ნინო მაჩაიძე: ირგვლივ 5-6-კაციანი დაცვა მყავს და ისე გავდივარ სცენაზე #12
ქართველი საოპერო მომღერლები რომ მსოფლიოს უდიდეს სცენებს იპყრობენ, ეს არავისთვისაა სიახლე. მაგრამ, ამასთან ერთად, სოპრანო ნინო მაჩაიძის წარმატებებს საზღვრები არ აქვს. მას ხშირად ასახელებენ საუკეთესო სოპრანოთა ათეულში, ესპანეთში წლის საუკეთესო მომღერალი გახდა, ხმის ჩამწერმა სტუდია „სონიმ“ მისი ნამღერი 50 საუკეთესოს შორის შეიყვანა, მას „ოპერის ანჯელინა ჯოლიდ“ მოიხსენიებენ და ახლახან, „ბულგარის“ სახეც გახდა
ნინო მაჩაიძე: 2005 წელს გავემგზავრე იტალიაში და მივიღე მონაწილეობა „ლა სკალას“ აკადემიის კონკურსში. 600 მონაწილიდან აგვიყვანეს მხოლოდ ცხრა და ასე შევედი „ლა სკალას“ აკადემიაში. რამდენიმე თვის მერე, მე უკვე „ლა სკალამ“ შემომთავაზა, მემღერა მათ სცენაზე. ამ სიმფონიურ კონცერტს ერქვა „მოცარტის საღამო“, სადაც მე ვიყავი ერთადერთი მომღერალი სოლისტი და ეს იყო აკადემიაში შესვლიდან სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ. ეს იმ ოცნების ასრულებას ჰგავდა, ჩემს წარმოდგენებში რომ მქონდა, მესიზმრებოდა და ეს ასრულდა. მერე უკვე ვიმღერე არაერთი მთავარი პარტია ამ სცენაზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო 2007 წელს, როცა „ლა სკალამ“ შემომთავაზა, „პოლკის შვილობილში“ მთავარი როლი და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. ყველა ქვეყნის მნიშვნელოვან სცენაზე მიმღერია. ნეაპოლში იტალიის პრეზიდენტიც კი ესწრებოდა ჩემს გამოსვლას.
– ხშირად ხვდები საუკეთესო საოპერო მომღერალთა ათეულში...
– ძალიან ხშირად ხდება ვებ-გამოკითხვები. პირველ ადგილზეც ვხვდები, ხშირად ვარ პირველ სამეულში. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ სეზონზე ესპანეთის საუკეთესო მომღერლად დამასახელეს. სეზონის განმავლობაში იქ 900-მდე სოპრანო იყო დაკავებული და მათ შორის 15-კაციანმა პროფესიონალურმა ჟიურიმ, რომელიც თეატრის დირექტორებით დაკომპლექტდა, გამარჯვებულად მე დამასახელა. ნამღერი მქონდა ბარსელონასა და მადრიდში. ერთი დღე გამითავისუფლდა და სიამოვნებით ჩავფრინდი დაჯილდოების ცერემონიალზე. გაიმართა კონცერტი. ასევე, ხმის ჩამწერმა კომპანია „სონიმ“, რომელთანაც კონტრაქტი მაქვს დადებული, ჩემი ორი სოლო დისკი უკვე გამოუშვა და ახლა მესამეზეა საუბარი. განვიხილავთ პროგრამას და ყველაზე მნიშვნელოვანი კი მოხდა ის, რომ სულ რამდენიმე თვის წინ „სონიმ“ გადაწყვიტა, გამოეშვა დისკი. მასში შეიტანა რაც კი ჩანაწერები ყოფილა სონის ისტორიაში, მათგან ორმოცდაათი საუკეთესო არია. ამ ორმოცდაათი საუკეთესო არიის კრებულში ჩემი ერთ-ერთი არიაცაა. ამ ფაქტმა ძალიან გამახარა, ეს არია ჩემს გარდა ბევრ მომღერალს შეუსრულებია და მათ ჩემი ნამღერი აარჩიეს.
– რა შემთხვევაში ამბობ როლზე უარს?
– ყოველთვის უარს ვამბობ თუ ჩაცმულობაში რაღაც არ მომწონს. შემომთავაზეს მაისურითა და პატარა ტრუსით სცენაზე გასვლა „რომეო და ჯულიეტაში“. მომიწია ჩხუბი. მე ვთქვი, რომ არ მინდა, მაყურებელი მოვიდეს იმისთვის, რომ ნინო მაჩაიძე შიშველი ნახოს. უნდა მოვიდნენ ჩემი სიმღერისთვის-მეთქი და უარი ვთქვი – ან ჩამაცვით გრძელი ღამის პერანგი, ან მე წავალ და თქვენ აიყვანეთ სხვა ჯულიეტა-მეთქი. თუ თქვენთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, გყავდეთ შიშველი ჯულიეტა სცენაზე და არა მომღერალი ნინო მაჩაიძე. შემცვალეთ და აიყვანეთ სხვა ჯულიეტა-მეთქი. რა თქმა უნდა, არ გამიშვეს, შენ გვინდიხარო და ჩამაცვეს გრძელი ღამის პერანგი. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ხშირად მთავაზობენ მსგავს რამეს. არ ვიცი, ალბათ, ასეთი ტენდენციაა. მე არ ვეთანხმები და არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები.
– „ოპერის ანჯელინა ჯოლისაც“ გიწოდებენ და ყველაზე ლამაზ მომღერლადაც დაგასახელეს...
