კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყირამალა საყვარლები #12

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-11(846) 

ისტორია მეცხრე
მკითხავთან, ანუ როდის იქცევა „ანგელოზი“ „მონსტრად“
(მოქმედი პირები: ლელი – მკითხავი, ლანა და ეკა)
– გოგოებო, კარი ღიაა. შემოდით. სახლში მარტო ვარ, ეკუშ, ქვემოთ ვზივარ, – გამოგვძახა ლელიმ და მე და ლანამაც შევაღეთ კარი. ჩავიარეთ ათიოდე საფეხური და ლელის ბუხრიან მისაღებშიც აღმოვჩნდით.
ლელი, ასე, ორმოცდაათ წლამდე იქნება, ისე კარგადაა შენახული, ვერაფრით მიხვდები, მეხუთე ათეულს რომ მიუკაკუნა, თან – საფუძვლიანად  და საცაა, გადაუკაკუნებს კიდეც. ყოველთვის კარგ ხასიათზეა. ყოველ შემთხვევაში, სულ იცინის, მხიარულობს და დიდი კვაჭი ვინმეცაა. არ ვიცი, დაბადებიდან დაჰყვა იღბალი თუ თავის ჯადოქრობებს მიმართავს, მაგრამ არ არსებობს საქმე, აიჩემოს და არ გამოუვიდეს. გარშემო ყველა დააქორწინა და ისეთი კანფეტივით ქმარი ჰყავს, ლელის მზეს ფიცულობს. მოკლედ, ლელი ერთობ იშვიათი ნიმუშია.
მე სულ იმას მეუბნება, თავსაც მოვიკლავდი, შენი ბედი რომ დამყოლოდაო. მე საპასუხოდ ვიღიმები და არ ვუტეხავ გულს იმით, რომ უფრო უარესი აზრი მაქვს მისთვის დაყოლილ ბედზე. ისევ ენავმწარობ, არადა ლელი არაჩვეულებრივი ქალია. თუ რამე არასასიამოვნო დაინახა შენს ცხოვრებაში, ისე გეტყვის, რომ გული არ გაგისკდეს. თუ სასიამოვნოა, ასმაგად შეგაფრთიანებს. თუმცა მე მკითხაობას კარგა ხნის წინათ შემოვუწყერი. შემოვუწყერი რა, გავიზარდე იმდენად, რომ თავის მოტყუება აღარ მჭირდება. თუ მომესურვილა, შესანიშნავად ვიტყუებ თავს კარტის გარეშეც. მაგრამ ფაქტია, ლელი კუდიანია, ამიტომ მირჩევნია, მისგან შორს ვიყო, ოღონდ გულწრფელად მიყვარს, როგორც ადამიანი.
– ლელიკო, აი, ეს არის ლანა, ჩემი მეგობარი და მეზობელი. შენთან…
– აპ-აპ-აპ, არაფერი მითხრა. ხომ იცი, არ მიყვარს. ჩემი კარტები მეტყვიან ყველაფერს. იფ, რა კარგი ტორტია. მიდი, შენ ყავა გააკეთე, მე კიდევ ამასობაში ლანას გავიცნობ და წავეჭორავები…
***
– ქალბატონო ლელი… – ძლივს ამოიდგა ენა ლანამ.
– ქალბატონო არ გამაგონო, საყვარელო, ლელი, მხოლოდ ლელი… – ჩაუღიმილა ლელიმ საპასუხოდ.
