როგორ უხვევს ქმარს თვალს ზოგიერთი ქალი იდეალური ცოლის ნიღბით #12
ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს პირადი სივრცე და საიდუმლოც, თუმცა, როცა ის პარტნიორს იჩენს და მასთან ერთად ქმნის ოჯახს, გარკვეული პასუხისმგებლობები ეკისრება. არსებობენ ქალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შეიძლება, პირადი ცხოვრება გათხოვების შემდეგაც გქონდეს, თანაც ქმრისგან მალულად. არგუმენტი: ზუსტად ასე იქცევიან მამაკაცები. მე რატომ უნდა ვიყო გამონაკლისი? რატომ უნდა ამიკრძალოს ვინმემ, ვიცხოვრო ისე, როგორც სწორად მიმაჩნია?
თავისუფლებისმოყვარე ქალები არცთუ იშვიათად, ხმამაღლა არ ლაპარაკობენ ამ ყველაფერზე. მიაჩნიათ, რომ ეს მათი საიდუმლოა. არის თუ არა ეს მეუღლისა და ოჯახის ღალატი?
ნათია (32 წლის): არ მიფიქრია, რომ ამ თემაზე საჯაროდ მომიწევდა საუბარი. თუმცა რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მარტო არ ვარ. კიდევ არიან ქალები, რომლებიც ზუსტად ისე ფიქრობენ და ცხოვრობენ, როგორც მე. ძალიან ღრმად რომ განვიხილოთ ეს თემა, აღმოჩნდება, რომ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, მხოლოდ ბუნებისგან მონიჭებულ უფლებას ვიყენებ.
– რაში გამოიხატება ეს უფლება?
– გეტყვით, თუმცა ვიცი, ვიღაცეები არ დამეთანხმებიან. ადამიანი ხომ თავისუფალი იბადება. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი სქესისაა. თუ მამაკაცს შეუძლია, ჰქონდეს პირადი ცხოვრება ოჯახის გარეშე, მე ვინ ჩამომართვა ეს უფლება?! პასუხისმგებლობამ? მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პასუხისმგებლიანი და შეიძლება ითქვას, იდეალური ცოლი ვარ. ცოლი, რომელიც ზრუნავს ქმარზე, ამ სიტყვის პირდაპირი და სრული მნივშნელობით. ჩემს ქმარს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ გვერდით სხვა ქალი ვერ წარმოუდგენია. იმიტომ რომ, ვუქმნი სრულ კომფორტს, ვაშორებ ყველა საზრუნავს, ვუგვარებ პრობლემებს. არც გემრიელი კერძები, სითბო, სიყვარული და ყურადღება აკლია. „ტვინს არ ვუბურღავ“ – იცით, ეს რას ნიშნავს მამაკაცისთვის?
– გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ ხომ ურთიერთობის მთავარ პრინციპს არ იცავთ – ერთგული არ ხართ მეუღლის მიმართ?
– რატომ არ ვარ ერთგული, იმიტომ რომ, ზოგჯერ მომენტით ვსარგებლობ და სიამოვნებას ვიღებ? დამიჯერეთ, მე ისეთი ცოლი ვარ, რომელიც ამას „გადაწონის“. ძალიან მინდა, კარგად გამიგოთ. მე არ ვარ ტრადიციული ქალი, ანუ სტერეოტიპების ტყვე და მონა. სიცოცხლე ერთხელ მებოძა და კარგად უნდა გამოვიყენო. სრული პაკეტი მინდა, რომ ყველაფერს გავუსინჯო გემო, კეთილგონიერების ფარგლებში.
– იმის თქმა გინდათ, რომ ქმარს არ ღალატობთ?
– მე არ მიმაჩნია ეს ღალატად. არ მყავს სხვა მამაკაცი, რომელიც ისევე მეყვარებოდა, როგორც ქმარი – ვიფიქრებდი მასზე, ვიზრუნებდი, მოვუვლიდი. კიდევ ვიმეორებ, მართლა იდეალური ცოლი ვარ, რაც ადვილი არ არის.
– ხომ არ არის ეს ნიღაბი, რომლითაც ღალატს ნიღბავთ და ამით აბალანსებთ?
