კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოეცალა ხელიდან დედას ხელჩაკიდებული დედისერთა გოგონა #12

13 მარტს, ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილმა აგურმა 11 წლის მარიამ ხეჩინაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, როცა დედისერთა გოგონა მშობლებთან ერთად სეირნობდა და გორგოლაჭებით სრიალს სწავლობდა. ამჯერად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს. ტრაგედიის დეტალებზე მარიამის მასწავლებლები გვესაუბრებიან.
მაია კოპალიანი-ჯიქიძე (ქუთაისის ¹ 2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მე-6 კლასის დამრიგებელი): მარიკო ჩვენი თანამშრომლის, ფრანგული ენის პედაგოგის, ეკა ჯუღელის შვილია – გამორჩეული ბავშვი. ამას იმის გამო არ ვამბობ, რომ ის ჩვენთან აღარ არის. ამას გეტყოდით, საღსალამათიც რომ მეგულებოდეს. ძალიან ძნელია მასზე საუბარი ჩემთვის, რადგან გეცოდინებათ დამრიგებლის დამოკიდებულება, ზოგადად, ბავშვის მიმართ. თვალციმციმა, ყოველმხრივ გამორჩეული, უფროსისა და უმცროსის მიმართ ყურადღებიანი, ვერცხლისწყალივით გოგონა მშობლების ერთადერთი შვილი იყო. ისე უფრთხილდებოდნენ და დაჰფოფინებდნენ თავს, სკოლაშიც კი ტაქსით მოჰყავდათ და მიჰყავდათ. ტაქსი ჰყავდათ დაქირავებული და ყოველთვიურად ფულს უხდიდნენ, რომ ბავშვს უსაფრთხოდ ევლო.
15 წელია, სკოლაში ვმუშაობ. მარიამის დედა – ეკა აქ ერთი წლის მოსული იყო, მე რომ დავიწყე მუშაობა. ჩემ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა ეს ბავშვი. კალთასმოუშორებელი იყო. იმ საბედისწერო წუთებშიც, ცალი ხელით დედას ეჭირა, მეორეთი მამას. თვითონ კი მათ შორის გორგოლაჭებით მისრიალებდა... ამბობენ, თითქოს მშობლები ბანკში იყვნენ და თვითონ გარეთ ელოდებოდაო, მაგრამ არ არის მართალი. ცოლ-ქმარი ბებოს პენსიის ასაღებად გამოვიდა და ბავშვიც წამოიყვანეს. რაღა მაინცდამაინც მას დაეცა, ერთი ნაბიჯითაც კი ჩვენზე წინ არ ყოფილა, ჩვენს გვერდით მოდიოდა და რატომ ჩვენ არ დაგვეცა ის აგურიო – ამაზე გიჟდება ეკა. არ მინდა, ღმერთის საყვედური ვთქვა, მაგრამ რატომ? იდეალური ოჯახი იყო. გავიდა ბედნიერი ოჯახი სახლიდან და უკან გაუბედურებული დაბრუნდა. არც კი ვიცი, რა ვთქვა!
– ქალბატონო მაია, როგორც ვიცი, აგური კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა. მისი არიდება შეუძლებელი იქნებოდა, ალბათ, კიდევაც რომ დაენახათ...
– ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა, ვერც გაიგეს, ბავშვი რატომ წაიქცა. წარმოიდგინეთ, მეცხრე სარულიდან როგორი ინერციით წამოვიდოდა აგური. გოგონა ხელში ჩაეშალათ. მისი ხელი ჯერ კიდევ ხელში ეჭირათ და ეგონათ, ალბათ, ფეხი წამოჰკრა რამეს და წაიქცაო. ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო ბავშვმა. წინასწარ რომ დაენახათ ეს აგური და საფრთხე ეგრძნოთ, გაიქცეოდნენ მაინც, მაგრამ ასეთი რამ არ ყოფილა.
ამ კორპუსებს „გრუზუგოლის“ ბინებს ეძახიან. საცხოვრებელი სართული რომ მთავრდება, იმის ზემოთაა კიდევ რაღაც დაშენებული და იქიდან ჩამოვარდა აგური. წინა დღეებში ძლიერი ქარი იყო ქუთაისში. იმ დღეს კი ჩადგა და მხოლოდ ნიავი უბერავდა, მაგრამ შეიძლება, ქარმა დააზიანა და ამიტომაც ჩამოვარდა ის ნაწილი. ბათქაშიც ჩამოყრილია.
