კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის წინააღმდეგ განათავსა რუსეთმა საზენიტო რაკეტები გუდაუთასა და ცხინვალში და როგორ გაინაწილებენ კავკასიას განახლებული რუსეთი, თურქეთი და ირანი #13

სულ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ გუდაუთაში საზენიტო-სარაკეტო დანადგარები (C 300) შეიტანა. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ რუსეთს ცხინვალთან აშენებულ სამხედრო ბაზაზეც აქვს მსგავსი შეიარაღება. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებია, რომლებიდანაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვიდან დაბომბეს ისლამისტების პოზიციები. თუკი ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში გასაგებია ამ რაკეტების განთავსების სტრატეგიული მოტივი (აქვს მნიშვნელობა, ისინი კავკასიონს იქით იდგებიან თუ აქეთ), აფხაზეთის შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, C 300-ებს რუსეთი კრასნოდარში დააყენებს თუ გუდაუთაში. თან, ისიც ფაქტია, რომ მათ ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებას არც აპირებს (ჩვენ გაცილებით მსუბუქი შეიარაღებითაც მოგვერევა). თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ჩრდილოეთ კავკასიის გამაგრებასაც ცდილობდეს. რა მიზანს ისახავს სამხედრო ტექნიკის განლაგება, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა, –  ამ საკითხზე აკაკი ასათიანთან ერთად ვისაუბრებთ.
– ვითომ პუტინმა ტრამპთან შეხვედრის წინ თავისი გავლენის ტერიტორია მონიშნა გუდაუთაში დადგმული რაკეტების მოქმედების რადიუსით თუ ირიბად თურქეთიც გააფრთხილა. ანუ რისთვის ემზადება რუსეთი ამ ტაქტიკური მანევრით?
– რუსებისთვის, მას შემდეგ, რაც როგორც იქნა, შეასრულეს წერტილოვანი დარტყმები, ისინი ამას ამუშავებდნენ წლებია და ეგონათ, დიდი ამბავი იყო. სამხედრო თვალსაზრისით, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებამ აზრი დაკარგა. რუსეთი ისეთი იმპერია იყო, რომელიც მეზობელს უნდა მიდგომოდა. მათ ხომ შორ მანძილებზე არ დაუპყრიათ ტერიტორია?! კავკასიონის ქედის გადმოღმა მათი გადმოსვლის გამუდმებული მცდელობაც ამას უკავშირდებოდა. ერთი მიზეზი, რის გამოც ერჩოდნენ გამსახურდიას, იყო ის, რომ საოკუპაციო ჯარად გამოაცხადა და მათი გაყვანა უნდოდა. თუ გახსოვთ, როგორც კი სამხედრო საბჭო მოვიდა, პირველი, რაც გააკეთა, გააუქმა გამსახურდიას ეს განკარგულება. ამდენად, ოკუპაციას სამხედრო დანიშნულება აღარ აქვს, მხოლოდ ჩვენზე პოლიტიკური ზემოქმედების საშუალებაა. დუგინიც გამოვიდა ამას წინათ და ისტერიკულად კიოდა, თუ საქართველო არ იქნა ჩვენთან ნებისმიერი ფორმით, გინდა მოვთაფლოთ, გინდა მოვისყიდოთ, გინდა დავიპყროთ, ვკარგავთ მთელ კავკასიას და მთელი რუსეთიც საფრთხის ქვეშ დგებაო. ამიტომაც აფხაზეთსა და ცხინვალში ისევ პოლიტიკური შანტაჟი თამაშდება. ცხადია, სამიზნე ახლო აღმოსავლეთია.
– იქნებ ჩრდილო კავკასიას ამაგრებს გარედან? თუ ახლო აღმოსავლეთიდან გამოიდევნენ ისლამისტები, მათი ნაწილი დაბრუნდება ჩრდილო კავკასიაში, თურქეთსაც ექნება ზემოქმედების ბერკეტი და დასავლეთსაც რუსეთის ასარევად?
