კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბზრიალა #12

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹11(846)

 მეორე დღეს, ლალიმ - „გაკვეთილების მერე სამასწავლებლოში დამელოდეო“ - სთხოვა, იქ მისულს კი აკაკი შეეჩეხა. ამ დღის მერე, რატომღაც, გოგო და ბიჭი ძალიან ხშირად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე უჩვეულო ვითარებაში ერთად. ხაზვის მასწავლებელი ყოველთვის დაბნეულად გამოიყურებოდა, ანუკი თავს ჩაღუნავდა და უხმოდ ეცლებოდა. ეჭვობდა, ლალი მაჭანკლობდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მიუხედავად თავისებური შეხედულებისა გათხოვებაზე, თუ ვინმე მამრობითი სქესის გამოჩნდებოდა, მაშინვე მას ურიგებდა, რაც, როგორც წესი, კრახით მთავრდებოდა ხოლმე. გოგონა ხვდებოდა, მეგობარი უბრალოდ, ამით ილამაზებდა მოსაწყენ ცხოვრებას. ამიტომ, ყურადღებას აღარ აქცევდა ქალის გამოხდომებს. პოტენციურ საქმროებს კი სერიოზულად არც კი აღიქვამდა. ერთ წვიმიან დღეს ყველაფერი შეიცვალა...
ამინდი დილიდან მოქუშული იყო. ანუკის ქოლგა არასდროს უტარებია და ახლაც, დედის მრავალჯერადი თხოვნის თუ მოთხოვნის მიუხედავად, ქუდიც კი არ დაიფარა თავზე. გაზაფხულის წვიმა უყვარდა და ბავშვობაში ჩაგონებული ცრურწმენის, რომ მაისის წვიმა თმებს ზრდის, დღემდე მიამიტურად სჯეროდა. სკოლიდან გამოსულს კი უბრალოდ წვიმა კი არა, თქეში და ქარბუქი დახვდა. დღის საათებში ცა ისეთი ჩამობნელებული იყო, ზამთარში ნაადრევად დამდგარი ღამე გეგონებოდა. სახლში უქოლგოდ წასვლა კი არა, შენობიდან გამოსვლა ვერ გაებედა. იდგა დაბნეული და გამოდარებას მანამ ელოდა, სანამ ვიღაცის ხმამ არ გამოაფხიზლა. სკოლის წინ, მანქანაში აკაკი იჯდა და სახლამდე მიყვანას სთავაზობდა. ბევრი არც უფიქრია, ისე ჩაჯდა მგზავრის ადგილას, მძღოლს მადლობა გადაუხადა და უცებ გააცნობიერა, რომ სრულიად უცნობი ადამიანის მანქანაში იჯდა. გაისუსა, თავი დახარა და სახლამდე ხმა არ ამოუღია. არც მის გადამრჩენელს გამოუდვია საუბრით თავი. ასე, უხმოდ მიადგნენ კორპუსს. ანუკიმ დაბნეულად კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და რატომღაც, არც კი გაჰკვირვებია, რომ ბიჭმა მისამართის უთქმელად მიიყვანა სახლამდე. მეორე დღეს, ერთმანეთს სკოლის დერეფანში შეხვდნენ. დაიმორცხვეს, აილეწნენ, ბოლოს გაეღიმათ და თავიანთი საკლასო ოთახებისკენ გასწიეს. იმ დღის მერე, ლალის ვითომ შემთხვევითი სიტუაციების შექმნა აღარ დასჭირვებია.
***
ქალი გაოგნებული უყურებდა სასადილოს მაგიდასთან მჯდარ წყვილს. გოგონას აღტაცებისგან თვალები უბრწყინავდა. თითქოს უნდა გახარებოდა მათი ბედნიერება, ბოლოს და ბოლოს, თვითონაც ხომ სწორედ ამას ცდილობდა. მაგრამ, სინამდვილეში, არანაირ სიხარულს არ განიცდიდა. ასეთ ამბებზე ყოველთვის ერთობოდა, მერე კი, როცა მისმა მცდელობამ, როგორც იქნა, გაამართლა, უცებ მიხვდა, რომ რეალურად, ერთადერთი მეგობარი და თანამოაზრე, მისნაირი მარტოხელა ადამიანი თვალსა და ხელს შუა დაკარგა. მეჯვარედ დაპატიჟეს.
