რა საიდუმლოებებს უმხელდა ნანა კაკაბაძე წლების წინ პატრიარქს და რა კონფლიქტს ვერ ასცდა ის შორენა თეთრუაშვილთან #11
ორგანიზაცია „ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მათ შორისაა, ვისაც საპატრიარქოს მიმართ განსაკუთრებული ემოციები აქვს. შესაბამისად, ბოლო პერიოდში მიმდინარე ხმაურიან მოვლენებზე მტკივნეული და მკვეთრი პოზიცია აქვს. მისი ახლო ურთიერთობა პატრიარქთან 40 წელს მაინც ითვლის. ჯერ კიდევ სტუდენტი, დამწყები დისიდენტისა და ახლად აღსაყდრებული პატრიარქის ემოციური მოგონებების შესახებ, შორენა თეთრუაშვილზე გავრცელებულ ლეგენდებსა და „კაგებეს” ციხის მძიმე დღეებზე, ნანა კაკაბაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
ნანა კაკაბაძე: ის, რაც დღეს საპატრიარქოს ირგვლივ ხდება, ჩემთვის ძალიან მტკივნეული და ემოციურია. მიმაჩნია, რომ როდესაც საუბარია პატრიარქის ან მისი უახლოესი გარემოცვის სიცოცხლის ხელყოფაზე, ეს თავისთავად უზარმაზარი ტრაგედიაა. მაგრამ, ამის უკან დგას არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – ეს ყველაფერი მიმართული იყო მართლმადიდებლური ეკლესიის დარტყმისკენ, მისი ავტორიტეტისა და მნიშვნელობის დისკრედიტაციისკენ, რაც თავის თავში ქვეყნის სიძლიერის შერყევას ნიშნავს. ის ტაძრებიც, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზეა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედის და ეს არის სწორედ ის სივრცე, სადაც საქართველო ერთიანი და მთლიანია. ეს საკითხი, ბუნებრივია, ბევრს არ აწყობდა და მოსწონდა. აქედან გამომდინარეა ის შეტევები პატრიარქზე, რომელიც იყო და არის ამ ურყევი ერთობის დამცველი.
– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა მის უწმიდესობასთან?
– პატრიარქი 1977 წლის 25 დეკემბერს აკურთხეს, მაშინ მე უკვე სიონის საკათედრო ტაძრის მრევლი ვიყავი. თუმცა, ჩემი ინტენსიური ურთიერთობა პატრიარქთან 1978 წლიდან იწყება. დისიდენტური მოძრაობა, რომელიც 70-იანი წლებიდან არსებობდა ქვეყანაში, პირდაპირ კავშირში იყო საპატრიარქოსთან, პირადად პატრიარქთან და ეს ხდებოდა მალულადაც, ღიადაც. ხელისუფლება ხედავდა, რომ ჩვენთვის, დისიდენტებისთვის საპატრიარქო იყო თავშესაფარი. როგორც დღეს არსებობს სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისები, ჩვენი „ოფისი” იყო საპატრიარქო, სიონის ტაძარი. იქ არა მარტო უფალს ვეახლებოდით, ჩვენი ეროვნული ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე ვიდექით. მას მერე, რაც პატრიარქმა დაინახა ჩვენი აქტიურობა ამ მიმართულებით, მან დააწესა ერის ლოცვის დღე – ოთხშაბათს. ეს იყო ის სავალდებულო დღე, როცა დისიდენტები აუცილებლად ვიკრიბებოდით ტაძარში. ამ „შეკრებებს” მიღმა იყო ღონისძიებების დაგეგმვა, პროკლამაციებისა და ჩვენი ნივთების გადამალვა, რაც „კაგებეს” ინტერესს იწვევდა. ყველაზე მეტად ეს ნივთები საპატრიარქოში იყო „დაცული”. პატრიარქი ამაზე არა რეაგირებას ახდენდა, პირიქით, ხელს გვიწყობდა, რომ ეს მოძრაობა უფრო ძლიერი ყოფილიყო. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ საქართველოში დისიდენტური მოძრაობა კავკასიის რეგიონში ყველაზე ძლიერი იყო, იმიტომ რომ, ჩვენ გვერდით იდგა პატრიარქი. მიხარია, რომ ვიცხოვრე ამ ეპოქაში და მქონდა საშუალება, ძალიან ბევრი თბილი და დაუვიწყარი დღე მქონოდა გატარებული პატრიარქთან. სწორედ იმ პერიოდში, პატრიარქის განსაკუთრებული ძალისხმევით, მკვიდრდებოდა საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნის კულტურა. მახსოვს, ერთხელ ძალიან ბევრნი ჩავედით ყაზბეგში. ჩვენთან ერთად იყო გოგი შიოლაშვილი, პატრიარქის ძმისშვილი, ჭაბუკა – მეუფე დიმიტრი და მისი მეუღლე მაია. 50-ზე მეტი სტუდენტი ვიყავით ჩასული. მთელი ყაზბეგი ავიკელით. ახალგაზრდები, სამწუხაროდ, ჯერ არ ვიყავით გაცნობიერებული რელიგიაში და საეკლესიო რიტუალებზე დასწრებას, გართობა და მოლხენა გვერჩია. საპატრიარქო გაჭირვებულებისთვის ყოველთვის შლიდა დიდ სუფრებს. ერთ-ერთ ასეთ სუფრაზე პატრიარქმა თავის გვერდით დამსვა. ცოტა ხანში მოდის მამაკაცი, რომელიც, როგორც მერე გავიგე, რაიკომის მდივანი ყოფილა. რაღაცას ეჩურჩულება პატრიარქს. ყური მივუგდე – უბოდიშებს პატრიარქს, ვერ ამოვედი, მაპატიეთ, გუშინ საქმეების გამო თბილისში ჩასვლა მომიხდა, ღამენათევი ვიყავიო. ეს კაცი წასული არაა, უწმიდესს ვეუბნები, ეს კაცი აფერისტია, შეეშინდა წირვაზე დასწრების, იმიტომ არ ამოვიდა და ახლა ღამის გათენებას აბრალებს-მეთქი. ისე, რაიკომის მდივნის არ ვიცი, მაგრამ რაც თქვენ ჩამოხვედით, არც მე მძინებია ღამეო (იცინის). პატრიარქი სულ ცდილობდა, ყველა კარგად წარმოეჩინა. მახსოვს, როგორ გვარიგებდა, არ დაგვეცინა „კაგებეს” თანამშრომლებისთვის, რომლებიც კუდში დაგვდევდნენ. მათ ხან კარგად ვექცეოდით, ხან მონებს ვეძახდით, რასაც პატრიარქს გულწრფელად მოვუყვებოდით ხოლმე. ის ამ საქციელს არასდროს გვიწონებდა.
ერთ ისტორიას გავიხსენებ. მე სტუდენტობისას რომ დამაპატიმრეს, მამა ელიზბარი სტიქაროსანიც კი არ იყო. მას გუჯას ვეძახდით სიყვარულით. გუჯა პატრიარქს ეხმარებოდა ჩაცმაში საეკლესიო რიტუალების ჩატარების დროს. ჩემი პატიმრობის დროს ქაშუეთის მოძღვარი გახდა. „კაგებეს” ციხეში წამების ერთ-ერთი ფორმა ისიც იყო, რომ არანაირი ხმა არსაიდან არ ისმოდა, ვიყავით აბსოლუტურ ვაკუუმში. მახსოვს, როცა ორთაჭალის ციხიდან ლესია უკრაინკაზე, „კაგებეს” ციხეში გადამიყვანეს, ეს ჩემთვის დიდი შოკი იყო. თუ ორთაჭალის ციხეში, ასე თუ ისე ვიცოდი, ჩემი მეგობრების – მარიკა ბაღდავაძისა და თამრიკო ჩხეიძის ამბავი, უცბად, ეს ყველაფერი მოიშალა. ექვსი თვე მარტო ვიჯექი საკანში. თავიდან დღეებს ვითვლიდი, მერე სათვალავი ამერია, ისიც კი არ ვიცოდი, რომელი თვე იყო. ერთადერთი ხმა, რომელიც ჩემს საკანში აღწევდა, იყო ქაშუეთის ეკლესიის ზარის რეკვა. როდესაც ციხიდან გამოვედი, მამა ელიზბარმა მითხრა, მე თვითონ ვრეკავდი ზარს, მთელი ძალით, ისე, რომ მეშინოდა, არ გამეხეთქა. მინდოდა, ზარის ხმა პატიმრებს საკანში გაგეგოთო. ეს იყო ერთადერთი ნუგეში და თანადგომა, რაც მე იქ მქონდა.
– იმ წლებს უკავშირდება თქვენი ურთიერთობა შორენა თეთრუაშვილთან, რომელიც დღეს ამ სკანდალური ამბების ეპიცენტრშია?
