მართლა ღალატობენ თუ არა მამაკაცები უფრო ხშირად ძლიერ ქალებს #13
აქტუალურია მოსაზრება, რომ მამაკაცებს არ უყვართ ძალიან ჭკვიანი, ძლიერი ქალები და გაურბიან მათ. მაგრამ, არიან თუ არა ერთგულები, როცა გვერდით ძლიერი ცოლები ჰყავთ? ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს და პრობლემა გაცილებით სერიოზულია. ეს მაინც დამოკიდებულია ინდივიდზე, მის ხასიათზე, უნარ-ჩვევებსა და პიროვნულ ნიშნებზე. ასევე ხედვაზე – რა უნდა ადამიანს ცხოვრებისგან და როგორ წარმოუდგენია თავისი არსებობა პარტნიორის გვერდით.
დიანა (35 წლის). მე ძლიერი ქალი ვარ. ყოველთვის ასეთი ვიყავი. ხასიათში მაქვს მტკიცე ნებისყოფა და მართვის უნარი. ბავშვიც კი არასდროს ვწუწუნებდი და ვცდილობდი, სხვაზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი. ვერ ვიფიქრებდი, რომ სიძლიერეს როდესმე ნაკლად ჩამითვლიდნენ.
– ვინ ჩაგითვალათ ნაკლად?
– ქმარმა და ახლა უკვე ჩემს გასამტყუნებლად სწორედ ეს მესმის. იმის მაგივრად, რომ მითანაგრძნონ, ვინმეს შევეცოდო და მხარდაჭერის სურვილი გაუჩნდეს, აქეთ მდებენ ბრალს – ქმარს ასეთი საქციელისკენ თავად უბიძგაო. აბსოლუტურად გაუგებარია, რას მერჩის ეს ხალხი. მხოლოდ ის „დავაშავე“, რომ სუსტი არ ვარ. მაინტერესებს, რატომ არ აქვთ ქალებს სოლიდარობის განცდა. ხომ შეიძლება, იმავე მდგომარეობაში ხვალ შენ აღმოჩნდე? როგორ ავიწყდებათ ეს ჭეშმარიტება. ვინ არის დაზღვეული ღალატისგან? პირადად მე, არც მიფიქრია, რომ ქმარი არ მიღალატებდა.
– ვერ მივხვდი, რას გულისხმობთ.
– არ მქონია ამბიცია, რომ ისეთი ქალი ვარ, რომელსაც ქმარი ვერ და არ უღალატებს. ვერავისზე დადებ თავს, ხომ მართალია? გავყევი ცოლად, იმიტომ რომ, მიყვარდა, თუმცა სიყვარულის მონა არ გავმხდარვარ. შევინარჩუნე ჩემი აზრიც და შეხედულებებიც. ყველაფერზე ვერ დავუქნევ თავს. მერე რა, რომ ჩემი ქმარია.
– ანუ, ცხოვრობდით განცდით, რომ ქმარი გიღალატებდათ?
– არა. ნამდვილად არ ვცხოვრობდი ამ განცდით, რა სისულელეა. ვცხოვრობდი და ვცხოვრობ ჩემი სიამოვნებისთვის. უკვე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. მშვიდად ვარ და აღარ ვიძაბები. უკვე არ მაინტერესებს, რას აკეთებს ჩემი ქმარი. რას ფიქრობს და რა უნდა. ადრე ასე არ ვიყავი, რადგან რაღაც-რაღაცეები გულს მტკენდა, მანერვიულებდა.
– ხომ თქვით, რომ ძლიერი ქალი ხართ...
– დიახ. ძლიერი ქალი ვარ და ამიტომ, ჩვეულებრივი ქალივით ვერ შევძლებ ტირილ-წუწუნს. არც ის მინდა, ვინმეს ვეცოდებოდე, რადგან ქმარმა მიღალატა. არ შემიძლია, თუნდაც მცირედი მოვაკლო ჩემს სიძლიერეს. ვერ ვიქნები ისეთი, როგორიც თურმე, ჩემს მეუღლეს უნდა, რომ ვიყო.
