კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაახდევინა 2 მილიონი დოლარი პაპიე-მაშეს სასახლეში ქართველმა თაღლითმა უზბეკ მილიონერს #12

ცნობილი ქართველი თაღლითი კოტე ნოდია, მეტსახელად „პიკასო“, ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და უნიჭიერესი ბოროტმოქმედი გახლდათ საბჭოთა კრიმინალისტიკის ისტორიაში. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ არაორდინარული პიროვნების მდიდარი კრიმინალური ბიოგრაფიიდან.
პირველი სასჯელი
1935 წელს სამტრედიაში დაბადებული კოტე ნოდია პატარაობიდანვე ამჟღავნებდა განსაკუთრებულ მიდრეკილებას სახვითი ხელოვნებისა და მხატვრობის მიმართ. შვიდი წლის კოტიკოს აბსოლუტურად ზუსტად შეეძლო ნებისმიერი ადამიანის პორტრეტის დახატვა. უბრალო მუყაოსგან, წებოსა და საღებავისგან კი, ნებისმიერი ძვირფასი ნივთისა თუ სამკაულის პაპია-მაშეს დამზადება ხელეწიფებოდა. სკოლაში კოტიკო კარგად სწავლობდა და მასწავლებლები აღფრთოვანებული იყვნენ ბავშვის ნიჭიერებით. თუმცა, სკოლის დირექტორი ანტონ ვანიშვილი დასანახავად ვერ იტანდა კოტიკოს და მისი წინსვლისთვის ყველანაირად ხელის შეშლას ცდილობდა. საქმე კი ის გახლდათ, რომ ვანიშვილის ვაჟი, გედეონი კოტიკოს ტოლი იყო და მის პარალელურ კლასში სწავლობდა. მამის წყალობით, ფრიადოსანი იყო და დირექტორი თავის ვაჟს ოქროს მედალზე „ქაჩავდა“. ოქროს მედლის კანდიდატი გახლდათ კოტე ნოდიაც და იმ პერიოდში არსებული კანონის თანახმად, ერთი სკოლისთვის მხოლოდ ერთი ოქროსმედალოსანი იყო დაშვებული. თავისი ვაჟისთვის გზა რომ გაეკაფა, დირექტორმა იმდენი მოახერხა, წლის ბოლოს ისტორიის მასწავლებელს, იზოლდა ხუხიას კოტიკოსთვის ოთხიანი გამოაყოლებინა, რამაც ნიჭიერი ბავშვი ოქროს მედლისთვის ბრძოლიდან გამოთიშა. ხუხია და დირექტორი, იმავდროულად, საყვარლებიც იყვნენ და მართალია, საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მათი ამბავი მთელმა რაიონმა იცოდა. უსამართლობით გამწარებულმა კოტიკომ, თანაკლასელების დახმარებით, შური იძია არაკეთილსინდისიერ დირექტორსა და მის საყვარელზე. ბავშვებმა ფული შეაგროვეს და კოტიკოს ტილო და საღებავები შეუძინეს. ბავშვმა კი დირექტორი და მისი საყვარელი შიშვლები, სექსის პოზაში დახატა და 10X5 მეტრის ზომის სურათი ღამით, სკოლის ფასადზე ფარულად მიაკრეს. თან, დიდი ასოებით მიაწერეს: „ანტონ და იზო ხარობენ, ერთმანეთს ურცხვად ხმარობენ“. დილით, როცა სკოლაში შეკრებილმა მასწავლებლებმა, ბავშვებმა და მათმა მშობლებმა ეს მამხილებელი ტრანსფარანტი ნახეს, დიდი სკანდალი ატყდა. სურათი რის ვაი-ვაგლახით ჩამოხსნეს და იქვე დაწვეს. დირექტორი და მისი საყვარელი თავიანთი ნებით წავიდნენ სკოლიდან. თუმცა, არც კოტე ნოდია დაინდეს და მართალია, მისთვის ოფიციალური ბრალდება არავის წაუყენებია, მაგრამ ისიც სკოლიდან გაუშვეს. 15 წლის ყმაწვილი თბილისში, თოიძის სახელობის პროფტექნიკურ სასწავლებელში გადავიდა სწავლის გასაგრძელებლად.
