როდის იხრჩობოდა რუსკა მაყაშვილი არაგვში და როგორ გადაარჩინა თამარ მაყაშვილმა მეგობრის შვილი სისხლისგან დაცლას #11
ცოტა ხნის წინ თამარ მაყაშვილი წამყვანად მოგვევლინა, რასაც ნელ-ნელა ეჩვევა. თუმცა, ემოციურობით გამორჩეულ ქალბატონს ზოგჯერ გადაცემაშიც უჭირს თავის გაკონტროლება. ზოგადად, ფიქრობს, რომ ცხოვრებაში ჯობია, ყოველთვის ბუნებრივი იყო და ემოციებს თავისუფლება მისცე, ვიდრე ხელოვნურად მართო.
თამარ მაყაშვილი: ტელევიზიას წამყვანის სახით მოვევლინე. ძალიან ვხალისობ ამ საქმით. ერთია, როცა რესპონდენტი ხარ და სულ სხვაა, როცა, როგორც წამყვანს, გიწევს კამერებთან მუშაობა. ნელ-ნელა ვსწავლობ 300 წლის ასაკში ამ საქმის სპეციფიკას. იმ დღეს ჩაწერაზე იმდენი ვიცინე, ვერავინ გამაჩერა. ჩვეულებრივად, უზნეოდ ვიქცეოდი. ხარხარი რომ აგიტყდება და სულელივით იცინი, ეგ დამემართა. ზუსტად 40 წუთი ჯერ ხომ მე ვიცინოდი, მერე სხვებსაც გადაედო და ყველას ცრემლები გვდიოდა. ბოლოს მეკითხებოდნენ, რატომ იცინიო – ყურში მესმის: თამრიკო, გაგაგდებთ, უზნეოდ ნუ იქცევიო.
– ემოციურობით რომ გამოირჩევით, ეს ცნობილი ფაქტია. ყველაზე მეტად როდის გიჭირთ თავის გაკონტროლება?
– ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც ვფიქრობ. მგონია, რომ ბუნებრიობა ყველაფერს ჯობია. საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს ემოციის მართვა ან რატომ უნდა გავაკეთო ეს. ერთადერთი, ალბათ, უარყოფითი ემოცია უნდა მართო, რომ ვინმეს არ აწყენინო.
– რთულ ცხოვრებისეულ მომენტებში როგორ გამოხატავთ ემოციებს?
– ძალიან რთულად ვიტან ადამიანების იმქვეყნად წასვლას. ამ დროს მეკეტება და უკონტროლო ვხდები. არ მიყვარს სასაფლაოებზე სიარული. ჩემთვის სიკვდილია, წავიდე და მიწას ვუყურო. მშობლები და ბევრი ახლობელი მყავს გარდაცვლილი, მაგრამ სასაფლაოზე ძალიან იშვიათად მივდივარ.
– პანიკაში ვარდებით ხოლმე?