...სახლში საღამოს დაბრუნდა, ჩვეულებრივზე გვიან. გამიკვირდა... ყოველთვის ერთად ვვახშმობდით და რომ არ მოვიდა, მაგიდა ავალაგე. გაოცებული ვიყავი. ამიტომ, როცა მოვიდა, ვკითხე: რა დაგემართა, რატომ არ მოხვედი-მეთქი. გაგიჟდა. რა იყო, უფლება არ მაქვს, სახლში მაშინ დავბრუნდე, როცა მომინდებაო?! ქმარი სამი წლით უმცროსია ჩემზე, მაგრამ მასზე უფროსობა მე არ მიცდია, მართლა. უბრალოდ, ხასიათი მაქვს მტკიცე და უკან დახევა არ მახასიათებს.
– ხასიათის სიმტკიცემ რაში შეგიშალათ ხელი?
– მე არა, ჩემს ქმარს შეუშალა ხელი ერთგულებაში. არ ვხუმრობ. ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის. ახლაც – ვლაპარაკობ და ვნერვიულობ. ოღონდ სწორად გამიგეთ, ქმრის ღალატზე მეტად ამ ღალატის მიზეზებზე მოყვანილ არგუმენტზე ვნერვიულობ.
– ვერ მივხვდი. იქნებ უკეთ განგვიმარტოთ?
– როცა ყველაფერი გავიგე, არც კი უარუყვია. საკმაოდ მშვიდად შემომხედა და მითხრა, შენი სიძლიერით ისე მთრგუნავდი, სხვა გამოსავალი აღარ დამიტოვეო. ანუ, შენი ბრალია, რომ გიღალატეო. ისე გავოგნდი, ჩხუბიც ვერ შევძელი. მისი ორგულობა კარგად ვერც გავაცნობიერე, რომ სხვა სადარდებელი და პრობლემა წამოვიდა წინ – კინაღამ დავიჯერე, რომ მე ვუბიძგე ქმარს ღალატისკენ. მისი მხრიდან ეს განსაკუთრებული უსინდისობა იყო. ანუ, მე გიღალატე და მსხვერპლი მაინც მე ვარო. ხომ არის გაუგონარი უტიფრობა. თუმცა უფრო დიდი სტრესი სხვა რამემ მომაყენა – ჩემმა რამდენიმე მეგობარმა. როცა ეს ამბავი მოვყევი, კი არ მითანაგრძნეს, პირდაპირ მომახალეს – აბა, რა გეგონა, ჭკვიანი რომ გგონია თავი, არ იცოდი, ძლიერ ქალებს ყველაზე ხშირად რომ ღალატობენ კაცებიო? იცით, არაფერი მესმის. ქალს მაინც როგორ უნდა დასცდეს ასეთი სიტყვები. რა უბედურებაა?! როგორ ავუხსნა, რომ ძალიან სუსტი ვარ რეალურად და ამ ყველაფერმა დამანგრია. ისეთ მდგომარეობაში ვარ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მირჩიეს, ქმარს შენი ძალა აჩვენე, კარი ცხვირწინ მიუჯახუნეო. განა ვერ გავაკეთებ ამას, მაგრამ ვერ მიხვდება, რომ დამნაშავეა ჩემ წინაშე. ვერ გაიგებს, იმიტომ რომ, მე მივაჩნივარ ამ ყველაფერში დამნაშავედ.
– გინდათ, რომ თავი დამნაშავედ თვითონ იგრძნოს?
– რა თქმა უნდა. სხვანაირად როგორ ვაპატიო? არადა, ოჯახის დანგრევაც არ არის ადვილი. ამდენი წელია, ერთად ვართ. შვილები გვყავს. მინდა, გულახდილად დაველაპარაკო, ავუხსნა, მაგრამ ვშიშობ, ვერ გაიგებს. მისი პოზიციიდან გამომდინარე ვამბობ ამას. რატომ ვარ იმ ტიპის ქალი, რომელსაც შეიძლება, ქმარმა უღალატოს, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერზე არ ვწუწუნებ და ვტირი? მოკლედ, დავიჩაგრე, მიუხედავად ჩემი სიძლიერისა და გამოსავალსაც ვერ ვხედავ.