რეზონანსული საქმე
კოტე ნოდია ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა და 1953 წელს წარჩინებით დაამთავრა სასწავლებელი. თუმცა, თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის გაგრძელება იმ უბრალო მიზეზით ვერ შეძლო, რომ მისაღებ გამოცდებზე სულ რაღაც ერთი ქულა დააკლდა.  სინამდვილეში კი, უნიჭიერეს 18 წლის ყმაწვილს „ადგილი გაუყიდეს“. ანუ, მას შეგნებულად დააკლეს ქულა, სამაგიეროდ, სხვას მოუმატეს და ამაში 15 ათასი მანეთი აიღეს. იმ პერიოდში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უკვე მყარად იკიდებდა ფეხს კორუფციული სისტემა და პრესტიჟულ ფაკულტეტებზე სწავლის გასაგრძელებლად ქრთამის გაღება იყო საჭირო. ამიტომ, უმაღლესში ეწყობოდა არა ის, ვისაც სწავლა სურდა და ამის უნარი ჰქონდა, არამედ ის, ვის მშობლებსაც ქრთამის გადახდა შეეძლოთ. „ბორტს მიღმა“ დარჩენილი კოტე ნოდია ერთ-ერთ კერძო სახელოსნოში მოეწყო მხატვარ-დეკორატორად. სახელოსნოს მფლობელი ვინმე ვარდენ სარია იყო, რომელიც იქ ტრიალებდა, სადაც დიდი ფული კეთდებოდა. ერთ დღეს, ვარდენმა კოტე დაიმარტოხელა და შესთავაზა, თუკი სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს საკურსო და სხვა ნამუშევრებს დაუხატავდა, თითოეულში ოც მანეთს გადაუხდიდა. ხელმოკლე კოტიკო დაეთანხმა გაქნილ სარიას და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს სხვადასხვა დონისთვის განკუთვნილ ნახატებს უხატავდა. კლიენტებს სარია შოულობდა და თითოეულისგან 100-100 მანეთს იღებდა, კოტიკოს კი მხოლოდ მეხუთედს – 20 მანეთს უხდიდა. 1956 წელს სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა მოსკოვში იჩივლა. დაინიშნა სახელმწიფო კომისია და სამხატვრო აკადემიაში მსხვილი კორუფციის სქემა გაიშიფრა. სქემაში პროკურატურა ჩაერთო და ამ საქმემ დიდი რეზონანსი გამოიწვია. დააპატიმრეს უამრავი ადამიანი, მათ შორის, ვარდენ სარიაც, რომელსაც დიდძალი ძვირფასეულობა და ფული აღმოუჩინეს. სარიამ 21 წლის კოტე ნოდიაც დაასახელა და ისიც დაიჭირეს, გაასამართლეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან „სროკი“ ბოლომდე მოიხადა და 26 წლის ასაკში ციხიდან გამოვიდა, მაგრამ უკვე კრიმინალური მენტალიტეტით და დიდ კრიმინალურ საქმეებზე მეოცნებე.
მეტსახელად „პიკასო“
ციხიდან გათავისუფლებული კოტე ნოდია, თავდაპირველად, წვრილმანი აფერებით იყო დაკავებული. ხელოვნურ ბეწვეულს ნატურალურად ასაღებდა და მდიდარ კლიენტებზე სარფიანად ყიდდა. მოგვიანებით, ნაკლებად ცნობილი, მაგრამ პერსპექტიული ქართველი თაღლითი ქერის ორმოში ჩავარდა – მას ვინმე მოისეი ვინერმა ცნობილი გერმანელი გრავიორის, ალბრეხტ დიურერის გრავიურების ფალსიფიკაცია შესთავაზა და თითოეულში ათას მანეთს დაჰპირდა. კოტემ სულ 31 ასეთი ნამუშევარი შეასრულა და 31 ათასი მანეთი მიიღო, ხოლო თავად მოისეი ვინერმა კი – ექვსჯერ მეტი, ანუ 186 ათასი მანეთი. საქმე კი ის გახლდათ, რომ ვინერს ამ ფულს ერთი აზერბაიჯანელი იატაკქვეშა მილიონერი უხდიდა, რომელიც თავგამოდებული კოლექციონერი იყო და ვინერს ის „დამუშავებული“ ჰყავდა, ფულს სძალავდა. სწორედ მოისეი ვინერმა შეარქვა კოტე ნოდიას მეტსახელი „პიკასო“, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში მას უკვე მთელი საბჭოთა კრიმინალური სამყარო კარგად იცნობდა.