– არა. აბსოლუტურად მობილიზებული ვარ იმ მომენტში, როცა საფრთხე არსებობს. შეიძლება, მერე გავხდე ცუდად, როცა ყველაფერი ჩავლილია. წლების წინ ფასანაურში ვისვენებდით. მოგეხსენებათ, არაგვი როგორი მდინარეა, ბევრი უბედური შემთხვევა უკავშირდება. ჩემი გადარეული, მხეცი შვილები დიდი კამერებით ცურავდნენ მეგობრებთან ერთად. აიჩემეს, ერთი ნაპირიდან მეორეზე უნდა გადავიდეთო. უცებ ვხედავ, რუსოს ფეხი დაუცურდა და ვეღარ დაიჭირეს. შუაში არიან და დასახმარებლად ვერ შევდივართ. ხელი გაუშვა კამერას და ვხედავთ, რუსო არაგვმა წაიღო. ბავშვი აღარ არის. მახსოვს, სამარისებული სიჩუმე გამეფდა, უცებ ყველაფერი გაიყინა. არ მახსოვს, რამდენი ხანი გავიდა. გაშეშებული ვდგავართ და ვხედავ, მეორე ნაპირიდან მოდიან ბიჭები და მხრებზე უზით რუსო. თურმე, საკმაოდ შორს წაუღია წყალს და სასწაული მოხდა, რომ არცერთ ქვას თავი არ დაარტყა. ის ბიჭები წყალში ყოფილან ხელიხელჩაკიდებულები ჩამდგრები და თავისთვის ხორხოცობდნენ, როცა დაუნახავთ, რომ წყალს ბავშვი მოჰყავს, უცებ აუტაცებიათ. რომ არა ისინი, ჩვეულებრივად წაიღებდა წყალი. მოიყვანეს და წამოვედით სასტუმროში მთელი გუნდი, ისევ სამარისებური სიჩუმით: ხმას არავინ იღებს. მეგობარმა ჩამომაკითხა ამ დროს, გადაღებაზე უნდა წამოვეყვანე. ჩვეულებრივად შევხვდი, ახლავე ჩავიცვამ და წამოვალ-მეთქი, ვუთხარი და ოთახში შევედი, შესვლა და დაცემა ერთი იყო. ასე მემართება ხოლმე. როგორც ჩანს, ჩემი გონება, გვიან ხარშავს მსგავს ფაქტებს, თორემ იმ მომენტში რკინის ვხდები. იქიდან რომ წამოვედი, მეგობარი მირეკავს, ეს არ არის ნორმალური, ისევ კამერით ცურავსო (იცინის).
ერთხელ, ჩემი მეგობრის ბავშვი „შუშაში გავიდა“ და თავიდან ბოლომდე შუშებით იყო სავსე – თავი და სახე ნამსხვრევებით ჰქონდა სავსე. სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ბავშვი დავიჭირე, პინცეტი ავიღე და სულ სათითაოდ ვაცალე ეს შუშები. მთელი ტანიდან, თავიდან თუ თვალებიდან. დედამისი პანიკაშია, კივის, ვერაფერს შვრება. დანარჩენებიც ანალოგიურ დღეში არიან და ამ დროს ბავშვი სისხლისგან იცლება. ამიტომაც არ უნდა აჰყვე პანიკას. სანამ სასწრაფო მოვიდა, კარგად დავამუშავე და ისე წაიყვანეს მათ. მერე დედამისი მეხუმრებოდა: შენ მიკროქირურგიაში ხომ არ მუშაობ, ექიმებმა თქვეს, ერთი შუშა არ ჰქონდა ბავშვს სხეულზე დარჩენილიო. მეც საოცრად ხიფათიანი ვიყავი. ეზოდან სულ დანგრეულ-დალეწილი ამოვდიოდი. სხვა მშობლები რომ კიოდნენ, დედაჩემი ძალიან მშვიდად ამბობდა: ოჰ, კაი კაცო, ერთიო (იცინის).
– როცა პირადად თქვენ ხართ საფრთხეში?
– მაშინაც აბსოლუტური მზაობა მაქვს. იმწუთას – არაფერი და მერე, ყველაფერი რომ გადაივლის, მესამე-მეოთხე დღეს მეწყება ღელვა. მე ხან ლურსმნებს ვარჭობ თავს და ხან რას. სადმე რამე რომ ისროლო, აუცილებლად მე მომხვდება თავში. რესტორანში ვინმეს რამეს თუ ესვრიან, მე არ ამცდება. ყველა ამაზე მეღადავება. ერთხელ გარეთ გავედი, თურმე, სანამ გარეთ ვიყავი, შიგნით უჩხუბიათ. შემოვედი და ამ დროს ერთმა მეორეს გრაფინი ესროლა და ვის მოხვდა?! (იცინის) სკოლაშიც ასე იყო. არაფერ შუაში არ ვიყავი, მაგრამ მსგავს სიტუაციებში ყველაფერს მე ვიზიდავდი (იცინის).
