რატომ ვერ ხედავენ თანამედროვე ადამიანები საკუთარ თავში სნეულებებს და რატომ ხდებიან ქრისტიანები საზოგადოებისთვის დამაბრკოლებელნი #13
თანამედროვე ადამიანების ნაწილი ბოლომდე არც ღმერთის არსებობაშია დარწმუნებული. საზოგადოების უმეტესობა კი, თავს ქრისტიანს უწოდებს, შესაბამისად, გარკვეული სარწმუნოებით არის შემოსილი და ამისთვის საქმეებსაც აკეთებს. მაგრამ, საკმარისია, ღვთის წინაშე ადამიანის გამართლებისთვის, მისი ცხონებისთვის ასეთი სარწმუნოება? რა არის ამისთვის საჭირო – ამის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– წმიდა მამათა სწავლებით, მარტო სარწმუნოებით ადამიანი ვერ გამართლდება. მისი სულის ცხონებაში ღვთაებრივი ნებაც მონაწილეობს და ადამიანურიც. ადამიანს უფლის წინაშე გამართლებისთვის სჭირდება მართალი რწმენა და კეთილი საქმე. ამას ერთხმად გვასწავლიან მართლღმერთშემოსილი მამები და ჩვენგან ითხოვენ რწმენის საქმეს; ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე კი – კეთილ საქმეს. ის ითხოვს ცოცხალ რწმენას, რომელიც განმტკიცდება ახალი ადამიანის საქმით და არა დაცემული ბუნების კეთილ საქმეს, რომელიც სარწმუნოებას ეწინააღმდეგება. თუ დავაკვირდებით საღმრთო წერილს – როგორც ძველს, ასევე ახალ აღთქმას – გამოჩნდება, რომ ის ითხოვს ღმერთის მცნებების შესრულებას. ამას ეწოდება საქმე, რომლის დასრულებითაც რწმენა ხდება ცხოველი, ქმედითი.
– ნათქვამია, ვისაც ბევრი მიმადლა უფალმა, მას უფრო მეტი მოეკითხებაო.
– ვისაც მიეცა ჭეშმარიტება, რომ იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, მოწოდებულია ცხონებისთვის. ძალიან ბევრი მიმადლა მას უფალმა და ძალიან ბევრი მოეკითხება, მაგრამ მრავალი ამას ვერ ხვდება. სახარება კი გვაფრთხილებს, რომ უკანანი იქნებიან წინანი და წინანი იქნებიან უკანანი. ვისაც ჰგონია, რომ სხვაზე უკეთესია, სხვას ზევიდან უყურებს, არ მიიჩნევს თავის სწორად, არ ესაუბრება, არ ეხმარება, არ შედის მასთან კონტაქტში, აცხადებს, რომ მწვალებელი, ათეისტი, ქურდი, ყაჩაღია, ასეთი ადამიანები შორს არიან ჭეშმარიტებისგან. პავლე მოციქული ბრძანებს: „ანგარნი, მპარავნი, მემრუშენი შეგიძღვებიან სასუფეველში“. ანუ, ესენი მოინანიებენ, გამოსწორდებიან და ჩვენ, ვისაც გვგონია, რომ შემოსილები ვართ, შეიძლება, შიშვლები აღმოვჩნდეთ. ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით უნდა ვიმოღვაწეოთ, რომ ჩვენი მდგომარეობა არ იყოს დამაბრკოლებელი საკუთარი თავისა და საზოგადოებისთვის. თუ მართლმადიდებელი ქრისტიანი წყნარია, მშვიდი, თავმდაბალი, მოსიყვარულე და ადამიანური, ბუნებრივია, ის ყველას მოეწონება. მის მიმართ ყველა კეთილგანწყობილი იქნება. თუ თანამედროვე ქრისტიანი მიბაძავს ძველი აღთქმის იუდეველს, რომელსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა და სხვა ადამიანებს პირუტყვებს ადარებდა, ისიც იგივე მდგომარეობაში ჩავარდება. ეს კი არის ამპარტავნება, რაც ნიშნავს საკუთარ თავზე არასწორ შეხედულებას და სხვა ადამიანების დამცრობას, მათზე აუგის თქმას. ასეთი მდგომარეობა ძალიან შორს არის ქრისტიანული ცნობიერებისგან. თუ შენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ, ჭეშმარიტების ჭურჭელი, ბუნებრივია, შენი ცხოვრების წესით, საუბრით, მეტყველებით, ჩაცმულობით, ქმედებით, ურთიერთობით უნდა ანათებდე, ანუ ნათლით შემოსილი უნდა იყოს შენი ცხოვრება. სოფელი ხრწნადია, მიისწრაფვის დაშლისკენ, ბოროტებისკენ, სიძულვილისკენ. თუ ჩვენ არ გვექნება ძალა, არ გვექნება მადლი სულისა წმიდისა, არ გვექნება სიყვარული, ადამიანის პატივისცემა, ბუნებრივია, ამ სოფელს გავამწარებთ ჩვენი ცრუ მართლმადიდებლობით, ცრუ ქრისტიანობითა და შეხედულებებით. სიყვარულს უდიდესი ძალა აქვს, ის მოიცავს ადამიანის ხსნას, მის გათავისუფლებას ბოროტი, ცუდი ქცევებისგან, ფიქრებისგან. სიყვარულით სავსე ადამიანის გულში აღარ არის ადგილი ბოროტებისთვის და ეშმაკსაც უჭირს იქ საკუთარი ადგილის დამკვიდრება. სიყვარული ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, რაც ჭეშმარიტია, ყველაფრის იმედი აქვს და ის არასდროს მთავრდება. სიყვარული თავისუფალია, ყველაფრის მომცემი და ადამიანების მანუგეშებელი. სიყვარულს ვერაფერი ერევა, ის ყოველთვის თან ახლავს ქრისტიან, მოყვარულ ადამიანს და მას განსაცდელისგან იხსნის.