– იძულებულია, დაიცვას. მათ ყოფილ საბჭოეთში და გარეთაც ჰყავთ ქვეყნების ჯგუფი, რომლებზეც ყველაზე მეტად არიან ნაწყენები. ყოფილი სოციალისტურებიდან ასეთია ბულგარეთი; იმიტომ რომ, ანბანიც მათგან აქვთ და პირველი ქრისტიანული ლიტერატურაც. აბა, მათ არ ჰყოლიათ ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, არც იოანე პეტრიწი, არც არსენ იყალთოელი, შოთაზე აღარაფერს ვამბობ; ასევე, ნაწყენები არიან უკრაინელებზე, როგორც სისხლით ნათესავებზე და ჩვენზე, როგორც რწმენით ახლობელ ხალხზე, თან, მიაჩნიათ, რომ ხელის გულზე გვატარებდნენ საბჭოეთში. მოკლედ, ცდილობენ სივრცის შემომტკიცებას, მაგრამ, რაც უნდა მოიჭირო ქამარი, თუ ბალთით არ შეკარი, ჩამოგძვრება. აი, ეს ბალთა ვართ ჩვენ. ბალტელები გაცნობიერებულად ჰყავდათ გაშვებული. ისინი საბჭოეთმა გაუშვა დაშლამდე, მაშინ, როდესაც დანარჩენები გავთავისუფლდით საბჭოეთის დაშლის შემდეგ. ანუ მათი ამოცანაა, რაღაც მოგვიხერხონ და მოგვთოკონ. მაგრამ არ უნდათ, რომ თვითონ დაიწყონ ვაჭრობა, იმიტომ რომ, მაშინ ჩვენ ფასს ავწევთ. თუმცა ჩვენი ხელისუფლება, გარწმუნებთ, ამ საქმის ბაიბურში არ არის, არც არაფერს სთავაზობს, არც არაფერს პასუხობს. არადა, იქ ხან პუტინი, ხან ლავროვი, ხან პოლიტოლოგები იხლიჩებიან შუაზე, ხან ფედერაციაო, ხან კონფედერაციაო, მაგრამ ჩვენ ყურს არ ვიბარტყუნებთ. მათ ჰგონიათ, რომ ეს ჩვენი პოლიტიკაა, ამ დროს კი არანაირი პოლიტიკა არ არის, მაგრამ გამოდის, რომ პოლიტიკაა.
– ეს შანსიც შეიძლება, იყოს, ისე დალაგდეს სიტუაცია, რომ ვიხეიროთ.
– შანსია, უბრალოდ მგონია, რომ ამ შანსის გამოყენების მომენტისთვის ეს ხელისუფლება აღარ უნდა იყოს. ამას გარდა, რუსების ამოცანაა, შემოიმტკიცონ ჩრდილო კავკასია, რომელიც დენთის კასრია. ხომ ფაქტია, რომ პუტინის შემდეგ კადიროვი იტყვის, მე პუტინის ვასალი ვიყავი, თქვენ ვინ ოხრები ხართო. უკვე ამბობს, რომ მხოლოდ პუტინს ემორჩილება. ეს ხდება დღეს, პუტინის პირობებში. პუტინი ამას ითმენს, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, სიამოვნებს და მეორე, ოღონდ შეინაჩრუნოს თავის ყოფნაში ეს ძალაუფლება. მთელი მისი საგარეო პოლიტიკა ემსახურება შიდა ძალაუფლების შენარჩუნებას. და გარდა ჩრდილო კავკასიისა, მათ პრობლემები აქვთ  ვოლგის შუა და ქვედა წელზე, თათარსტანსა და ბაშკოსტანში სერიოზული ვითარებაა. მესამე ამოცანაა, როგორც მათ წარმოუდგენიათ, ისე გააძლიერონ თავიანთი თავდაცვისუნარიანობა, რომ შორეულ მიჯნებზე დაიცვან თავიანთი ქვეყნის უსაფრთხოება: ეს შორეული მიჯნაა ახლო აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია, სადაც დგანან და დგანან იქაური მმართველი ელიტების სურვილით. იმიტომ რომ, იქაური მმართველი ელიტა ვერაფრით აღუდგებოდა წინ თალიბების ერთ რაზმსაც კი. ანუ ცენტრალურ აზიაში, ასე თუ ისე, გარკვეულია და რჩება ახლო აღმოსავლეთი, რომელიც ისევ ადუღდა და აუცილებელია ერდოღანის, თუნდაც, შეფარულად კონტროლი, რადგან ის უკვე ფსიქიკურ პრობლემებს ამჟღავნებს.
– ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიური ძროხები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, თუ არ წაიყვანთ, დავხოცავთ და დავმარხავთო.
