აქვს თუ არა თურქეთს აჭარაში ჯარის შემოყვანის უფლება ყარსის ხელშეკრულებით
ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ფონზე ჩვენი საზოგადოების ნაწილს ყარსის ხელშეკრულება გაახსენდა, მეტიც, დაასკვნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თურქეთთან შეუთანხმებლად აჭარაში შეიარაღებული ძალების გადაადგილების უფლება არ აქვს (თუმცა აჭარაში სამხედრო ნაწილებიცაა და, ბოლოს და ბოლოს, საზღვარზეც ვდგავართ) და უფრო უარესიც (მაგალითად, „რუსთავი 2-ის“ ეთერში) ტელეწამყვანი იმასაც კი აზუსტებდა, ხომ არ აქვს თურქეთს უფლება, იმავე ყარსის ხელშეკრულებით, სამხედრო ძალით ჩაერიოსო. მეორე მხრივ, ცხადია, რომ ამგვარი მოსაზრებების ავტორებს წარმოდგენაც არ აქვთ ყარსის ხელშეკრულების შინაარსზე ან განზრახ ძაბავდნენ ვითარებას. ქართული დიპლომატიის მკვლევართან, სიმონ კილაძესთან ერთად მიმოვიხილავთ, თუ რის უფლებას აძლევს ან არ აძლევს ყარსის შეთანხმება ჩვენს მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთს და რატომ არის დაუშვებელი აჭარის ავტონომიის პოლიტიკური სპეკულაციების ასპარეზად ქცევა.
– რატომ უნდა გახსენებოდა ვინმეს იმ ღამით ყარსის ხელშეკრულება?
– მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულ ადამიანს აჭარის ავტონომიის ხსენებაზე გაახსენდება ისტორია: რატომ და როგორ შეიქმნა აჭარის ავტონომია, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე, გინდა, არ გინდა, მაინც გეფიქრება, რადგან წარსულში დადებული ხელშეკრულებები ხშირად ისვრის.
– ძალიან არაბუნებრივია ქართველების ავტონომია საქართველოში.
– რელიგიის მიხედვით ავტონომია დიდი იშვიათობაა და არც კი ვიცი, არსებობს თუ არა პრეცედენტი მსოფლიოში, რომ ერთ ხალხს რელიგიის მიხედვით ჰქონოდეს ავტონომია. რაც შეეხება იმას, თუ რა კავშირი აქვს ბათუმში 11-12 მარტს მომხდარ მოვლენებს ყარსის ხელშეკრულებასთან, მე ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად არაფერი. არც მოსკოვის ხელშეკრულებასთან, საიდანაც გამომდინარეობს ყარსის ხელშეკრულება. არცერთ ხელშეკრულებაში სამხედრო საკითხები არათუ განხილული არ არის, მოლაპარკებაც კი არ გამართულა ამ თემაზე. ყარსის ხელშეკრულებასაც კარგად ვიცნობ და მოსკოვისასაც.
– ჩემთვის გაუგებარი დარჩა, რატომ უნდა მოსვლოდა ჟურნალისტს თავში კითხვა, აქვს თუ არა ყარსის ხელშეკრულებით თურქეთს ჯარის შემოყვანის უფლება, რაც უნდა ხდებოდეს აჭარაში?
