რატომ არ დაეხმარა მეზობელი 80 წლის ქალს, რომელიც მძარცველებმა სასტიკად აწამეს #12
„დააფარეს სახეზე ბალიშები და მოგუდვა სცადეს, სახეში მუშტებით ცემა დაუწყეს, ყბები ჩაუნგრიეს, კისერზე „სკოჩი“ მოუჭირეს და უნდოდათ კისერი მოეგლიჯათ. კიდევ რამდენჯერმე ჩაარტყეს და გათიშეს. შემდეგ დააბეს. ხელები კისერთან მიუბეს, დააგდეს და წავიდნენ...” – კრიმინალური დრამის სცენარი არ გეგონოთ, ასე მოექცნენ მძარცველები რამდენიმე დღის წინ, თბილისში, კაჭრეთის ქუჩაზე მცხოვრებ 80 წლის ლუბა ჯანგირაშვილს, რომელიც კერძო სახლში წლებია, მარტო ცხოვრობს. მისი ოჯახი ამერიკაშია. ქალბატონი, სახისა და კისრის ძვლების მრავლობითი მოტეხილობებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯანგირაშვილის ქალიშვილი, ცარო სუარიშვილი, რომელიც ამერიკიდან მეორე დღესვე ჩამოვიდა, დედის გადარჩენას იმ სიკეთეს მიაწერს, რაც მის ოჯახს აქამდე უკეთებია.
ცარო სუარიშვილი: მდგომარეობა ისევ მძიმეა. ტვინის შერყევა აქვს, ჩაქცევები. ჩამტვრეული აქვს ზედა ყბა, კისრის არეში – საშინელი სიშავე აქვს. ქვედა ყბა თაბაშირით მიაბეს, რომ პირის ოდნავ გაღება შეძლოს და თხევადი საჭმელი მაინც გადაყლაპოს, სანამ ჩამტვრეული ძვლები აღუდგება... ოპერაციის კატეგორიული წინააღმდეგია, ვერ გადავიტანო, ეშინია. ახლობელმა ქირურგებმა გვითხრეს, ასაკოვანია და არ არის პატარა ოპერაცია, მაგრამ ხორხიც დაზიანებულია და იმის უფლება მაინც მოგვცეს, ადგილობრივი ანესთეზიით გავჭრათ და ხორხი ავწიოთო. მაგრამ, არ თანხმდება. ასეა თუ ისე, ფაქტია, განწირული დატოვეს, ცოცხალი აღარ ეგონათ და თავი დაანებეს.
იმ ღამით დედა 2 საათამდე, სახლის წინ სკამზე იჯდა და მეზობლებთან საუბრობდა. ბათუმის ამბები რომ მოხდა, ის ღამე იყო. სახლში გვიან შესულა და ტელევიზორთან დამჯდარა. როგორც მითხრა, სადღაც, 4 საათამდე უყურებდა ტელევიზორს. ჭიშკარი ჩაკეტილი ჰქონდა, მაგრამ სახლში, ყველა კარი ღია დაუტოვებია. ალბათ, დაეზარა ადგომა და იქვე, ტელევიზორთან ჩაეძინა. დღეში 7-ჯერ მაინც ველაპარაკებით დედას ნიუ-იორკიდან. ძილის წინ ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ ყველა კარი დაკეტოს. ჩემი გაფრთხილების მიუხედავად, მას აქ ცხოვრების თავისი წესი აქვს. ძალიან გულახდილია, თბილი, უყვარს ყველას დახმარება. მინდოდა, დამხმარე ამეყვანა, რომელიც მუდამ სახლში ეყოლებოდა, მაგრამ არ ინდომა. კვირაში ორჯერ მოდის ქალი, რომ ეზოს და სახლს მიხედოს. საღამოობით, ჩვენი ეზოს წინ, სკამზე იყრიან თავს მეზობლები. ამას გაჰქონდა ხან არაყი, ხან სიგარეტი ბიჭებისთვის. უხაროდა, როცა მეზობლებს პატივს სცემდა. სულ ვაფრთხილებდით, მაგრამ უყვარდა, რომ სახლში ფული ჰქონდა. თუმცა, არაფერი რომ არ დახვედროდათ, ალბათ, იმ დანით გამოჭრიდნენ ყელს, რომელიც ჩვენთან დარჩათ.
– თუ დანა დარჩათ, ეს, ალბათ, გამოძიებას საქმეს გაუადვილებს, მაინც რას ამბობს, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ნიღბებით იყვნენ?