– მგონია, რომ ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავს. მინდა… მინდა… რომ დამეხმაროთ მის შენარჩუნებაში. არ ვაპირებ, ვინმეს დავუთმო. ჩემი ქმარია და იქნება ჩემი ქმარი. რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა დავიტოვო. თუ არ ვუყვარვარ და არ ვუნდივარ, მაინც ჩემთან უნდა დარჩეს და ისეთივე უბედური იყოს, როგორიც მე ვარ. ამაში თქვენ უნდა დამეხმაროთ. ყველაფერს გავაკეთებ, არც ფულს დავიშურებ, ოღონდ ჩემთან ერთად იყოს სულ, სანამ არ მოკვდება! ჩემ გარდა ქალის დანახვა არ უნდა ეღირსოს! ისეთსავე ჯოჯოხეთში უნდა ვაცხოვრო, როგორშიც მე მამყოფებს. დამეხმარეთ, ქალ… ლელი. გთხოვთ. არაფრის გაშლა არ მინდა. პირდაპირ დამეხმარეთ! – ლანას ხმაში ისეთი სუსხი იგრძნობოდა, სამზარეულოდან გაოგნებული გამოვედი. ყურებს არ ვუჯერებდი. ნუთუ, ეს ის ლანა იყო, ანგელოზად რომ მოჰქონდა თავი და ერთი გულუბრყვილო, სუსტი ქალი მეგონა, რომელიც თითქოს თავისსავე ჩრდილს უფრთხოდა?! მარტო მე მეგონა ასე?! ჰაჰაჰა, საწყალი ზურა, ჰგონია, რომ ანგელოზი ჰყავს ცოლად, სინამდვილეში კი, პატარა მონსტრიკო შერჩა ხელში. მაგრამ ეს ზურამ იდარდოს. გაპუტავენ ეს ქალები იმ საცოდავს. მე კიდევ ვუცქერ სეირს.
– აი, მეც მოვედი… ხელს ხომ არ გიშლით? – პრინციპში, ეს ყასიდად ვიკითხე, იმის მოლოდინში, რომ ლანა იუარებდა, არა, როგორ გეკადრებაო. მაგრამ ისეთი პაუზა ჩამოვარდა, მივხვდი, ზედმეტი ვიყავი, რაც ლანას მხრიდან, ცოტა არ იყოს, უტაქტობად მეჩვენა. მაგრამ, რაკი ისიც ვიცოდი, რომ ლელიც მიხვდებოდა ამ უტაქტობას, ანუ იმას, რომ ლანაზე უკვე ფულის გაკეთება შეეძლო, სრულიად გულმშვიდად წარმოვთქვი:
– აბა, წავედი, გოგოებო. საქმეები მაქვს, სად მცალია გულისმომკვლელი ისტორიების მოსასმენად.
– ეკა, ზემოთ ადი, ტელევიზოს უყურე, წამოკოტრიალდი. დაისვენე, – შემომთავაზა ლელიმ
– არა, ლელიკო, მე წავალ. მართლა საქმეები მაქვს. მაგრამ ამ დღეებში გამოგივლი, – და ახლა უკვე ორივეს მივმართე:
– აბა, არ იცელქოთ, გოგონიკოებო. ლანა გამოიძახებს ტაქსის და კი მიიყვანს მშვიდობით სახლში. გკოცნით, იმდენიც არ ქნათ, ყურები გაგეზარდოთ და კუდიც ყავარზე გადოთ.
***
ლელისგან წამოვედი და გულიდან თითქოს ლოდი მომწყდა. არ შემიძლია ამ ქალების უაზრო ისტორიებისა და ფლიკვინის მოსმენა. მოსთქვამენ, ტირიან, გული მისდით, ისტერიკებს აწყობენ. მისდევენ და მოსდევენ კაცებს. ან ერთ კაცს ამოიჩემებენ მთელი ცხოვრება და იმასაც ამწარებენ და თვითონაც მწარდებიან.
დაიჩემებენ, მიყვარსო და აჯერებენ თავს. არ მესმის, როგორ შეიძლება, გიყვარდეს კაცი, რომელსაც არ უყვარხარ?! სიყვარული ორმხრივი არ არის?! თუ მხოლოდ ერთს უყვარს, ქალია თუ კაცი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სიყვარული არ არის. ეს მარაზმია. ან, თუ ერთმანეთთან ყოფნა სიხარულს არ ანიჭებთ და ეზარებათ, რატომ არიან ერთად?! ვინმემ მიუსაჯა?! თუ შუა საუკუნეებია და კოცონზე დაგწვავენ, რომ გაეყარო… ერთხელ მოდიხარ ამ ცოდვილ მიწაზე და ისიც ტყვეობაში რატომ უნდა გაატარო?! ან ეს რა უბედურებაა, კაცს არ უნდოდე და შენ გვერდით აბამდე ქუჩის ძაღლივით?!
