ვინ დაუმსხვრია მთელი აპარატურა გადამღებ ჯგუფს და სად არის სახლი, სადაც მედიუმმა ენერგეტიკის მორევში „სხვა სამყაროს კარიბჭე“ აღმოაჩინა #12
მსოფლიოში უამრავი რამ ხდება ისეთი, რასაც არა თუ ჩვენ, რიგითი მოკვდავნი, არამედ ყოვლად განსწავლული მეცნიერებიც ახსნას ვერ უძებნიან. სწორედ ასეთ მოვლენებს მიიჩნევენ პარანორმალურად და დღეს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 21-ე საუკუნეში, როცა თითქმის ყველა ზღაპრული ჯადოქრობა, მფრინავი ხალიჩისა თუ ჯადოსნური სარკის ჩათვლით, ტექნიკურად განხორციელდა, შეუცნობლისა და აუხსნელის მიმართ ინტერესი გაცილებით გაიზარდა. მეტიც, ზოგს სწამს და გარკვეულ მინიშნებად მიიჩნევს, ზოგს პანიკურად ეშინია მისი, ზოგიც საერთოდ არ აღიარებს, მაგრამ ყველას ერთი რამ უდავოდ აერთიანებს – ინტერესი ასეთი ამბების მიმართ საყოველთაოა. ამ ყველაფრის გასარკვევად, შევარჩიეთ განსაკუთრებული რესპონდენტი, საერთაშორისო პარაფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი, ბატონი გიორგი:
– ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, საკურორტო ზონაში მოხდა და მერე განვაზოგადოთ... ერთი შეძლებული ოჯახი, რომელიც დაბინძურებულ ქალაქს გაექცა, ტყის მახლობლად დიდ, ლამაზ სახლში დასახლდა. საოცნებო სახლში კი რამდენიმე კვირაში უკვე უცნაურმა ფაქტებმა იჩინა თავი. სინათლემ და საყოფაცხოვრებო ტექნიკამ თავის ნებაზე დაიწყო ჩართვა-გამორთვა. ხშირად ისმოდა სახურავზე ადამიანის ნაბიჯების ხმა. ღამით ორკესტრი უკრავდა, რომელსაც ჯაჭვის გამაყრუებელი ჟღარუნიც ერთვოდა თან. მათი ვაჟიშვილები კი ამტკიცებდნენ, რომ საწოლ ოთახში ადამიანების ჩრდილებისა და არაბუნებრივი სინათლის სვეტებს ხედავდნენ.
რამდენიმე დღეში მთელ ოჯახს საშინელი თვალების წვა დაეწყო. ოჯახის უფროსმა გადაწყვიტა, რომ ამ სახლის რომელიღაც გარდაცვლილი პატრონი საკუთრების დაბრუნებას ცდილობდა. მან სახლში ვიდეოსათვალთვალო სისტემა, სიგნალიზაცია და მოძრაობის დეტექტორი დაამონტაჟა. რადგან ამ ადგილზე სხვა უამრავი დანაშაული იყო მომხდარი, ადგილობრივმა პოლიციამ გადაწყვიტა, ეს შემთხვევა გამოეძიებინა. თუმცა, სულიერის კვალს ვერ მიაგნო. სახლში გადაღებული სურათები და ვიდეოები კი სინათლის ზოლებით იყო აჭრელებული, ზოგიერთ მათგანზე ერთგვარი გამოსახულებაც იკვეთებოდა. ოჯახის უფროსმა კვლავ შეიძინა კამერათა ნაირსახეობა და შუქ-ჩრდილების აღბეჭდვა განაგრძო. საბოლოოდ, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ პარანორმალურ მოვლენასთან ჰქონდა საქმე, რაც ყველა იმ უცნაურ შემთხვევას ხსნიდა, მათ სახლში რომ ხდებოდა. ცოლ-ქმარმა სატელევიზიო შოუს მიმართა, რომელიც მსგავს თემებზე ამზადებდა სიუჟეტებს.
