როგორ ჩაატარა შორეულ კონგოში ლავრენტი ბერიამ ოპერაცია „ცრუ ოქრო“
საინტერესო და ძალზე საგულისხმო ფაქტია, რომ ლავრენტი ბერია უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნის დროსაც კი, უშუალოდ მონაწილეობდა საბჭოთა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან, სტრატეგიულ საიდუმლო ოპერაციებში. ბუნებრივია, ხელმძღვანელიც თავად გახლდათ და თავის პროფესიონალ ხელქვეითებთან ერთად გეგმავდა ყველაფერს. სპეცსამსახურების ექსპერტ-ისტორიკოსი პროფესორი ვასილ სინელნიკოვი წერს: „საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლავრენტი ბერია საბჭოთა ატომური პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ, რასაც დიდი წარმატებით გაართვა თავი და ქვეყანას უმოკლეს დროში შეუქმნა ეს უმძლავრესი იარაღი. ზოგიერთს, ალბათ, ჰგონია, რომ ატომური ბომბის დამზადების პროცესი მხოლოდ საიდუმლო, მიწისქვეშა ბუნკერებში მიმდინარეობდა და სხვა არაფერი. ეს მცდარი მოსაზრებაა და ბომბის კეთების პროცესს უამრავი შემადგენელი ნაწილი ჰქონდა, რომლის გარეშეც ამ იარაღს ვერანაირად ვერ შექმნიდნენ. ერთ-ერთი უმთავრესი ამ საქმეში ურანის ნედლეულის მოპოვება და ადგილზე მიტანა იყო, რაც მთელ რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. საბჭოთა ატომური პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ფიზიკოსი, აკადემიკოსი ეგორ კურჩატოვი იხსენებდა: „1947 წლის მაისში ლავრენტი ბერია მორიგი ინსპექტირების მისიით ჩამოვიდა არზამასში, სადაც ატომურ ბომბს ვამზადებდით და ყველაფერი დაწვრილებით გამოგვკითხა. ვრცელი მოხსენება რომ გავუკეთე, ბოლოს ვუთხარი:
– ლავრენტი პავლოვიჩ, ურანის მარაგი გვეწურება. ცხრაასი კილოგრამიღა დაგვრჩა, რომელიც სულ მალე დაილევა და ძირითადი სამუშაოები გაჩერდება-მეთქი.
ბერიამ მკითხა:
– რამდენ ხანს „გაქაჩავთ“ მაგ რაოდენობით?
– მაქსიმუმ, ერთ თვეს. მერე კი... – მე ხელები გავშალე.
– დამშვიდდით, ეგორ ნიკოლაევიჩ, სამ კვირაში ახალ პარტიას მიიღებთ. აბა, წარმატებას გისურვებთ, – მითხრა ბერიამ და ერთი საათის შემდეგ მოსკოვში გაფრინდა, თუმცა კიდევ ორი დღე გეგმავდა ინსპექტირებას. სამ კვირაში კი მართლაც მივიღეთ უმაღლესი ხარისხის ხუთი ტონა ურანი და ბომბზე მუშაობა დაუბრკოლებლად გაგრძელდა“.