თუმცა ისიც ვიცი, რომ, როგორც მე არ მესმოდა მათი, ისევე არ ესმოდათ მათ ჩემი. ამიტომ, უბრალოდ, ჩემს თავს ვეკამათებოდი, თორემ არავის განვიკითხავდი: ყველა ისე ცხოვრობს, როგორც შეუძლია. მაგრამ მაინც ლანას მადლიერი ვიყავი, რომ არ დამასწრო ამ სამარცხვინო რიტუალს: ქმრებისთვის ჯადოების კეთებაშიღა მაკლდა თანამონაწილეობა. რას გადავრჩი?! ოჰოჰოჰო – რას მოწველის ლელი! შეერგოს. თუ არიან სულელები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მგლის ქონითა და შელოცვებით მოანდომებენ კაცს თავს, გადაიხადონ ამაში ფული. ალალიცაა მათთვის ფულის გამორთმევა. საქმეში არიან. ჰგონიათ, რომ ამას აკეთებენ ოჯახისთვის, შვილებისთვის, მშობლებისთვის…  მეზობლებისთვის… ნათესავებისთვის… იქნებ ქვეყნისთვისაც კი?!
მოკლედ, პუბლიკაზე თამაშობენ, ვითომ ცხოვრება თეატრი იყოს და მთავარი ის კი არ არის, რას განიცდი და გრძნობ შენ, არამედ ის, თუ როგორ ატყუებ ყალბი გრძნობებით მაყურებელს და რა შთაბეჭდილება რჩებათ მათ.
არა, არა, ეს ჩემთვის არ არის. მე ამას ვერ ავიტან. იმედია, ლანა აწი თავისით მიხედავს საქმეს. ლელის სახლის გზა ვასწავლე და ერთმანეთს გაუგებენ. მე ამაში მონაწილეობა არ მინდა, მაგრამ ფრიად საინტერესო ამბები მოხდება სამეზობლოში. ავალ ახლა მე სახლში. მოვძებნი რამე კარგ ფილმს და ვუყურებ.
ჰაჰაჰა – რა სიბრძნეები ვაფრქვიე ზოგადად და ისიც კი ვერ მომიხერხებია, რომ ამ საღამოს (და მარტო ეს საღამო რომ იყოს, რა მიჭირდა?!) ბაიყუშივით მარტო არ ვიყო. ამასობაში ჩემს სადარბაზოსაც მივუახლოვდი...
– უი, ზურა, საიდან გაჩნდი, როგორ შემაშინე?!..

ისტორია მეათე
„მზრუნველი“ სტუმარი
(მოქმედი პირი: თეო)
ირასთან საუბრის შემდეგ, უსიამოვნო ფიქრები შემომაწვა: სტუმარიც ამას ჰქვია?! მახათს ტომარაში ვერ დამალავო და არც არაფერია დამალული, ფაქტია. ეს რომ მოხდებოდა, ადრე თუ გვიან, ვიცოდი, ჰოდა, აგერ მოხდა. ნეტა, ვინ იცის კიდევ? ალბათ, ბევრმა. მე მგონი, ყველამ, იმ ტუტუცი დედაკაცის გარდა. ან იქნებ ლანამაც გაიგო? და მერე? თუ გაიგო, რა ჯანდაბას ელოდება? დავიჯერო, ასე მშვიდად გაატარა? არა, არ იცის. მაგან არ იცის და ნატომ. აი, ნატო რომ გაიგებს, იქ დავიღუპე! მერე სად დავემალები? დედაჩემისთვის ხომ საყვარლის სტატუსი სამყაროს დამაქცევლის სტატუსია. არა, მართლა რომ გაიგოს? ან ინფარქტი დაარტყამს, ან მე მიმასიკვდილებს. ჰოდა, ამის დაშვება არ შეიძლება. აბა, რა ჯანდაბა შეიძლება? ამაზე ფიქრი ახლა დაგვიანებულია. ახლა იმაზე უნდა ვიფიქრო, ამ ლანას რა მოვუხერხო? ღმერთო, როგორ დავიღალე! როგორ აღარ მინდა აღარაფერი... არც ზურა, და არც მისი ცოლ-შვილი... ხომ შეიძლებოდა, მეც ნორმალური ოჯახი მქონოდა... დუდუს