომხიბვლელობას გაუსვამს ხაზს. ეს ეხება თმას, ტანსაცმელსა და აქსესუარებს. მაკიაჟის გარეშე თქვენი კანი ოდნავ ფერმკრთალი იქნება, ამიტომ მეტისმეტად მუქ და ცივ ფერებს მოერიდეთ. არც თეთრი ფერია იდეალური გადაწყვეტილება. კარგი არჩევანია ლურჯი, ფირუზისფერი, ზურმუხტისფერი და ატმისფერი.