გადამღები ჯგუფი დაუყოვნებლივ გაჰყვა მათ. უახლესი აპარატურის საშუალებით, მათ ჩაიწერეს ექოსმაგვარი ხმა, რომლის იდენტიფიცირებით, ივარაუდეს, რომ ეს იყო მამრობითი სქესის მოჩვენების ხმა. დააფიქსირეს ასევე, აჩრდილისებური გამოსახულება და დასკვნაც გამოიტანეს – სახლში იყო პარანორმალური აქტივობის მაღალი დონე.
გადამღები ჯგუფის იქ ყოფნისას, ერთ საღამოს მათი აპარატურა უეცრად დიდ მანძილზე მოისროლეს და ყველაფერი დაიმსხვრა. რა თქმა უნდა, გამომწვევი მიზეზი არ ჩანდა. იმ მომენტში ოჯახის დიასახლისი და ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სამზარეულოში ისხდნენ და საუბრობდნენ. უცებ ქალმა იგრძნო, რომ ვიღაც მის ძირს დაგდებას ცდილობდა. ის იატაკზე დაეცა და კრუნჩხვები დაეწყო. მოჩვენება მისი სხეულის დაპატრონებას ცდილობდა. პარანორმალურ მოვლენებზე მომუშავე ჯგუფი რამდენიმე თვის შემდეგ ისევ დაბრუნდა იმავე სახლში და თან, მედიუმიც მიიყვანეს. მედიუმმა მისვლისთანავე თქვა, რომ ძლიერი ფსიქოლოგიური ენერგიის მორევი შეიგრძნო. საბოლოოდ კი, მეორე სართულზე ერთგვარი კარიბჭე აღმოაჩინა, რომელიც „სხვა მხარეს“ გადიოდა. საერთოდ, სარკე ხშირად ირეკლავს მოჩვენებებსა და მოცურავე სახეებს. მედიუმი დარწმუნებული იყო, რომ იქ იყვნენ სულები, რომლებიც ახალ სიცოცხლეს ეძებდნენ. მას უამრავი სურათი ჰქონდა, რომლებზეც სარკეში დალანდულ მოჩვენებებსა და სულებს დაინახავდით. სადაც სახლი იდგა „ცისარტყელას მორევი“ უწოდეს და განიხილეს, როგორც გამორჩეული ადგილი, რომელიც ჩვენს სამყაროს სხვა სამყაროსთან აკავშირებს. პარანორმალური შემთხვევების საუკეთესო მკვლევრებიც იყვნენ იმავე სახლში და ყველა აღიარებდა, რომ ეს განსაკუთრებულად აქტიური ზონა გახლდათ. ზოგიერთ მათგანს კი სჯეროდა, რომ ენერგია სახლის ქვემოდან მოდიოდა და სწორედ ის იყო პასუხისმგებელი იქ მომხდარ ყველა მოვლენაზე... ერთი წლის შემდეგ ეს ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. მათ უარი თქვეს ყველანაირ გამოძიებაზე, მედიუმებისა და მეცნიერების დახმარებაზე, რადგან მშვიდად ცხოვრება და იმ საშინელი დღეების დავიწყება სურდათ.
– ალბათ, მსოფლიოშიც მრავლადაა მსგავსი მაგალითები...