– თუ მაინც ჩავუკირკიტდებით, მხოლოდ სამ მუხლშია სამხედრო კვალი, მაგრამ სრულიად სხვა კონტექსტში. მაგალითად, ყარსის ხელშეკრულების მეექვსე მუხლში, რომელშიც განსაზღვრულია ავტონომიის სტატუსი, არსადაა ნახსენები, რომ, თუ საქართველო არ დაიცავს ავტონომიის პირობებს, მაშინ თურქეთი შემოიჭრება ჯარით. მეათე მუხლში ნათქვამია, რომ მხარეები ერთმანეთთან თანხმდებიან, რომ არ დაუშვან საკუთარ ტერიტორიებზე ისეთი ორგანიზაციების ან ჯგუფების არსებობა, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ მეორე სახელმწიფოს ხელისუფლებაზე ან ტერიტორიის ნაწილზე. ანუ თურქეთში არ უნდა შექმნილიყო ორგანიზაცია ან ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პრეტენზიას გამოაცხადებდნენ ხელისუფლებაში მოსვლაზე, ანალოგიურად, არც საქართველოში უნდა მომხდარიყო მსგავსი რამ. მაგალითად, საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას არ უნდა გამოეთქვა პრეტენზია ტერიტორიის დაბრუნებაზე. თითქოს რაღაც მინიშნება არის სამხედრო მოქმედებაზე, მაგრამ სრულიად განსხვავებული კონტექსტია და არანაირი კავშირი არ აქვს თურქეთის მიერ ჯარის შემოყვანასთან ან საქართველოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე ჯარების გადაადგილებასთან. წერია შემდეგნაირად: ორგანიზაციები ან ჯგუფები, მეორე ქვეყნის ხელისუფლების ან ტერიტორიის ხელში ჩაგდების მიზნით. ისინი ცარიელი ხელებით არ გადმოვლენ, თუ რაღაც ასეთი სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ ეს მაინც მინიშნებაა. ასევე, ყარსის ხელშეკრულების მეთექვსმეტე მუხლშია ნახსენები სიტყვა „სამხედრო“, მაგრამ უკავშირდებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო ტყვეების გაცვლა-გამოცვლას. ანუ იმ ადგილებს, სადაც სამხედროა ნახსენები, არაფერი აქვს საერთო ჯარების შემოყვანასთან ან გადაადგილებასთან. იგივე შინაარსია მოსკოვის ხელშეკრულებაშიც. აჭარაში ჯარების შემოყვანის უფლება თურქეთს არც ყარსის ხელშეკრულებით აქვს და არც მოსკოვის ხელშეკრულებით. ეს საკითხები არ რეგულირდება ხელშეკრულებით, ხოლო, რაც არ არის დარეგულირებული, ის მიიჩნევა აგრესიად და ოკუპაციად. თუმცა არსებობს სახელმწიფოებს შორის შეთანხმებები. მაგალითად, ჟორდანიასა და აზერბაიჯანის მთავრობები შეთანხმდნენ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. თუ აზერბაიჯანს ვინმე თავს დაესხმებოდა, საქართველო უნდა მიშველებოდა და პირიქით. მაგრამ ყარსის ხელშეკრულებაში ასეთი რამ არ წერია. ამიტომ, თუ ჯარი შემოიყვანა თურქეთმა, ეს არის აგრესია და უნდა მოიგერიო.
– მართალია, აბსურდია, მაგრამ ისიც კი ითქვა სპეკულაციის მიზნით, ალბათ, რომ საქართველოს არ აქვს უფლება, გადააადგილოს თავისი შეიარაღებული ძალები თავის ტერიტორიაზე. არადა აჭარაში დისლოცირებულია ჩვენი სამხედრო ბაზა, ზღვაში პატრულირებს ჩვენი კატარღები და საზღვარზე დგანან ქართველი მესაზღვრეები.
– რადგან აჭარის ავტონომიის ტერიტორია სახელიწიფო ტერიტორიის შემადგენელი ნაწილია, საქართველოს სრული უფლება აქვს, ჰყავდეს აჭარის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალები: სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1921 წლიდან წითელი არმიის ნაწილები იყვნენ დისლოცირებულები აჭარაში. შემდეგ იქ იდგა 46-ე სამხედრო ნაწილი, რომელსაც ევალებოდა თურქეთის საზღვრის დაცვა. მოგვიანებით კი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, 1995 წლის 15 სექტემბერს, რუსეთის პრემიერ ჩერნომირდინსა და საქართველოს პრეზიდენტ შევარდნაძის შეთანხმებით, ბათუმში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი ნაწილები მეოთხე სამხედრო ბაზად გარდაიქმნა და იქ განლაგდა რუსეთის 145-ე მოტომსროლელი დივიზია. ალბათ, გახსოვთ, როგორ გაიყვანეს ბათუმიდან რუსებმა ჯარი.
– ეუთოს სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილებით.
– ყველაზე გვიან ბათუმიდან და ახალქალაქიდან გაიყვანეს. 2005 წლის 30 მაისს რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი ბათუმის მეოთხე და 62-ე, ახალქალაქის, სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ. რომელიც შესრულდა 2007 წლის ივნისში. ასე რომ, აჭარიდან გავიდა უცხო ქვეყნის ჯარი და მისი ადგილი დაიკავა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა. ანუ ვიმეორებ – ჩვენ გვაქვს სრული უფლება, გვყავდეს ჩვენი სამხედრო ნაწილები ჩვენს სახელმწიფოში, ანუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ეს ორჯერ ორი ოთხია.
– 2008 წლის ომის დროს რუსეთმა დაბომბა ფოთი, მაგრამ არ დაბომბა ბათუმი, რაც ძალიან კარგია, ცხადია. გავრცელებული ინფორმაციით, იმიტომ რომ, ერდოღანი ჩავიდა მოსკოვში და თურქეთის დაჟინებული მოთხოვნით გადარჩა აჭარა დაბომბვას. არის ეს მოსაზრება რეალობასთან ახლოს და ამის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა თურქეთს?