იმპერატორის სასახლე
კოტე ნოდიამ დროთა განმავლობაში თაღლითის ხელოვნება არნახულად დახვეწა და ისეთი ელემენტები შეიტანა მასში, მანამდე რომ არავინ იყენებდა მსოფლიოში. „პიკასოს“ თავისი გუნდი ჰყავდა, რომელიც მისი მორჩილი პროფესიონალებისგან შედგებოდა და ნებისმიერ მის დავალებას უზადოდ ასრულებდნენ. 1993 წელს 58 წლის კოტე ნოდიამ თავისი ყველაზე დიდი აფერა განახორციელა, რომელიც მსოფლიო კრიმინალისტიკის ანთოლოგიაშია შესული და მოწინავე ქვეყნების სპეცსამსახურების თანამშრომლებს დღემდე ასწავლიან მას.
რუსეთში, დაშლილი საბჭოთა კავშირის ყოფილი ქონების ტოტალური პრივატიზაცია მიმდინარეობდა. უცხოელები, ყველაფერთან ერთად, უძრავ ქონებასა და ისტორიულ შენობებსაც ყიდულობდნენ. მსგავსი საქმით იყო დაკავებული 63 წლის უზბეკი ოსმან უსმაევი – ყოფილი კომუნისტი ფუნქციონერი, რომელსაც ფული ჩეჩქივით ჰქონდა. მაისის ერთ დღეს „პიკასომ“ უსმაევი მოსკოვის მახლობელ ოდინცოვოში ჩაიყვანა და მწვანეში ჩაფლული ტყის შუაგულში, უზარმაზარ ველზე წამოჭიმული ორსართულიანი ზღაპრული სასახლე უჩვენა, რომელიც თითქოსდა იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ყოფილი აგარაკი იყო. სანიმუშოდ ნაგები და მორთული სასახლე ცარიელი იყო და ნოდიამ უსმაევს ამ სასახლის მფლობელობის ყალბი საბუთი წარუდგინა. შემდეგ 2 მილიონი ამერიკული დოლარი წინასწარ გამოართვა. ნასყიდობის ხელშეკრულება გაუფორმა და შეუთანხმდა, რომ დარჩენილ 3 მილიონს ერთ კვირაში გამოართმევდა. მყიდველი და გამყიდველი ერთად დაბრუნდნენ მოსკოვში და ერთმანეთს ერთი კვირით გამოემშვიდობნენ. მეორე დღეს უზბეკი თავისი სასახლის სანახავად ჩავიდა ოდენცოვოში და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ტყის შუაგულში მხოლოდ მდელო დახვდა, ზღაპრული სასახლე კი ზღაპრულად გამქრალიყო...
მთელი საქმე კი ის იყო, რომ 2 მილიონად გაყიდული სასახლე, მთლიანად ხისგან და პაპიე-მაშესგან იყო აწყობილი, მოხატული და მთელი ეს შოუ „პიკასოს“ ხელმძღვანელობით, მისმა ოცდაათკაციანმა ჯგუფმა შეასრულა.
უზბეკმა დახმარებისთვის, რა თქმა უნდა, პოლიციას მიმართა, მაგრამ 80-იანი წლების კრიმინალურ რუსეთში სიმართლის პოვნა შეუძლებელი იყო, თანაც „პიკასოს“ ყველგან დიდი ნაცნობობა ჰყავდა და თავისი აფერების წილს რუს მაღალჩინოსნებს უხდიდა.
კოტე ნოდია 2000 წელს, 65 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული.

скачать dle 11.3