როგორ გადაარჩინა დახვრეტას ლავრენტი ბერიამ თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელი #12
ლავრენტი ბერიას, რომ იტყვიან, ისეთი ბოროტი მახსოვრობა ჰქონდა, „ვისთან რამდენი პარტია ნარდი ჰქონდა წაგებული, არ ავიწყდებოდა“ და ყველას ყოველთვის სამაგიეროს უხდიდა, თუნდაც ზოგიერთი საწყენი რამ თვით სტალინის ბრძანებით ყოფილიყო განხორციელებული. ისტორიკოსი ვალერი სტრავინსკი წერს: „საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ლავრენტი ბერია ფეხბურთის თავგამოდებული გულშემატკივარი იყო და მისი თაყვანისცემის ობიექტს თბილისის „დინამო“ წარმოადგენდა, რომელიც იმავდროულად, მისივე პირმშო გახლდათ. ბერია არამც თუ საქართველოს „ცეკას” პირველი მდივნობისას, არამედ მოსკოვში გადასვლის შემდეგაც, წამითაც არ ივიწყებდა თავის საყვარელ გუნდს და ყოველმხრივ პატრონობდა. ბერიას იმდენად უყვარდა თბილისის დინამოელები, რომ ყოფილა შემთხვევა, რამდენიმე მათგანისთვის პოლიტიკური ბრალდებაც კი აუცილებია თავიდან, რისთვისაც იმ პერიოდში ადამიანებს, უბრალოდ, ხვრეტდნენ. ერთხელ, სახელგანთქმულმა ქართველმა ფეხბურთელმა მიხეილ ბერძენიშვილმა, მოსკოვური მატჩის დროს, მეტოქე გუნდის ფეხბურთელი, გვარად ვოლხოვი ისეთ დღეში ჩააგდო, ფეხბურთელები, რომ იტყვიან, „ცხვირით მიწა ახვნევინა“. თამაშის შემდეგ ბერძენიშვილისთვის დინამოელებს უკითხავთ: რას ერჩოდი, მიშა, იმ ვოლხოვს, რომ არ დაინდე, ასე აპამპულავე და გადაჭედილი სტადიონის დასაცინი გახადეო? მიხეილ ბერძენიშვილს კი კოლეგებისთვის ხმამაღლა უპასუხია: გვარად ვოლხოვმა ოცდაოთხი წლის აჯანყების დროს ჩემი ძმაკაცის მამა დახვრიტა პირდაპირ ოჯახის თვალწინ და მას მერე ვოლხოვებსა და ჩეკისტებს ვერ ვიტანო. 1937 წელი იდგა. ქვეყანაში რეპრესიები მძვინვარებდა. ანტისაბჭოური ფრაზა კი არადა, ხუმრობით ნათქვამი სიტყვაც კი შეიძლება, მძიმე სასჯელის საბაბად გამოეყენებინათ. ვოლხოვებსა და ჩეკისტებს ვერ ვიტანო კი პირდაპირ დახვრეტაზე „ქაჩავდა“. თითო მაბეზღარა ყური და პირი კი ყველგან იყო. მართლაც, ბერძენიშვილის სიტყვები ლავრენტი ბერიას უმალვე მიუტანეს, რომელიც თავის საყვარელ გუნდს მოსკოვში ახლდა თამაშზე. სამთავრობო ლოჟაში იჯდა და გასახდელში აპირებდა ჩასვლას, რომ ფეხბურთელებისთვის გამარჯვება მიელოცა. ლეგენდარული ბორის პაიჭაძე ასე იხსენებდა ამ შემთხვევას: „ლავრენტი ბერია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა ჩვენს თამაშს ესწრებოდა შინ და გარეთ. თამაშის შემდეგ კი, შედეგის მიუხედავად, ყოველთვის გასახდელში ჩამოდიოდა ხოლმე. თუ მოვიგებდით, დიდი სიხარულით გვილოცავდა გამარჯვებას. ფრეს ან წაგების დროს კი, გვამხნევებდა და ვიცოდით, რომ სწყინდა და გაბრაზებული იყო, მაგრამ თავის ასეთ განწყობას არ გვაგრძნობინებდა. ბერია ყოველთვის გვაცლიდა შხაპის მიღებას, ჩაცმას და მხოლოდ მას შემდეგ ჩამოდიოდა გასახდელში. იმ დღეს კი, როცა მიშა ბერძენიშვილმა თქვა – ვოლხოვებს და ჩეკისტებს ვერ ვიტანო, ჩემს თანაგუნდელ მეგობარს სიტყვაც კი არ ჰქონდა წესიერად დამთავრებული, რომ ბერია ქორივით შემოგვეჭრა გასახდელში. მას დაცვის უფროსი სარქისოვიც თან ახლდა. ბერიას ბერძენიშვილისთვის არც კი შეუხედავს, პირდაპირ მე მომმართა მეგრულად: ბორია, შენი მოლაყბე ძმაკაცი წამოიყვანე. ჩემს მანქანაში გელოდებით და მალე ქენიო. მე ფოთელი ვარ. მეგრული კარგად ვიცი. ბერია კი მეგრელი იყო და მეგრულად იმიტომ დამელაპარაკა, რომ სხვებს არაფერი გაეგოთ. რა თქმა უნდა, მივხვდი, მოლაყბეში ვის გულისხმობდა. ამას მიხვდა მიშა ბერძენიშვილიც. მას ვანიშნე, წამომყევი-მეთქი და ორიოდე წუთის შემდეგ უკვე ბერიას მანქანაში ვისხედით სამნი. მე და მიშა უკან, ბერია კი – წინ, მძღოლის გვერდით. ჩვენ სამს გარდა, არავინ ისმენდა საუბარს. ბერია ჩვენკენ შემობრუნდა და მიშა ბერძენიშვილს უთხრა: ჩათვალე, რომ, რაც რუსებსა და „ჩეკაზე“ თქვი, არავის გაუგია, მაგრამ გაფრთხილებ, თუკი მსგავსი რამ განმეორდება, თავს ვეღარ დავიყრუებ. ბორია იყოს ჩვენი მოწმეცა და განმსჯელიცო... ბერიამ კოპები გახსნა. შემდეგ მიშას გაუღიმა და დააყოლა: ჩათვალე, რომ შენებური პენალტი დაგვირტყი და ყველანი ერთ კუთხეში გადავხტით, ბურთი კი მეორე კუთხეში შეგორდაო. მიშა ბერძენიშვილი ფანტასტიკურ პენალტებს ურტყამდა და მეკარეს ყოველთვის ატყუებდა. ბერიამ კი ასეთი ანალოგია იმიტომ მოიყვანა, რომ გვითხრა, უფრო სწორად კი მიშას უთხრა: თავი მოვიტყუე და მეტს აღარ მოვიტყუებო“.
ბერიას თავის ეს მოტყუება „ჩეკას“ საფეხბურთო ჯაშუშის, ვახტანგ კვატაიას პატიმრობად დაუჯდა. ანუ, საქართველოს „ცეკას” პირველმა მდივანმა დამსმენი კვატაია ორი წლით „ჩეკას“ ციხეში გამოამწყვდევინა ბოგდან ქობულოვს, რომ მას (კვატაიას) უკვე ბერია არ დაესმინა მოსკოვში – ანტისაბჭოურ გამონათქვამზე რეაგირება არ მოახდინა და ხალხის მტერს ხელი დააფარაო.