რომ გავყოლოდი... ჰო, რომ გავყოლოდი, მაგრამ ვინ დაგაცადა! მაგ დეგენერატის დამსახურებაა, დღეს რომ ასე ვცხოვრობ, ნეტა, თვითონ, მართლა, რა ჯანდაბას აკეთებს? ვითომ მოიყვანა მეორედ ცოლი? ჰო, აი, პირველი ხომ ისეთი დაისვა... ყოველ შემთხვევაში, მე ესეც არ მეღირსა... და ახლა უნდა მეღირსოს! მე ეს დავიმსახურე. ზურას ჩემნაირი ქალი არ ღირსებია. თვითონაც იცის ეს და ბევრჯერ უთქვამს - ლანასთან შედარებით სექსბომბა ხარო. და, საერთოდ, ჩემთან თავს სრულყოფილ და ძლიერ მამაკაცად გრძნობს. ჩემი გაკეთებული ხინკალიც მოეწონა და ხაჭაპურზეც არ არის უარზე. მაგრამ ლანას სულ სამაგალითოდ ახსენებს, როცა ვჩხუბობ: ჩემი ცოლი, ჩემი ცოლი...
შენი ცოლისაც და შენიც! ამოხვედით ყელში! კაცი ხარ თუ ჩვარი?! რით ვერ ჩამოყალიბდი, ვინ გინდა? სად გინდა? ორივე ერთდროულად არ გამოვა, არა! კმარა-მეთქი! მე მეტის ატანა და მოთმენა აღარ შემიძლია, დავიღალე, ძაააალიან დავიღალე! მეც მინდა, თავი ვიგრძნო ერთადერთ ქალად. მეც მინდა, არ ვიმალებოდე და არ მეშინოდეს საყვარელ კაცთან ერთად სეირნობის და ჩახუტების. სადამდე უნდა დავმალო ეს ურთიერთობა? და ვიღას ვუმალავ? აგერ ირა-მირამაც იცის, ამ დამპალმა ჯონდოიამ, ესე იგი - უკვე ნახევარმა ქალაქმაც. და ნატო? ვაიმე! ნატომ არ უნდა გაიგოს... გამორიცხულია! ამას ვერ გამიგებს და ან მოკვდება, ან მომკლავს... რა გავაკეთო? ნეტა, როგორ ახერხებენ ქალები, ცოლები მიატოვებინონ კაცებს? როგორ? რა იციან ასეთი? არადა, ხომ ახერხებენ?! აგერ მარინემ 4 შვილი დაატოვებინა კაცს. თან, თანამდებობიდანაც წამოვიდა მის გამო. ახლა მასზე ამოსდის მზე და მთვარე. კი, ლამაზია, ეს დედააფეთქებული მარინე! მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, მესამეა ეს ქმარი და მერამდენეა, როგორც საყვარელი, არავინ იცის... იქნებ ზუსტად ამიტომაც? იქნებ გამოცდილებაა მთავარი და სექსუალური უნარებია გადამწყვეტი? რა ჯანდაბაღა უნდა გავაკეთო? ყირამალას ისედაც ვჭიმავ! ელასტიკურიც ვარ. ისეთი, დაავადებაც კი აღმომიჩინეს რაღაც ექსკლუზიური, ძვლების დრეკადობას რომ იწვევს და შაქარიც ამიკრძალეს და ყავაც...
მოიცა, სულ დამავიწყდა ეს აკრძალვა. რა სულ რაღაცას მიკრძალავენ?! თან, იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ზურაც აკრძალული მაქვს! მაგრამ ვერა, ვერ მოგართვით! მეორედ არ ვაპირებ, დავთმო ჩემი სიყვარული! მაშინაც შემეშალა, რომ იმ ტრაკწამოხდილ დიაცს გავაყოლე ჩემი პირველი სიყვარული. როგორც გოიმს, ისე დამაწერა თვალსა და ხელს შუა. ვინ იფიქრებდა?! მე და დუდუ ხომ ერთ სულ და ერთ ხორც ვიყავით დაბადებიდან?! ბაღში ჩემ გამო ერთხელ ბორშჩი შეჭამა მეორე თეფში, ამას როგორ დავუვიწყებ?!..