ახლა ყველაფერს ამბობენ და ვერ გეტყვით, მართალია თუ არა, მაგრამ ეს არ ყოფილა თურმე პირველი შემთხვევა, ამ კორპუსიდან ბათქაში და აგური რომ ცვიოდა. ამის გამო მცხოვრებლებმა განცხადებაც შეიტანეს მერიაშიო...
– გოგონა საავადმყოფოში ცოცხალი მიიყვანეს? რა ჰქონდა დაზიანებული?
– ზუსტად ვერ გეტყვით. ყველანი საავადმყოფოში ვიყავით, მაგრამ ზუსტი პასუხი იქიდან არ გამოსულა. ვიცით, რომ ტვინის ცალი მხარე მთლიანად განადგურებული ჰქონდა. საავადმყოფო ახლოსაა ტრაგედიის ადგილთან და ბავშვიც მაშინვე მიიყვანეს, მაგრამ მხოლოდ გული უფეთქავდა. ექიმებმა, ალბათ, იცოდნენ, რომ გოგონას სასიცოცხლო ძალა აღარ შესწევდა, მაგრამ მაინც ცდილობდნენ მის გადარჩენას. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გვერდით ვიყავით.
ჩვენ მიმართ საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა, განსაკუთრებული იყო ყველასთან. უნდა გენახათ, როგორ ქვითინებდა მოხუცი კაცი მეზობელი ეზოდან და ამბობდა, დღე არ გავიდოდა, არ მოვეკითხე, არ ჩამხუტებოდა და ეკითხა, როგორ ვარო. ეს პატარა გოგო თავის სითბოსა და სიყვარულს ყველას უნაწილებდა. როცა ვინმე გაუბრაზდებოდა, მოუბრუნდებოდა და ისეთ რამეს ეტყოდა, მაშინვე მოინადირებდა მის გულს. ამის საოცარი უნარი ჰქონდა.
რამდენიმე თვის წინ ქუთაისში ძლიერი ქარი იყო და ქარში ველოსიპედით მოსიარულე ბავშვი მანქანამ გაიტანა. მარი იმ ბიჭს იცნობდა და ძალიან განიცადა მისი დაღუპვა. მოვიდა სკოლაში და ჩემს უფროს მეგობარზე რაღაც დავწერე, უნდა წაგიკითხოთო, მითხრა. საერთოდ, ძალიან კარგად წერდა. დაუწერია, როგორ ემშვიდობებოდა ამ ბიჭს. არ ინერვიულო, ჩვენ ყველანი მანდ მოვალთო, წერდა. ოღონდ მე ჯერ უნდა ვისწავლო, დავქორწინდე, შვილები გავაჩინო, რომ დავბერდები, მერე მოვალ და აუცილებლად შეგხვდებიო, ეუბნებოდა. ჩვენ ხომ ყველანი აგვატირა და თვითონაც ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე...
არ ვიცი, როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება მისმა მშობლებმა, რომლებიც ერთადერთ შვილს დაჰკანკალებდნენ. ან მე როგორ შევიდე კლასში და შევხედო იმ პირველ მერხს მასწავლებლის მაგიდასთან, სადაც მარი აღარ იქნება. ფაქტია, ძალიან გვიმძიმს, მაგრამ მინდა, ყველაფერი სწორად გავაკეთო ჩემი მოსწავლეების წინაშე.
ნინო დათაშვილი (ისტორიის პედაგოგი): მარიამის სიკვდილი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმძიმესი მომენტია. ის იყო არაჩვეულებრივი ბავშვი, უნიჭიერესი, უჭკვიანესი, ვერცხლისწყალს ვეძახდით.
როცა სკოლაში დარეკეს და ეს ამბავი გვითხრეს, მაშინვე საავადმყოფოში გავიქეცით. მარი ჯერ კიდევ სუნთქავდა, რეანიმაციაში ჰყავდათ, მშობლები კი გარეთ ელოდნენ. ეკას მისი გორგოლაჭები და ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა ჩახუტებული და ლოცულობდა. ხატი ასე უცებ საიდან მოიტანე-მეთქი, რომ ვკითხეთ, უბეში მქონდა, სულ თან ვატარებო, გვითხრა... ბავშვს ტვინის მარცხენა ნახევარსფერო ჰქონდა დაზიანებული და თავის ქალა მთლიანად ჩამტვრეული.

скачать dle 11.3