კაცები... კაცები... #13
კაცს რომ ჰკითხო, რით განსხვავდება მამაკაცური ლოგიკა ქალურისგან, გეტყვის, რომ მამაკაცური ლოგიკა ბევრად მართალია.
ჩვენც გვაქვს ეფექტური არგუმენტი – სამაგიეროდ, ქალური ბევრად უფრო საინტერესოა. მამაკაცებისთვის ძნელია ქალის ხასიათის გაგება და მათი კაპრიზების მშვიდად ატანა. ვაღიაროთ, რომ გვაქვს და კაცებმა ეს იციან, მაგრამ ავიწყდებათ მარტივი და სასარგებლო ჭეშმარიტება: როდესაც ქალი მართალი არ არის, აჯობებს, ბოდიში მოუხადო. რადგან, თუ ქალი ჩუმდება, ამ დროს ის გონებაში საჭირო სიტყვებს ეძებს, აგროვებს, რომ შემდეგ განმგმირავი მზერით გამოხატოს.
სინამდვილეში მამაკაცები საკმაოდ ჭკვიანები არიან და ზოგჯერ თავს შეგნებულად გვაჩვენებენ მსხვერპლად. სხვათა შორის, მათ ქალური ლოგიკის კანონებიც შესანიშნავად იციან.
მაგალითად, ასეთი: ქალისთვის ემოციების განმუხტვა, ანუ რისხვა, ელვასავით იმას კი არ დაატყდება თავს, ვისთვისაც განკუთვნილია, არამედ იმას, ვინც ხელში მოხვდება.
ქალი მოვლენებსა და ფაქტებს განიხილავს ისე, როგორც მიკროსკოპის ქვეშ, მამაკაცი კი ყურადღების მიღმა ტოვებს.
ხშირად ხდება, რომ ქალები „მოცემული მამაკაცების“ ყველა შესაძლო ვარიანტიდან ირჩევენ იმას, ვისთანაც ყველაზე მეტად დაიტანჯებიან. გაუგებარია მათი თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება.
მამაკაცებმა ეს ყველაფერი იციან და თავისებური, თავდაცვითი მექანიზმი მათაც შეიმუშავეს, რომ სამაგიერო გადაგვიხადონ. ამას ისე ბუნებრივად და ოსტატურად აკეთებენ, თითქოს ასეც უნდა იყოს.
თუ სახლში ერთი მამაკაცი მაინც გყავთ, ეს ყველაფერი გეცოდინებათ.
რამდენიც უნდა რეცხო, გასარეცხი წინდები ყოველთვის მეტია, ვიდრე სუფთა. სუფთა წინდების დაწყვილება კი რთული ამოცანაა. მამაკაცის პირადი ნივთები, საფერფლე, წინდები ოთახის კუთხეებში იმალება და მრავლდება. ალაგებ... ალაგებ... მაინც არ არის საკმარისი. მხოლოდ კაცებს შეუძლიათ, ყოველგვარი სკანდალის გარეშე, ხმის ამოუღებლად და თითის გაუნძრევლად, წინდების გამო მოგვიშალონ ნერვები.
არსებობენ სხვადასხვა ტიპის მამაკაცები, რომლებსაც ქალური ლოგიკა ასე განიხილავს:
უნამუსო, ნაძირალა – ეს არის კაცი, რომელიც ისეთივე ფსიქოლოგიურ ტექნიკას ფლობს, რასაც ქალი და მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს;
მექალთანე – მამაკაცი, რომელიც წარმატებულად იყენებს ქალებს. ასე უწოდებენ მათ ქალები, ვისი მოხიბვლაც თვითონ ვერ მოახერხეს;
ძვირფასი, საყვარელი, სიცოცხლე – მამაკაცი, რომელიც ჯერჯერობით არ გადასულა უკვე ნახსენებ, რომელიმე კატეგორიაში;
აგრესორი, სადისტი – მამაკაცი, რომელიც შესაბამისად რეაგირებს ქალების უხეშობებზე; არ უჭირს პასუხის გაცემა და არაფრად აგდებს სიყვარულს, ანუ, არ ადარდებს რომანტიკა;
ნამდვილი მამაკაცი – უფრო მითიური პერსონაჟი, რომელიც ქალების ყველა სურვილსა და მოთხოვნას ითავსებს. მსგავსი არსება ბუნებაში არ მოიპოვება, რადგან ქალური სურვილები ხშირად ურთიერთგამომრიცხავია.