– რატომ არ ჭამენ, არ ვიცი. არადა ერდოღანმა, თუ გახსოვთ, ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ ხანგრძლივი და განუსაზღვრელი ძალაუფლება უმწიფარ დემოკრატიაში, როგორც წესი, მთავრდება ამით. თურქეთი მეჩვიდმეტე ეკონომიკა გახდა მსოფლიოში, არადა არანაირი რესურსი არ აქვთ. ერდოღანმა კი ყველაფერს გადაუხვია, მათ შორის, ათა თურქს. თუ დააკვირდებით, პუტინი, რაც უნდა გამწვავდეს ვითარება, განსხვავებით ერდოღანისგან, არცერთ უდიერ სიტყვას არ იტყვის დასავლეთისადმი. ამით მაკკეინსაც კი ათქმევინებს, ჭკვიანი კაციაო. ეს იმიტომ, რომ უშიშროების სკოლა აქვს გავლილი და თუ სადმე რამეს ასწავლიდნენ საბჭოეთში, ეს უშიშროების სკოლა იყო. დღეს ისინი მართავენ რუსეთს, მათ ამოქაჩეს ქვეყანა, ცხადია, ისე, როგორც წარმოედგინათ ამოქაჩვა. წელს ზეიმობენ თავიანთ „ჩეკასა“ და „კაგებეს“ ასი წლისთავს. როგორი ზეიმია?!
– ჩვენც ვიზეიმებდით მათ ადგილას.
– არა, ეს იყო შიდა დათრგუნვის მექანიზმი.
– მაგრამ ისინი ხომ ასე არ აღიქვამენ?
– დიახ და ეს მათი პრობლემაცაა და მსოფლიოსიც. ერთმა საქმეში ჩახედულმა კაცმა მითხრა, „ეფ ეს ბეს“ კაბინეტებში ბერიას სურათი უკიდიათო. ამდენად, რაკეტების განთავსებით შეიძლება, ყველაზე მეტად ერდოღანს ემუქრება, მიუხედავად მათ შორის ახლანდელი ძმაბიჭობისა. იმიტომ რომ, ერდოღანი თანდათან გამოუცნობი ხდება და ეს დასავლეთისთვისაცაა პრობლემა. ჩვენ რომც გვესროლოს ის რაკეტები, გადაგვაფრინდება და მაინც ან ირანს მოხვდება, ან თურქეთს. თუმცა, რაც დრო გადის,  ომში ძალიან გაუჭირდათ. ჩვენ რომ მინიმალურად კვალიფიციური, პატრიოტი ხელმძღვანელობა გვყოლოდა, გაცილებით დიდხანს გავუძლებდით, ოღონდ ეს მძიმედ დამთავრდებოდა: ქალაქებსაც დაბომბავდნენ. სააკაშვილი ის კაცი არ არის, იცოდეს, რას ნიშნავს მეცხრამეტე საუკუნის დუელი. ეს არ იყო დარტანიანის ფარიკაობა ან ამერიკული –  დასწრებაზე სროლა. ევროპული  დუელი იყო, როდესაც შენ ისროდი, ის იდგა და ელოდებოდა სროლას; თუ ააცილებდი, მერე შენ ისროდი და ის იდგა და ელოდებოდა სროლას. პროფესიონალებმა იომეს რაც შეეძლოთ, რამდენიც იყვნენ, ანწუხელიძემ კი ჩვენი ისტორია გაამართლა და დაუსვა წერტილი. მახსოვს, მეუბნებოდნენ, ალბათ, მემატიანე ტყუის, ასე არ იქნებოდაო, მაგრამ გიორგი ანწუხელიძემ ყველაფერი თავის ადგილას დასვა და გაასწორა.
ისევ ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ, როგორც წესი, პუტინის ტიპის მმართველების შემდეგ მოდიან ფსევდო და ნამდვილი ლიბერალები. პირველი იყო ხრუშჩოვი, მეორე –  გორბაჩოვი, ერთმა დაშლამდე მიიყვანა, მეორემ –  დაშალა, თუმცა არცერთს არ უნდოდა ამის გაკეთება. მაგრამ დიდხანს რომაა მუშტი შეკრული, თითები თავისით იხსნება. რამდენ ხანს ექნებათ ამჯერად მუშტი შეკრული, არ ვიცი. ოღონდ სულ არ მიხარია მათი დაშლა, მაგრამ განწირულები არიან და თვითონაც ყველაფერს აკეთებენ ამისთვის.
– 16 აპრილს რეფერენდუმი ტარდება თურქეთში და თუ მოსახლეობა მხარს დაუჭერს, პრეზიდენტი ერდოღანი სულთნის უფლებებით აღიჭურვებაო. ანუ სამხრეთით გვეყოლება სულთანი, ჩრდილოეთით გვყავს უკვე იმპერატორი, ერთი შაჰ-აბასიღა აკლია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და სრული დეჟავუ იქნება. არ არის სახიფათო ამ ორს შორის შუაში ყოფნა, თუ იმედი ვიქონიოთ, რომ იმპერატორი პუტინი არ აწყენინებს ბოლომდე დასავლეთს?
