სისუფთავის ინსპექტორები #13
ანუ ეყრევინებათ
რაკი ნაგვის დაყრას ვერაფერმა გადაგვაჩვია (იქნებ იმიტომაც, რომ არავის აქვს სურვილი, ნაგვის დამყრელი გამოამზეუროს და შესაბამის სამსახურებს აცნობოს), ამ ჩვენს დედაქალაქში 3 აპრილიდან, „თბილსერვისჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან, რომლებიც არა მხოლოდ ფიზიკურ, იურიდიულ პირებსაც საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ.
თუმცა სიახლე მთლად ხისტიც არ იქნება: როგორც გვაცნობეს, პირველი ორი კვირის განმავლობაში სისუფთავის ქვეითი ინსპექტორები მოქალაქეებს მხოლოდ გააფრთხილებენ და ქუჩებში დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ, იმას გარდა, რომ სანქციების ტარიფებსაც გააცნობენ.
ჯერჯერობით სიახლე არავის გაუპროტესტებია, პირიქით, ყველა კმაყოფილია, რაც ბადებს რიტორიკულ კითხვას: თუ ყველა სისუფთავესაა დახარბებული, ნაგავს ვინ ყრის ან იქნებ ჯარიმით აკრძალული მაინც სულ სხვაა?!