როდის მოხდა მარკუს მეტრეველის იმიჯის გამო მის ოჯახში მიწისძვრა და რა სიგიჟეების გაკეთებას გეგმავს ის ახლო მომავალში #11
მომღერალი მარკუს მეტრეველი საზოგადოების წინაშე უკვე როგორც დიზაინერი ისე წარდგება. ის საკუთარი მოდელების ხაზს აკეთებს, ქალისა და მამაკაცის კოლექციაზე მუშაობს, რომელსაც მოდის მოყვარული საზოგადოება პირველად ზაფხულში, რომში ნახავს.
– მარკუს, მახსოვს, წლების წინ, პირველად რომ შევხვდით, მაშინ სიმღერასთან ერთად, სამოსის შექმნაზეც მუშაობდი. თუმცა, მხოლოდ ახლახან გადაწყვიტე ხაზის გამოშვება და საკუთარი ბრენდის შექმნა.
– მიხარია, რომ სწორედ შენ ნახე 10-15 წლის წინ ჩემი პირველი ნამუშევრები. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ახლა გამიჩნდა ეს იდეა და დიზაინერი გავხდი. მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მე პროფესიით დიზაინერი ვარ, საბერძენთში უმაღლესი აკადემია მაქვს დამთავრებული. ეს ჩემი მეორე პროფესიაა. ჩემი მეგობრები ყოველთვის მეუბნებოდნენ: ძალიან კარგად იმოსები და მოდი, საკუთარ ხაზზე დაიწყე მუშაობაო. რა თქმა უნდა, ვერ გადავდგამდი ამ ნაბიჯს, ჩემ გვერდით რომ არ ყოფილიყვნენ ჩემთვის საყვარელი და პროფესიონალი ადამიანები. ბოლო პერიოდში გავიცანი ქალბატონი ირმა შარვაძე, რომელიც ჩემს მოდელებს აცოცხლებს და რაც მთავარია, ხასიათში ვეწყობით ერთმანეთს. ჩვენთან ერთად არის ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი. შევიკრიბეთ სამივე და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ჩვენი ატელიე-სალონი, სადაც ჩვენი სამოსი შეიქმნება. მომავალში ვაპირებთ მაღაზიის გაკეთებას. ჩვენს ატელიეში შეიქმნება ჩემი კოსტიუმები, რომელსაც ჩაიცვამს, ვისაც ამის სურვილი ექნება. ახლა ვმუშაობ სადებიუტო კოლექციაზე, რომელსაც რომში ვაჩვენებ.
– პირდაპირ იტალიიდან იწყებ?
– კი, იქიდან, სადაც მოდას ჩაეყარა საფუძველი და შემდეგ გავრცელდა საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. სწორედ პირველ ნაბიჯებს ვდგამ რომიდან. მე ვქმნი პრეტაპორტე ლუქსს, რომელიც გათვლილია იმათზე, ვისაც სურს, ჩაიცვას გემოვნებიანად და ხელმისაწვდომად. ძალიან გამიხარდება, რომ მასას ეცვას კარგად, გემოვნებიანად და არ ჰგავდნენ ინკუბატორის წიწილებს. გარდა ამისა, ქალბატონმა მანანა გოგლიჩიძემ შემომთავაზა, ზაფხულში აჭარის მოდის კვირეულში მივიღო მონაწილეობა და რა თქმა უნდა, დავთანხმდი.
– როგორი იქნება შენი კოლექცია?
– მე ვმუშაობ გაზაფხული-ზაფხულის ხაზზე, თავისუფლება მივეცი საკუთარ თავს. იქნება მამაკაცის 10 ლუქი, რადგან საქართველოში მამაკაცი მოდელები ძალიან დაგვეჩაგრნენ. მე არ მინდა, რომ დავჩაგრო ისინი. 25 იქნება ქალის სამოსი. მოდის ტენდენციებს არ ვითვალისწინებ. ეს ჩემთვის სასაცილო თემაა. რადგან მამლის წელია, ამიტომ ჩემს კოლექციაში გამოვიყენებ ფერებს, ბეწვს. პირადად მე, ძალიან მიყვარს სექსუალური ქალის დანახვა. ქართველები ძალიან შეფუთულები არიან. შეფუთული აქვთ მკერდი, ფეხები. უნდა გამოვაჩინოთ ძალიან ლამაზად, ესთეტიკურად, თუმცა იქნება დახურული მოდელებიც, მაგრამ ესეც მინდა, ასოცრიდებოდეს სიგიჟესთან, ნოვატორულ გემოვნებასთან. ჩემი კოლექცია მინდა იყოს თანამედროვე, მაგრამ უსწრებდეს დროს; იყოს მოდური კონსტრუქციის და ემჩნეოდეს სტილი. სიგიჟეები აუცილებლად იქნება. მე ხომ არ ვარ ნორმალური.
