რატომ აქვს ოთო ნემსაძეს მუდმივად „ვარსკვლავური ომები“ და როგორ გადაიქცა მისი ყოველი დღე თავგადასავლად #11
ოთო ნემსაძის ცხოვრებაში ბევრი კარგი სიახლეა. მან მუსიკოსის პროფესიას კიდევ ერთი ახალი პროფესია შეუთავსა და ამ კუთხით აგრძელებს საქმიანობას. გარდა ამისა, მას ცოტა ხნის წინ, ბათუმში ბინა აჩუქეს, თავისი რემონტით და ზღვის ლამაზი ხედით.
ოთო ნემსაძე: საღამოს ვმღეროდი რესტორანში და ერთმა ადამიანმა მომცა თავისი „ვიზიტკა:” დამირეკეო. ვერ მივხვდი, ვინ იყო, რა უნდოდა. საბოლოოდ, ეს ადამიანი აღმოჩნდა ძალიან კარგი პიროვნება, რამაზ მსახურაძე, ბათუმელი კაცი, მაგარი ოჯახით. დავურეკე და მითხრა: ბათუმში რომ იქნები, შემეხმიანეო. ჩავედი ბათუმში ჩემს საქმეზე და მასაც შევეხმიანე. შევხვდით, მიმიყვანა კორპუსთან და მეუბნება: რომელ სართულზე გაჩუქო ბინაო. ალბათ, 15 წუთი გაშეშებული ვიყავი, მეგონა, ფარული კამერა იყო ან ვიღაც მეხუმრებოდა. ჩემს პრობლემებზე არ მიყვარს ლაპარაკი და არც ახლა ვაპირებ საუბარს. ერთს ვიტყვი: ისეთი პერიოდი მქონდა, რომ ბევრ რამეზე ამიცრუვდა გული. ფინანსურ მხარეს ვგულისხმობ. ვერ ვაკეთებდი მუსიკას და ძალიან ვიყავი დანევროზებული. მოკლედ, ამ კაცმა ბინა მაჩუქა, თავისი რემონტით, ტექნიკით, ავეჯით და წლის ბოლოს ჩამბარდება. თან, მითხრა: არ მინდა, სადმე რამე თქვაო, რომ მე ვალდებულად არ მეგრძნო თავი. ამაზე სულ გავგიჟდი და ძალიან ბევრი თხოვნის შემდეგ დავწერე ის პოსტიც. არასდროს დავიღლები ამ ადამიანისთვის მადლობის თქმით. ასეთი საოცარი ადამიანები ძალიან წარმატებულები არიან. ეს კომპანიაა New Wave Batumi და მინდა, ძალიან წარმატებული იყოს. როგორც ამ კარგმა კაცმა მითხრა, ძალიან მოსწონდა ჩემი შემოქმედება. სულ უნდოდა ჩემი გაცნობა და ასეთი საოცარი საჩუქარი გამიკეთა. მინდა, ჩემს კორპუსში იცხოვროო და აღმოჩნდა, რომ შემიძლია, მართლაც ვიცხოვრო მის აშენებულ კორპუსში. ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა, რომ ვაკეთო, კონცენტრირება მოვახდინო მხოლოდ და მხოლოდ მუსიკაზე. ის ისეთ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა და ამისთვის დიდი მადლობა, ბატონო რამაზ!
– გქონდა ისეთი პერიოდი, რომ აღარაფრის კეთება აღარ გინდოდა?
– ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია. ფეხით წავსულვარ და მაინც გამიკეთებია. ბოლო პერიოდში ზოგს მუშის ფორმაშიც ვუნახივარ, სათაკილო არაფერია. ადამიანს თუ რამის მიღწევა უნდა, დიდი შრომის ფასად აუცილებლად მიაღწევს. არასდროს არაფერზე არ უნდა დაიხიო უკან – სწორად, პატიოსნად აკეთე და ყველაფერი გამოვა. მე ამ ქვეყანაში ყველას მეგობარი ვარ და არა – ვარსკვლავი. კონკურსები, სტატუსები, წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი შეიძლება, ხელს მიწყობდეს იმაში, რომ ვიღაცამ ვარსკვლავი მიწოდოს. მაგრამ, ძალიან პატარაა ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ ვარსკვლავი ვიყო. მე მეგობრები უფრო მგონიხართ, ვიდრე უცნობები. დღეს ხალხს ისე უჭირს, შია, ბავშვისთვის ვერ უყიდიათ საკვები და არ მესმის მათი, რაღაცეებზე რომ წუწუნებენ.