– რა არის ქრისტიანობის მთელი არსი?
– ქრისტიანობა მთლიანად მოიცავს ერთადერთ სიტყვას – ქრისტე. ეს არის მსხვერპლი, რომელიც ქრისტემ ადამიანთა მოდგმისთვის გაიღო. ქრისტიანობის არსს შეადგენს ასევე, ქრისტეს ჯვარი და მისი აღდგომა, რომლის მეშვეობითაც კაცობრიობას, ბოლოს და ბოლოს, მიეცა საშუალება, ახლად შობილიყო, განახლებულიყო. მეორე უმთავრესი ასპექტი, რომელიც ქრისტიანობის არსს შეადგენს, ადამიანის სულიერი ცხოვრების სწორი წარმართვაა. პირველი, რაც მხოლოდ ქრისტიანობას ახასიათებს, ეს არის მტკიცება – „ღმერთი სიყვარული არს“. ღირსი ანტონ დიდი ამბობს: „ღმერთი სახიერი, უვნებო და უცვალებელია. ის არც ხარობს და არც მრისხანებს, რადგან სიხარული და მრისხანება ვნებებია. უაზრობაა, ვიფიქროთ იმაზე, რომ ღმერთი ადამიანების საქმეების გამო ან კარგად გრძნობს თავს, ან ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს. ზიანს არავის აყენებს და მარად უცვალებელია. ჩვენ კი, როცა სახიერნი ვართ, ღმერთს ვეზიარებით მასთან მსგავსების გამო, მაგრამ, როცა ვბოროტდებით, ვშორდებით მას, იმიტომ რომ, განვსხვავდებით მისგან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთი მრისხანებს ჩვენზე, არამედ იმას, რომ ჩვენი ცოდვები გვაგდებს ამ მდგომარეობაში და მტანჯველ დემონებთან გვაკავშირებს. თუ შემდეგ ლოცვა-ვედრებითა და კეთილი საქმეებით ცოდვათა შენდობას მოვიპოვებთ, იმას კი ნუ დავასკვნით, ღმერთს გული მოვულბეთ ან შევცვალეთო, უბრალოდ, ამგვარი მოქმედებით და ღვთისკენ მოქცევით, ვკურნავთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ისევ გვეძლევა იმის უნარი, ვიგემოთ ღვთის სახიერება“. ამიტომ, ნურავინ იტყვის, რომ ის უფლისგან გამოიცდება, განიცდება, რამეთუ ღმერთი ბოროტებისგან შორსაა, გამოუცდელია და ის არავის განსჯის. ადამიანის ცნობიერებაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ბრძოლა ძველსა და ახალ კაცს შორის. შესაბამისად, ეს ორი ადამიანი აკეთებს არჩევანს – ან ქრისტეს ირჩევს, ან ანტიქრისტეს. გადაწყვეტილების მიღება ჩვენზეა დამოკიდებული: ან სულის ცხოვნება უნდა ავირჩიოთ, ან – წარწყმედა. სწორი ქრისტიანული ცხოვრების შედეგად იცვლებიან ადამიანები ყოველთვის. ვინც განიწმიდება ვნებებისგან და თავმდაბლობას მოიპოვებს, „სულიწმიდა მიიღო“. დღეს ადამიანები ძალიან არიან დასნეულებულნი და, სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. უცნაური სიბრმავე, რაც ჩვენშია, ეს საკუთარი სნეულების ვერდანახვაა. არადა, ყველაზე საშიში სწორედ ეს არის, რადგან, თუ ადამიანი ამჩნევს თავის სნეულებას, მკურნალობს, მაგრამ თუ ვერ ხედავს თავის სნეულებას, არ მკურნალობს. შესაბამისად, ის უკვე მძიმე დაავადებად გადაიქცევა. მაგრამ, თუ ადამიანი სწორად იცხოვრებს, შეუდგება ქრისტიანულ ცხოვრებას, ის აუცილებლად შეიცვლება, განიკურნება და მას მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება დაეხმარება.