– ირანში შაჰ-აბასი არ იქნება. სხვათა შორის, ირანი ძალიან საინტერესო მოვლენაა და, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, მათ აქვთ დემოკრატია, ოღონდ არა პლურალისტული. ანუ ყველას კი არ ირჩევენ, არამედ გარკვეული ხალხის კატეგორიაში, მუსლიმან შიიტებს შორის ატარებენ დემოკრატიულ არჩევნებს.
– როგორც ძველი ბერძნები.
– იქ მონა და თავისუფალი იყო, ანუ სოციალური გრადაცია. ირანში რელიგიური მომენტია. სანქციებსაც გაუძლეს, სხვათა შორის, გაცილებით მძიმეს, ვიდრე რუსეთს აქვს. ავტომობილიც კი გამოუშვეს, რომელსაც არავინ იყიდის მსოფლიოში, მაგრამ თვითონ დადიოდნენ. ახალგაზრდობა ჰყავთ, რომლებსაც ხელს უწყობენ. ანუ თავისებურად ვითარდებიან და ჰანტინგონიც ამას ამბობდა: ყველამ თავის ისტორიულ გამოცდილებაზე უნდა ააწყოს თავისი წინსვლაო და იაპონია და კორეაა ამის მაგალითები. ეს ორი კი მართლაც პრობლემაა და მგონია, რომ ერდოღანი მართლაც სასულთნოს აპირებს. მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ არ გამოუვა, რადგან ბევრს იქ ევროპული ტიპის განწყობა აქვს. ერდოღანი დგას უფრო პროვინციებზე. რაც შეეხება პუტინს: უფრო იჩემებს იმპერატორობას, ვიდრე არის.  განსხვავება პუტინსა და ერდოღანს შორის ისაა, რომ პუტინი თავშეკავებულია. უცნაურია, რუსები უფრო ევროპული ხალხია, მაგრამ მათი საზოგადოება ნაკლებად დემოკრატიულია; თურქები ისლამური ხალხია, მაგრამ გაცილებით დემოკრატიული. არჩევნებში 10-12 პროცენტი აიღეს ეთნიკური და ეროვნული უმცირესობების პარტიებმა, რაც რუსეთში გამორიცხულია. მეორე პარტია, რომელიც ათა თურქის გზით მიდის, ყოველთვის მნიშვნელოვან შედეგს აჩენებს და კონსტიტუციური უმრავლესობა არ აქვს ერდოღანის პარტიას, იმიტომაც ატარებს რეფერენდუმს. და გაიტანს კიდეც ამ საკითხს. ოღონდ ეს იქნება დასასრულის დასაწყისი. გავითვალისწინოთ, რომ თურქებს მოსდგამთ სახელმწფიოებრივი ცნობიერება და ათა თურქმა ეს გამოიყენა. თურქეთს აქვს შიდა განახლების პოტენციალი და ასე უნდა შევხედოთ ამ საკითხს და ყველანაირად შევუწყოთ ხელი. იგივე ირანიც მსოფლიო იმპერიაა, რომელიც სამჯერ დაემხო და ისევ აღდგა. ან მათაც რაღაც გამძლეობისა და თვითგანახლების უნარი აქვთ. ამაზე უნდა გავთვალოთ. ისინი სულ იქნებიან, ამიტომ ზოგი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა გამოვიყენოთ.
– და სამი ავტონომიაც მოგვაწებეს.
– მესამედ შემოვიდნენ და მოგვაკბიჩეს ორი რეგიონი, თუმცა, მგონია, არ შერჩებათ. ეს უდავოდ, პროგრესია, ოღონდ ორი საუკუნის განმავლობაში, ჩვენ კი ყველაფერი უცბად გვინდა. ჩვენ თვითონ უნდა მოვწესრიგდეთ შიგნით, თორემ ხომ ფაქტია, 30 მილიონი ვერ გავდხდებით?! ანუ, ჩვენ მათ ვერ დავამარცხებთ და ბირთვულ იარაღს კი არავინ დაგვამზადებინებს. დემოკრატია მაინც სიკეთეა და ამ კულტურითაც ბევრ ჩვენს მეზობელზე წინ ვართ, თუ ყველას არ ვჯობივართ.

скачать dle 11.3