***
არც ამ ქორწილს ჩაუვლია დამახასიათებელი ხმაურის და აყალ-მაყალის გარეშე. ვიღაცას სუფრაზე დაწყობილი თეფშები არ მოეწონა, ვიღაცას სტუმრები, ვიღაცას ნეფე და ვიღაცას პატარძალი, როგორც ხდება ხოლმე. არაფერი განსაკუთრებული.
ქმრის სახლში გადაბარგდა. სამსახურს თავი დაანება. ოჯახს ალღო მალევე აუღო. დაბზრიალდა ანუკი, ერთ ხელში ცოცხი დაიჭირა, მეორეში უთო. მოხუცი მშოლების კაპრიზებს ასრულებდა და ქმარს ცხელ კერძს ახვედრებდა – სამნაირს. თავისუფალ დროს ხაზავდა. სახლის პროექტებს ადგენდა და საღამოს მეუღლესთან ერთად განიხილავდა.
წლისთავზე ბიჭი შეეძინათ, მეორე წლისთავზე გოგო. ახლა ცალ ხელში თოთო ბავშვი ეჭირა, მეორეში ცხელი ფაფით სავსე საწოვარა. ფეხზე კი ახალი ფეხადგმული ბიჭი ეკონწიალებოდა. შევიწროვდნენ. პროექტები პროექტებად დარჩა – სადღა ჰქონდა თავისუფალი დრო. ბზრიალებდა და ბზრიალებდა – შვილებისთის, ქმრისთვის, მშობლებისთვის, ოჯახისთვის. ეს რა გამრჯე გოგო შემოგვსვლიაო – ბზრიალა შეარქვეს.
***
ქვეყანა აირია. მეუღლე სკოლიდან წამოვიდა. გაჭირვების მძიმე წლები ერთად გადააგორეს და ცხოვრების დიდ სცენაზე დამდგრებმა, ახალ ცხოვრებას ფეხი სინქრონში აუწყვეს. აკაკი მთავარ არქიტექტორად დაინიშნა. გაიმართა წელში ოჯახი. ფართო ბინაში გადავიდნენ. მერე რა, თუ ისეთში ვერა, როგორ პროექტებსაც ხაზავდნენ. ანუკი თითქმის შეეგუა, რომ ოცნებები ოცნებებად რჩება.
ბავშვებიც წამოიზარდნენ. მეტი შრომა, მეტი ჯაფა. ბზრიალიც შეუნელდა ნელ-ნელა და უბრალოდ, დიასახლისი ქალის ოჯახურ ტრიალად გარდაისახა. ბიჭით აღფრთოვანდა სანათესაო – პირველი გვარის გამგრძელებელიო. ანუკის კი გოგო გაუხარდა. დედას დაემსგავსება, მიეხმარება ხელსაქმეში – ცოტას შეეშველება. თოჯინების ნაცვლად, მას შეუკერავს გაშლილ, მძივებიან კაბებს. ერთად ივლიან ბალეტისა და ოპერის თეატრში, და, როდესაც ბალეტისკენ გაუწევს გული, არასდროს, არასდროს ჩაკლავს მასში ამ ოცნებას. არ შეუშლის ხელს თითის წვერიდან თითის წვერამდე ფარფატში, არ შეუშლის ხელს ბზრიალში. თუნდაც, მაგიდის ქვეშ მოკუნტვასა და კორდებალეტის ყურებისას განცდილ ნეტარებაში. როგორ გაუგებს, გულში ჩაიკრავს და მოეფერება.
***
მაგიდის ქვეშ ჯდომა მართლაც უყვარდა, მაგრამ წიგნებთან ერთად. გაწვებოდა იატაკზე, ნიკაპის ქვეშ ხელებს ამოიდებდა და კითხულობდა, ლექსებს იზეპირებდა, მოთხრობებს განიხილავდა. თითისტოლა ბავშვი მაღალფარდოვანი ენით საუბრობდა, სხვებს შეცდომებს უსწორებდა და „რა გამიჭირე საქმეო“ – დატატანებაზე ტუჩებს გაბრაზებული ბუსხავდა. თოჯინებს ხელ–ფეხს ამტვრევდა და კითხვის პროცესში ჩართული გამალებით ღეჭავდა პლასტმასს. 6 წლის ასაკში სათვალე დაიკოსა და პირველი ზედმეტსახელიც დაიმსახურა თანაკლასელებისგან: „აჩკებიანოო“ბებეროო!“ – დასდევდნენ ბავშვები სახლიდან სკოლამდე, სკოლიდან სახლამდე. მაღალ კლასებში სხვა სახელი მიიღო თანატოლებისგან: „უცნაური მოდის“, – თუმცა პირქუშ, მუდმივად წიგნებში თავჩარგულს და კოპებშეკრულს პირში დაძახებას ვერავინ უბედავდა, მხოლოდ ზურგს უკან.