დედა, რა სისულელეებზე ვფიქრობ, სულ ირას ბრალია. ახლა ზურაზე და მის ცოლზე უნდა ჩამოვყალიბდე! კმარა, აქტიურ მოქმედებებზე გადავდივარ! ინიციატივა უნდა ავიღო ხელში და ვმართო სიტუაცია. ბოლოს და ბოლოს, უნდა გავარკვიო – მართლა საყვარლად ვუნდივარ თუ ვუყვარვარ...
და მე? მე მიყვარს? ალბათ, მიყვარს. დიახ, მიყვარს! აბა, რომ არ მიყვარდეს, ტუჩებში ხომ არ ვაკოცებდი? და არც ამდენ წელიწადს დაველოდებოდი... და როგორ შეიძლება, მიყვარდეს და მაინც ვეგუებოდე სხვა ქალის არსებობას? თან, ლანასნაირი უდრტვინველი დიასახლისის?! როგორ კლასიკურად შემაძულეს დღესასწაულები – აბა, ლანას ხომ არ დატოვებს მარტო? ჩემი დატოვება მოსულა და ამ ქათმის – არა?! ჰოდა მორჩა, აღარ მინდა სამუშაო საათებისა და დღეების ქალი ვიყო! ან მე, ან ცოლი! ჩამოყალიბდეს! და რომ თქვას, ცოლიო?!
არ იტყვის! უჩემოდ ორგაზმიც კი დაავიწყდება, რა ფერია.
და მაინც? რომ მიმატოვოს?
ჰოდა – ჯანდაბამდე გზა ჰქონია! მიმატოვოს, რა, ნივთი ვარ? აქეთ მივატოვებ მაგ ტუტუცს! არა, ეს ლანა უნდა ვნახო. ან აქამდე რატომ არ გავიცანი? რამდენჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა! თითქოს ინტუიციურად ვარიდებდი თავს მათთან, ოჯახში სტუმრობას, მაშინაც კი, როცა არც არაფერი იყო ჩვენ შორის. ნეტა, რატომ? ფოტოებზე კი ვიცი, იცოცხლე, მისი სოციალური ქსელი საკუთარზე უკეთესად მაქვს შესწავლილი... მაგრამ სულ სხვაა პირადი შთაბეჭდილება. და ახლა რომ მივადგე? აი, ავდგები და მივალ. მოვიგონებ რამეს და კარზე დავუკაკუნენ. რას იზამს, ზურა?! მოუწევს ითამაშოს. კაი სანახავი კი იქნება, ღმერთმანი. ამის შემდეგ რას იზამს, არ ვიცი, იქნებ გაბრაზდეს და არც შემირიგდეს კაი ხანს, მაგრამ მკიდია, უკვე ყველაფერი სულერთია! რამე უნდა გამოვცვალო ჩვენს ცხოვრებაში, რომ რამე სხვა მოხდეს.
როგორ ამბობენ? თუ გინდა რამე ისეთი მოხდეს, რაც აქამდე არ მომხდარა - მოიქეცი ისე, როგორც აქამდე არასდროს მოქცეულხარო! ჰოდა, გადაწყდა – მივდივარ ზურასთან სტუმრად! ტელეფონი... სულ როგორ უდროო დროს რეკავს და ამ ჩანთაში მისი მოძებნა რატომ ჭირს ასე? –  თეომ, როგორც იქნა ჩანთიდან მობილური ამოქექა და გამომეტყველებაც დაებრიცა. ერთდროულად ზიზღი, გაბრაზება და ირონია დაეწერა საკმაოდ ლამაზ და მაკიაჟის გარეშეც მომხიბვლელ სახეზე. მკვეთრად გაუსვა საჩვენებელი თითი ეკრანს და ხმაში ისეთი სარკაზმი გაურია, მკვდარიც იგრძნობდა:
– გისმენ, ჩემო ყველაზე მზრუნველო ადამიანო!..
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3