– როდის იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი?
– ჩემი ცხოვრება სულ რთულია. როცა კარგი ხდება, მეშინია, ცუდი არ მოჰყვეს. საინტერესოდ ვცხოვრობ და იმიტომ. უინტერესო ცხოვრება რომ მქონდეს, მარტო მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერად, წყნარად, მშვიდად, მაპატიეთ და ყველაფერს დავიკიდებდი ფეხზე. ვიმღერებდი და არ დამაინტერესებდა გარშემო რაღაცეები. მაგრამ, მე ვერ ვიცხოვრებ ასე და ეს კარგია, რადგან ჩემი ყოველი დღე თავგადასავალია. ცოტა კი დავიღალე ამ თავგადასავლებით, მაგრამ ძალიან მოქოქილი ვარ. ვარსკვლავური ომები მაქვს ხოლმე. ყველაზე რთული კი იყო სტუდენტობის პერიოდი. ჩემებს არ ჰქონდათ საშუალება, ხშირად, თუნდაც გზის ფული მოეცათ. თან, ვმუშაობდი, თან უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ძალიან შორს ვცხოვრობდი, ვმუშაობდი და ჩემი ანაზღაურებაც ძალიან დაბალი იყო. მაგრამ, არც მაშინ გავჩერებულვარ. ახლაც ისეთ ჯანზე ვარ – ორი ხელი, ორი ფეხი მაქვს და თუ დამჭირდება, ბეტონსაც ავურევ.
– ცოტა ხნის წინ ახალი პროფესია შეითავსე.
– სარეკლამო კომპანია გავაკეთე – „კუბეკი“. თუ ვინმეს რამის გარეკლამება უნდა, მომმართეთ. პარალელურად, დავიწყე საქმიანობა და მუშის ფორმის ჩაცმაც არ მეთაკილებოდა. რამდენჯერმე სამონტაჟო სამუშაოების გაკეთებაც მომიწია და ხალხი გაოგნებული მიყურებდა. მე კი მსიამოვნებდა, რადგან სხვა კუთხითაც გადავდგი ერთი ნაბიჯი. კრეატიული გუნდი მყავს და მეც რაღაცეებს კარგად „ვჩოტკავ“. დირექტორი რომ დამიწერეს, ცოტა რაღაცნაირად შევხედე წარწერას, მაგრამ მომწონს, არ არის ურიგო, ამ კუთხითაც გამოვცადო თავი. ახლა მუსიკასაც მივუბრუნდი, ახალ ალბომს ვაკეთებ. ყველაზე მეტად ის მკლავს, როცა მუსიკა არ არის ჩემს ცხოვრებაში. როცა მუსიკიდან სხვა რამეზე გადართვა მიწევს, აი, იქ მეწყება დეპრესია. იყო პერიოდი, სულ მარწუხები მქონდა. მარწუხები რომ მიჭერს, უფრო აქტიური ვხდები ხოლმე. ყველანაირ კანონიერ საშუალებას ვიყენებ იმისთვის, რომ მარწუხები მოვიხსნა და გამომდის.
– შენს ცხოვრებაზე სოფოს გამოჩენამაც კარგად იმოქმედა.
– სოფომ პირადი ცხოვრების კარგ „პალასაზე“ გადამიყვანა, ბევრი პრობლემა მომიხსნა და მადლობა ამისთვის სოფოს. ძალიან მშვიდად და წყნარად შემიძლია, ხელები გავშალო, გადავვარდე და სოფო დამიჭერს. მთლად ვერ დამიჭერს, გავჭყლეტ, მაგრამ ძალიან მაგარი ადამიანი მყავს გვერდით – გეშინოდეთ სოფოსი. ისიც რომ გადავარდეს, დავიჭერ კი არა წინ გავისვრი. სოფოც იგივეს იზამს და გაუკეთებია კიდეც. არეულობა პირად ცხოვრებაში ყველაფერს ურევს. თან, ერთნაირი არანორმალურები ვართ. რთულია ეს და ამიტომაც კარგია – აბა, მარტივად რომ არის, ისე ჩაივლის ცხოვრება, ვერც გაიგებ.