– როგორი უხერხული და უტაქტო შეკითხვაა. თქვენ რაც გინდათ, ის დაარქვით. ჩავთვალოთ, რომ ყურადღება არ მივაქციე და პროვოკაციას არ ავყევი. საერთოდაც, ნიღაბი რა შუაშია. გათხოვილი ვარ და ამ მხრივ, ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. არსად გავურბივარ. პატივს ვცემ ჩემს მეუღლეს და ვუფრთხილდები მის რეპუტაციას. არ შევარცხვენ და ღირსებას არ შევულახავ. საყვარელს არ გავიჩენ. მარტო სულელი და უთავმოყვარეო ქალები აკეთებენ ამას. მე საკმაოდ ჭკვიანი ვარ და არ მიმაჩნია, რომ ჩემი პრინციპით რამეს ვაფუჭებ. ვაცნობიერებ ჩემს მოვალეობებს ოჯახში და არ ვუღალატებ მის ინტერესებს. მე ღალატი ცოტა სხვანაირად მესმის. ჩემი გრძნობაც და გონებაც ქმარს ეკუთვნის. სხეულს თუ ვანიჭებ სიამოვნებას, ეს მხოლოდ ჩემი საქმეა. ვის რას ვუშლი იმით, რომ „რელაქსის“ უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს?
– გიფიქრიათ იმაზე, რომ შესაძლოა, თქვენს ქმარსაც ჰქონდეს მსგავსი საიდუმლო და პირადი ცხოვრება?
– იცით, ამაზე რას გიპასუხებთ? – თუ ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება, თუკი ის ისევ ჩემს მთავარ დასაყრდენად დარჩება და „სხვას“ რაღაც სტატუსს არ მიანიჭებს, არ იქნება პრობლემა.
– ანუ, თუ ვერ გაიგებთ ქმრის ღალატის შესახებ – ასეა?
– გადათარგმნეთ? – მარტო მაგას არ ვგულისხმობ. საქმე ისაა, რომ მე და თქვენ ღალატი სხვადასხვანაირად გვესმის. ჩემთვის მნიშვნელოვანია სულის ემოციური მდგომარეობა და არა – სხეულის. მოღალატე ვიქნებოდი, თუკი სხვა მამაკაცს შემოვუშვებდი ჩემს ცხოვრებაში, გავუხსნილი გულს და სულში ხელების ფათურის საშუალებას მივცემდი. მე ეს არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ. ჩემი ქმარიც თუ ასე მოიქცევა სხვა ქალთან, კიდევ გეუბნებით, არ მექნება პრობლემა.
– ჩვეულებრივად დასხდებით და ილაპარაკებთ ამაზე?
– რატომ უნდა ვილაპარაკოთ? ეს ჩემი საიდუმლოა და საიდუმლო იმას ნიშანვს, რომ მასზე არ უნდა ილაპარაკო. ვაზროვნებ თავისუფლად. არ მაქვს კომპლექსები, არ ვიბოჭები სტერეოტიპებით, მაგრამ ვიცი, ზომა და ისიც, თუ სად გადის ზღვარი.
– რომელ ზღვარზეა ლაპარაკი, ან რას ნიშნავს სიტუაციის გამოყენება?
– ხომ გითხარით, ვიცი, სად გადის ზღვარი-მეთქი, ამაში ჩვენს საუბარსაც ვგულისხმობდი. თუ გაინტერესებთ, სხვა მამაკაცთან ფიზიკური სიახლოვე მქონია თუ არა – დიახ, მქონია. როცა შემთხვევა მომცემია, კაცი მომწონებია და მისგან ინტერესი წამოსულა, უარი არ მითქვამს სიამოვნებაზე, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. ვარ იდეალური ცოლი. ბევრი ვერ მაჯობებს, ისე ვარ გადაფარებული ქმარსა და შვილებს. ვერავინ გაბედავს, რომელიმეს „ირიბად“ შეხედოს. ჩემმა ქმარმა ზუსტად იცის, რომ ყველაფერში შეუძლია, ჩემი იმედი ჰქონდეს. მე მისი საიმედო ბურჯი და დასაყრდენი ვარ. სახლში იდეალური პირობები შევუქმენი, რაზეც უარს არასდროს იტყვის. ვერ შემელევა. ჩემი გადმოსახედიდან ბევრ პატიოსან ცოლზე პატიოსანი ვარ.