წმიდა სწავლებანი #13
სინანული ოდენ სიტყვით კი არა, საქმითაც უნდა აღესრულებოდეს
დავესწროთ, ძმებო, ჩვენი სულების მიმტაცებელს და სინანულს შევუდგეთ! განვიღვიძოთ ჩვენი მცონარების ძილისაგან და მოვიშოროთ არაგულმოდგინების სიმძიმე, ხელნი აღვიპყროთ შემძლესაკენ, გვიხსნას ჩვენ და შევღაღადოთ: იესო ქრისტე, გვიხსენი, ვიღუპებით! ვიჩქაროთ, ძმებო, უდიდესი აჩქარება გვმართებს, რათა დროულად მივასწროთ და კართა ზედა მიმდგართ და მრეკავთ, არ გვესმას: არ გიცით თქვენ! შევწყვიტოთ ბოროტსიტყვაობა, ერთურთის წყენა და სიძულვილი! თავი გავანებოთ სიმდიდრის შეგროვებას და ნუ მივეცემით გარყვნილებას! ლოცვებში, მარხვასა და სინანულში განვლიოთ დრო! ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები; შევინანოთ, იმიტომ რომ ახლა დროა სინანულისა და უხვი ცრემლებისა. წარმოვაჩინოთ ღმერთის წინაშე ზრუნვით აღსავსე სინანული. ვაჩვენოთ, რომ ვფიქრობთ სამსჯავროს დღეზე; რომ ცოდვა უკვე საძულველი შექმნილა ჩვენთვის, რომ ზრახვები გამოვისწორეთ. მცირეოდენ დავშვრეთ აქ, რათა იქ, დიდად არ ვიქმნეთ დასჯილნი! დროებით ვისაგროთ, რათა საუკუნოდ არ ვიტანჯოთ! დრო-ჟამი ახლოა, სამსჯავრო კი ხანგრძლივი; დასასრული მოახლოებული – შიში დიდია და მისგან ვერავინ გაგვათავისუფლებს. ვაი, მცონარს, იმიტომ რომ, სამარადისო სასჯელი ეწევა მას! ვაი, შეუნანებელს, იმიტომ რომ, მკაცრ მსაჯულს წარუდგება იგი! ნუღარ დავინდობთ ჩვენს სხეულს, არამედ გავთანგოთ იგი, იმიტომ რომ, ნეტარ იყვნენ მტირალნი, მშიერნი და მწყურვალნი! ჩვენი სხეული – მიწაა, მტვერია. მოვალს ჟამი და მიწა – მიწადვე მიიქცევა, მტვერი კვლავაც მტვერი გახდება. მაშინ, ვაიძულოთ თავი და მოვემზადოთ, სანამ ეს ჟამი დაგვიდგებოდეს!
ფიქრი საშინელ სამსჯავროზე
გავიხსენე მე ჩემი სიბილწენი და შევძრწუნდი. შიშის ზარმა მომიცვა მე, იმიტომ რომ, ტანჯვა მომელის სამართლიანი სამსჯავროს დღეს, როცა მსაჯული ყოველთა სამყაროთა თავის საყდარზე დაჯდება და შემცოდენი ყველა თავისი ბრალეულობით წარსდგებიან იქ, სამსჯავროზე, მის წინაშე. მაშინ შემიწყალე მე, ყოვლადმოწყალეო! ნუმც განმიკითხავს მე შენი სიმართლე, უფალო! მოწყალე ხელისმყრობელი იყავ ჩემდა, ბოროტის მოქმედისა, რათა ვაქებდე სახიერებასა შენსა, უფალო!
საშინელია შენი სამსჯავრო, საზარელია შენი სასჯელი, უფალო, ყოველთა ქმნილებათა! ვის შეეძლება, დაითმინოს, ოდეს ზე-დაჯდე შენ საყდარსა ზედა თვისსა და როცა მაღლით დაიგრგვინებს და ხმას გამოსცემს საშინელი საყვირი? იმ დღეს, ნეტამც, დაე, ჩვენთან ერთად აღავლინონ ვედრება ცამაც და ქვეყანამაც, ყოველივემ, რაც კი არის მათში! და შენმა სხეულმა, რომელი მოგვეც ჩვენ საჭმელად, და შენმა ნათლის-ღებამ, რომლითაც შეგვმოსე ჩვენ, დაე, დაგვიცვან ჩვენ სამსჯავროზე და გვიხსნან გეჰენიის ტანჯვისაგან! ჩვენი ლოცვა-ვედრების ხმა ირეკს შენს კართა ზედა, მოწყალეო. ნუ უარყოფ შენი თაყვანისმცემლების თხოვნას ყოველივეში, რაც აუცილებელია მათთვის! ცრემლთაღვრით შემოგღაღადა შენ ცოდვილმა დედაკაცმა და მიიღო შენგან ცოდვათა მოტევება. ვიცით, რომ შეგცოდეთ, ხოლო უსჯულოებანი ჩვენნი დღითი დღე განმრავლდებიან. შენი მოწყალებით შეგვიბრალე ჩვენ, ძეო სახიერისაო, და შენი უსუპით განგვწმიდე ჩვენ ყოვლისაგან ცოდვისმიერი ბიწისა!
ღმერთის შეწევნა განგვაძლიერებს ცოდვასთან ბრძოლაში
არ არსებობს შენი სიუხვეების მსგავსი! – ისინი კეთილთაც მოეფინებათ და ბოროტთაც. კეთილმსახურთაც და უკეთურთაც დაეპკურება შენი მადლის ნამი და ბოროტთა ზედაცა აღმოხდების შენი მზე. ვის ძალუძს შენი სახიერების უარყოფა – შენი წვიმა, უფალო, უმართლოთა ზედაცა გადმოიღვრება. ვინ არ აღიაროს შენი მოწყალება? დაე, აღმობრწყინდეს შენი სიუხვეთა მზე, რომელსაც ვერ ეწევა ვერანაირი ბნელი! გარდამოავლინე ჩემზე შენი მოწყალების დიადი წვიმა, რომელიც სიბილწეთაგან განწმედილია! არასდროს წაიბორძიკებს ის, ვისი საყრდენიც შენ ხარ, უფალო. არასდროს დაეცემა ის, ვინც შენზეა დამყარებული. ვისაც შენ ჰყავხარ თვალთა წინ, იმას ვერ აცდუნებს ვერანაირი ცოდვა. ვინც სულ შენ შემოგყურებს, იმას ვერაფერი აღუშფოთებს სულს. ვისაც შენ უყვარხარ, უფალო, მისთვის სრულიად მოძაგებულია მთელი ქმნილება. შენდამი აღაპყრო იოსებმა მზერა ბილწი დედაკაცის საძილე ოთახში, და არ შერყეულა მისი სიბრძნე და უბიწოება. სამსონი კი დაცემამდე მიიყვანა დალილამ და ყველა მისი მხნე გმირობის საქმენი არარად იქცა! მომმადლე მე, უფალო, იოსების მსგავსად, შენ გჭვრეტდე ჩემი სულის საუნჯეში – ქორედში და განვეშორო იმგვარ დაცემას, რომელშიც სამსონი შთავარდა! შენ იქმენ ჩემი გზა, რომელზეც მე ვივლი, და – დაფარული შეკრძალული ტაძარი, რომელსაც მე შევეფარები მზაკვრისაგან, ჩემ წინაშე რომ აღზევებულა და თითოეულ ჩემს ნაბიჯს უდარაჯებს.