როცა ადვოკატი დუმს #13
ეს იყო მკვლელობა და მე, როგორც ადვოკატმა არაფერი გავაკეთე მკვლელის გამოსავლენად. თუმცა, ყველაფერი თავიდანვე ვიცოდი. თანამზრახველიც კი ვიყავი – დიახ, ერთ-ერთი რგოლი იმ ჯაჭვისა, რომელიც შეიკრა, რათა ერთი ადამიანი სიცოცხლეს გამოსალმებოდა. ეს არ იყო სწორი, მაგრამ სინდისის ქენჯნას დღესაც არ ვგრძნობ, ისევე, როგორც არ გრძნობს თავს დამნაშავედ ჩემი მეგობარი დელი. ის ამბობს და მეც ვეთანხმები, რომ სინდისისა და ღმერთის წინაშე ორივე მართლები ვართ.
დელი ვილეტს საუკეთესო საჯინიბო ჰქონდა ოლქში. თუ ვინმეს – ადგილობრივს თუ ჩამოსულს, ცხენი ან ეტლი სჭირდებოდა, დელისთვის უნდა მიემართა. ყოველთვის მაოცებდა მისი ცხენებისადმი დამოკიდებულება. ისე იცნობდა თითოეულის ხასიათს, მე ასე ადამიანებს ვერ ვცნობდი, მიუხედავად ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევებისა. მე მაოცებდა, რომ დელი ყოველთვის ზუსტად გრძნობდა, რა სურდა მის თითოეულ ცხენს. როგორი ხასიათი ჰქონდა და როგორ გუნებაზე იყო კონკრეტულ მომენტში. ამიტომაც დელის საჯინიბოში მისული თავს დაცულად გრძნობდი. ის ზუსტად იმ ცხენს შეგირჩევდა, რომლის დამორჩილებაც არ გაგიჭირდებოდა. ზოგადად, კარგად გაწვრთნილი და დამჯერი ცხენები ჰყავდა. თუმცა, გამოირჩეოდა ერთი – შავი დემონი, ულაყი. დელის განსაკუთრებულად უყვარდა და მოფერებით „შავი მთვარე“ დაარქვა.
– როდისმე შევძლებ, გავაჭენო? – ვკითხე ერთხელ, როცა დავინახე, როგორ ასეირნებდა ეზოში მეჯინიბე „დემონს“. ცხენი ნესტოებიდან ცეცხლს ყრიდა.
– თუკი მის ხასიათს გაიგებ, – გაიცინა დელიმ, – მაგრამ ჯერ მზად არ ხარ. მოგკლავს.
ეს სწორედ ის დღე იყო, როცა ჩვენს არე-მარეში გრუბერი გამოჩნდა, დელისგან ერთცხენიანი ეტლი იყიდა და მილერების ფერმა იკითხა. მე და დელიმ ერთმანეთს გადავხედეთ. ეს გრუბერი არცერთს არ მოგვეწონა. მით უფრო გაგვიკვირდა, რა საქმე უნდა ჰქონოდა მოხუც მილერთან.
ჯონ მილერი ამ არემარეში ექვსი წლის წინ დასახლდა. ჰოკინრების გავენარებული ფერმა იყიდა და მის აღდგენას მიჰყო ხელი. თავიდან აქაურები სკეპტიკურად უყურებდნენ მის საქმიანობას, მაგრამ მილერმა სასწაული მოახდინა და ორ წელიწადში ფერმა წალკოტად აქცია. თუმცა მილერის მთავარი „ღირსება“ მისი ქალიშვილი იყო. ენ მილერი პირველივე დანახვისას გაჯადოებდა და გხიბლავდა. თუმცა ძალიან ლამაზი არ იყო. ამ გოგოს ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც გულში გიძვრებოდა და მისი დავიწყების საშუალებას აღარ გაძლევდა. არ დავიწყებ იმის ახსნას, რომ ენი მეც და დელისაც თავდავიწყებით შეგვიყვარდა. მე ერთადერთი ადვოკატი ვიყავი იმ დასახლებაში და შესაბამისად, მილერების ოჯახსაც ვუწევდი დახმარებას. ვხედავდი, ენზე კონკურსი როგორ გამოცხადდა. იქაური უცოლო ყმაწვილკაცები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. დელი, იშვიათი რომანტიკული ადამიანი, ენის მამასთან მეგობრობდა. საღამოობით გაუვლიდა ხოლმე, ისხდნენ ვერანდაზე, წრუპავდნენ „სკოტჩის“ და საუბრობდნენ, თანაც არა მხოლოდ ცხენებზე.