ბერიას ერთგულება და სიყვარული მშობლიური თბილისის „დინამოსადმი“ მხოლოდ მიხეილ ბერძენიშვილთან დაკავშირებული ეპიზოდით არ ამოიწურება. 1937 წლის 24 ივლისს თბილისს ბასკეთის ნაკრები ეწვია. ამ თამაშმა მაყურებელთა უდიდესი ინტერესი გამოიწვია და „დინამოს“ სტადიონი, რა თქმა უნდა, ბოლომდე გაივსო. თამაშს არც ლავრენტი ბერია დაჰკლებია, რომელიც სამთავრობო ლოჟაში იჯდა და საყვარელ გუნდს იქიდან თავგამოდებით ქომაგობდა. საქართველოს ხელმძღვანელი დარწმუნებული იყო, რომ მისი გუნდი უძლიერეს ბასკებს ტოლს არ დაუდებდა და დაამარცხებდა მართლაც, პირველივე ტაიმის მეთოთხმეტე წუთზე, ფანტასტიკურმა პაიჭაძემ ბასკებს გოლი შეუგდო. თუმცა, მოსკოველმა მსაჯმა, ალექსანდრე შჩელჩკოვმა ეს გოლი გააუქმა. დინამოელები მინდორზე ბობოქრობდნენ, ბერია კი – სამთავრობო ლოჟაში, მაგრამ მსაჯი შეუვალი იყო. ის თამაში „დინამომ“ 0:2 დათმო, რაშიაც დიდი წვლილი მოსკოველმა მსაჯმა შეიტანა. ბოგდან ქობულოვი იხსენებდა: „მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ბერია მსაჯ შჩელჩკოვს ლანძღავდა, მე კი მითხრა – კაცი არ ვიყო, თუ თეთრ დათვებთან არ გავუშვაო. შესვენების დროს პირდაპირ მოსკოვში დარეკა და ფიზკულტურისა და სპორტის სახალხო კომისარიატის პასუხისმგებელ მდივანს, კესარევს მკვახედ უთხრა: ეს რა კრეტინებს ნიშნავთ მსაჯებადო. კესარევმა რაღაც უპასუხა. ბერია დამშვიდდა. მიუგო – გასაგებიაო და ყურმილი დაკიდა. მე კი მწარე ღიმილით მითხრა:
– ყველაფერი ნათელია. ამხანაგ სტალინის განკარგულებაა, რომ ფრანკისტებთან მებრძოლი ბასკები ღირსეულად უნდა გამოვიდნენ საბჭოეთშიო...
ანუ, მოსკოველი მსაჯი ბასკებს ეხმარებოდა, რაც ფიზკულტურისა და სპორტის სახალხო კომისარიატიდან ჰქონდა დავალებული.
ეს თამაში 0:2 წააგო „დინამომ“. ჩატარდა მეორე მატჩიც, უკვე საქართველოს ნაკრებთან და ის 1:3 დათმეს ქართველებმა. ბერია ამ მატჩს არ დაესწრო და მითხრა: ასეთ საზიზღარ ფარსს არ დაესწრებიო. მსაჯი კვლავ შჩელჩკოვი იყო და მან წყალობა მოიღო, პენალტი დაგვიდო, რომელიც პაიჭაძემ გაიტანა“.
ძალიან საინტერესო ფაქტია და საბჭოთა წყობის ნათელი გამოვლინება ის, რომ ბასკეთის ნაკრების ტურნეს დროს, რომელიც მან საბჭოეთში ჩაატარა 1937 წელს, ანტიფრანკისტებმა მხოლოდ ქართველებთან მოიგეს ძლივს, მსაჯის დახმარებით. ლენინგრადთან ფრე ითამაშეს, მოსკოვის „სპარტაკთან“ განადგურდნენ, დანარჩენი გუნდები კი გაანადგურეს. ეს ყველაფერი კი იდეოლოგიურად ასე იშიფრებოდა – „სპარტაკი“ კრემლის გუნდი იყო. მას არავისთან არ უნდა წაეგო და ასეც მოხდა. ლენინგრადს არ მოაგებინეს, მაგრამ არც წააგებინებს. დანარჩენები კი ბასკებს მიუგდეს და თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ, მოსკოველი მსაჯი დაახმარეს.
საგულისხმო ფაქტია, რომ ბერიამ პირობა შეასრულა. მოსკოველ მსაჯს, ალექსანდრ შჩელჩკოვს წყენა გაუხსენა და 1938 წელს, ის საბოტაჟის ბრალდებით, 4 წლით ციხეში ჩასვეს.