კურჩატოვი თავის მოგონებაში არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა ღონისძიების ჩატარება მოუხდა უკვე მარშალ ბერიას, რომ დანაპირები შეესრულებინა და ხუთი ტონა უმაღლესი ხარისხის კონგოს ურანი, ამ შორეული აფრიკული ქვეყნიდან, ურალს იქით ჩაეტანა. 1947 წელს საბჭოთა კავშირში ურანის საბადოებზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა. ურანს, მართალია, მოიპოვებდნენ, მაგრამ სრულყოფილი ტექნოლოგიების არარსებობის გამო, მისი ამოღება ძალიან მცირე რაოდენობით ხდებოდა. ამ პროცესზე, ანუ ურანის მოპოვებაზე პასუხისმგებელი გეოლოგი ზოლტან მორაშეკი გახლდათ. ის ჩეხური წარმოშობის, ყოფილი თეთრგვარდიელი იყო და მხოლოდ იმიტომ გადაურჩა დახვრეტას, რომ მაღალი დონის პროფესიონალად ითვლებოდა. საბჭოთა კავშირში ოქროსა და ურანის საბადოები აღმოაჩინა. ამის გამო, მას პატიმრობაც კი მოუხსნეს და მოსკოვის ცენტრში ბინა მისცეს. ჩეხი გეოლოგი იმ პერიოდში მოსკოვში იმყოფებოდა და ბერიამ სწორედ მასთან შეხვედრის გამო შეწყვიტა ინსპექტირება. გენერალი სერგო გოგლიძე იხსენებდა სასამართლოზე: „კურჩატოვისგან ბერია სრულიად მშვიდი გამოვიდა. ის არასდროს ამჟღავნებდა მათთან თავის მრისხანებას. თუმცა, როგორც კი თვითმფრინავში ჩავსხედით და ავფრინდით, ბერიამ მრისხანედ დაიწყო მორაშეკის ლანძღვა და ყველას გვეგონა, მას (მორაშეკს) საკუთარი ხელით დახვრეტდა. მომქანცველი ფრენის შემდეგ, როცა სამხედრო აეროდრომზე დავეშვით და ყველას გვეგონა, სახლებში წავიდ-წამოვიდოდით დასასვენებლად, ღამის თორმეტისთვის პირდაპირ გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტში მივედით. ბერია მორაშეკის კაბინეტში შეიჭრა და იქ რომ ვერ ნახა, კიდევ უფრო განრისხდა. შემდეგ თავადვე დაურეკა სახლში: „მოეთრიეო“, – უბრძანა და ნახევარი საათის მერე მოვარდნილი, შეშინებული მორაშეკის დანახვისას კბილებში გამოსცრა:
– კრეტინო, ძილისგუდავ და უქნარავ, ზუსტად ერთ თვეს გაძლევ, რომ ურანის დიდი რაოდენობით მოპოვების საკითხი მოაგვარო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოცხლად გაგატყავებ და შენს დამპალ ხორცებს ლუბიანკის ვირთხებს შევაჭმევო.
მორაშეკი ცახცახებდა. ბერიამ წყალი დაუსხა, მიაწოდა და უთხრა:
– დალიე. გული არ წაგივიდესო.
შემდეგ კი მომიტრიალდა და ქართულად მითხრა:
– ამ ნაბიჭვარს გული არ გაუსკდეს შიშისგან. ექიმი მოძებნე და გასინჯოს.
ბერია მარტო წავიდა. მე კი მორაშეკს ექიმი მივუყვანე და რომ დავრწმუნდი, საფრთხე არ ემუქრებოდა, ლუბიანკაზე წავედი ბერიასთან...“
ლუბიანკაზე მისულმა უკიდურესად გადაქანცულმა ბერიამ ღამის 3 საათზე საგანგებო თათბირი მოიწვია, რომელსაც საგარეო დაზვერვის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ამ თათბირის მონაწილე, ცნობილი გენერალი პავლე სუდოპლატოვი თავის დღიურებში წერდა: „მე მხოლოდ წლების მერე შევიტყვე, რომ კონგოდან წამოღებული ნედლეული საბჭოთა ატომური ბომბისთვის იყო განკუთვნილი. მე, ისევე როგორც სხვა იქ მყოფებმა, ბერიას გარდა, არ ვიცოდით, საბჭოეთი ატომურ ბომბს თუ ამზადებდა. ბერიამ კი მაშინ, იმ თათბირზე საკმაო დეტალური მონახაზი მოგვცა, როგორ გამოგვეტანა შორეული კონგოდან ძვირფასი მადანი, რომელიც მბოშის ტომების ტერიტორიაზე იყო კონცენტრირებული. ოპერაციას „ცრუ ოქრო“ ვუწოდეთ და მისი არსი იყო, ვითომ დიდძალი ოქროს მადანი უნდა გამოგვეტანა იმ ტერიტორიიდან. სინამდვილეში, ურანი უნდა გამოგვეპარებინა გვინეის ყურეში და ატლანტის ოკეანის გავლით, საბჭოეთში ჩამოგვეტანა. ეს ოპერაცია წარმატებით შევასრულეთ და მას ადგილზე თავად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა. ის იმ დროს უკვე საბჭოთა კავშირის მარშლის ჩინს ატარებდა და კონგოში ფრანგი კომერსანტის პასპორტით ჩავიდა“.