როცა ერთ დილით ენმა ფირმაში მომაკითხა, ძალიან გამიკვირდა. ქალიშვილი ერთიანად კანკალებდა. ატირებას არაფერი უკლდა. მკითხა, თუ შემიძლია, ფირმა მამაჩემის გარეშე ჩავდო ბანკში, რვა ათასი დოლარი მჭირდებაო. შევძრწუნდი. რა უნდა მომხდარიყო ამ ანგელოზისებრი არსების ცხოვრებაში ისეთი, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო. ვთხოვე, მიზეზი ეთქვა და როგორც ადვოკატი, დავპირდი, მისი საიდუმლო ჩემთან ერთად დაიმარხებოდა. ბევრი ყოყმანის შემდეგ, დამთანხმდა. მიამბო, რომ მისი პრობლემა გრუბერი იყო. სწორედ ის გრუბერი, რომელიც დანახვისთანავე ვერ ავიტანეთ მე და დელიმ. ენმა თქვა, რომ ექვსი წლის წინ ნიუ-იორკში ცუდ წრეში მოხვდა და ციხეს იმით გადაურჩა, რომ მამამისმა ბარი გაყიდა, გვარი გამოიცვალა და აქ ჩამოვიდა საცხოვრებლად. გრუბერს – ქურდს, ნაძირალას, ნარკოტიკებით მოვაჭრეს დიდი წვლილი მიუღძღოდა ენის დანაშაულებრივ წარსულში. ახლა გამოჩნდა, ენს მიაგნო და გამოუცხადა – პოლიციაში მივალ, ყველაფერს ვეტყვი და შენს თავს დავაჭერინებო. მამაშენიც იმაზე მეტს გაიგებს, რაც უკვე იცის. სკანდალი და თავის მოჭრა არ აგცდება. რვა ათას დოლარს მომცემ და შეგეშვები. შეძლებ, მშვიდად იცხოვრო, გათხოვდე და დაივიწყო შენი სამარცხვინო წარსულიო.
მე, როგორც ადვოკატმა, ვიცოდი – შანტაჟისტები ერთხელ მიღებული ფულით არასდროს კმაყოფილდებიან. ისინი სულ მეტს და მეტს ითხოვენ და მსხვერპლს ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევენ ხოლმე. ენი, როგორც შემეძლო, დავამშვიდე და დელისთან გავიქეცი. წარბშეკრულმა და მდუმარემ მომისმინა. თან, კბილებს შორის სიგარას ღეჭდა. შევატყვე, განერვიულდა.
– ენს უთხარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ამას მე ვპირდები. შეგიძლია, გადასცე?
– რა თქმა უნდა. მაგრამ, რომ მკითხოს, რის გაკეთებას აპირებ, რა ვუპასუხო?
– შეკითხვებზე პასუხს ვერ გაგცემ. მხოლოდ გთხოვ, ენს ჩემი სიტყვები გადასცე, – პირქუშად მომიგო დელიმ.
მიუხედავად იმისა, რომ ენის მიმართ დელის გრძნობების შესახებ ჩემთვის ცნობილი იყო, მას სრულიად ვუგებდი და თანავუგრძნობდი. ამ ამბავში თანამოაზრეები ვიყავით, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ. მოკლედ, ენს დელის სიტყვები გადავეცი. ჩემდა გასაოცრად, არაფერი უკითხავს, მხოლოდ მშვიდად დამიქნია თავი. თანხის გადაცემისთვის დათქმული დღე ახლოვდებოდა და მოუსვენრობა დამეტყო. ვიცოდი, გრუბერმა ორჯერ დაურეკა ენის და დაემუქრა. ჩემი ოფისის ფანჯარასთან ვიჯექი და ვფიქრობდი, ჩემს წარმოსახვაში ვალაგებდი მოვლენებს. წარმოვიდგინე, რომ დელიმ რევოლვერი აიღო, გრუბერს სასტუმროში მიუვარდა და მოკლა. როგორ შესანიშნავ დასაცავ სიტყვას მოვამზადებდი, ბრწყინვალე გამოსვლა მექნებოდა.
– ჟორჟ, სასწრაფოდ წამოდი, დელის საჯინიბოში კაცი დაშავდა. ექიმი უნდა წავიყვანოთ, – გავიგონე ჩემი თანაშემწის ხმა და ერთბაშად გამოვფხიზლდი. შინაგანად უკვე ვიცოდი, ვინ იქნებოდა დაშავებული. საჯინიბოსთან ხალხი ირეოდა. „დაინახეთ, როგორ მოხდა... საცოდავი... ცხენმა ფლოქვები პირდაპირ სახეში დაუშინა. არა, თავის ქალა გაუჭეჭყა... მოკვდება... ჰო... „შავი დემონი” ჯერაც არ დამშვიდებულა. შეხედეთ, დელი ძლივს აკავებს... რას იტყვის ექიმი?
– მკვდარია. თქვა ექიმმა და დელის შეხედა, – ვწუხვარ, ძალიან მძიმე დაზიანებები ჰქონდა. თავს ნუ დაიდანაშაულებ. იცით, ვინ არის? მე პირველად ვხედავ.
– ვიზიტით იყო ქალაქში. სასტუმროში ცხოვრობდა. მგონი, გრუბერია მისი გვარი.
დელის შევხედე, ჩემი მზერა დაიჭირა და ტუჩის კუთხეებით სულ ოდნავ გამიღიმა.
– უფლის წინაშე მართალი ვარ! – თქვა აუღელვებლად და საჯინიბოში შევიდა.