– რაში გამოიხატება შენი არანორმალურობა?
– ჩემი აზრით, არცერთი ხელოვანი არ არის ნორმალური, ყველა არანორმალურია. ვფიქრობ: არც ჩემთან არის დალაგებულად საქმე. ზოგადად, ჩარჩოებიც არ მიყვარს და ვცდილობ, ეს ჩარჩოები არ არსებობდეს ჩემთან არანაირი მიმართულებით. ღმერთმა თავისუფალ ადამიანად გაგვაჩინა და მოგვცა ნება, გადავწყვიტოთ, რა ჩავსვათ ჩარჩოებში და რა – არა. ამიტომ არავინ მიწესებს ჩარჩოებს. რევოლუციონერი ვიყავი ოჯახშიც და გარეთაც. თუ გინდა, რომ იყო წარმატებული, შენი სიტყვა თქვა, რევოლუცია ჯერ ოჯახიდან უნდა დაიწყო, დაიმკვიდრო ადგილი და მერე გახვიდე ოჯახის გარეთ.
– რა იყო პირველი რევოლუცია?
– დაახლოებით 20 წლის წინ წავედი მკერავთან, შევიკერე არაამქვეყნიური სამოსი, გავიხვრიტე ყური, გავიკეთე ტატუ, წარბები და ავედი ჩემს ტრადიცულ, ყანწებიან ოჯახში. იმ დროს თბილისში ვცხოვრობდი და ვაკვირდებოდი, რა ხდებოდა საზოგადოებაში. არ მომწონდა წინდებში ჩატანებული შარვლები, „ადიდასის“ შარვალი და კლასიკური ფეხსაცმელი, ტყავის ქურთუკები – ეს ჩემთვის იმდენად მიუღებელი იყო, ვთქვი: რატომ უნდა ვიყო ასეთი იმის გამო, რომ მათ მოვწონდე? მოდი, ვიქნები ისეთი, როგორიც ჩემს სულს გაუხარდება. გამიჩნდა პროტესტი და გადავწყვიტე, ჩემი იმიჯი შემექმნა.
– რა მოხდა სახლში?
– მიწისძვრა – ვინ ვის ასწრებდა სახლიდან, არ ვიცი. სანამ პატარა ვიყავი, ვემორჩილებოდი ოჯახის კანონებს, მაგრამ რომ მივხვდი: აქ დამთავრდა ოჯახის მმართველობა და იწყება ჩემი, მაშინ შევძელი ის, რაც ბევრმა ვერ შეძლო. ნახალოვკაში ვცხოვრობდი მაშინ, ცოტა ძველბიჭური დამოკიდებულება იყო და როცა უბანში გამოვდიოდი, სადარბაზოში გროვდებოდა ხალხი: ახლა მარკო უნდა ჩამოვიდეს, აინტერესებდათ, როგორ გამოვიყურებოდი. მომზადებულები იყვნენ დანა-ჩანგლებით, მაგრამ ნელ-ნელა ადავპტირდი საზოგადოებასთან. არასდროს ვყოფილვარ უზრდელი, „თანამდებობისთვის შეუფერებელი“ და აგრესიას ყოველთვის ღიმილით ვპასუხობდი. ბავშვობაში იმიჯთან დაკავშირებით ბევრი შეურაცხყოფა იყო. საქართველოში ხომ ინტელექტის, განათლების ნაკლებობაა. როცა გიყურებენ სხვანაირად ჩაცმულს, ფიქრობენ, რომ შენ არატრადიციული ორიენტაციის ხარ. თუმცა, არატრადიციული ორიენტაცია არ არის ჩემთვის მიუღებელი. როგორც მე მომწონს ხაში, ლობიო, მჭადი, ყველა ადამიანს აქვს უფლება, აირჩიოს ის, რაც უყვარს.
– შენს ორიენტაციასთან დაკავშირებით მუდმივად ჩნდება კითხვები.
– ილაპარაკონ – ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ჩემი ცხოვრეით მე არავის არაფერს ვუშავებ. რასაც ვაკეთებ, ბედნიერი ვარ იმით და არ ვცხოვრობ მეზობლის, ბებიის, ბაბუის, ნათესავის ცხოვრებით. ყველას მოვუწოდებ სწამდეთ ღმერთის, ჰქონდეთ საკუთარი ცხოვრება და რა იარლიყს მოგაკერებენ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. ბევრი განათლება სჭირდება ადამიანს, რომ გაიგოს, რას ნიშნავს ჰომოსექსუალიზმი. მე ამასთან დაკავშირებით ბევრი ლიტერატურა მაქვს წაკითხული და ვიცი, რომ ეს არ არის ანომალია ან ავადმყოფობა. ეს არის ჰორმონების ნაკლებობა ან მეტობა. ბევრი საყვარელი მეგობარი მყავს, ვისაც ასეთი ცხოვრება აქვს და ამიტომაც დავინტერესდი: რატომ შეიძლება მამაკაცს მამაკაცი მოსწონდეს, ან ქალს – ქალი. რომ არ წამეკითხა, მეც ვიტყოდი, რომ ეს ანომალიაა.