– ოფიციალურად მიწოდებენ „ოპერის ანჯელინა ჯოლის“. მეკითხებიან ხოლმე, ანჯელინა ჯოლისთან შედარება მისაღებია თუ არა ჩემთვის. რატომაც არა, მომწონს ეს შედარება. თან, მას გარეგნობის გარდა, ვაფასებ, როგორც ქალს, რომელიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებს. სასიამოვნოა ამგვარი შეფასებები.
– როგორ გახდი „ბულგარის“ სახე?
– სრულიად მოულოდნელად. მე ვიყავი ნეაპოლში და ვმღეროდი „ოტელოში”. ერთ-ერთ რეპეტიციაზე მოვიდა ოპერის დირექცია და მეუბნებიან, თუ შეგიძლია, ქვემოთ ჩამოდი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან მოსულები და შენთან უნდათ გასაუბრებაო. ჩავედი. წამოდგნენ მომესალმენ, ჩვენ „ბულგარის“ წარმომადგენლები ვართ. გაგიცანით ფოტოებიდან, ვიდეოებიდან, მაგრამ პირადად კიდევ უფრო მოგვეწონე. თუ ჩვენს ყველაზე ძვირფას პროდუქციას გაუკეთებთ რეკლამას, ძალიან გაგვიხარდებაო. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. დავდეთ კონტრაქტი, გადავიღე ფოტოები. ვატარებ რამდენიმემილიონიან სამკაულებს, თუმცა ეს მიკეთია სცენაზე, სარეკლამოდ. კონცერტებზე რომ ვმღერი, ისინი მაწვდიან სამკაულებს და მე ვიკეთებ. ირგვლივ 5-6-კაციანი დაცვა მყავს შემოხვეული და ისე გავდივარ სცენაზე. ისეთი კარგი ფოტოები გადაიღეს, ქუჩებში რომ ვუყურებდი ჩემს ბილბორდებს, თვითონვე მიჭირდა თავის ცნობა.
– ყველაზე გამორჩეული, რაც თაყვანისმცემლებს შენთვის უჩუქებიათ?
– „ბულგარის“ სახე ვარ და ბუნებრივია, საჩუქრებსაც ვიღებ. მაჩუქეს ულამაზესი გველის ტყავის ჩანთა, გველის თავის გამოსახულებით. „ბულგარის“ სიმბოლო ხომ გველის თავია. ხშირად ჩემს პორტრეტებს ხატავენ, რაც ძალიან მომწონს. მილანში, სახლში მაქვს ბევრი ნახატი. ხშირად აიღებენ ჩემს ფოტოს და იქიდან ხატავენ. ისეთი ლამაზი ნახატი მაქვს, უბრალოდ, არ მიკიდია, მართლა ნარცისიზმი გამომივა – ჩემს სახლში ჩემი სურათები დავკიდო. არც ფოტოები მიკიდია, არ ვარ ნარცისიზმით შეპყრობილი. მაგრამ, მახარებს ეს ფაქტი.
– შენ და შენი მეუღლე გადატვირთული გრაფიკის გამო, ხშირად არ ხართ ერთად, რთულია ასეთი ურთიერთობა?
– ჩემი მეუღლე იტალიელი ბარიტონი გუიდო ლოკონსოლოსია „ლა სკალას აკადემიაში“ გავიცანით ერთმანეთი. ორი წელი ერთად ვსწავლობდით. ეს ყველაფერი დაიწყო მეგობრობით და მერე უდიდეს სიყვარულში გადაიზარდა. უკვე თორმეტი წელია, ერთად ვართ და 2011 წელს შევუღლდით. ჩემი შვილი, ალესანდრო უკვე სამ-წლინახევრისაა. ასეთი ურთიერთობა რთულიც არის და ადვილიც. რთულია, იმიტომ რომ, ერთმანეთისგან შორს ყოფნა ხშირად გვიწევს. ადვილი იმითაა, რომ ძალიან ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთის ერთი სიტყვითაც გვესმის. საქმე ხშირად გვაშორებს, ზოგჯერ ორი თვითაც, მაგრამ მერე, რომ შევხვდებით ერთმანეთს, გეგონება, ყველაფერი თავიდან იწყებაო. ეს კი ძალიან გვინარჩუნებს რომანტიკას თორმეტი წლის შემდეგაც კი. ახლახან ჩემი დაბადების დღე იყო. უკვე თბილისში ვიყავი და აქ აღვნიშნე მეგობრებთან ერთად. ყვავილები გამომიგზავნა. ძალიან რომანტიკულია, აეროპორტებში ყოველთვის ყვავილებით მხვდება. ერთ-ერთ ვალენტინობას 1 600 კილომეტრი გამოიარა მანქანით, იმიტომ რომ, ვენაში ჩამოსულიყო, ერთი საათით გვევახშმა და უკან დაბრუნებულიყო. ჩვენ ვართ – ორი შეყვარებული ადამიანი და ბედნიერი ერთად ყოფნით. მე ვიცი, რომ ის ყოველთვის დამიცავს.
– რა არის მთავარი ურთიერთობაში, რომ ეს რომანტიკულობა შეინარჩუნოს წყვილმა?
– ურთიერთობაში ნდობა და პატივისცემაა მთავარი. თუ ნდობაა, იქ ყველაფერი დალაგებულია და სწორედ ეს არის, რომ მე და ჩემი მეუღლე შეიძლება, ორი თვე არ შევხვდეთ ერთმანეთს, მაგრამ არაფერზე ვნერვიულობთ. თვალდახუჭული ვენდობით ერთმანეთს. ჩვენ ვართ გულახდილები და ასე მოვილაპარაკეთ: თუ ერთმანეთი გვეყვარება, ერთად ვიქნებით, თუ არ გვეყვარება – არ ვიქნებით. ასე რომ, ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და ერთად ვართ.