ნეპოტიზმი ევროკავშირულად #12
ანუ და თუ ეს სიყვარულია?!
მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ მარინ ლეპენს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, ფიქტიურად ჰყავდა დასაქმებული თავისი პარტიის ორი წევრიო. ფრანგმა სამართალდამცველებმა საფრანგეთის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატს, კერძოდ, ფრანსუა ფიიონსაც, წაუყენეს ბრალი სახელმწიფო სახსრების მითვისებისთვის (მეუღლე დაასაქმა ფიქტიურადო).
ამბავი კი შემდეგნაირად დაწყებულა: ფრანგულმა გამოცემამ (Le Canard Enchaine-მა) ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფრანსუა ფიიონის მეუღლე პენელოპა წლებია, ფიქტიურად იყო დასაქმებული იმხანად სენატორ ფრანსუა ფიიონის თანაშემწედ პარლამენტის აპარატში (ხელფასს იღებდა, მაგრამ სამსახურეობრივ მოვალეობებს არ ასრულებდაო! არადა, იქნებ, სახლში ეთანაშემწეობებოდა?!).
ერთი სიტყვით, საფრანგეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პენელოპა ფიიონს, არც მეტი, არც ნაკლები, 900 ათასი ევრო მიუღია (აი, მესმის სიყვარული!). მეტიც, მას 2005-2007 წლებში (ასევე, სენატში მუშაობისას) თავის აპარატში ფიქტიურად დაუსაქმებია შვილებიც (ამ უკანასკნელებს ამ ფიქტიურობანაში 84 ათასი ევროც მიუღიათ).
ფრანსუა ფიიონმა ფრანგი სამართალდამცველების ქმედება უკვე მონათლა პოლიტიკურ დევნად, თუმცა ყური არც ევროკავშირს შეუბერტყავს და არც დანარჩენ დასავლეთს.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, როდესაც საქართველოს ნაპრეზიდენტალი (და არა მხოლოდ ის) სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთარი მიზნებისთვის ხარჯვაში დაადანაშაულეს (მათ შორის, ბიუჯეტის ხარჯზე შვილებისთვის სწავლის გადასახადის დაფარვაში, მასაჟისა და ბოტოქსის ხარჯზე აღარ დავწვრილმანდები), სრულიად დასავლეთმა დაარისხა განგაშის ზარები, პოლიტიკური დევნააო (მეტიც, მაგალითად, პარლამენტის ნათავმჯდომარალ დავით ბაქრაძეს წარბიც არ შეუხრია, როდესაც გამოქვეყნდა, რომ მის შვილებს ათი ათასობით ლარი დაუხარჯავთ საერთაშორისო საუბრებში), ნეტავ, ამ ჩვენს დემოკრატიას ეს ჩვენი სულზე უტკბესი დასავლეთი რა არშინით ზომავს?! –