***
ხედავდა ანუკი შვილის თავისებურებებს. ეს რა გასაკვირი იყო, მხოლოდ, მისგან განსხვავებულ თავისებურებებს ვერ ეგუებოდა იმედგაცრუებული დედა. აკვირდებოდა და ცდილობდა, რამე მაინც დაეჭირა ქალიშვილთან საერთო. ხანდახან ოთახში ჩუმად შეიჭყიტებოდა იმის იმედით, იქნებ თითის წვერებზე შემდგარი გოგონა დაენახა. თითის წვერებზეც ხანდახან მართლა დგებოდა, წიგნის ჩამოღებას ლამობდა კარადის ზედა თაროდან. გოგონა 12 წლისა იყო პირველად რომ წაიყვანა შვილები ბალეტზე, კინაღამ სიცილით გაიგუდნენ. სახლში დაბრუნებულები კი ხმამაღლა, ხორხოცით იხსენებდნენ ბალერონების დაკუნთულ ფეხებზე ამოცმულ კოლგოტს. გული ჩასწყდა.. კიდევ ერთხელ.
***
შვილებისთვის არჩევანში ხელი მაინც არ შეუშლია. ბიჭმა არქიტექტურა აირჩია, მამასთან ერთად ახალ სამშენებლო კომპანიას ჩაუდგა სათავეში. აყვავდა ბიზნესი და ეღირსა ქალს პირადი სივრცე საკუთარ სახლში. მოსამსახურეები, მზარეული, მძღოლი. ანუკიდან ქალბატონ ანად გადაიქცა. მერე, მეტი თავისუფალი დრო და ტელევიზორთან გატარებული მეტი საათები. და ჩუმად, ჩაიკოვსკის მელოდიის ფონზე მილულული თვალები, უკან გადაწეული თავი და ოცნებების ნიაღვარი...
შვილიც დააოჯახა. „ბალერინას ტანი კი აქვს“ – გაიფიქრა გულგრილად და რძლის მოუქნელობის წყალობით მაგიდიდან გადმოვარდნილი ჭიქის ასაღებად დაიხარა. ისევ ქორწილი, ისევ ხმაური და ნეფე-პატარძლის ცეკვის გარეშე ჩავლილი ჟრიამულება. პირველი შვილიშილის დაბადებით განცდილი სიხარული და „ბებო, ბებოს“ ძახილით გამოკიდებული პატარების ტკბილი ხელები. ვიღას ეცალა საოცნებოდ. წლები კი გადიოდა.
***
ანუკი სამზარეულოში იჯდა და ჩაის ნება-ნება მიირთმევდა. ბავშვები ეზოში იყვნენ. გადახედა მაინც ფანჯრიდან, რა იცი, რა ხდება. უფროსს ვერსად მოჰკრა თვალი, დაფეთებული წამოხტა – ჩაბარებული ბავშვები არიან მაინც. სასტუმრო ოთახიდან მუსიკის ხმა გამოდიოდა. უცნაურად ეცნო მელოდია ქალს. ჩვეული უხმაურო ნაბიჯებით გაემართა ოდნავ შეღებული კარებისკენ... დიდ და მზიან ოთახში გაშლილი თმები ცეცხლისფრად ელვარებდა. გოგონას თავი გადაეწია და თითის წვერებზე შემდგარი, ბზრიალის ამოუცნობ მაგიაში გადაშვებულიყო. ნეტარი ღიმილი დასთამაშებდა ბავშვის მეოცნებე სახეს. თმები კი მზეს ეჯიბრებოდა სხივთა თამაშში...
კარი უხეშად შემოაღეს. შეცბა გოგონა, დაიბნა, სახეგამეხებული დედის დანახვაზე წამწამები ააფახულა. სახე თმებივით გაუწითლდა და დანაშაულზე წასწრებულივით თავი დახარა. „რამდენჯერ გითხარი, მორჩი მაგ სისულელეს და გაკვეთილები იმეცადინე! მთელი ცხოვრება გინდა, ბზრიალში გაატარო?“
ტელევიზორი გამორთეს და ოთახიდან გავიდნენ.
არავის შეუმჩნევია მარტოხელა ცრემლი ბებიის ლოყაზე.

скачать dle 11.3