– არაფერი იცის. ესენი ალბათ, დარაჯობდნენ, როდის დაიძინებდა. შემდეგ, ჯერ მანქანაზე ასულან და ფანჯრიდან უცდიათ გადასვლა, მაგრამ ფანჯრის ჩატეხა ვერ გაბედეს. ალბათ, ხმაური იქნებაო, შემოიარეს და უკანა კარი დახვდათ ღია. ხელთათმანებით მუშაობდნენ. სახლიდან წაღებული არაფერია ფულის გარდა. თუმცა, წასაღები ბევრი იყო. ფული უნდოდათ, როგორც ჩანს. როცა სხვაგან ვერაფერი ნახეს, სამზარეულოში შევიდნენ, სადაც დედას ტელევიზორი და ტახტი უდგას. ახალი ჩაძინებული იყო, მაგრამ სამზარეულოს კარის გაღების ხმა გაუგია. არ იცის რამდენი იყო შესული, რადგან მაშინვე სახეზე რაღაც ააფარეს ისე, რომ შუქიც არ აანთეს. მისთვის არაფერი მოუთხოვიათ, არც ხმა ამოუღიათ. ბალიშები სახეზე დააფარეს და მოგუდვა სცადეს. შემდეგ სახეში მუშტებით ცემა დაუწყეს. ყბები ჩაუნგრიეს, კისერზე „სკოჩი“ მოუჭირეს და უნდოდათ, კისერი მოეგლიჯათ – თვითონ კი, იბრძოდა საწყალი მოხუცი. მერე, რაღაც მომენტში, ხმის ამოღების საშუალება მიეცა და უთქვამს, რატომ მკლავთ, აგერ არის ფული, წაიღეთ რაც გინდათო. ხელით მიანიშნა თურმე ის ადგილი სამზარეულოში, სადაც ფული ჰქონდა შენახული. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ჩაარტყეს და გათიშეს. შემდეგ დააბეს, ხელები „სკოჩით“კისერთან მიუბეს, ასე მოხვეული დააგდეს და წავიდნენ... იატაკი მთლიანად სისხლით იყო მოსვრილი. ტვინის შერყევის გამო, რამდენჯერმე აღებინა და როგორც ჩანს, ჩამტვრეულ ცხვირსა და ხორხში ჩაგროვებული სისხლიც ამოიღო. ეს დღესაც ხშირად უმეორდება. სადღაც 5 საათი იქნებოდა გათიშული. შემდეგ, რაღაც ძალით, ალბათ, მისი და ჩვენი გაკეთებული სიკეთის შემწეობით, მობრუნდა, თვალი გაახილა და დიდი წვალებით გაითავისუფლა კისერზე მიბმული ხელი. ბედად, გვერდით, მაგიდაზე ეს ამერიკის ტელეფონი იდო, რომელზეც მხოლოდ ჩვენ ვუკავშირდებით. გაჭირვებით მიწვდა ტელეფონს და... თურმე მე კიდევ არ ვიცნობდი დედაჩემს – ნაწამებმა, ტვინშერყეულმა და ომგადატანილმა ქალმა, რომელიც სიკვდილს ებრძოდა, ჩემი დის ტელეფონის ნომრის 10 ციფრი აკრიფა და ხათუნას დაურეკა. ჩვენთან იმ დროს ღამის 2 საათი იყო, აქ კი – დილის 10... ხათუნამ იქიდან თავის მულს დაურეკა თბილისში და ვიდრე ის მოვიდოდა, სასწრაფო და პოლიცია მოსული დახვდა...
– მეზობლებმა ვერ გაიგეს?
– დედა ვერ დაურეკავდა, რადგან როგორც გითხარით, იმ ტელეფონიდან მხოლოდ ამერიკაში შეიძლება, დარეკო. მეორე ტელეფონი კი მისგან 2 მეტრში იყო და ვერაფრით მიწვდებოდა. ვერც დაიყვირებდა, ძლივს გამოსცემდა ხმას. ის ამერიკის ტელეფონი რომ არა, განწირული იყო, სისხლში დაიხრჩობოდა. სასწაულითაა გადარჩენილი.
მეზობლები კი არიან ძალიან ახლოს, მაგრამ – კეთილმოსურნენი არა. როგორც ინტრიგანი, ისეა ცნობილი ეს ოჯახი. შვილებს რას ვერჩი. შვილები შეიძლება, სხვაგვარად აზროვნებენ, მაგრამ მამა სხვა კატეგორიას მიეკუთვნება. კაცი, რომელმაც მამაჩემს უჩივლა, როცა სახლი ააშენა – როგორ, რა საშუალებით აშენებსო. ვოლგა „გაზ-24” რომ იყო, ის ვიყიდეთ და მილიცია კარზე დაგვაყენა – როგორ იყიდესო! ჩვენ მდგმურს თავი გაუჩეხა, რის გამოც 7 წელი ციხეში იჯდა. ახლახან ეზოს შევავლეთ ხელი. ხელოსანმა თქვა, აქვე, თქვენ წინ ქუჩასაც მოვაპირკეთებ, გავალამაზებ აქაურობასო და... მერიაში წერილი აფრინა, ნებართვა ვინ მისცათო! ასე რომ, ეს ხალხი დედაჩემისთვის თავს არაფრით შეიწუხებდა. ოჯახში 8 სული მაინც ცხოვრობს და ვერაფერი გაიგეს?
– ქალბატონო ცარო, რა რაოდენობის თანხაა წაღებული?