– გაღიზიანებდა, როცა შენს ორიენტაციას ეხებოდნენ ან ამტკიცებდი რამეს?
– უცხო ადამიანებისგან არ მაღიზიანებდა, რადგან ეს ჭორები ჩემს სანათესაოშიც ვრცელდებოდა. როცა სანათესაოში ვიღაცას აქვს მსგავსი დამოკიდებულება, მერე უცხო ადამიანისგან ეს ჩემთვის უფრო მზესუმზირის ჭამაა.
– ოჯახში მალე დალაგდა სიტუაცია, ჩაცხრა მიწისძვრა?
– კი, რადგან ისინი ძალიან კარგად მიცნობენ. ჩემი ძმა მამასავით იყო და პირველი დარტყმა სწორედ მასზე მოდიოდა: როგორ აცვია შენს ძმას, მიხედე, სირცხვილია. დიდი განხეთქილება იყო ოჯახში, მაგრამ დედაჩემია ამ ყველაფრის დამბალანსებელი. ზავი იყო დედაჩემი – „ნატოს“ ჯარი რომ შევიდოდა ხოლმე. რომ არა დედაჩემი, მე დღეს არავინ ვიქნებოდი. მეორე სერიოზული რევოლუცია იყო ის, რომ ვსწავლობდი ფილოლოგიურზე, ასევე, სამხატვრო აკადემიაში და ერთ დღესაც ჩემებს გამოვუცხადე: ეს არ არის ჩემთვის საკმარისი, მეტი მინდა-მეთქი. ჩემები შოკში ჩავარდნენ: მეტი რა გინდა, 2 ინსტიტუტში სწავლობო. მე ევროპული განათლება მინდა-მეთქი. წამოვედი ორივე უნივერსიტეტიდან და ერთ თვეში ჩავედი საბერძნეთში. დედაჩემმა მითხრა: აი, შვილო, ევროპა, გადაწყვიტე, რა გინდაო. მე ვუთხარი: მინდა, მუსიკალურ უმაღლეს აკადემიაში და დიზაინის კუთხით სწავლა. მადლობა მშობლებს, რომლებიც იმდენს მუშაობდნენ, რომ ჩემი ამბიციები დაეკმაყოფილებინათ. საბერძნეთში მუსიკალურ აკადემიაში რომ ჩავირიცხე, რომელზეც ვოცნებობდი, მაშინ ვთქვი: ჩემი ცხოვრება შედგა-მეთქი. უდიდეს ტელეკომპანია „ანტენასთან“ გავაფორმე სამწლიანი კონტრაქტი, დიდ მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტზე მოვაწერე ხელი და 6 500 ბავშვს შორის ყველაზე საუკეთესო გავხდი. შემდეგ ამიყვანა ყველაზე დიდმა დიზაინერმა, მიხალის ასლანისმა თავისთან და მითხრა: მარკუს, შენ დიდი მომავალი გელოდება, განავითარე შენი დიზაინერული ნიჭიო. მის ვილაში ვიჯექი და მასწავლიდა ყველაფერს სათითაოდ. ეს ადამიანი არის ლეგენდა, მის გვერდით თუ გაგივლია, ესეც ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. მე კი ბედნიერება მქონდა, მასთან 6-თვიანი გამოცდილება მიმეღო. მეც ვიცი ჭრა-კერვა, ქსოვა, ბევრი რამ. უბრალოდ, არ მაქვს ამის დრო და მეხმარება არაჩვეულებრივი ქალი, ირმა.
– ქსოვ კიდეც?
– კი და ჩხირებს რომ დავიჭერდი, მამაჩემი, რომელიც საქართველოს ჩემპიონი იყო კრივში, შოკში ვარდებოდა. დამრტყმელი კაცი და მისი ბიჭი ქსოვს, კერავს, ბარბებს აცმევს. ხან ვკერავდი, ხან ფორტეპიანოზე ვუკრავდი და გიჟდებოდა: ვინ არის ეს, რატომ ასეთი შვილი მეო – არ ესმოდა. ეს ჭრა-კერვა, ქსოვა, ოპერა, რა შუაშია... ჩემი ძმაც მოკრივე იყო და ორი „ბოქსიორის” წინ დავიწყე ბრძოლა, რევოლუცია. თუმცა, გავიმარჯვე ჩხირებით, ფორტეპიანოთი, ლირიკულად.