– დიახ, ისტორია არაერთ გამჭრიახ და გონიერ ადამიანს იცნობს, რომელთაც პარანორმალურ მოვლენებთან თავად ჰქონიათ შეხება. გადმოცემის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა უინსტონ ჩერჩილი თეთრ სახლს ეწვია, უცნაური რამ უხილავს. ვისკისა და სიგარის თანხლებით აბაზანის შემდეგ, ის გვერდით ოთახში სრულიად შიშველი გასულა და უეცრად, აბრაამ ლინკოლნის მოჩვენება გამოცხადებია. ჩერჩილი არ შეშინებულა – პირიქით, მოჩვენებას მისალმებია: საღამო მშვიდობისა, ბატონო პრეზიდენტო, ცოტა არ იყოს უხერხულ დროს წამასწარითო. ლინკოლნის მოჩვენებას კი გაუღიმია და გამქრალა. მხოლოდ, ჩერჩილი არ ყოფილა გამონაკლისი – ცნობილია ასევე, რომ მაგალითად, არტურ კონან დოილი მოჩვენებებს მედიუმების საშუალებით ელაპარაკებოდა. აღიარებულ მათემატიკოსსა და ლოგიკოსს ალან ტიურინგს კი ტელეპათიის სწამდა... და, როგორც ჩანს, ამაში არაფერია უცნაური. ახალი გამოკვლევებით, ამა თუ იმ ფორმით, პარანორმალური მოვლენების ამერიკელთა სამ მეოთხედს სწამს. დაახლოებით ხუთიდან ერთი ადამიანი კი აცხადებს, რომ მოჩვენება საკუთარი თვალით ნახა.
– როგორ ხსნიან ამას ფსიქოლოგები?
– ფსიქოლოგები ცდილობენ, გაარკვიონ, მაინც რა არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანები ვერ თავისუფლდებიან ძველი ცრურწმენებისა და ლეგენდებისგან. მათი გამოკვლევების ზოგიერთი დასკვნიდან კი ჩნდება ვარაუდი, რომ პარანორმალური მოვლენების რწმენას გარკვეული დადებითი განზომილებაც აქვს.
პარანორმალური მოვლენების ზოგიერთი გამოცდილების ახსნა იოლია – მიზეზი ტვინში მიმდინარე არასწორი აქტივობაა. პოლტერგეისტისა და ნივთების უჩინრად გადაადგილების შესახებ ცნობები ხშირად კორელაციაშია ტვინის მარჯვენა ჰემისფეროს იმ ზოგიერთი რეგიონის დაზიანებასთან, რომელიც ვიზუალურ აღქმას განაპირობებს. ეპილეფსიის ზოგიერთ ფორმას შეუძლია, ადამიანს შეუქმნას შემაშინებელი განცდა, რომ მის გვერდით ვიღაც არის – უჩინარი, უსახო ადამიანი, რომელიც ახლომახლო იმალება.
სხეულგარეთა გამოცდილება დღეს, ძირითადად, ნევროლოგიურ ფენომენადაა მიჩნეული, გარკვეულ ვიზუალურ ილუზიას კი ჯანმრთელი ტვინის დაბნევა და მითიური არსებების გამოსახულებათა შექმნა შეუძლია. მაგალითად, ერთმა ახალგაზრდა იტალიელმა ფსიქოლოგმა ერთ დილით სარკეში ჩაიხედა და საკუთარი გამოსახულების ნაცვლად, მოხუცი კაცი დაინახა, რომელიც მას მიშტერებოდა. მოგვიანებით, ფსიქოლოგმა ექსპერიმენტებით სცადა ამ ილუზიის ახსნა, რამაც აჩვენა, რომ ასეთი ილუზია ძალიან ხშირია, როცა ადამიანი თავის გამოსახულებას ნახევრად სიბნელეში უყურებს. ამის მიზეზი კი შეიძლება, ის იყოს, რომ ტვინი ცდილობს სახის კონტურების კონსტრუირებას და იწყებს იმ ინფორმაციის შევსებას, რომელიც სიბნელეში არ ჩანს – სახის ნაკვთები იქნება ეს თუ სხვა.
– ესე იგი, ეს მხოლოდ ილუზიაა?
– დაღლილობის, ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და სინათლით მანიპულაციის ნებისმიერ კომბინაციას შეუძლია, გამოიწვიოს ერთჯერადი, იზოლირებული ხილვა – ისეთი, როგორიც, გადმოცემის თანახმად, ჩერჩილს ჰქონდა. მაგრამ, რა ვუყოთ ისეთ მოვლენებს, რომლის უამრავი ფაქტი ფიქსირდება და მეცნიერები, მედიუმები თუ შესაბამისი სპეციალისტები ახსნას ვერ უძებნიან?!.