– უმცროს შვილთან მიმართებით, ალბათ, უფრო გამძაფრებული გაქვთ ემოციები.
– მატარებლით ვბრუნდებოდი ბათუმიდან, წინასაახალწლო პერიოდია. დავრეკე და გია (მეუღლე) მეუბნება, ბავშვს რაღაც აუფეთქდაო. ხმაზე მივხვდი, რომ საქმე ცუდადაა. მოვედი და ვხედავ, ეს წევს ვერიკო ანჯაფარიძესავით და იძახის, რა მეშველებაო. ბავშვს გულ-მკერდი გადმოშლილი აქვს და მთელი ორგანოები უჩანს. მეორე (შვილიშვილი) კუთხეში ზის და კითხულობს: „გადარჩება“? მოკლედ, სცენაა საოცარი. გიას ვუყურებ და ვხედავ, შრეკისფერია. ასეთი ფერის ადამიანი არ მინახავს. ვფიქრობ, ბავშვი ამ დღეშია, მაგრამ გადარჩა. თუმცა, ახლა ეს არ მოკვდეს ნერვიულობისგან. ვუთხარი, ჩადი, „ბეტადინი“ და საფენები მოიტანე-მეთქი. მინდოდა, გარეთ გასულიყო და ცოტა სხვა ტალღაზე გადართულიყო. კაცი მკვდარი იყო. ბავშვი კითხულობს: გადავრჩები? არ გადავრჩები? მიშველეთ რამეო. ახლა უკვე მეცინება. მეორე კუთხეში მეორე დგას და იგივეს იმეორებს. მე თან ვუმუშავებ, თან სულელივით მეცინება. ამაზე კიდევ გიჟდება – „რა გაცინებს, დედა?!” მთელ თბილისს მოვდე ეს სცენა. უკვე დამუშავებული ავიყვანე „რესპუბლიკურში“. ექიმმა ხელი ჩამომართვა და მითხრა: ეტყობა, ძალიან მადლიანი ქალბატონი ბრძანდებით, ეს ბავშვი შემთხვევითაა გადარჩენილიო. მერე, რომ გავაცნობიერე, საშინელ დღეში ვიყავი.
– თავდასხმის მსხვერპლი თუ გამხდარხართ და საინტერესოა, მაშინ როგორ გამოხატავთ ემოციებს?
– კი. ერთხელ ოქროს საყურე ჩამომგლიჯა ქურდმა და ყურის ბიბილო ახლაც გახეული მაქვს. ბავშვი ვიყავი, ჩემმა დამ გადასარევი „დუბლიონკა” მაჩუქა. ეზოში მივდიოდი და „დუბლიონკის” გახდა მომინდომა. ყურები ახალი გახვრეტილი მქონდა და ოქროს საყურეები მეკეთა. მეტაკა და ხან „დუბლიონკის“ გახდა დამიპირა, ხან საყურის ჩამოგლეჯა. ისე გადავირიე, ყაჩაღს იქით მივდევდი ერთი საათი. მოდი აქ, უნდა გაგლახო-მეთქი (იცინის). ერთხელ ჩექმის გახდა დამიპირეს. საღამო იყო, ისევ ჩემი დის ნაჩუქარი მაგარი ტყავის ჩექმები მეცვა და ვიღაც მეუბნება, ჩექმა გაიხადეო. მე ვუთხარი, კარგად ხომ ხარ შენ-მეთქი?! მერე დამემართა ისევ უმართაობა და რომ ვწვდი ამ ყაჩაღს თმაში, იქით გახდა დასახმარებელი. მახსოვს, ის მირბოდა, მე მივდევდი საცემად. ახლა რომ მხედავს, ფიქრობს, რას გადავრჩიო (იცინის).