– შორენა საპატრიარქოში ჩემს მერე მოვიდა, უკვე 80-იანი წლებში. შორენა შეუმჩნეველი იყო, არააქტიური. ჩვენს ფონზე ძალიან იჩაგრებოდა. ერთი საწყალი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა. ის ბიბლიოთეკაში გაუშვეს სამუშაოდ. იმ პერიოდში პატრიარქს მცირე შტატი ჰყავდა – ვინც კი საპატრიარქოში მუშაობდა, ყველას კარგად ვიცნობდით. მიშა სააკააშვილის ხელისუფლებამდე პატრიარქს დაცვა არ ჰყოლია. მასთან მუშაობდა შოთა, რომელიც ყველაფერი იყო. ვეხუმრებოდით ხოლმე, შენ რომ არ იყო, პატრიარქს ვინ დაიცავსო? ჩემს დროს მოვიდნენ დედაოები, დოკი, რომელიც დღეს პატრიარქს უვლის. იმ წლებში მთავარი ფიგურა იყო ქალბატონი მარიამი – ის ზრუნავდა პატრიარქზე, ჩვენზე. ჩვენ ვეხმარებოდით დღესასწაულებზე – ბზის, სანთლის გაყიდვაში. მარიამის და შოკოლადის ქარხანაში მუშაობდა. კვირაში ერთხელ მაინც მოდიოდა საპატრიარქოში და მოჰქონდა „ცხელ-ცხელი” შოკოლადები (იცინის). მარიამი რომ მოხუცდა, ვეღარ ახერხებდა გაძღოლოდა ბევრ საქმეს და ეტაპობრივად, ფუნქციები შორენაზე გადავიდა. ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა. ნელ-ნელა ეს ჩვენთვისაც მისაღები გახდა. მასში ყოველთვის ვხედავდი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულ ერთგულებას, რაც ჩემთვის მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა. მოგეხსენებათ, პატრიარქის მიმართ პირადი მტრობა ყოველთვის არსებობდა – 80-იან წლებში ხანძარიც კი გააჩინეს, სადაც პატრიარქი ლოცულობდა. ძალით გამოიყვანეს პატრიარქი, სანამ ლოცვას არ დავამთავრებ, არ გამოვალო, – ამბობდა.
– თქვენ როგორ ხსნით ხმებს შორენას განსაკუთრებული გავლენიანობის შესახებ? ეს მართლაც ასეა?
– მე ვერავისზე ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ანგელოზია. ყველანი ადამიანები და ცოდვის შვილები ვართ. მაგრამ, მიკვირს, როცა შორენაზე ამდენ რამეს ვისმენ. შორენა დილიდან დილამდე მუშაობდა საპატრიარქოში. ერთ პატარა ოთახში. ცოტა ხნით გაიქცეოდა ხოლმე, რომ მოწესრიგებულიყო და ისევ უკან ბრუნდებოდა. დროის ეკონომიიდან გამომდინარე, ის საცხოვრებლად საპატრიარქოში დარჩა იმ ერთ ოთახში. ვერც წარმომიდგენია, როცა მის ქონებაზე ლაპარაკობენ. რაში სჭირდება ქონება? მგონი, არც და ჰყავს, არც ძმა. ერთი ნათესავი მოდიოდა მასთან საპატრიარქოში, მეტი მე იქ არავინ მინახავს. მასთან კონფლიქტი მეც ხშირად მქონია. მიმაჩნია, რომ მე უფრო მნიშვნელოვანი ვიყავი და ვინ არის შორენა მე განმისაზღვროს, რამდენი ხანი უნდა ვიყო უწმიდესთან. შორენას თვალებიც დაუბრიალებია ჩემთვის და ჰქონია მცდელობა, მალე დამეტოვებინა პატრიარქი, რაც მითქვამს კიდეც უწმიდესისთვის: აგერ, ნახეთ, მანიშნებს, რომ გავიდე, რა უნდა ჩემგან-მეთქი? შორენას ეს დამოკიდებულება მერე და მერე უფრო მესმოდა. მას სურდა, ლოცვიდან დაბრუნებულ პატრიარქს, რომელიც დაღლილი იყო და დასვენება სჭირდებოდა, დაესვენა. მე კი ჩემი საკუთრება მეგონა და ვერ ვიტანდი, როცა დროს მისაზღვრავდნენ. ეს ადამიანური მომენტია (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ ის, რაც მოხდა, შორენასთვის მოულოდნელი იყო. პირიქით, თითქოს ამისთვის მზადაც კი გახლდათ. ის არაა ჩაკეტილი და არაკომუნიკაბელური ადამიანი. ეს პოლიტიკა აირჩია – გადაწყვიტა, არ თქვას არცერთი სიტყვა, არ გააკეთოს არცერთი კომენატრი. ისევ და ისევ იმის გამო, რომ ეკლესიის რეპუტაციას უფრთხილდება. თავად აირჩია ეს მდუმარე პოზიცია – დაე, ილაპარაკონ, მთავარია, უფალმა იცის სიმართლე!