რუსეთის უშიშროების არქივში დაცულია დოუკმენტი, რომელიც ოპერაცია „ცრუ ოქროს“ შესახებ შეიცავს ინფორმაციას და მას თუ ცოტას გავაცოცხლებთ, ასეთ სურათს მივიღებთ: ბერიამ თავისი მრავალრიცხოვანი აგენტურული ქსელიდან, ჯერ კიდევ 1940 წელს იცოდა, რომ მართალია, ფრანგებმა კონგოდან დიდი რაოდენობით ურანი გაიტანეს, 5 ტონა მადანი მბოშის ტომების ტერიტორიაზე დარჩა. მბოშის ტომები ყოველთვის ფრანგი კოლონიზატორების წინააღმდეგ იბრძოდნენ და დაპირისპირებულები იყვნენ ლალის ტომებთან, რომლებიც პროფრანგულ ძალას წარმოადგენდნენ. ბერიას გეგმით, საბჭოთა საგარეო დაზვერვამ მბოშის ტომთან კავშირი დაამყარა და ურანის მადნის სანაცვლოდ, მათ საბჭოთა ავტომატური იარაღი და დიდძალი ტყვიაწამალი გადასცა, რომელიც მალევე ჩაიტანეს იქ. იქვე ჩაიტანეს „ენკავედეს“ ლაბორატორიაში სპეციალურად დამზადებული ერთი ტონა ფალსიფიცირებული ოქროს მადანი. შემდეგ კი როცა ტრანსპორტირებისთვის ყველაფერი მზად იყო, ლალის ტომებში ხმა დაიყარა, რომ ვითომ, ვიღაც ამერიკელი კომერსანტი კონგოს ოქროს მადნის გატანას ცდილობდა ქვეყნიდან. 25 მაისს „ენკავედეს“ ორი ჯგუფი ოპერაციის შესრულებას შეუდგა და ამერიკელებად გასაღებულმა საბჭოთა მზვერავებმა „ოქრო“ ორი სატვირთო მანქანით წამოიღეს. „ოქროს“ კი, ორკილომეტრიანი ინტერვალით, უკვე ურანის მადნით დატვირთული მანქანები მოსდევდა. წინა მანქანაში კოხტაპრუწულად გამოწყობილი ლავრენტი ბერია იჯდა. მას ფრანსუა მატიეს სახელზე დამზადებული პასპორტი ჰქონდა და ვითომდა, კონგოური კლდე-ლოდების გადაზიდვით იყო დაკავებული, რომლებსაც აქუცმაცებდნენ და ჰოლანდიური ტიტების სასუქად იყენებდნენ. „ოქრო“ გააჩერეს და „ამერიკელებს“ ჩამოართვეს, ურანი კი უპრობლემოდ გაატარეს. ტვირთი და საბჭოთა დაზვერვის ორივე ჯგუფი მშვიდობიანად დაბრუნდა საბჭოეთში...
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია ერთ-ერთ ინტერვიუში ყვებოდა:
„როგორც მამა იხსენებდა, მან კონგოში წასვლისთვის სტალინის საყვედურებიც კი დაიმსახურა, რომელსაც უთქვამს, ტყვედ რომ აეყვანეთ და გაშიფრულიყავი, სეირი მაშინ იქნებოდაო...“
ბერია ტყვედ არავის ჩაუგდია და ატომური პროექტიც წარმატებით დაასრულა, მაგრამ არზამასში ხშირმა ინსპექტირებით მარშალმა ბერიამ მცირე რადიაციული დასხივება მაინც მიიღო.