ქალთმოძულე, ცოლთმოძულე – ეს არის მამაკაცი, რომელიც ქალებმა „დააზარალეს“, მან ეს შეამჩნია და ძალიან არ მოეწონა. ბუნებრივია, მაგრამ ქალს ეს არ ესმის. არ უნდა, რომ გაიგოს.
რა არის სიყვარული
სიყვარული, თავისთავად, არაფერს ნიშნავს, თუკი მასში სიგიჟე არ ურევია, სხვაგვარად ის სასიამოვნო ბანალურობა იქნებოდა და უწყინარი ბალადების ან პიესებისთვის გამოდგებოდა.
მამაკაცებს თავისუფალ, ცოტათი შეშლილ და მხიარულ ქალებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონთ. მათთან თავს კარგად გრძნობენ. კაცები ამბობენ, რომ არის ზოგიერთი ქალის ხასიათში რაღაც, რაც მამაკაცებს ურთიერთობით გამოწვეულ დაძაბულობას უხსნის.
თუ კაცის მიმართ თბილად განწყობილი და ამასთან, ძალიან საყვარელიც ხართ, თქვენი რჩეული მამაკაცი აღარ იღელვებს იმაზე, როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა ხვალ.
იზრუნებ მასზე, როცა შეუძლოდ იქნება? – აი, რა აღელვებს თქვენს საყვარელ მამაკაცს. დააჯერეთ თქვენს კეთილგანწყობაში.
როცა ქალი გამუდმებით წუწუნებს, ჭირვეულობს, ვერ ყალიბდება და უჭირს გარკვევა, თუ რა სურს, საყვარელ მამაკაცს ძალიან გაუჭირდება მის გვერდით წარმოიდგინოს თავი.
თუ შარმიანი ხართ, მას აშკარად გაუმართლა. მამაკაცებს, სილამაზესთან ერთად, ქალში ის „მარცვალიც“ იზიდავთ, რაც არა გარეგანი, არამედ, შინაგანი ენერგეტიკიდან მოდის.
იყო მამაკაცის მეგობარი – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც, სასურველია, გაგაჩნდეთ.
ინტელექტუალი ქალი სექსუალური ქალია!
ინტელექტი საშუალებას იძლევა, ჩაერთოთ ნებისმიერი შინაარსის საუბარში, იყოთ საინტერესო და დამაჯერებელი. ეს გულგრილს არავის ტოვებს!
მამაკაცი ქალში ასევე ძალიან აფასებს გულწრფელობას. მას მოსწონს, თუ მის საყვარელ ქალს აქვს ფიქრის უნარი და ამ ყველაფერთან ერთად, თავაზიანიცაა.
დამოუკიდებელი ქალები ყველაზე სექსუალურ, სასურველ და საინტერესო ქალებად მიაჩნიათ მამაკაცებს. მათ ძალიან აწუხებთ გარემოებები, წუწუნა, დამოკიდებული ქალები რომ ქმნიან.
თუ მსუბუქი ხასიათი გაქვთ, ყველაფერზე არ ბრაზდებით, გამუდმებით არ წუწუნებთ, მაშინ, თქვენს მამაკაცს ძალიან გაუმართლა!
არცერთ მამაკაცს არ მოსწონს ქალი, რომელსაც საკუთარი თავი არ უყვარს. გარდა ამისა, თავმოყვარეობა ყოველთვის ღირსეული ნაბიჯებისკენ უბიძგებს ადამიანს. ეს თვისება ქალებს განსაკუთრებით უხდებათ!