– ვიცით, რომ აგვისტოს ომის დროს ერდოღანი ჩავიდა მოსკოვში და შეხვდა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ მედვედევს. დარწმუნებული ვარ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პერსპექტივა განიხილეს. იმ პერიოდში ცეცხლი შეწყვეტილი იყო, მაგრამ, რადგან რუსეთის ჯარებს დაკავებული ჰქონდათ დასავლეთი საქართველო, აქეთ კი – აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილი, ანუ მთელი საქართველო იყო ოკუპირებული თბილისისა და კახეთის გარდა, რა თქმა უნდა, შეშფოთდებოდა ერდოღანი. ის კი თბილისში კი არ ჩამოვიდა, სხვა პრეზიდენტების მსგავსად, პირდაპირ მოსკოვში წავიდა, იმიტომ რომ, აჭარის ბედი წყდებოდა.
– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ერდოღანმა იმოქმედა ყარსის ხელშეკრულების იმ მუხლით, რომელიც მხარეებს უკრძალავს მეორე ქვეყნის ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ორგანიზებული ჯგუფების შექმნას?
– შეიძლება, ვინმეს დაებადოს ასეთი აზრი, მაგრამ ეს არ იყო ორგანიზებული ჯგუფი. ეს იყო ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის ოკუპირება. ასე რომ, ეს მუხლი არ ესადაგება 2008 წლის აგვისტოში შექმნილ ვითარებას.
– აბა, მაშინ რის საფუძველზე წაუყენა თურქეთმა პრეტენზია რუსეთს აჭარის ავტონომიის გამო?
– გავიხსენოთ, რა ჩანაწერია ყარსის ხელშეკრულებაში: თურქეთი უთმობს თავის სიუზერენიტეტს, ზოგან წერია, სუვერენიტეტსო, მაგრამ არასწორია. ამ ორ ტერმინს შორის დიდი განსხვავებაა: სუვერენიტეტის დათმობა ნიშნავს, ჩემი იყო, გადმოგეცი და რაც გინდა, გააკეთე. სიუზერენიტეტი კი ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია ჩემია, მას გითმობ დროებით ამა და ამ პირობებით, რაშიც იგულისხმება, რომ, თუ ამ პირობებს არ შეასრულებ, ამას მოჰყვება შედეგი. მაგალითად, თუ დავინახავ, რაღაც დარღვევას, რომ არ იცავ ავტონომიის უფლებებს ან საერთოდ, გააუქმე ავტონომია. ამდენად, 2008 წლის აგვისტოში თურქეთი დაინტერესებული იყო, რომ გაეგო, თუ რა გეგმები ჰქონდა რუსეთს აჭარაში. ამიტომაც ჩავიდა მოსკოვში და წამოაყენა კავკასიის სტაბილურობის კონცეფცია, რომელიც, საბოლოოდ, ცარიელი ქაღალდი აღმოჩნდა. მაგრამ იმ მომენტში აქტუალური, რადგან საქართველოში საომარი ვითარება იყო და, ცხადია, კავკასიასაც ეხებოდა ეს პრობლემა. მან წამოაყენა ასეთი კონცეფცია და მოილაპარაკა, რომ რუსეთის ჯარები არ წაიწეოდნენ აჭარისკენ. შესაბამისად, არც თურქეთი განაცხადებდა რამე პრეტენზიას რუსეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის სტენოგრამას მე არავინ წამაკითხებს, უბრალოდ, ვვარაუდობ, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა, მომხდარიყო მედვედევისა და ერდოღანის მოლაპარაკების დროს. რაც შესრულდა კიდეც: არც რუსეთის ჯარი წაწეულა წინ ბათუმისკენ და არც თურქეთი გადმოსულა. თუმცა ჩვენი შავი ზღვის ფლოტის ნაწილები ბათუმში ჩამოვიდნენ, რუსებს შეეძლოთ, დადევნებოდნენ და ბათუმის ნავსადგურიც დაეკავებინათ. მაგრამ არ გადადგეს ასეთი ნაბიჯი.
– თუმცა გვახსოვს, რომ დაწვეს ბორჯომის ხეობა, იმ მიზეზით, რომ თითქოს იქ ჩვენმა მთავრობამ მძიმე ტექნიკა გადამალა. ამდენად, წესით, ჩვენს კატარღებსაც უნდა დასდევნებოდნენ ბათუმისკენ.