– რატომღაც ჩათვალეს, ისეთი უტვინოები ვართ, აქ დოლარებს შევინახავდით! სად არის შესანახი დოლარები?! ამერიკაში ხელფასზე ვმუშაობთ, კერძო ბიზნესი კი არ გვაქვს. მე, ჩემი და და ჩვენი მეუღლეები ვმუშაობთ 7 დღე 12 საათის განმავლობაში. ჩვენთვის დასვენება არ არსებობს. ცოცხალი ხარ თუ მკვდარი, სამსახურს წუთითაც ვერ მიატოვებ. ასეთი მუშაობაა იქ. ხელფასი გვაქვს იმისთვის საკმარისი, რომ იქ ვიცხოვროთ, ვიარსებოთ და გადასახადები გადავიხადოთ. 10 წელია, ამერიკაში ვარ. ჩემმა დამ კი მწვანე ბარათი მოიგო და 5 წლის წინ ჩამოვიდა. მე შვილი არ მყავს. ჩემს დას ჰყავს ორი ვაჟი, რომლებიც იქ კოლეჯში სწავლობენ.
2000 წელს შევიძინეთ ორი ცარიელი ფართი თემქაზე, რომელსაც ვაქირავებთ და ჩემი დის ამერიკაში ჩამოსვლის შემდგომ, როცა ამ შემოსავლის დაგროვება დავიწყეთ, მივხვდი, რომ მამისეულ სახლს ხელის შევლება სჭირდებოდა. წელიწადში ორჯერ ჩამოვდივარ საქართველოში. პირველ ჯერზე სამზარეულო შევაკეთე, მეორე ჩამოსვლაზე – ეზო, მესამეზე – უკვე აგარაკი წამოვიწყეთ. საბოლოოდ, აქეთ ვაპირებთ წამოსვლას და მინდა, სუფთა ჰაერზე ვიცხოვრო. მინდა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება, მიუხედავად აქ არსებული სიტუაციისა.
აქვე, ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ. ზაფხულში, როცა თბილისში ვიყავი, ეს მოხუცი ნათესავი ქალი მოვიდა ჩვენთან და გვთხოვა, ოჯახში ისეთი სიტუაცია არ მაქვს, რომ ფული შევინახო და თქვენთან შევინახავ. რომ მოვკვდები, კუბოს მაინც მიყიდიანო და 2 100 ლარი და 100 ევრო მიაბარა დედას. 600 დოლარი თვითონ დედას ჰქონდა, სარვამარტოდ მე და ხათუნამ კიდევ 400 დოლარი გამოვუგზავნეთ. გარდა ამისა, 1 000 ლარი, აქედან რომ წავედი ნოემბრის ბოლოს, მაშინ დავუტოვე. აგარაკზე რომ ჩამოხვალთ, შვილო, ეს ფული ისევ თქვენ გამოიყენეთო, გვითხრა. ეს თანხაა სრულად წაღებული. როცა აქედან მივდივარ, დედას სამივე მაცივარს და საყინულეებს სავსეს ვუტოვებ. იმდენ პროდუქტს ვუტოვებ, რომ რძისა და პურის მეტს არაფერს ყიდულობს.
– როგორც გავიგე, ქალბატონ ლუბას ბოლო დროს ღამით მარტო დარჩენის ეშინოდა. იქნებ ვინმე ემუქრებოდა, ან ფულს სთხოვდა?
– ასე რომ ყოფილიყო, აუცილებლად გვეტყოდა, არ დაგვიმალავდა. ეს წინათგრძნობა იყო, ალბათ. ადრე გვქონდა დაყენებული დაცვის სისტემა, რომელიც დაზიანდა. დღეს კი, უკვე დაცვის ახალი სისტემის დამონტაჟება დავიწყე. კარგია, თქვენთან რომ ღამეა, ჩვენთან დღეა და შემიძლია, ტელეფონის საშუალებით, ამერიკიდან ვაკონტროლო, ვინ გაივლის და გამოივლის ჩემს სახლთან. დამხმარეც უნდა ავუყვანო, რომელიც მასთან დარჩება და იცხოვრებს. ფსიქოლოგიც სჭირდება. ფეხზე რომ დავაყენებ, მერე წავალ.
– თქვენი ვარაუდით, მაინც ვინ შეიძლება, ყოფილიყვნენ ის ადამიანები?
– ამას ვერ ავხსნი. არ მგონია, რომ ქალის გაჩენილები იყვნენ, საერთოდ. ასეთად არავინ მესახება. მთლად უცხო რომ ყოფილიყო, გამორიცხულია. მინისტრის დონემდეა საქმე მისული, რადგან ასეთი სისასტიკით ბოლოს ვინ და რისთვის აწამეს, არ ვიცი! გალოთებულია ქვეყანა, ზოგი ნარკომანია, ჩვენს უბანში ერთი-ორგან იყრიან თავს ასეთები, მაგრამ ფული რომ წაეღოთ და დედა უვნებელი დაეტოვებინათ, გეფიცებით, საერთოდ არ გავაცხადებდი პოლიციაში. დაცვას გავაძლიერებდი და მორჩა, მაგრამ ვერ ვხვდები, ასეთი სისასტიკით რატომ? – არ გეწინააღმდეგება ქალი და რატომ მიკლავ დედას?