– როგორი რეაქცია ჰქონდა სოფოს, ბინის ამბავი რომ გაიგო?
– ჩემთან ერთად იყო და მიკროინფარქტი მოუვიდა ლამის. ძალიან უყვარს ბათუმი ზაფხულში, მე – ზამთარში. ეგრევე, გაიმზადა ოთახი და „სტენკაც“ ჩადგა.
– უკვე გაჩნდა კითხვები: რას აპირებთ?
– მე და სოფო ერთად კარგად ვგრძნობ თავს. ალბათ, მოვა ჩვენ ცხოვრებაშიც პერიოდი, როცა სხვა ეტაპზე გადავალთ. ჩვენ ასეთ რამეებს არ ვგეგმავთ – როცა ორივეს თავში ჩაგვარტყამს, მაშინ იქნება. გასერიოზულებული გვაქვს ისედაც ყველაფერი, კანონებს და ჩარჩოებს არ აქვს მნიშვნელობა. თუ კანონები ურთიერთობას აფუჭებს, ისედაც გაფუჭდებოდა. თუ გასაფუჭებელია, უნდა გაფუჭდეს და დაამთავრო ყველაფერი.
– გენდრული ბალანსი დაცული გაქვთ?
– 51 პროცენტი მაინც კაცისაა. ყველანაირი გენდერული ბალანსი დაცული უნდა იყოს, თუმცა ვერ ვიგებ, რატომ არის სალანძღავი სიტყვა: ქართველი, გრუზინი კაცი. მე ქართველი კაცი ვარ, არაფერს ვაშავებ. ვინც აშავებს, შეურაცხყოფას აყენებს ქალს, ის არასწორი კაცია და რა შუაშია ქართველი და გრუზინი?! ამით ქართველ კაცებს გვაყენებენ შეურაცხყოფას. ერთ პროცენტში ვგულისხმობ იმას, რომ ქართული, ტრადიციული პეწი ჰქონდეს ჩემს ოჯახს. ამაში იმას კი არ ვგულისხმობ: მიდი, ქალო, ეს გამიკეთე. არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ქალმა უნდა გადაწყვიტოს, ასეა კაცის შემთხვევაშიც. ასე ვცხოვრობთ მე და სოფო. ვცხოვრობთ რა, ვურთიერთობთ. კონსენსუსი აუცილებელია. ლიბერალი ვარ და არავინ არ უნდა დაჩაგრო. მინდა, ძალიან წარმატებული იყოს თავის საქმეში. ბორშჩი მოხარშე, ბავშვს მიხედე! – ასეთი ქალი მე არ მჭირდება გვერდში. მინდა, წარმატებული და ძლიერი ქალი მყავდეს გვერდით და ასეთიც მყავს.
– ღალატზე რას ფიქრობ, ეპატიება ვინმეს?
– ღალატი არავის ეპატიება, რადგან ეს ადამიანის სულში ჩაფურთხებაა. მე არც ვიცი, რას გავაკეთებდი ამ შემთხვევაში, წარმოდგენაც არ მინდა. თუ არ გინდა, ის ადამიანი, დაშორდი და მერე ქენი, რაც გინდა. ადამიანის ღალატი საკუთარი თავის, ღმერთის, ბევრი რამის ღალატს ნიშნავს. ვისაც ღალატობ, იმას აფუჭებ, რადგან დიდი ხანი ივლის ამ კომპლექსით, თორემ შენ რომ გაფუჭებული ხარ, ეს ერთი ერთშია. ასეთ დროს ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ერთხელ ვინც გიღალატებს, ის კიდევ გიღალატებს. მე რომ ვინმეს ვუღალატო, მირჩევნია, არ მაპატიოს.