– დიახ, თან, ბათუმი იქვეა, ფოთთან. ჩემი ვარაუდით, ეს მოხდა ერდოღან-მედვედევის შეხვედრაზე და პუტინიც იქნებოდა, ცხადია, ჩართული. შედეგიც ვნახეთ: როდესაც ჩვენი ბედი წყდებოდა, აჭარის საკითხი დარჩა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ბევრი ამბობს, რომ ყარსის ხელშეკრულება მოძველდა, მაგრამ დგება მომენტები, როდესაც თითქოს მოძველებული ხელშეკრულებების წყალობით იქმნება ისეთი სიტუაციები, რაც ხელს უწყობს პრობლემის გადაჭრას.
– პერიოდულად მსჯელობენ ყარსის ხელშეკრულების ვადიანობაზე, არადა მასში ვადა მითითებული არ არის. როგორც აღმოჩნდა, ბოლო დროს რუსეთის ტელევიზიაც უძღვნის ამ თემას სიუჟეტებს და ამტკიცებენ, რომ ყარსის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს გასდის. ცხადია, მათ იციან, რომ უვადოა, მაგრამ გარკვეული მიზნით, საპირისპიროს ამტკიცებენ. რა მიზნით?
– თუ ვინმე ყარსის ხელშეკრულების ვადიანობაზე ლაპარაკობს, ის სრული დილეტანტია. ეს არის სომეხი მეცნიერებისა და დიპლომატების მიერ შემუშავებული და გავრცელებული ლეგენდა. ასეთი ხმების გავრცელება სომხეთის ინტერესშია, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ როგორც ჩვენთან არ იციან, ისევე, არ იცოდნენ რუსეთშიც, რომ ხელშეკრულება უვადოა. ამიტომ ან შეცდომაა: წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობენ, ან სპეციალურად ავრცელებენ ამ დეზინფორმაციას და კვერს უკრავენ სომხებს. თორემ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, თუ ხელშეკრულებაში ჩაწერილი არ არის ვადა, ის უვადოა. თუ შეხვალთ რუსეთის საგარეო უწყების საიტზე, ნახავთ ჩანაწერს, რომ ყარსისა და მოსკოვის ხელშეკრულებები უვადოა!
– ვთქვათ, ვადიანია და გაუვიდა ვადა. რუსეთს რა ხეირი ყარსის ხელშეკრულების გაუქმებით?
– ეს ვრცელი თემაა. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ყარსის ხელშეკრულებასთან, იმიტომ რომ, იმას, რაც აჭარაში ხდება, თურქეთი გამადიდებელი შუშით უყურებს. ვთქვათ, გაუვიდა ვადა. საერთაშორისო ურთიერთობებში ასეთი წესია: მხარეები ერთმანეთს ატყობინებენ, რომ ხელშეკრულებას ვადა გასდის და თანხმდებიან, რომ ან ახალი ხელშეკრულება დადონ იმავე საფუძველზე, ან სრულიად ახალი ხელშეკრულება. თითოეულ მხარესაც აქვს უფლება, ცალმხრივად გააუქმოს, მაგრამ ეს სირთულეებს უკავშირდება. თუ მეორე მხარეს არ უნდა, უკმაყოფილო დარჩება. მაგრამ იურიდიულად ორივეს აქვს დენონსაციის უფლება.
– ჩვენს შემთხვევაში, ყარსის ხელშეკრულება ხომ ხუთმხრივი გამოდის? საქართველო, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი?
– სულეიმან დემირელი იყო ჩამოსული საქართველოში და 1992 წლის 30 ივლისს, შევარდნაძესთან ერთად, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რის მიხედვითაც, საქართველო-თურქეთს შორის საზღვარი დადგინდა ყარსის ხელშეკრულებით. ანუ, თუ ყარსის ხელშეკრულებას აუქმებ, აუქმებ 1992 წელს თურქეთთან დადებულ ხელშეკრულებასაც. ამდენად, ყველა ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ. გადაჭრით ვამბობ, რომ დღეს ყარსის ხელშეკრულების გაუქმება გამორიცხულია!
– საფუძვლიან ხაფანგში ვართ, გამოდის, ვერასდროს გავაუქმებთ, რადგან არაა გამორიცხული, მაშინ თურქეთმა განაცხადოს, რომ ჩვენ შორის საზღვარი გადის, ვთქვათ, რიკოთთან?
– ისეთი სტატუსის მქონე ავტონომიაში, როგორიც აჭარაა, წვრილმანიც კი უნდა ვიგულისხმოთ მსხვილმანად და ძალიან ფრთხლად ვიყოთ.